საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხომ არ დაგვავიწყდა, რა არის ცოდვა?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივნისი
    • ხომ არ დაგვავიწყდა, რა არის ცოდვა?

      არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქრისტიანული ეკლესიის მრევლი ხშირად ისმენდა, როგორ მკაცრად განსჯიდნენ მათი მოძღვრები ეგრეთ წოდებულ შვიდ სასიკვდილო ცოდვას — ვნებას, გაუმაძღრობას, სიხარბეს, სიზარმაცეს, მრისხანებას, შურსა და სიამაყეს. ხშირ შემთხვევაში მქადაგებელი ცოდვის მძიმე შედეგებზე საუბრობდა და მსმენელებს მოუწოდებდა, მოენანიებინათ. ერთ-ერთი სტატიის ავტორი ამბობს: „დღეს მქადაგებლები, ძირითადად, არაფერს ამბობენ ცოდვის მწარე რეალობაზე და მხოლოდ იმ თემებზე საუბრობენ, რომლებიც მრევლს აამებს“.

      მუდმივი საგაზეთო მიმომხილველებიც ამ ტენდენციაზე საუბრობენ. აქ მოყვანილია რამდენიმე ციტატა ჟურნალ-გაზეთებიდან:

      ▪ „მონანიება, მიტევება და ის, რაც ადრე ცოდვად ითვლებოდა, დღეს მოძველებულად მიიჩნევა, ისეთი საუბარი კი, რომელიც ხალხს პირადი ღირსების გრძნობასა და თავმოყვარეობას უმაღლებს, პოპულარულია“ (Star Beacon, აშტაბიულა, ოჰაიო).

      ▪ „ხალხმა დაკარგა იმის შეგრძნება, რომ ცოდვილები არიან“ (Newsweek).

      ▪ «იმას კი აღარ ვკითხულობთ, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“, არამედ, „რის მოცემა შეუძლია ჩვენთვის ღმერთს“» (Chicago Sun-Times).

      დღევანდელი საზოგადოება, რომელიც მრავალფეროვანი და შემწყნარებელია, ზნეობრივ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას ერიდება. გვეუბნებიან რომ, სხვისი განსჯა არაკორექტულია. დღეს უდიდეს ცოდვად სწორედ სხვისი საქციელის განსჯას მიიჩნევენ. ჩამოყალიბდა ასეთი აზროვნება: „შესაძლოა, რომელიმე მოსაზრება თქვენს შემთხვევაში ამართლებს, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვას თავს მოახვიოთ ის. ხალხს განსხვავებული ფასეულობები აქვს. არავის აქვს უფლება, ამტკიცოს, რომ მხოლოდ მისი მოსაზრებაა სწორი. თქვენი ფასეულობები სხვების ფასეულობებზე არაფრით უპირატესობს“.

      ასეთმა აზროვნებამ საზოგადოებაში სასაუბრო ლექსიკაც კი შეცვალა. სიტყვა „ცოდვას“ სერიოზულ კონტექსტში აღარც კი მოიხსენიებენ. ბევრისთვის ეს საკითხი ხუმრობის საგნად იქცა. ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებას, მრუშობასა და ჰომოსექსუალიზმს სერიოზულ ცოდვებად აღარ მიიჩნევენ.

      აშკარაა, რომ ხალხის თვალსაზრისი იმაზე, თუ რა არის ცოდვა და რა — არა, შეიცვალა. საკითხავი ის არის, რატომ და როგორ შეიცვალა ხალხის შეხედულებები. აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

  • როგორ შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივნისი
    • როგორ შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე?

      „თანამედროვე აზროვნებაში კარგად ვერ მოიკიდა ფეხი პირველი ცოდვის შესახებ ცნებამ, რომ ყველანი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში მომხდარი უბედურების მსხვერპლი ვართ. იმავეს თქმა შეიძლება ზოგადად ცოდვაზეც. . . შესაძლოა, ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი ცოდვილებად ჩავთვალოთ, მაგრამ დანარჩენები გარემოებისა და დაშვებული შეცდომის მსხვერპლი ვართ“ („უოლ-სტრიტ ჯორნელი“).

      ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ძირეულად შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე. მაგრამ რა მოხდა, რა შეიცვალა? რა იგულისხმება ცოდვაში, რომელზე საუბარსაც დღეს ბევრი თავს არიდებს?

      ამ ცნებაში ორი მხარე იკვეთება: მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და ცოდვა, რომელსაც თავად ჩვენ ჩავდივართ. პირველი გავლენას ახდენს ჩვენზე, გვინდა ეს თუ არა, მეორეს კი — შეგნებულად ჩავდივართ. მოდი, დაწვრილებით ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

      ახდენს პირველი ცოდვა ჩვენზე გავლენას?

      ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის ნორმის დარღვევა, ანუ ჩვენი პირველი მშობლების მიერ ჩადენილი პირველი ცოდვა, მთელ კაცობრიობას გადაეცა. შედეგად, ყველანი არასრულყოფილები დავიბადეთ. „ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 5:17).

      ეკლესიის მრევლის უმეტესობისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის აზრი, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია შორეულ წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასზე. თეოლოგი ედუარდ ოუკსი ამბობს, რომ ცოდვის შესახებ სწავლებაზე საუბარი ბევრისთვის „უხერხულია, ბევრი საერთოდ უარყოფს მას, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი მას სიტყვით აღიარებენ, თუმცა ის არანაირ გავლენას არ ახდენს მორწმუნეთა ცხოვრებაზე“.

      იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უჭირს ხალხს პირველი ცოდვის ცნების მიღება, არის ის, რასაც ეკლესიები ასწავლიან მის შესახებ. მაგალითად, ტრიენტის საეკლესიო კრებაზე (1545—1563) სამღვდელოება განსჯიდა მათ, ვინც არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ახალშობილი ცოდვების განსაბანად უნდა მონათლულიყო. ღვთისმეტყველები აცხადებდნენ, რომ, თუ ჩვილი მოუნათლავი დაიღუპებოდა, ვერასოდეს წარსდგებოდა ღვთის წინაშე. კალვინი იმასაც კი ასწავლიდა, რომ ახალშობილი დაბადებისთანავე დაწყევლილი იყო. ის ამბობდა, რომ ჩვილი ბავშვები ღვთისთვის საძულველნი და საზიზღარნი იყვნენ.

      ხალხის უმეტესობის აზრით ახალშობილები უმანკოები არიან და არაბუნებრივია ადამიანმა იფიქროს, რომ ისინი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო უნდა იტანჯებოდნენ. ამიტომ რთული არ არის იმის დანახვა, თუ რატომ გახადა ეკლესიების ასეთმა სწავლებებმა ხალხისთვის მიუღებელი ცნება პირველი ცოდვის შესახებ. ზოგიერთი ეკლესიის წინამძღოლსაც უჭირს იმის თქმა, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. მათთვის ეს საკითხი დღემდე დილემად რჩება. მართალია, ის არასოდეს გამხდარა საეკლესიო დოგმა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ მოუნათლავი ჩვილების უმანკო სულები ლიმბოში ანუ ჩვილთა განსაწმენდელში იმყოფებიან.a

      კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ხალხს პირველი ცოდვის შესახებ სწავლების მიმართ რწმენა საგრძნობლად შეუსუსტა, ის არის, რომ XIX საუკუნეში ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა და თეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყენეს ბიბლიაში აღწერილი ისტორიული ფაქტების უტყუარობა. დარვინისეულმა ევოლუციის თეორიამ ბევრისთვის ადამისა და ევას ისტორია მითად აქცია. სწორედ ამის გამო ფიქრობს დღეს ბევრი, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა არ არის. მათი აზრით, ეს წიგნი მხოლოდ იმდროინდელ ტრადიციებს აღწერს და მისი დამწერების აზროვნების ნაყოფია.

      რა გავლენა მოახდინა ამან პირველი ცოდვის შესახებ სწავლებაზე? ერთი რამ აშკარაა: თუ მრევლს არწმუნებენ, რომ ადამსა და ევას არასოდეს უცხოვრიათ, გამოდის, რომ პირველი ცოდვაც არავის ჩაუდენია. მათთვისაც კი, ვინც აღიარებს, რომ ადამიანები ცოდვილები ვართ, ცნება პირველი ცოდვის შესახებ მეტი არაფერია, თუ არა იმის ახსნა, რატომ ვართ არასრულყოფილები.

      ახლა კი ვისაუბროთ იმ ცოდვებზე, რომლებსაც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან განსხვავებით შეგნებულად ჩავდივართ. მათაც არ იწონებს ღმერთი?

      ნუთუ ეს მართლა ცოდვაა?!

      ბევრის აზრით პირად ცოდვად ითვლება ათი მცნების დარღვევა, მაგალითად, მკვლელობა, ღალატი, ვნება, ქორწინებამდელი სექსი, ქურდობა და ასე შემდეგ. წინათ ეკლესიები აქტიურად ასწავლიდნენ, რომ, ვინც ასეთ ცოდვებს სიკვდილამდე არ მოინანიებდა, მარადიულად დაიტანჯებოდა ჯოჯოხეთში.b

      ასეთი ბედი რომ არ ეწიოთ, კათოლიკური ეკლესია თავის მრევლს მოუწოდებს, მღვდლის წინაშე აღიარონ ცოდვები, რომელსაც, მათი აზრით, ცოდვების შენდობა შეუძლია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკეთა უმეტესობისთვის აღსარება, ცოდვების მიტევება, მონანიება და თვითგვემა წარსულის საქმედ იქცა. ბოლო დროს ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ იტალიელ კათოლიკეთა 60 პროცენტზე მეტი აღსარების სათქმელად აღარ მიდის მღვდელთან.

      ცხადია, რომ ის, რასაც სამღვდელოება წლების მანძილზე პირად ცოდვად თვლიდა და, რაც, მათი აზრით, ცოდვას მოჰყვებოდა შედეგად, ხალხს ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში არ დაეხმარა. მრევლის უმეტესობას აღარ სჯერა, რომ ყველა ცოდვა, რასაც ეკლესია ცოდვად მიიჩნევს, სინამდვილეში ცოდვაა. მაგალითად, ზოგის აზრით ცუდი არაფერია იმაში, თუ ორ დაუქორწინებელ ზრდასრულ ადამიანს სქესობრივი ურთიერთობა აქვს.

      შესაძლოა, ასეთი აზროვნება იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ბევრს გულის სიღრმეში ეჭვი ეპარება, არის თუ არა სინამდვილეში ის ცოდვა, რასაც ეკლესია ცოდვას უწოდებს. ბევრსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია, ცოდვილები მარადიულად აწამოს ჯოჯოხეთში. როგორც ჩანს, ასეთი სკეპტიკური თვალსაზრისი ნაწილობრივ მაინც ხსნის იმას, თუ რატომ აღარ ითვლება ცოდვა სერიოზულ დანაშაულად. თუმცა სხვა ფაქტორებმაც განაპირობა ის, რომ დღეს ხალხი ცოდვას აღარაფრად მიიჩნევს.

      ტრადიციული ფასეულობების უარყოფა

      ბოლო საუკუნეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა საზოგადოება და ხალხის აზროვნება. ორმა მსოფლიო ომმა, არაერთმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და გენოციდმა ბევრი დააფიქრა, თუ რამდენად ღირს ტრადიციული ფასეულობებით ცხოვრება. „განა საღ აზრთან ახლოა, დღეს იცხოვრო საუკუნეების წინათ დადგენილი ნორმებით, რომლებიც სრულიად მოძველებულია?!“ — კითხულობენ ისინი. ბევრი რაციონალისტი და მორალისტი თვლის, რომ ეს არალოგიკურია. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ გარკვეულწილად მხრებიდან უნდა მოიხსნას ზნეობრიობის დამამძიმებელი ტვირთი, გათავისუფლდეს ცრურწმენისგან და განათლების მეშვეობით ისწრაფოს ადამიანის უსაზღვრო პოტენციალის რეალიზებისკენ.

      ასეთმა აზროვნებამ ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომელიც ღვთისგან ძალიან შორს არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში ერთეულებიღა დადიან ეკლესიებში. იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც თითქმის აღარავისი და აღარაფრის სწამთ; ბევრი დაუფარავად აკრიტიკებს სარწმუნოების სიმბოლოებს და უაზრობად მიიჩნევს მათ. ისინი ფიქრობენ: „თუკი ადამიანის ბუნებას გარემო და ბუნებრივი გადარჩევა განაპირობებს, მაშინ, რა აზრი აქვს იმას, რომ ზნეობრივი ნორმების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად მივიჩნიოთ?!“

      მე-20 საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში საყოველთაოდ გავრცელებული ზნეობრივი ნორმების გაუფასურებას, სხვა „სიკეთესთან“ ერთად, ეგრეთ წოდებული სექსუალური რევოლუციაც მოჰყვა. სტუდენტების საპროტესტო აქციებმა, ანტი-ტრადიციულმა მოძრაობებმა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების შემოღებამ გარკვეული როლი ითამაშა ტრადიციული ფასეულობების გადაფასებაში. სულ მალე ამას ბიბლიური ფასეულობების გაუფასურებაც მოჰყვა. ახალმა თაობამ ახალი ზნეობრივი ნორმები შემოიღო და ცოდვას ახლებურად შეხედა. როგორც ერთი მწერალი ამბობს, მას შემდეგ „ერთადერთი კანონი სიყვარულის კანონი გახდა“, რომელიც, ძირითადად, უკანონო სქესობრივი კავშირის შემწყნარებლობაში გამოიხატება.

      ყურის მაამებელი ქადაგება

      ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალი „ნიუსუიკი“ დაუფარავად ამბობს: „ბევრი რელიგიური წინამძღოლი, რომელიც მრევლის მიზიდვაში კონკურენციას უწევს ერთმანეთს, ფიქრობს, რომ დინებას უნდა მიჰყვეს“. მათ ეშინიათ, რომ, თუ თავიანთ მრევლს მკაცრი ზნეობრივი ნორმების დაცვას მოსთხოვენ, დაკარგავენ მათ. ხალხს არ უნდა იმის მოსმენა, რომ აუცილებელია თავმდაბლობა, თვითდისციპლინა და პატიოსნება, რომ უნდა უსმინონ სინდისის ხმას და მოინანიონ ცოდვები. ამიტომ, როგორც „ჩიკაგო სან-ტაიმზი“ იუწყება, ბევრმა ეკლესიამ შემოიღო „დამამშვიდებელი, მრევლისთვის ხელსაყრელი და ნარცისიზმით განმსჭვალული სწავლება, რომელიც საკუთარ მეს აამებს, [და] დაივიწყა სახარება“.

      ასეთი აზროვნების შედეგად ხალხს საკუთარი შეხედულებები გაუჩნდა ღმერთზე, ჩამოყალიბდა ეკლესიები, რომლებიც ძირითად აქცენტს ღმერთზე და მის მოთხოვნებზე კი არა, ადამიანსა და მისი ღირსების გრძნობის ამაღლებაზე აკეთებენ. ერთადერთი მიზანი მრევლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გახდა. რელიგიას სწავლებები აღარ შემორჩა. „რა აავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ქრისტიანული ზნეობრივი კანონის გაუქმების შედეგად დარჩა? — ასეთი შეკითხვა იყო დასმული „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. — რა და თანაგრძნობის ეთიკა, რომლის მიხედვითაც, კარგ ადამიანს ყველაფერი ეპატიება“.

      ასეთი აზროვნების ნაყოფი ის არის, რომ ნებისმიერი რელიგია, რომელიც ცდილობს, თავის მრევლს აამოს, მისაღები გახდა. როგორც „უოლ-სტრიტ ჯორნელშია“ ნათქვამი, ვისაც ასეთი შეხედულება გააჩნია, „შეუძლია ნებისმიერი მრწამსის მიმდევარი გახდეს, ოღონდ ეს მრწამსი არ უნდა ითხოვდეს მისგან მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას. რელიგიამ უნდა ანუგეშოს და არა განსაჯოს“. თავის მხრივ, ეკლესია მათ „ისეთებს იღებს, როგორებიც არიან“ და არანაირ ზნეობრივ ნორმებს არ უდგენს.

      შესაძლოა, ზემოთ მოხსენიებულმა აზრებმა ბიბლიის მკითხველთ პირველ საუკუნეში მოციქულ პავლეს მიერ ნათქვამი წინასწარმეტყველება გაახსენოს: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).

      რელიგიური წინამძღოლები როდესაც შემწყნარებლურად ეკიდებიან ცოდვას, უარყოფენ ცოდვის არსებობას და თავიანთი ეკლესიის წევრების ყურის საამებლად ლაპარაკობენ იმას, რისი მოსმენაც მათ სურთ და არა იმას, რასაც ბიბლია ამბობს, ამით დათვურ სამსახურს უწევენ მრევლს. ასეთი ქადაგება არასწორი და სახიფათოა და ერთ-ერთ ძირითად ქრისტიანულ სწავლებას ამახინჯებს. ცოდვისა და მიტევების შესახებ სწავლება მნიშვნელოვანი ნაწილია სასიხარულო ცნობისა, რომელსაც იესო და მისი მოციქულები ქადაგებდნენ. ამას უკეთ დაგანახვებთ შემდეგი სტატია.

      [სქოლიოები]

      a შესაძლოა, ამ არაბიბლიური სწავლების მიერ გამოწვეული გაუგებრობის გამო ამოიღეს ბოლო დროს კათოლიკური კატეხიზისებიდან სწავლება ლიმბოს შესახებ. იხილეთ ჩარჩო „ეკლესიას თავისი სიტყვები უკან მიაქვს“, გვერდი 10.

      b ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება არაბიბლიურია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 6 „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      ყურის მაამებელ ქადაგებას უვარგისი ნაყოფი გამოაქვს

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      „ცოდვა აღარ გვაღელვებს“

      ▪ „ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს საკითხია. მეტად აღარ მივიჩნევთ თავს ცოდვილებად და აღარ ვთვლით, რომ პატიება გვესაჭიროება. შესაძლოა, ადრე განვიცდიდით იმას, რომ ცოდვას ჩავდიოდით, მაგრამ დღეს ცოდვა აღარ გვაღელვებს. მართალია, ეკლესიამ იცის, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ცოდვას, მაგრამ ამერიკელთა უმეტესობისთვის ცოდვა უკვე არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს და, თუ წარმოადგენს, სერიოზულს — არა“ (ჯონ სტიუდებეიკერი, რელიგიათმცოდნე).

      ▪ «ბევრი ამბობს: „როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგანაც მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას ვითხოვ, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველა ვცდებით. ამიტომ საშუალო მიღწევებით ვკმაყოფილდები“. ვპოულობთ ჩვენთვის მისაღებ ზნეობრივ დონეს, ასე ვთქვათ, საშუალო ფენის საშუალო დონეს და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოგვდის. კარგი მეზობლები ვართ და ყველას კარგად ვექცევით. მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობთ სერიოზულ ცოდვებზე“» (სამხრეთის ბაპტისტთა თეოლოგიური სემინარიის ხელმძღვანელი, ალბერტ მოლერი).

      ▪ „საზოგადოება დღეს უკვე იწონებს იმას, რასაც ადრე მიუღებლად მიიჩნევდა [მაგალითად, ეგრეთ წოდებულ შვიდ სასიკვდილო ცოდვას]: მშობლები თავიანთ შვილებს ჩააგონებენ, ამაყები იყვნენ, რათა პირადი ღირსების გრძნობა ჰქონდეთ; ფრანგ მზარეულთა ერთმა ჯგუფმა ვატიკანს თხოვნით მიმართა, რომ გაუმაძღრობა ცოდვად არ ჩათვალონ; შური აღძრავს ბევრს, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებით დაინტერესდეს, რათა მათსავით იცხოვრონ; ვნების აღმძვრელი სცენები სარეკლამო ინდუსტრიის სულისჩამდგმელია; მრისხანება გამართლებულად ითვლება, თუ გჩაგრავენ. ხშირად მზად ვარ, ყველაფერზე ხელი ავიღო, ოღონდ ვიზარმაცო“ (ნენსი გიბზი, ჟურნალი „ტაიმი“).

      [სურათი 5 გვერდზე]

      ბევრისთვის ადამი და ევა ზღაპრის პერსონაჟები არიან

  • სიმართლე ცოდვაზე
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივნისი
    • სიმართლე ცოდვაზე

      განა შეიძლება ავადმყოფმა დაამტკიცოს, რომ სიცხე არა აქვს, თუ თერმომეტრს გატეხს?! რა თქმა უნდა, არა! ასევე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბევრი უარყოფს ღვთის თვალსაზრისს ცოდვაზე, არ ნიშნავს, რომ ცოდვა არ არსებობს. ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, ბევრ რამეს ვიგებთ ამ საკითხზე. რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია ცოდვაზე?

      ყველა ვცოდავთ

      დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ მოციქული პავლე ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ვერ აკეთებდა კარგს, რის გაკეთებაც სურდა, და აკეთებდა ცუდს, რის გაკეთებაც არ სურდა (რომაელები 7:19). თუ ჩვენს გულში ჩავიხედებით, ვაღიარებთ, რომ ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაძლოა, გვსურს ათი მცნების ან სხვა ნორმების თანახმად ცხოვრება, მაგრამ გვინდა თუ არა, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ. ხშირად შეგნებულად კი არა, სისუსტის გამო ვიქცევით არასწორად. რატომ ხდება ასე? პავლემ ამ კითხვაზე შემდგი პასუხი გასცა: „თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს“ (რომაელები 7:20).

      პავლეს მსგავსად ჩვენც გვაქვს თანდაყოლილი სისუსტეები, რაც იმაზე მოწმობს, რომ ცოდვა და არასრულყოფილება მემკვიდრეობით მივიღეთ. „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“, — თქვა მოციქულმა. როგორ მოხდა ეს? პავლემ დასძინა: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 3:23; 5:12).

      თუმცა ბევრი უარყოფს იმ აზრს, რომ პირველი წინაპრების მიერ ჩადენილმა ცოდვამ ღმერთს ჩამოგვაშორა და სრულყოფილება დაგვაკარგვინა, ბიბლია სწორედ ამას გვასწავლის. იესომ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად „დაბადების“ წიგნის პირველი თავებიდან მოიყვანა ციტატები, რითაც აჩვენა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა ადამისა და ევას არსებობაში (დაბადება 1:27; 2:24; 5:2; მათე 19:1—5).

      ბიბლიის ერთ-ერთი უმთავრესი სწავლება ის არის, რომ იესო დედამიწაზე მოვიდა ცოდვისგან მათ სახსნელად, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა (იოანე 3:16). ჩვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, ვისარგებლებთ თუ არა იმით, რასაც იეჰოვა მადლიერ ადამიანებს სთავაზობს იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელსაც სხვაგვარად თავს ვერ დააღწევენ. მაგრამ, თუ კარგად არ გვეცოდინება, რას თვლის ღმერთი ცოდვად, ვერ გავიგებთ და ვერ დავაფასებთ იმას, რაც მან ცოდვისგან ჩვენ სახსნელად გააკეთა.

      რატომ გახდა საჭირო იესოს მსხვერპლად შეწირვა?

      იეჰოვამ პირველი ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა. მაგრამ, თუ ადამი ღმერთს არ დაემორჩილებოდა, ამ ბრწყინვალე შესაძლებლობას დაკარგავდა. ადამი ეურჩა ღმერთს და ცოდვილი გახდა (დაბადება 2:15—17; 3:6). ის ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდა, სრულყოფილი ადამიანისთვის შეუფერებლად მოიქცა და ღმერთთან ურთიერთობა გაიფუჭა. ადამმა დაარღვია ღვთის კანონი ანუ ცოდვა ჩაიდინა და მოკვდავი გახდა. სამწუხაროდ, მისი ყველა შთამომავალი, მათ შორის ჩვენც, ცოდვილები დავიბადეთ და სიკვდილს ვერავინ გავექცევით. რატომ?

      ერთი მარტივი მიზეზის გამო. არასრულყოფილ მშობლებს სრულყოფილი შვილები ვერ ეყოლებოდათ. ადამის ყველა შთამომავალი ცოდვილი იბადება და, როგორც მოციქული პავლე ამბობს, „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). თუმცა ამ მუხლის მეორე ნაწილი გვაიმედებს: „ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის მეშვეობით მორჩილ და მადლიერ ადამიანებს ადამისეული ცოდვისგან განწმენდის შესაძლებლობა მისცა (მათე 20:28; 1 პეტრე 1:18, 19).a რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

      ქრისტეს სიყვარულით „ვართ აღძრულნი“

      მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ზემოთ დასმულ კითხვას შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). თუ ადამიანს ესმის, რომ იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლება შეუძლია და მას მადლიერების გამოხატვა სურს, უნდა შეეცადოს, ღვთის ნების შესაბამისად იცხოვროს. ის უნდა გაეცნოს ღვთის მოთხოვნებს, ბიბლიის ნორმების თანახმად განსწავლოს საკუთარი სინდისი და ამ ნორმების შესაბამისად იცხოვროს (იოანე 17:3, 17).

      ცოდვა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობას გვიფუჭებს. როდესაც მეფე დავითმა გააცნობიერა, რამდენად სერიოზული ცოდვა ჩაიდინა ბათ-შებასთან მრუშობითა და მისი ქმრის მოკვლით, უდავოა, ძალიან შერცხვებოდა. მაგრამ მართებული იყო, რომ ყველაზე მეტად მას ის აწუხებდა, რომ ღმერთს შესცოდა. გულმოდრეკილმა დავითმა იეჰოვას წინაშე აღიარა: „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე, ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“ (ფსალმუნი 51:4). ცდუნების წინაშე მყოფ იოსებს სინდისის ხმამ ასეთი რამ ათქმევინა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9).

      ასე რომ, სექსთან, პატიოსნებასთან, მორჩილებასთან, თაყვანისმცელობასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ღვთის კანონების დარღვევამ შეიძლება მარტო სახელი კი არ გაგვიტეხოს და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული გაგვხადოს, რადგან, შესაძლოა, მიღებული ნორმები დავარღვიეთ, ღმერთთან ურთიერთობაც გაგვიფუჭოს. თუ ცოდვას შეგნებულად ჩავდივართ, ღვთის მტრები ვხდებით. ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ (1 იოანე 3:4, 8).

      რა დაემართა ცოდვას? ცოდვას არაფერი დამართვია. უბრალოდ, ხალხმა მას სხვა სახელები დაარქვა იმ იმედით, რომ ნაკლებად სერიოზულად მოგვეჩვენოს. ბევრმა გაიუხეშა სინდისი, ბევრიც აღარ რეაგირებს მის ხმაზე. მაგრამ, ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მიღება სურს, არ უნდა დაუშვას, რომ ასეთი რამ დაემართოს. როგორც დავინახეთ, ცოდვის საზღაური მხოლოდ შელახული თავმოყვარეობა და უხერხულობა კი არა, სიკვდილიცაა. ცოდვა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.

      საბედნიეროდ, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით ცოდვები მოგვეტევება, თუ გულწრფელად მოვინანიებთ და აღარ გავიმეორებთ მათ. „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ და ვისი ცოდვებიც დაიფარა. — დაწერა პავლემ. — ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რომაელები 4:7, 8).

      [სქოლიო]

      a სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ შეუძლია იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს მორჩილი ადამიანების ხსნა, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 47—54. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

      ეკლესიას თავისი სიტყვები უკან მიაქვს

      კათოლიკური ეკლესიის მრევლის უმეტესობისთვის ლიმბოს შესახებ ცნება ყოველთვის ბუნდოვანი იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად მოიხსენიებდნენ მას და კატეხიზისებშიც მეტად აღარ გვხვდებოდა. 2007 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად მოაწერა ხელი ლიმბოს „გარდაცვალების შესახებ ცნობას“, რომელშიც ეწერა: „[არსებობს] თეოლოგიური და ლიტურგიული საფუძველი გვჯეროდეს, რომ მოუნათლავ ჩვილთა სულები გადარჩებიან და მარადიულ ნეტარებაში იქნებიან“ („საერთაშორისო თეოლოგიური კომისია“).

      რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება და რატომ წაიღო ეკლესიამ თავისი სიტყვები უკან? როგორც ფრანგი ჟურნალისტი ანრი ტენკი ამბობს, ეკლესიამ საკუთარ თავს უფლება მისცა, გათავისუფლებულიყო „იმ მძიმე მემკვიდრეობისგან, რომელსაც შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნემდე ხალხის მანიპულირების მიზნით დიდი მონდომებით იცავდა. ლიმბოს სწავლებით ეკლესია მშობლებს აიძულებდა, რაც შეიძლება მალე მოენათლათ შვილები“. ამ სწავლების დასამარებამ სხვა კითხვები წამოჭრა.

      ბიბლიური სწავლებაა თუ ადამიანის მიერ მოგონილი? ისტორიიდან ვიგებთ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება XII საუკუნეში განსაწმენდელის თაობაზე თეოლოგიური დებატების შედეგად ჩამოყალიბდა. კათოლიკური ეკლესია ასწავლიდა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული სიცოცხლეს განაგრძობს. ამის გამო საჭირო გახდა, ეკლესიას გამოეძებნა ადგილი მოუნათლავ ბავშვთა სულებისთვის, რომლებიც ზეცაში ვერ წავიდოდნენ, თუმცა ჯოჯოხეთში წასვლასაც არ იმსახურებდნენ. ასე გაჩნდა იდეა ლიმბოს შესახებ.

      ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული სიცოცხლეს განაგრძობს. პირიქით, ის არაორაზროვნად ამბობს, რომ ადამიანის სული უკვდავი არ არის და სული, რომელიც სცოდავს „ამოიძირკვება“ და „მოკვდება“ (საქმეები 3:23; ეზეკიელი 18:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რადგან სული უკვდავი არ არის, შეუძლებელია, ლიმბო არსებობდეს. გარდა ამისა, ბიბლია გვიხსნის, რომ მკვდრებმა არაფერი იციან და მათ მდგომარეობას ძილს ადარებს (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 11:11—14).

      ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ქრისტიანი მშობლების შვილებს ღმერთი წმინდებს უწოდებს (1 კორინთელები 7:14). თუ ჩვილების სახსნელად ნათლობა აუცილებელია, ასეთი განაცხადი აზრს მოკლებული იქნებოდა.

      სწავლება ლიმბოს შესახებ შეურაცხყოფდა ღმერთს, რადგან მას სამართლიან და მოსიყვარულე მამად კი არა, ტირანად წარმოაჩენდა (კანონი 32:4; მათე 5:45; 1 იოანე 4:8). ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ იყო ყოველთვის გულწრფელი ქრისტიანებისთვის ეს არაბიბლიური სწავლება არალოგიკური.

      [სურათები 9 გვერდზე]

      თუ ღვთის სიტყვის თანახმად ვიცხოვრებთ, ღმერთთან და მოყვასთან კარგი ურთიერთობა გვექნება

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება