-
იეჰოვას ტაძარიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 44
იეჰოვას ტაძარი
სოლომონის გამეფების შემდეგ იეჰოვამ მას უთხრა: მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ. სოლომონმა უპასუხა: მე ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. გთხოვ, სიბრძნე მომეცი, რომ ვიზრუნო შენს ხალხზე. იეჰოვამ უთხრა სოლომონს: რადგან ეს მთხოვე, ისეთ სიბრძნეს მოგცემ, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი გახდები დედამიწაზე. ამასთანავე, დიდ სიმდიდრეს მოგცემ და თუ ჩემი მორჩილი იქნები, დიდხანსაც იცოცხლებ.
სოლომონმა ტაძრის აშენება დაიწყო. მან ამისთვის ოქრო, ვერცხლი, ხე და ქვა გამოიყენა. ტაძრის მშენებლობაზე ათასობით გამოცდილი კაცი და ქალი მუშაობდა. მშენებლობა შვიდ წელიწადში დასრულდა. ახლა ის უკვე მზად იყო, რომ იეჰოვასთვის მიეძღვნათ. ტაძარში სამსხვერპლოზე შესაწირავი დაალაგეს. სამსხვერპლოს წინ მუხლებზე დაჩოქილი სოლომონი ლოცულობდა: იეჰოვა, შენ ამაზე დიდი და ლამაზი ტაძარი შეგეფერება, მაგრამ გთხოვ, მიიღე ჩვენი თაყვანისცემა და შეისმინე ჩვენი ლოცვები. მოიწონა იეჰოვამ ტაძარი და სოლომონის ლოცვა? როგორც კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, იეჰოვას ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და დაწვა სამსხვერპლოზე დალაგებული შესაწირავი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვამ მოიწონა ტაძარი. ამის დანახვაზე ისრაელებმა ძალიან გაიხარეს.
მეფე სოლომონის სიბრძნის ამბავი ისრაელის საზღვრებს გასცდა. ხალხი სოლომონთან მიდიოდა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად. შორეული ქვეყნის, საბას, დედოფალიც კი ჩავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა ის. როდესაც მან სოლომონის პასუხები მოისმინა, თქვა: არ მჯეროდა, რასაც შენ შესახებ მეუბნებოდნენ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ იმაზე ბრძენი ყოფილხარ, ვიდრე გაგონილი მქონდა. ვხედავ, რომ შენმა ღმერთმა, იეჰოვამ გაკურთხა. სოლომონის პერიოდში ისრაელები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.
„ვინც აქ არის, სოლომონზე დიდია“ (მათე 12:42).
-
-
სამეფო გაიყოიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 45
სამეფო გაიყო
ისრაელში მშვიდობა იყო მანამ, სანამ სოლომონი იეჰოვას სცემდა თაყვანს. მაგრამ მან ცოლად მოიყვანა ბევრი უცხოელი ქალი, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ. ნელ-ნელა სოლომონი შეიცვალა და მანაც კერპების თაყვანისცემა დაიწყო. იეჰოვა ძალიან გაბრაზდა სოლომონზე და უთხრა: წაგართმევ სამეფოს და ორად გავყოფ! დიდ ნაწილს შენს მსახურს მივცემ, შენს შთამომავლებს კი მხოლოდ მცირე ნაწილს დავუტოვებ!
ღმერთმა სხვა შემთხვევაშიც გაამჟღავნა, რომ ასე ჰქონდა გადაწყვეტილი. ერთხელ სოლომონის ერთ-ერთი მსახური იერობოამი გზაში წინასწარმეტყველ ახიას შეხვდა. ახიამ თავისი მოსასხამი 12 ნაწილად დახია და იერობოამს უთხრა: იეჰოვა წაართმევს სოლომონს ისრაელის სამეფოს და ორ ნაწილად გაყოფს. აიღე 10 ნაგლეჯი, რადგან შენ გახდები 10 ტომის მეფე. ეს ამბავი გაიგო მეფე სოლომონმა და გადაწყვიტა, მოეკლა იერობოამი. ამიტომ ის ეგვიპტეში გაიქცა. გავიდა დრო და მოკვდა სოლომონი. მის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა. ეგვიპტეში გაქცეული იერობოამი ისრაელში დაბრუნდა, რადგან იფიქრა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ისრაელის უხუცესებმა რობოამს უთხრეს: თუ ხალხს კარგად მოექცევი, ისინი შენი ერთგულები იქნებიან. ახალგაზრდა მეგობრებმა კი მას ასეთი რამ ურჩიეს: ხალხს მკაცრად უნდა მოექცე. უფრო დაუმძიმე სამუშაო. რობოამმა ახალგაზრდების რჩევა გაითვალისწინა და ხალხს სასტიკად ექცეოდა. ამის გამო ისრაელის ათი ტომი განუდგა მას. მათ თავიანთ მეფედ იერობოამი აირჩიეს. ათტომიანი სამეფო ისრაელის სამეფოს სახელით გახდა ცნობილი. დანარჩენ 2 ტომს, რომელიც რობოამის ერთგული დარჩა, იუდას სამეფო ეწოდა. ასე გაიყო ისრაელის 12 ტომი ორ ნაწილად.
იერობოამს არ სურდა, რომ მის ხალხს თაყვანსაცემად იერუსალიმში ევლო, რადგან იერუსალიმი რობოამის სამეფოში მდებარეობდა. იცი, რატომ არ უნდოდა ეს? ეშინოდა, რომ ხალხი ზურგს შეაქცევდა მას და ისევ რობოამს დაუბრუნდებოდა. ამიტომ მან ორი ოქროს ხბო გააკეთა და ხალხს უთხრა: იერუსალიმი ძალიან შორს არის, აქ ეცით ღმერთს თაყვანი. ხალხმაც ოქროს ხბოებს დაუწყო თაყვანისცემა. მათ ისევ დაივიწყეს იეჰოვა.
„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან … ან რა საერთო აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?!“ (2 კორინთელები 6:14, 15).
-