-
ბრძენი მეფე სოლომონიბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 63
ბრძენი მეფე სოლომონი
სოლომონი პატარა გამეფდა. მას უყვარდა იეჰოვა და ითვალისწინებდა თავისი მამის, დავითის კარგ რჩევებს. იეჰოვას მოსწონდა სოლომონი და ერთ ღამეს სიზმარში უთხრა: ‘სოლომონ, მითხარი, რა გინდა, და მოგცემ’.
სოლომონმა მიუგო: ‘იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჯერ ბავშვი ვარ და არ ვიცი, როგორ ვმართო ქვეყანა. მომეცი სიბრძნე, რომ შენი ხალხის კარგი მმართველი ვიყო’.
იეჰოვას მოეწონა სოლომონის თხოვნა, ამიტომ უთხრა: ‘რადგან სიბრძნე მთხოვე და არა დღეგრძელობა და სიმდიდრე, არნახულ სიბრძნეს მოგცემ. მაგრამ იმასაც მოგცემ, რაც არ გითხოვია — სიმდიდრესა და დიდებას’.
ცოტა ხანში ორმა ქალმა სოლომონს სერიოზული უთანხმოების მოსაგვარებლად მიმართა. ‘მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, — ამბობდა ერთი. — მე ბიჭი შემეძინა. ორი დღის შემდეგ ამ ქალსაც ბიჭი გაუჩნდა. ერთ ღამეს მისი ბავშვი მოკვდა. როცა მეძინა, თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა, ჩემი კი თავისთან წაიყვანა. გამეღვიძა და ვნახე, რომ მკვდარი ბავშვი ჩემი არ იყო’.
მეორე ქალი ამბობდა: ‘არა! ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი — მისი!’ პირველი ქალი ეუბნებოდა: ‘არა! მკვდარი შენია, ცოცხალი კი — ჩემი!’ ასე დავობდნენ ისინი. როგორ მოიქცა სოლომონი?
მან ხმალი მოატანინა და თქვა: ‘გაჭერით ცოცხალი ბავშვი შუაზე და ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი კი — მეორეს’.
‘არა! — დაიყვირა ნამდვილმა დედამ. — გთხოვთ არ მოკლათ ბავშვი. ამ ქალს მიეცით!’ მეორე ქალი კი ამბობდა: ‘არც იმას და არც მე, გაჭერით შუაზე’.
მაშინ სოლომონმა თქვა: ‘არ მოკლათ ბავშვი! მიეცით პირველ ქალს, ის არის ბავშვის დედა’. სოლომონმა იცოდა, რომ დედას ძალიან უყვარს თავისი პატარა და მზად არის, სხვას მისცეს, ოღონდ ბავშვი ცოცხალი დარჩეს. ხალხმა გაიგო ეს ამბავი და ძალიან გაუხარდათ, რომ ასეთი ბრძენი მეფე ჰყავდათ.
სოლომონის მეფობის დროს ღვთის კურთხევით ხალხს უხვად ჰქონდა ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი და სხვა საკვები. მათ საუკეთესოდ ეცვათ და კეთილმოწყობილ სახლებში ცხოვრობდნენ. ყველას უხვად ჰქონდა ყველაფერი.
-
-
ტაძრის მშენებლობაბიბლიური მოთხრობები
-
-
მოთხრობა 64
ტაძრის მშენებლობა
სიკვდილის წინ დავითმა სოლომონს მისცა იეჰოვას ტაძრის გეგმა, რომელიც ღვთისგან მიიღო. თავისი მეფობის მეოთხე წელს სოლომონმა დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რაც შვიდწელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ტაძარს ათი ათასობით ადამიანი აშენებდა. მის შესამკობად დიდძალი ოქრო-ვერცხლი გამოიყენეს, ამიტომ ტაძრის მშენებლობას ძალიან ბევრი ფული დასჭირდა.
კარვის მსგავსად ტაძარშიც ორი მთავარი ოთახი იყო. მაგრამ ეს ოთახები ორჯერ აღემატებოდა კარვის ოთახებს. სოლომონმა შეთანხმების კიდობანი ტაძრის შიდა ოთახში დაადებინა, სხვა ნივთები კი, რომლებიც კარავში ინახებოდა, ტაძრის მეორე ოთახში შეატანინა.
ტაძრის მშენებლობის დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. როგორც ამ სურათზე ხედავ, ტაძრის წინ დაჩოქილმა სოლომონმა ილოცა. ‘ზეცაც ვერ გიტევს და ეს ტაძარი როგორ დაგიტევს?! ღმერთო, უსმინე შენს ხალხს, როცა ამ ადგილისკენ მობრუნებულები ილოცებენ’, — შეევედრა სოლომონი იეჰოვას.
როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და შთანთქა შეწირული ცხოველები. ტაძარი იეჰოვას ბრწყინვალებით აივსო. ეს ნიშნავდა, რომ იეჰოვას მოეწონა ტაძარი და სოლომონის ლოცვა. კარვის ნაცვლად ახლა ტაძარი გახდა თაყვანისმცემლობის ადგილი.
დიდი ხნის მანძილზე სოლომონი ბრძნულად მართავდა ქვეყანას და ხალხი ბედნიერი იყო. მაგრამ სოლომონმა ცოლად მოიყვანა უცხოელი ქალები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ იყვნენ. ხედავ სურათზე, ერთ-ერთი მისი ცოლი კერპს თაყვანს სცემს? ბოლოს ცოლებმა სოლომონიც სხვა ღმერთების თაყვანისმცემელი გახადეს. იცი, როგორ იმოქმედა ამან სოლომონზე? ის სასტიკი გახდა და ცუდად ექცეოდა ხალხს. ხალხი ისეთი ბედნიერი აღარ იყო, როგორც უწინ.
ამან იეჰოვა განარისხა და სოლომონს უთხრა: ‘წაგართმევ სამეფოს და სხვას მივცემ. ამას შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ, არამედ შენი შვილის მეფობის დროს. თუმცა სამეფოს ნაწილს დავუტოვებ მას’. მოდი ვნახოთ, როგორ შესრულდა იეჰოვას სიტყვები.
-