საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სტრესი — „ჩუმი მკვლელი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • სტრესი — „ჩუმი მკვლელი“

      „პირველი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება მივაქციე, სიმძიმის ძალზე უსიამოვნო შეგრძნება იყო. ის მკერდის ძვლის არეში დამეწყო; სწრაფად გავრცელდა მხრების, კისრისა და ყბების არეში და გადაეცა ორივე მკლავს. თითქოს გულზე სპილოს დაებიჯებინა. ძლივს ვსუნთქავდი. ოფლმა დამასხა. ნაწლავების სპაზმი და ინტენსიური გულისრევა დამეწყო. . . მოგვიანებით, როცა საავადმყოფოში დამაწვინეს, მახსოვს, თავზარდაცემულმა ვთქვი, გულის შეტევა მაქვს-მეთქი. ამ დროს 44 წლის ვიყავი“ (From Stress to Strength).

      ამგვარად აღწერს თავის წიგნში დოქტორი რობერტ ს. ელიოტი 20-ზე მეტი წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც ის სიკვდილის პირას იყო. იმ დილით კონფერენციას დაესწრო და ლექცია ჩაატარა. უცნაურია, მაგრამ მაშინ გულის შეტევის შესახებ ისაუბრა. მოულოდნელად, დოქტორი ელიოტი, კარდიოლოგი, კარდიოლოგიური განყოფილების პაციენტი აღმოჩნდა. რას მიაწერს ის ამ მოულოდნელ კრიზისს? „მანადგურებდა ჩემი რეაქციები სტრესზე“a, — ამბობს დოქტორი ელიოტი.

      როგორც დოქტორ ელიოტის შემთხვევა გვიჩვენებს, სტრესმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიცოცხლეს. სინამდვილეში, შეერთებულ შტატებში სტრესს სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ. სტრესის შედეგები შეიძლება შეუმჩნევლად დაგროვდეს და შემდეგ მოულოდნელად იჩინოს თავი. ამგვარად, სამართლიანად ეწოდა სტრესს „ჩუმი მკვლელი“.

      გასაოცარია, რომ სტრესთან დაკავშირებულ მძიმე შედეგებს მხოლოდ A-ტიპის პიროვნებები არ განიცდიან, რომლებსაც მოუთმენლობა, აგრესიულობა და მეტოქეობა ახასიათებთ. საფრთხე იმათაც ემუქრება, რომლებიც თითქოსდა მშვიდნი არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი სიმშვიდე მოჩვენებითია და სწრაფსადუღარზე ცუდად დამაგრებულ ხუფს წააგავს. სწორედ ასე დაემართა დოქტორ ელიოტს. ის ახლა სხვებს აფრთხილებს: „შეიძლება დღესვე მოკვდეთ მოულოდნელად და არც კი იცოდეთ, რომ წლების მანძილზე შენელებული მოქმედების ბომბი გქონიათ გულში“.

      მაგრამ, როგორც შემდეგი სტატია გვიჩვენებს, სტრესთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ გულის შეტევითა და მოულოდნელი სიკვდილით არ შემოიფარგლება.

  • სტრესი — „ჩუმი მკვლელი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [სქოლიო]

      a უმცა სტრესი გულის შეტევისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია, უმეტეს შემთხვევაში კორონარულ არტერიებს დიდ ზიანს აყენებს ათეროსკლეროზი. ამიტომ არაგონივრული იქნებოდა, თვალი დაგვეხუჭა გულის დაავადებების სიმპტომებზე იმ იმედით, რომ სტრესის შემცირება განგვკურნავდა. იხილე 1996 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.), გვერდები 3–13.

  • სტრესი — „გვიანმოქმედი შხამი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • სტრესი — „გვიანმოქმედი შხამი“

      «„იმდენს ნუ ინერვიულებ, რომ ავად გახდე“, — ხშირად გვესმის ეს სიტყვები. ადამიანები ალბათ ვერც კი ხვდებიან, რომ ამისთვის ნამდვილი ბიოლოგიური საფუძველი არსებობს», — დოქტორი დეივიდ ფელტენი.

      ჯილს, მარტოხელა დედას, ვაჟიშვილი მოზარდი ჰყავდა, ბანკის ანგარიში უმცირდებოდა, მშობლებთან ურთიერობა დაძაბული ჰქონდა — ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო, რომ მას გადაღლილობა ეგრძნო. მოულოდნელად, ქავილის გამომწვევი მწველი გამონაყარი გაუჩნდა მკლავზე. ჯილმა ანტიბიოტიკების, კორტიზონის მალამოებისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება სცადა, მაგრამ არაფერმა უშველა. ნაცვლად ამისა, გამონაყარი მთელ სხეულსა და სახეზე მოედო. სტრესმა ნამდვილად უზომოდ შეაწუხა.

      ჯილი დერმატოლოგიის კლინიკაში გაგზავნეს, სადაც პაციენტის ემოციურ მდგომარეობას ამოწმებენ. „ვცდილობთ, გავიგოთ, რა ხდება მათ ცხოვრებაში“, — ამბობს კლინიკის ერთ-ერთი დამაარსებელი დოქტორი ტომას გრეგი. მან იცის, რომ ხშირ შემთხვევაში მათ, ვისაც გამუდმებით აწუხებს კანთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მკურნალობასთან ერთად, სტრესის გამკლავებაში დახმარებაც ესაჭიროებათ. „პრობლემის გაუბრალოება იქნებოდა იმის თქმა, რომ კანის დაავადებას ადამიანის გრძნობები და მოქმედებები იწვევს, — აღიარებს დოქტორი გრეგი. —მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნების ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება დიდი როლი შეასრულოს კანის დაავადებათა გაჩენაში და ჩვენ მხოლოდ სტეროიდული მალამოები კი არ უნდა გამოვუწეროთ პაციენტებს, არამედ, უნდა დავეხმაროთ კიდეც მათ, რომ ცხოვრებაში სტრესთან გამკლავება შეძლონ“.

      ჯილი გრძნობს, რომ სტრესთან გამკლავების სწავლამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გადაარჩინა მისი კანი. „ჯერ კიდევ მაქვს ხოლმე გამონაყარი მაგრამ ჩემი კანის მდგომარეობა ისეთი საშინელი აღარ არის, როგორიც ადრე იყო“. უცნაურია? არა. მრავალ ექიმს სჯერა, რომ სტრესი ხშირად სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადების, მათ შორის ფუტკრის ნაყარის, ფსორიაზის, ფერიმჭამელებისა და ეგზემას გამომწვევი მიზეზია. მაგრამ სტრესი მხოლოდ კანზე არ მოქმედებს.

      სტრესი და იმუნური სისტემა

      უახლესი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ სტრესმა შეიძლება დააზიანოს იმუნური სისტემა, რამაც შესაძლოა გზა გაუხსნას მრავალ ინფექციურ დაავადებას. „სტრესი კი არ გაავადებთ, არამედ იმუნურ სისტემაზე გავლენის შედეგად ზრდის ავად გახდომის საფრთხეს“, — ამბობს ვირუსოლოგი რონალდ გლეიზერი. არსებობს საკმაოდ მტკიცე საფუძველი იმისა, რომ სტრესთან დაკავშირებულია გაციება, გრიპი და ჰერპესი. თუმცა ასეთი ვირუსები ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს, ჩვენი იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, იბრძვის მათ წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც ზოგი სპეციალისტი ამბობს, როცა ადამიანი ემოციურ სტრესშია, დაცვის ეს სისტემა შეიძლება შესუსტდეს.

      ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ამ დროს ხდება, მაგრამ ზოგის აზრით, ჰორმონებმა, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა და დიდი რაოდენობით გადაიტყორცნება სისხლის ნაკადში, შეიძლება იმუნიტეტის შესუსტება გამოიწვიოს. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ამ ჰორმონების მოქმედება დროებითია. მიუხედავად ამისა, ზოგის აზრით, თუ პიროვნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, იმუნური სისტემა შეიძლება იმდენად შესუსტდეს, რომ ადამიანი ადვილად დაავადდეს.

      ამით შეიძლება აიხსნას, რატომ ვარაუდობენ კანადელი ექიმები, რომ თავიანთი პაციენტების 50–70 პროცენტი სტრესულ მდგომარეობაშია, რაც გამოიხატება თავის ტკივილში, უძილობაში, დაქანცულობასა და გასტროენტერალურ პრობლემებში. შეერთებულ შტატებში ეს ციფრი 75–90 პროცენტია. დოქტორ ჯინ კინგის აზრით, გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ „ქრონიკული სტრესი გვიანმოქმედი შხამია“.

      არც ავადმყოფობის ერთადერთი მიზეზი, არც განკურნების ერთადერთი საშუალება

      ზემოხსენებულის მიუხედავად, მეცნიერები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ სტრესს შეუძლია იმუნურ სისტემაზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომ ადამიანი დააავადოს. ასე რომ, დოგმატურად არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ყველა, ვინც სტრესს განიცდის, ქრონიკულ ფორმაშიც კი, დაავადდება. პირიქით, არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ სტრესის არქონა კარგი ჯანმრთელობის გარანტიაა და არ იქნება გონივრული, უარის თქმა სამედიცინო დახმარებაზე იმ არარეალური იმედით, რომ ოპტიმიზმი და დადებითი აზროვნება განგვკურნავს. დოქტორი დანიელ გოულმენი გვაფრთხილებს: „წარმოდგენა იმისა, რომ ადამიანს თავისი პოზიცია განკურნავს, თითქოს შთამბეჭდავია, მაგრამ მას საყოველთაო დაბნეულობა და გაუგებრობა მოჰყვა: ადამიანები ფიქრობენ, რომ ავადმყოფობაზე გონებით შეიძლება მოახდინო გავლენა; უფრო მეტიც, ზოგჯერ ავადმყოფებს ადანაშაულებენ, თითქოს მათი მდგომარეობა ზნეობრივი და სულიერი დაცემის ბრალი იყოს“.

      ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ავადმყოფობას იშვიათად თუ განაპირობებს ერთი ფაქტორი. თუმცა კავშირი სტრესსა და ავადმყოფობას შორის ხაზს უსვამს იმას, რომ გონივრულია, ვისწავლოთ „გვიანმოქმედი შხამის“ მოქმედების შესუსტება, როცა ეს შესაძლებელია.

      სანამ გავარჩევდეთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ სტრესის ბუნება და ზოგიერთი შემთხვევა, როცა ის შეიძლება სასარგებლო იყოს.

  • სტრესი — „გვიანმოქმედი შხამი“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ზოგიერთი დაავადება, რომლებსაც სტრესს უკავშირებენ

      • ალერგია

      • ართრიტი

      • ასთმა

      • გასტროენტერალური პრობლემები

      • გაცივება

      • გრიპი

      • გულთან დაკავშირებული პრობლემები

      • დეპრესია

      • დიარეა

      • ზურგის, კისრისა და მხრების ტკივილი

      • თავის ტკივილი

      • კანთან დაკავშირებული პრობლემები

      • კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

      • სქესობრივი დისფუნქცია

      • უძილობა

      • შაკიკი

  • სასარგებლო და საზიანო სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • სასარგებლო და საზიანო სტრესი

      „რადგან სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხია მისდამი ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ყველა ყოველთვის გარკვეულ დონეზე იმყოფება სტრესში“, — დოქტორი ჰანს სელიე.

      ვიოლინოზე რომ დაუკრათ, სიმები დაჭიმული უნდა იყოს. თუ ძალიან იქნება დაჭიმული, გაწყდება. მოშვებული სიმები კი ხმას ვერ გამოსცემს. კარგად დაჭიმული სიმები სადღაც ორ უკიდურესობას შორისაა.

      იგივეს თქმა შეიძლება სტრესთან დაკავშირებით. როგორც უკვე დავინახეთ, გადაჭარბებული სტრესი საზიანოა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ სტრესი სრულებით არ გაგაჩნიათ? ეს აზრი შესაძლოა სახარბიელოდ გეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია, რომ სტრესი გარკვეულად მაინც გჭირდებათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ქუჩას კვეთთ და უცებ შენიშნეთ, რომ მანქანა დიდი სისწრაფით გიახლოვდებათ. სტრესი გკარნახობთ: „სწრაფად!“ და დაშავებისგან გიხსნით.

      მაგრამ სტრესი მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობებში როდია სასარგებლო. ის ყოველდღიური მოვალეობების შესასრულებლადაც გჭირდებათ. ყოველთვის ყველა იმყოფება გარკვეულ სტრესში. „მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში თავისუფლდებით სტრესისგან“, — ამბობს დოქტორი ჰანს სელიე. შემდეგ კი ამატებს, რომ „ის სტრესშია“ ისეთივე უაზრო გამონათქვამია, როგორიც „მას წნევა აქვს“. „ამ სიტყვებში, სინამდვილეში, ჭარბ სტრესსა და მაღალ წნევას ვგულისხმობთ“, — აღნიშნავს სელიე. აქედან გამომდინარე, დასვენებისა და ძილის დროსაც სტრესში ხართ, რადგან არ წყდება თქვენი გულისცემა და ფილტვების ფუნქციონირება.

      სამი სახის სტრესი

      არსებობს როგორც სხვადასხვა სიძლიერის, ასევე სხვადასხვა სახის სტრესი.

      მწვავე სტრესს ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულობა განაპირობებს. ხშირად, ის დაკავშირებულია უსიამოვნო ვითარებებთან, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. რადგან ამგვარი ვითარებები შემთხვევითი და მხოლოდ დროებითია, სტრესთან გამკლავება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი კრიზისული მდგომარეობიდან მეორეში ვარდებიან — სინამდვილეში, მათ ცხოვრებას შეიძლება ქაოსი ახასიათებდეს. ასეთი მძაფრი სტრესის კონტროლიც კი შესაძლებელია. მაგრამ სტრესში მყოფმა ადამიანმა შესაძლოა უარი თქვას ცხოვრების წესის შეცვლაზე მანამ, სანამ არ მიხვდება, რა გავლენას ახდენს მოუწესრიგებელი ცხოვრება მასზე და მის გარშემო მყოფ პიროვნებებზე.

      იმ დროს, როცა მწვავე სტრესი დროებითია, ქრონიკული სტრესი დიდხანს გრძელდება. ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს სტრესული მდგომარეობიდან, სიღარიბეზე წუხილით იქნება ეს გამოწვეული თუ უმუშევრობის ან არასასიამოვნო სამუშაოს გამო ტანჯვით. ქრონიკული სტრესი შესაძლოა გამუდმებული ოჯახური პრობლემების შედეგიც იყოს. სტრესში შეიძლება დაუძლურებული ნათესავის მოვლამაც ჩაგაგდოთ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ქრონიკული სტრესი ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად თანდათანობით ანადგურებს თავის მსხვერპლს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წიგნი აღნიშნავს: „ქრონიკული სტრესის ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ მას ხალხი ეგუება. ისინი სწრაფად გრძნობენ მწვავე სტრესს, რადგან იგი ახალია; ქრონიკულ სტრესს კი უგულებელყოფენ, რადგან ის ძველი, ნაცნობი და ხშირად თითქმის სასიამოვნოა“.

      ტრავმული სტრესი ისეთი დიდი ტრაგედიების გავლენაა, როგორიცაა: გაუპატიურება, ავარია ან სტიქიური უბედურება. ამგვარ სტრესს განიცდიან ომის მრავალი ვეტერანი და საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადარჩენილები. ტრავმული სტრესის ნიშანია ტრავმის ცოცხალი ხსოვნა და, ამავე დროს, უმნიშვნელო შემთხვევებში მომეტებული მგრძნობიარობა, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უსვამენ დიაგნოზს: პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობა (პტსმ). იხილე ზემომოყვანილი ჩარჩო.

      მგრძნობელობა სტრესზე

      ზოგის აზრით, ჩვენი მგრძნობელობა სტრესზე დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიძლიერისა და რა სახის სტრესი გვქონია წარსულში. ამბობენ, რომ ტრავმულმა შემთხვევებმა შესაძლოა ნამდვილად შეცვალოს ქიმიური რეაქციები ტვინში და ბევრად გაზარდოს ადამიანის მგრძნობელობა სტრესზე. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის 556 ვეტერანის მდგომარეობების გამოკვლევის დროს დოქტორმა ლორენს ბრასმა აღმოაჩინა, რომ პირველი ტრავმის მიღებიდან 50 წლის გასვლის შემდეგაც კი აპოპლექსიის საშიშროება 8-ჯერ მეტად ემუქრებოდათ ყოფილ სამხედრო ტყვეებს, ვიდრე მათ, ვინც პატიმრობაში არ ყოფილა. „სამხედრო ტყვეობაში ყოფნის სტრესი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან შეცვალა მომავალში ამ ადამიანების რეაქცია სტრესზე — უფრო მგრძნობიარეები გახადა ისინი“.

      ექსპერტების აზრით, ბავშვობაში გადატანილი სტრესული მდგომარეობები არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ადამიანზე. „ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც ტრავმულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ექიმთან არ მიჰყავთ, — ამბობს დოქტორი ჯინ კინგი. — ისინი პრობლემებს უძლებენ, ცხოვრებას აგრძელებენ და მოგვიანებით მოდიან ჩვენთან დეპრესიით ან გულის დაავადებით“. მაგალითად, დაფიქრდით მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტრავმაზე. „როცა ასეთი მნიშვნელოვანი სტრესი ახალგაზრდობაში ხდება, მან შესაძლოა შეცვალოს ტვინში მიმდინარე პროცესები და გაართულოს ყოველდღიურ, ნორმალურ სტრესთან გამკლავება“, — ამბობს დოქტორი კინგი.

      რა თქმა უნდა, სტრესზე რეაგირება შეიძლება მრავალ სხვა ფაქტორზეც იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ფიზიკურ აღნაგობასა და მოხერხებულობაზე, რაც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში გვეხმარება. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული სტრესი, მასთან გამკლავება მაინც შესაძლებელია. ფაქტია, ეს ადვილი არ არის. დოქტორ რეიჩელ იეჰუდას აზრით, „სტრესზე მგრძნობიარე ადამიანს რომ უთხრა, დამშვიდდიო, იგივეა, რაც უძილობით შეპყრობილს უთხრა, უბრალოდ დაიძინეო“. მაგრამ, როგორც შემდეგი სტატია გვიჩვენებს, მაინც არსებობს მრავალი საშუალება სტრესის შესამსუბუქებლად.

  • სასარგებლო და საზიანო სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [ჩარჩო 7 გვერდზე]

      სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი — „გლობალური მოვლენა“

      გაეროს ცნობით, „სტრესი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა მე-20 საუკუნეში“. სამუშაოზე მისი არსებობა აშკარად ჩანს.

      • ავსტრალიის იმ სახელმწიფო მოღვაწეთა რიცხვი, რომლებიც სტრესს უჩივიან, ბოლო სამწლეულის მანძილზე 90 პროცენტით გაიზარდა.

      • საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მედდების 64 პროცენტი და მასწავლებელთა 61 პროცენტი სტრესულ გარემოში მუშაობის გამო არიან შეწუხებული.

      • სტრესთან დაკავშირებულ დაავადებებზე შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი იხარჯება. ფიქრობენ, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 75–85 პროცენტი სტრესთანაა დაკავშირებული.

      • მრავალ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ ქალები მეტად ვარდებიან სტრესში, ვიდრე მამაკაცები; ალბათ იმიტომ, რომ ისინი მეტ მოვალეობებს ასრულებენ ოჯახსა თუ სამსახურში.

      სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი ნამდვილად „გლობალური მოვლენაა“, როგორც ეს გაეროს ცნობაშია ნათქვამი.

  • სასარგებლო და საზიანო სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [ჩარჩო 8 გვერდზე]

      პტსმ — ნორმალური რეაქცია უბედური შემთხვევის დროს

      „სამი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც საკუთარი მანქანით ავტოკატასტროფაში მოვყევი, მაგრამ მაინც სულ ვტიროდი და ღამე ვერ ვიძინებდი. სახლიდან გასვლის უზომოდ მეშინოდა“. — ლუიზა.

      ლუიზას პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობა (პტსმ) აქვს — დამაუძლურებელი სენი, რომლის დროსაც ადამიანს არ ასვენებს ტრავმულ შემთხვევასთან დაკავშირებული მომაბეზრებელი მოგონებები თუ სიზმრები. პიროვნება, რომელიც პტსმ-ს განიცდის, შეიძლება პანიკურმა შიშმაც შეიპყროს. მაგალითად, ფსიქოლოგი მაიკლ დეივისი ყვება ვიეტნამელი ვეტერანის შესახებ, რომელმაც თავისი ქორწილის დღეს მანქანის აფეთქების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ ბუჩქებში დაიმალა. „გარემოებას უნდა ეჩვენებინა მისთვის, რომ საშიში არაფერი იყო, — ამბობს დეივისი. — 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიეტნამიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა; . . ის სამხედრო ფორმას კი არა, სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდა. მიუხედავად ამისა, როცა რაიმე ადრე მომხდარ უბედურ შემთხვევებს ახსენებდა, თავშესაფარში გარბოდა“.

      ომისდროინდელი ტრავმა პტსმ-ის მხოლოდ ერთი მიზეზია. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, რომ მოშლილობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა „მოვლენამ ან მოვლენებმა, რომელთა დროსაც ვინმე იღუპება, სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას, სერიოზულ ჭრილობას იღებს ან მის ფიზიკურ უვნებლობას საფრთხე ემუქრება. ეს შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა ან ადამიანის ნამოქმედარი: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა, ავტოკატასტროფა, დაბომბვა, სროლა, წამება, ბავშვის მოტაცება, დამუქრება, გაუპატიურება და ბავშვებზე ძალადობა“ (The Harvard Mental Health Letter). თუ უბრალოდ შეესწარი ამ მოვლენებს, ვინმემ ცოცხლად აგიღწერა ან ნახე სურათები, ამან შენში შეიძლება პტსმ-ს სიმპტომები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი შენი ოჯახის წევრები ან მეგობრები არიან.

      რა თქმა უნდა, ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ტრავმაზე. ზემომოყვანილ წერილში ახსნილია: „ადამიანთა უმრავლესობას, რომლებმაც ტრავმული შემთხვევები გადაიტანეს, არ უვითარდებათ სერიოზული ფსიქიატრიული სიმპტომები და, თუ რაიმე სიმპტომები აქვთ, აუცილებელი არ არის ეს პტსმ იყოს“. რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომლებიც სტრესს პტსმ-მდე მიჰყავს? დროთა განმავლობაში ზოგი უმკლავდება ტრავმასთან დაკავშირებულ გრძნობებს და შვებას გრძნობს. ზოგი მრავალი წლის შემდეგაც კი აგრძელებს ტრავმულ მოვლენებთან დაკავშირებული მოგონებების წინააღმდეგ ბრძოლას.

      ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც პტსმ-ს განიცდის, და ყველას, ვისაც სურს, რომ მათ დახმარება გაუწიოს, უნდა ახსოვდეთ, რომ გამოჯანმრთელებას მოთმინება სჭირდება. ბიბლია ქრისტიანებს შეაგონებს, რომ ‘ანუგეშონ სულმოკლენი’ და ‘სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ’ (1 თესალონიკელთა 5:14). ლუიზამ, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ, ავტოკატასტროფიდან მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ შეძლო კვლავ მანქანის მართვა. კატასტროფიდან ოთხი წლის შემდეგ მან თქვა: „მიუხედავად ამ პროგრესისა, მანქანის მართვა ჩემთვის აღარასოდეს იქნება სასიამოვნო. ამას მხოლოდ საჭიროების გამო ვაკეთებ. მაგრამ მაინც წარმატებით დავაღწიე თავი იმ უმწეო მდგომარეობას, რომელშიც ავტოკატასტროფის შემდეგ აღმოვჩნდი“.

  • სტრესის დაძლევა შესაძლებელია!
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • სტრესის დაძლევა შესაძლებელია!

      „ცხოვრებაში სტრესი ყოველთვის გვექნება, ამიტომ მისთვის თავის არიდებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენს რეაქციას მასზე“ (ლეონ აიტოფი, ცნობილი მწერალი ჯანდაცვის დარგში).

      ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „უკანასკნელ დღეებში“ დადგებოდა „საზარელი ჟამი“. ფაქტები ნათელყოფს, რომ ჩვენ ამ ჟამში ვცხოვრობთ, რადგან, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ადამიანები „ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი“ არიან (2 ტიმოთე 3:1–5).

      გასაკვირი არ არის, რომ ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება! ეს მათაც ეხება, ვინც მშვიდად ცხოვრებას ცდილობს. „მრავალი სიავე ხვდება მართალს“, — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი (ფსალმუნი 33:20; შეადარეთ 2 ტიმოთე 3:12). მიუხედავად ამისა, ბევრის გაკეთება შეგიძლიათ სტრესის შესამსუბუქებლად, რათა მან არ დაგძლიოთ. განიხილეთ შემდეგი რჩევები.

      თავს გაუფრთხილდით

      ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რით იკვებებით. სწორი კვება გულისხმობს ცილების, ხილის, ბოსტნეულის, პურეულის, სხვა მარცვლოვნებისა და რძის ნაწარმის მიღებას. ფრთხილად იყავით თეთრი ფქვილისა და ცხიმების გამოყენებისას. ყურადღება მიაქციეთ, რა რაოდენობით იღებთ მარილს, რაფინირებულ შაქარს, ალკოჰოლსა და კოფეინს. გააუმჯობესეთ თქვენი კვება და სტრესზე ნაკლებად მგრძნობიარე იქნებით.

      ივარჯიშეთ. ‘ხორციელი წვრთნა სასარგებლოა’, — ამბობს ბიბლია (1 ტიმოთე 4:8). მართლაცდა, ზომიერი, მაგრამ რეგულარული ვარჯიში — რაც ზოგის მიერ რეკომენდირებულია კვირაში დაახლოებით სამჯერ — აძლიერებს გულს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ქოლესტერინსა და გულის შეტევის რისკს. უფრო მეტიც, როცა ვვარჯიშობთ, თავს კარგად ვგრძნობთ, ალბათ იმიტომ, რომ ენერგიული ვარჯიშის დროს ენდორფინი გამოიყოფა.

      ძილს საკმარისი დრო დაუთმეთ. ძილის უკმარისობა გფიტავთ და სტრესთან გამკლავების უნარს გიკარგავთ. თუ დაძინება გიძნელდებათ, შეეცადეთ, ყოველთვის თავის დროზე დაიძინოთ და გაიღვიძოთ. ზოგი გვირჩევს, რომ დღისით 30 წუთზე მეტი არ დავიძინოთ, რათა ღამე კარგად დაგვეძინოს.

      შეიმუშავეთ გეგმა: ადამიანები, რომლებიც გეგმას მიჰყვებიან, სტრესს ბევრად უფრო ადვილად უმკლავდებიან. გეგმა რომ შეიმუშაოთ, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ, თქვენი მოვალეობებიდან რომლებია პირველხარისხოვანი. შემდეგ შეადგინეთ განრიგი ისე, რომ მათი თანმიმდევრობა დაიცვათ (შეადარეთ 1 კორინთელთა 14:33, 40 და ფილიპელთა 1:10).

      შეინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობები

      მიიღეთ დახმარება. სტრესის დროს მეგობრებისა და ნაცნობების წრე ადამიანებს მცირეოდენ შვებას მაინც ანიჭებს. ერთი სანდო მეგობრის პოვნაც კი შეიძლება დიდად დაგეხმაროთ. ბიბლიური იგავი ამბობს, რომ „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).

      მოაგვარეთ კონფლიქტები: „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“, — წერდა მოციქული პავლე (ეფესელთა 4:26). დაკვირვება 929 ადამიანზე, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს, აჩვენებს, რომ გონივრულია ჩხუბის სწრაფად მოგვარება და არა ჯავრის გულში ჩატოვება. სამჯერ მეტად იყო მოსალოდნელი, პირველი შეტევიდან ათი წლის განმავლობაში, გულის გაჩერებას ემსხვერპლა მტრული განწყობის ადამიანები, ვიდრე რბილი ხასიათის მქონენი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ, თუმცა ბრაზი თითქოს უმთავრესი ფაქტორია, მაგრამ იგივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ძლიერ უარყოფით ემოციას, რომლის დროსაც ორგანიზმში სტრესის შედეგად დიდი რაოდენობით ხდება ჰორმონების გამოყოფა. ‘შური ძვალთა ლპობაა’, — ვკითხულობთ იგავნის 14:30-ში.

      დრო დაუთმეთ ოჯახს: ებრაელ მშობლებს მოეთხოვებოდათ, დრო დაეთმოთ ბავშვებისთვის და სწორი პრინციპები ჩაენერგათ მათ გულებში (მეორე რჯული 6:6, 7). სამწუხაროდ, დღეს ოჯახური ერთიანობისთვის ხელშემწყობი კავშირის უქონლობა იგრძნობა. ერთ-ერთი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ მშობლები, რომლებიც მუშაობენ, შვილებს დღეში საშუალოდ მხოლოდ 3,5 წუთის განმავლობაში ეთამაშებიან. იმ დროს, როცა სტრესის დროს ოჯახი დიდი დახმარების წყაროა. „ოჯახში გაქვთ უპირობო უფლება, იყოთ ემოციურად მხარდამჭერი ჯგუფის წევრი, ჯგუფისა, რომელიც ნამდვილად კარგად გიცნობთ და რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში უყვარხართ, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში სტრესის შესახებ. — ოჯახში ურთიერთთანამშრომლობა სტრესის შემსუბუქების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“.

      იცხოვრეთ გაწონასწორებულად

      გონივრულად მოიქეცით: პიროვნება, რომელიც გამუდმებით ზედმეტად იტვირთავს თავს ფიზიკურად და ემოციურად, ადვილად შეიძლება გადაიქანცოს და დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ამას თავს ავარიდებთ, თუ წონასწორობას შევინარჩუნებთ. „მაღლიდან გადმომავალი სიბრძნე. . . კეთილგონიერია“, — წერდა მოწაფე იაკობი (იაკობი 3:17, აქ; შეადარეთ ეკლესიასტე 7:16, 17). ისწავლეთ, არ შეეჭიდოთ ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც არ შეგიძლიათ.

      სხვას ნუ შეედრებით: გალატელთა 6:4-ში ვკითხულობთ: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“. დიახ, თაყვანისცემასთან დაკავშირებითაც კი, ღმერთი ერთმანეთს არ გვადარებს და არ გვთხოვს იმაზე მეტს, რისი გაკეთების საშუალებასაც პირადი მდგომარეობები გვაძლევს. იგი ჩვენს ძღვენსა და მსხვერპლს იღებს ‘იმის მიხედვით, რაც გვაქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა გვაქვს’ (2 კორინთელთა 8:12).

      დასვენებისთვის დრო გამოყავით: იესოც კი, თუმცა შრომისმოყვარე იყო, დროს ნახულობდა თავის მოწაფეებთან ერთად დასვენებისთვის (მარკოზი 6:30–32). ღვთის შთაგონებით „ეკლესიასტეს“ დამწერს ესმოდა, რომ გონივრული დასვენება სასარგებლო იყო. იგი წერდა: „შევაქე მე მხიარულება, რადგან არ ყოფილა სხვა სიკეთე ადამიანისთვის მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ სვას, ჭამოს და იმხიარულოს; ეს ყოველივე ახლავს მას მის საშრომელში დღენი მისნი, ღმერთმა რომ უბოძა მზისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 8:15). გაწონასწორებულ გართობას შეუძლია, სხეული გამოაცოცხლოს და დაგვეხმაროს, გავუმკლავდეთ სტრესს.

      სტრესს გონივრულად შეხედეთ

      როცა სტრესულ მდგომარეობაში ხართ:

      ნუ დაასკვნით, რომ ღმერთი მსჯავრს გდებთ. ბიბლია მოგვითხრობს ერთგული ქალის, ხანას, შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში ‘სულგამწარებული’ იყო (პირველი მეფეთა 1:4–11). მაკედონიაში პავლე ‘შევიწროებული იყო ყველაფერში’ (2 კორინთელთა 7:5). სიკვდილამდე იესო „ტანჯვაში“ და იმხელა სტრესში იმყოფებოდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“a (ლუკა 22:44). ყველანი ღვთის ერთგული მსახურები იყვნენ. ამიტომ, როცა სტრესში ვარდებით, არ უნდა დაასკვნათ, რომ ღმერთმა მიგატოვათ.

      განსაცდელიდან ისწავლეთ: პავლე წერდა, რომ იძულებული იყო, აეტანა ‘ეკალი სხეულში’, უეჭველია, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რაც დიდად ამწუხრებდა (2 კორინთელთა 12:7). დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მას შეეძლო, ეთქვა: „მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:12, 13). პავლეს არ სიამოვნებდა ‘ეკალი სხეულში’, მაგრამ მისი გადატანით ისწავლა, როგორ მინდობოდა იეჰოვას უფრო მეტად და იმედი ჰქონოდა, რომ ის გააძლიერებდა (ფსალმუნი 54:23).

      განვითარდით სულიერად

      იკითხეთ ღვთის სიტყვა და იფიქრეთ მასზე: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“, — თქვა იესომ (მათე 5:3, აქ). ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი აუცილებელია. ხშირად, საღვთო წერილის გულმოდგინედ გამოკვლევისას ზუსტად იმ სიტყვას ვპოულობთ, რომელიც იმ დღეს გვესაჭიროება გამხნევებისთვის (იგავნი 2:1–6). „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, — წერდა ფსალმუნმომღერალი, — შენი [ღვთის] ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნი 93:19).

      რეგულარულად ილოცეთ: „აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“, — წერდა პავლე (ფილიპელთა 4:6, 7). დიახ, ‘ღვთის მშვიდობას’ შეუძლია ჩვენი შემაწუხებელი გრძნობების დაძლევა და სტაბილიზება მაშინაც კი, როცა „აღმატებული ძლიერება“ გვესაჭიროება (2 კორინთელთა 4:7).

      დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს: ქრისტიანული კრება გვთავაზობს ძვირფას მხარდაჭერას, რადგან მისი წევრები მოწოდებულნი არიან, ‘ყურადღებით მოეკიდონ ერთმანეთს, წაახალისონ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. . . შეაგონონ ერთმანეთს’. პავლეს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანებისთვის ეთქვა, არ ‘მიეტოვებინათ თავიანთი შესაკრებელი’ (ებრაელთა 10:24, 25).

      ნამდვილი იმედი

      ფაქტია, რომ, ჩვეულებრივ, სტრესის შემსუბუქება არცთუ ისე ადვილი საქმეა. ხშირად აუცილებელია არსებითი ცვლილებები აზროვნებაში. მაგალითად, პიროვნებას შეიძლება დასჭირდეს იმის სწავლა, რომ თავის მდგომარეობებზე სხვაგვარი რეაქცია ჰქონდეს, რათა სასოწარკვეთილი არ აღმოჩნდეს. ზოგჯერ, როცა სტრესი ხშირი და ინტენსიურია, შეიძლება საჭირო იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

      რა თქმა უნდა, დღეს არავინ ცხოვრობს საზიანო სტრესისგან სრულიად თავისუფალი. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ მალე ღმერთი „მოხედავს“ ადამიანებს და მოსპობს ისეთ პირობებს, რომლებიც მათ ასეთ საზიანო სტრესში აგდებს. გამოცხადების 21:4-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“. ამის შემდეგ ერთგული ადამიანები უსაფრთხოდ იცხოვრებენ. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).

  • სტრესის დაძლევა შესაძლებელია!
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • [ჩარჩო 12 გვერდზე]

      სტრესი და ქირურგია

      პაციენტის საოპერაციოში გაყვანამდე ზოგი ექიმი ანგარიშს უწევს მის სტრესულ მდგომარეობას. მაგალითად, ქირურგი დოქტორ კამრან ნეჟატი ამბობს:

      „ოპერაციას არ ვაკეთებ, როცა პაციენტი მეუბნება, რომ იმ დღეს პანიკური შიშითაა შეპყრობილი და არ სურს ოპერაციის გაკეთება“. რატომ? „ყველა ქირურგმა იცის, რომ ძნელია ოპერაციის გაკეთება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან ეშინიათ. ისინი ბევრ სისხლს კარგავენ, უფრო ადვილად ინფიცირდებიან და უფრო ხშირად აქვთ გართულებები. მათი გამოჯანმრთელებაც შედარებით ძნელია. ბევრად უკეთესია, როცა პაციენტები მშვიდად არიან“, — განმარტავს ნეჟატი.

  • სტრესის დაძლევა შესაძლებელია!
    გამოიღვიძეთ! — 1998 | აპრილი 8
    • a ცნობილია, რომ უდიდესი სულიერი ტრავმის დროს ყოფილა სისხლნარევი ოფლის გამოყოფის შემთხვევები. მაგალითად, ჰემატიდროზის დროს გამოიყოფა სისხლით, სისხლის პიგმენტით ან სისხლნარევი ლიმფით შეფერილი ოფლი. მაგრამ დარწმუნებით მაინც არ შეგვიძლია ვთქვათ, რა მოხდა იესოს შემთხვევაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება