-
სტრესი საშიში თავდამსხმელი!გამოიღვიძეთ! — 2005 | თებერვალი 8
-
-
სტრესი საშიში თავდამსხმელი!
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნომერი პირველი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ — ასეთი სათაური ჰქონდა ამერიკის ერთ-ერთი ინსტიტუტის (American Institute of Stress) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. მასში ხაზგასმული იყო, რომ დღესდღეობით ჯანმრთელობას ისეთ დიდ საფრთხეს არც კიბო უქმნის და არც შიდს-ი, როგორც სტრესი. სტატიაში ასეთი რამ აღინიშნა: „ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, ადამიანების 75—90 პროცენტი ექიმს სტრესით გამოწვეული პრობლემების გამო მიმართავს“.
არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ დღეს სტრესი საშიში თავდამსხმელია. ერთი ორგანიზაციის (National Consumers League) მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „სრულწლოვანებში, რომლებიც პრობლემებით არიან დამძიმებულნი, სტრესს ძირითადად სამუშაო იწვევს (39 პროცენტი); სტრესის გამომწვევი შემდეგი მიზეზი ოჯახია (30 პროცენტი); მას მოჰყვება ჯანმრთელობის გაუარესებით განპირობებული სტრესი (10 პროცენტი); ეკონომიკა სტრესის გამომწვევი კიდევ სხვა მიზეზია (9 პროცენტი); სტრესს საერთაშორისო კონფლიქტებისა და ტერორიზმის არსებობაც იწვევს (4 პროცენტი)“.
სტრესი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არ არის. 2002 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა 2001—2002 წლებში მუშაობის შედეგად იმდენად მწვავედ განიცადა სტრესი, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აირეკლა. როგორც ვარაუდობენ, მუშაობით გამოწვეული სტრესის, დეპრესიისა და შიშის გამო წელიწადში 13, 5 მილიონი სამუშაო დღე ცდება ბრიტანეთში“.
არანაკლებ სამწუხარო მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. ერთ-ერთი სააგენტოს შეფასებით, „მუშაობით გამოწვეული სტრესი ნებისმიერ სფეროში მომსახურე მილიონობით ევროპელზე ახდენს უარყოფით გავლენას“ (European Agency for Safety and Health at Work). ერთმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ „მუშაობის შედეგად, ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ვარდება სტრესში“.
რისი თქმა შეიძლება აზიის ქვეყნებზე? ტოკიოში ჩატარებული ერთ-ერთი კონფერენციის ანგარიშში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „მუშაობით განპირობებული სტრესი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის — როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული — უმთავრესი პრობლემაა“. ამ ანგარიშში აგრეთვე აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კორეასა და ტაივანში მრეწველობა და ეკონომიკა საკმაოდ პროგრესულად ვითარდება. მაგრამ, ამჟამად ამ ქვეყნების ძირითადი პრობლემა მუშაობით გამოწვეული სტრესია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მომსახურე პერსონალზე“.
დიდი კვლევა-ძიების ჩატარება არ არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანები ნამდვილად არიან სტრესის გავლენის ქვეშ. სრულიად შესაძლებელია, სტრესით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს თქვენც განიცდიდეთ. რამდენად საზიანოა სტრესი? როგორ შეუძლიათ ოჯახებს ისწავლონ სტრესთან გამკლავება? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განიხილება.
-
-
სტრესი მიზეზი და შედეგიგამოიღვიძეთ! — 2005 | თებერვალი 8
-
-
სტრესი მიზეზი და შედეგი
რა არის სტრესი? ერთი სპეციალისტი სტრესს ასე განმარტავს: „ფიზიკური ან გონებრივი დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ძლიერი ზემოქმედების შედეგად“. ნიშნავს ეს იმას, რომ სტრესი საზიანოა? არა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მელისა სტოპლერი შენიშნავს, რომ „ზომიერი სტრესი და დაძაბულობა ზოგჯერ სასარგებლოა. გარკვეული დავალების შესრულებისას განცდილი სტრესი გვეხმარება, გულმოდგინედ ვიმუშაოთ და წარმატებით გავართვათ საქმეს თავი“.
მაგრამ, რა შემთხვევაში მოაქვს სტრესს ზიანი? სტოპლერი ამბობს: „სტრესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საზიანო, როდესაც ის მწვავე ფორმაში გადადის ან უმართავი ხდება“. განვიხილოთ სტრესის გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესი
მეფე სოლომონმა თქვა: „განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით?“ (ეკლესიასტე 2:24). თუმცა, ბევრისთვის დაძაბულობისა და მღელვარების უმთავრესი წყარო სამუშაოა.
ევროპის ერთ–ერთი სააგენტო (European Agency for Safety and Health at Work) იტყობინება, რომ სხვა მიზეზებთან ერთად სამუშაოზე სტრესი შეიძლება განაპირობოს უფროსებსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობამ, უფროსების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მომსახურე პერსონალის შეზღუდვამ, თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა. აგრეთვე სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოზე დაუცველობის გრძნობა ან დაბალი ანაზღაურება. რა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, სამუშაოზე სტრესთან გამკლავებამ შეიძლება იმდენად გამოაცალოს მშობლებს ენერგია, რომ ოჯახის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვეღარ შეძლონ. და ეს მოთხოვნილებები არცთუ ისე ცოტაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს უწევს ოჯახის ავადმყოფ ან ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა. გარდა ამისა, ფინანსურმა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში სტრესი. რიტას, ორი შვილის დედას, ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა, როდესაც მისი მეუღლე, ლეანდრო, ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. რიტა ამბობს: „ფინანსური პრობლემები სტრესს იწვევს. როდესაც ოჯახის ხარჯების დასაფარავად არ გაგაჩნია საკმარისი თანხა, ამის გამო ცუდი განწყობა გეუფლება“.
სტრესი, რომელიც შვილების მარტო აღზრდას მოჰყვება
მწვავე სტრესს მარტოხელა მშობლებიც განიცდიან, რადგან მარტო უწევთ ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა. მარტოხელა მშობელი შეიძლება ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტოს ცხოვრების ყოველდღიურმა რიტმმა. მაგალითად, დილით ადრე ადგომა, საუზმის მომზადება, ბავშვების ჩაცმა, მათი სკოლაში წაყვანა და სამუშაოზე დროულად მისვლა. სამუშაო დღის ბოლოს კი სტრესის შემდგომი ეტაპი იწყება: ბავშვების სკოლიდან წამოყვანა, ვახშმის მომზადება და საოჯახო საქმეების გაკეთება. მარია, ოთხი მოზარდი გოგოს დედა, გვიზიარებს, რომ მეტისმეტი დაძაბულობის გამო ზოგჯერ ისეთი გრძნობა უჩნდება, სადაცაა აფეთქდება.
სტრესისგან არც ბავშვები არიან დაზღვეულნი
სოციოლოგი რონალდ პიცერი აღნიშნავს: „მწვავე სტრესს ბევრი ახალგაზრდა განიცდის“. მათ უწევთ სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებთან შეგუება. ამასთანავე, ისინი სკოლაშიც განიცდიან სტრესს. წიგნში, რომელიც განიხილავს ბავშვებში სტრესის გამომწვევ მიზეზებს, ნათქვამია, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე „სავსეა სტრესით — სწავლით, სპორტით, თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობით გამოწვეული პრობლემებითა და მღელვარებით“ (Childstress!).
ზოგ ქვეყანაში დაძაბულობას სკოლაში არსებული ძალადობაც ზრდის, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერორისტული თავდასხმებითა და სხვა უბედურებებით გამოწვეულ შიშზე. „როდესაც მშობლები გამუდმებით საუბრობენ, თუ რამდენად საშიშია დღევანდელი მსოფლიო, — წერს ერთი მოზარდი გოგონა, — შიში უფრო მეტად გვეუფლება“.
მშობლები გამხნევების წყარო უნდა იყვნენ შვილებისთვის. პიცერი ასეთ რამეს ამბობს: „სამწუხაროდ, მშობლები ხშირად არასერიოზულად ეკიდებიან ბავშვების მცდელობას, ახლო ურთიერთობა განავითარონ მათთან“. ზოგჯერ მშობლებს ურთიერთშორის არსებული უთანხმოება უშლის ხელს, დააკმაყოფილონ შვილების მოთხოვნილებები. „ჩემი მშობლები თითქმის ყოველთვის ჩხუბობდნენ“, — ამბობს ერთი მოზარდი, სახელად ტიტო, რომლის მშობლებიც საბოლოოდ განქორწინდნენ. როგორც ზემოთ ნახსენები წიგნი შენიშნავს, „მხოლოდ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იწვევს მოზარდებში სტრესს. როდესაც მშობლები გულისწყრომას მოთაფლული სიტყვებით ნიღბავენ, ბავშვი გრძნობს ასეთ არაგულწრფელ მოპყრობას, რაც მას გულს სტკენს და სტრესში აგდებს“.
სტრესის შედეგები
რაც უნდა იყოს სტრესის გამომწვევი მიზეზი, თუ ის ქრონიკულში გადაიზრდება, შეიძლება დაღი დაასვას თქვენს ჯანმრთელობას. ერთი სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო სტატიებს წერს, ამბობს: „სხეულის რეაქცია სტრესზე შეიძლება შევადაროთ ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს“. სტრესის დროს გულისცემის სიხშირე საკმაოდ ძლიერდება და არტერიული წნევა სწრაფად იწევს მაღლა. ასევე მატულობს სისხლში შაქრის შემცველობა და ორგანიზმში ჰორმონები დიდი რაოდენობით გამოიყოფა. „თუ სტრესი მწვავე ფორმაში გადადის, — განაგრძობს ზემოთ მოხსენიებული სპეციალისტი, — ორგანოები (ტვინი, გული, ფილტვები, სისხლძარღვები და კუნთები), რომლებიც ერთ განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებენ, გამუდმებით აქტიურ მდგომარეობაშია. ამან შეიძლება დროთა განმავლობაში ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს“. შემაშფოთებელია იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც სტრესის შედეგადაა გამოწვეული. გულის დაავადება, დამბლა, იმუნური სისტემის მოშლა, კიბო, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები და დიაბეტი სტრესით გამოწვეულ დაავადებათაგან მხოლოდ რამდენიმეა.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ უმრავლესობა — განსაკუთრებით კი ახალგაზრდები — სტრესთან გასამკლავებლად არაჯანსაღ გზებს მიმართავს. დოქტორი ბეტი იანგზი შეშფოთებული ამბობს: „სამწუხაროა, რომ შვების პოვნის სურვილით შეპყრობილი მოზარდები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას იწყებენ, სექსუალურ აღვირახსნილობას ეწევიან, აგრესიასა და ძალადობას ავლენენ და სახლიდან გარბიან; ეს კი მათ უფრო სერიოზული და გადაულახავი პრობლემების წინაშე აყენებს“.
სტრესი დღევანდელი ცხოვრების რეალობაა. მისგან სრულებით გათავისუფლება შეუძლებელია. მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, სტრესის დასაძლევად შეგვიძლია უამრავი საშუალება გამოვნახოთ.
-
-
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ სტრესი!გამოიღვიძეთ! — 2005 | თებერვალი 8
-
-
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ სტრესი!
„ბოლო წლებში სხვადასხვა ვალდებულების შესრულებისას სულ უფრო და უფრო რთულდება წონასწორობის შენარჩუნება ოჯახში, სამსახურში თუ სხვა ადგილას“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ეხება. დიახ, ჩვენ დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. ეს არ უკვირთ ბიბლიის შემსწავლელებს, რადგან წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა „ძნელად ასატანი დრო“ (2 ტიმოთე 3:1—5).
„სტრესი ნორმალურია, — ამბობს სამი შვილის მამა კასუსი. — უბრალოდ უნდა იცოდე, როგორ შეიძლება მასთან გამკლავება“. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი — ძნელი. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულ რჩევებსა და ბიბლიურ პრინციპებს ნამდვილად შეუძლიათ დახმარება.
მუშაობით გამოწვეულ სტრესთან გამკლავება
ხომ არ განიცდით სტრესს სამსახურში არსებული მდგომარეობის გამო? თუ გაჩუმდებით და არაფერს იტყვით, ეს უფრო უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. როგორც ბიბლია ამბობს იგავების 15:22-ში (სსგ) „თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“.
სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ მუშაობით გამოწვეულ სტრესს, გვირჩევენ: „დაელაპარაკეთ თქვენს დამსაქმებელს. ისინი ვერ დაგეხმარებიან, თუ არ იციან, რა გაწუხებთ“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასთან საუბრისას სიბრაზე და გულისწყრომა გამოავლინოთ. „სიმშვიდე ფარავს დიდ ცოდვებს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 10:4-ში. გამჭრიახობის გამოვლენითა და ემოციების მოთოკვით თავიდან აიცილებთ დამსაქმებელთან დაპირისპირებას. შესაძლოა დაარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ რაც უფრო ნაკლები სტრესი გექნებათ, მით უფრო პროდუქტიულად იმუშავებთ.
მსგავსად შეიძლება მოვიქცეთ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა პრობლემების დროსაც, მაგალითად, როდესაც თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ან უთანხმოება მოგდით. ეძებეთ გზები მათ მოსაგვარებლად; შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვლევა დაგჭირდეთ, რაშიც დაგეხმარებათ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატიაa. თუ არ ძალგიძთ სიტუაციის გამოსწორება, შესაძლოა სამსახურის გამოცვლა საუკეთესო გამოსავალი იყოს.
როგორ დავძლიოთ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესი?
ბიბლია იმასთან დაკავშირებითაც გვაძლევს რჩევას, თუ როგორ დავძლიოთ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესი. იესო მოგვიწოდებს: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ“ (მათე 6:25). როგორ არის ეს შესაძლებელი? თუ იეჰოვას მიენდობით, ის იზრუნებს თქვენს აუცილებელ მოთხოვნილებებზე (მათე 6:33). ღვთის დანაპირები ლიტონი სიტყვები არ არის. ის მილიონობით ქრისტიანს აძლიერებს.
ცხადია, სიბრძნის გამოვლენა მაშინაც საჭიროა, როცა საქმე ფულს ეხება (ეკლესიასტე 7:12). ბიბლია შეგვახსენებს: „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). იმის სწავლა, რომ მცირედით დავკმაყოფილდეთ, რეალურია და ამავდროულად გონივრული. გავიხსენოთ ლეანდრო, რომელიც ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ფული ეკონომიურად დაეხარჯათ. ლეანდრო ამბობს: „ვცდილობდით, ეკონომიურად გვეცხოვრა. მაგალითად, თუ არ ვსაჭიროებდით სინათლეს, ვაქრობდით, რათა ელექტროენერგია დაგვეზოგა. საწვავს კი იმით ვზოგავდით, რომ წინასწარ ვგეგმავდით, სად უნდა წავსულიყავით და, რა უნდა გაგვეკეთებინა, რათა ერთდროულად რამდენიმე საქმე მოგვეგვარებინა“.
მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ სწორი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ლეანდროს ქალიშვილი, კარმენი, აღიარებს: «ადრე რაც მომწონდა, ყველაფერს ვყიდულობდი. მაგრამ მშობლები დამეხმარნენ იმის გარჩევაში, თუ რა იყო საჭირო სინამდვილეში და რა არა. თავიდან გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება, მაგრამ ვისწავლე გარჩევა „მინდასა“ და „მჭირდებას“ შორის».
ურთიერთობა ამცირებს სტრესს
ოჯახში სტრესს არ უნდა განიცდიდეთ, მაგრამ ხშირად სწორედ ოჯახია მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზი. რატომ? „ის წყვილები, რომლებიც სტრესს განიცდიან — ზომიერი იქნება თუ მწვავე — უსიამოვნებისა და განხეთქილების მიზეზად ხშირ შემთხვევაში ურთიერთობის ნაკლებობას ასახელებენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Survival Strategies for Couples).
ბიბლიური პრინციპების დახმარებით ცოლ-ქმარი გაიუმჯობესებს ურთიერთობას. ბიბლია ამბობს, რომ არის „ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა“. მასში ასევე ნათქვამია: „კარგია სიტყვა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:1, 7; იგავები 15:23). თუ ამას გაითვალისწინებთ მაშინ, როდესაც მეუღლე დაღლილი ან გაღიზიანებულია, თავიდან აიცილებთ სტრესს. განა უკეთესი არ იქნება, დაველოდოთ იმ დროს, როცა მეუღლე მოსასმენად იქნება განწყობილი?
მართალია, თუ სამსახურში რთული დღე გვქონდა, ძნელია სიმშვიდისა და მოთმინების შენარჩუნება. მაგრამ, რა მოხდება, თუ გულისწყრომას მეუღლის მიმართ გამოვავლენთ და უხეში სიტყვებით დაველაპარაკებით? ბიბლია შეგვახსენებს, რომ „შეურაცხმყოფელი სიტყვა . . . აღაგზნებს რისხვას“ (იგავები 15:1). ამის საპირისპიროდ, „სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება“ (იგავები 16:24). შესაძლოა საჭირო გახდეს მტკიცე გადაწყვეტილების მიღება, რომ ცოლ-ქმარი „გამწარების, ბრაზის, რისხვის, ყვირილისა და ლანძღვის“ გარეშე ესაუბრონ ერთმანეთს (ეფესოელები 4:31). კურთხევები, რომლებიც ასე მოქცევას მოჰყვება, ნამდვილად ღირს ძალისხმევად. წყვილები, რომლებსაც ასეთი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთის მანუგეშებლები და მხარდამჭერები არიან. „მოთათბირეებთან . . . სიბრძნეა“, — ამბობს იგავების 13:10 (სსგ)b.
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა
შვილებთან ახლო ურთიერთობა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დრო არ გაძლევთ ამის საშუალებას. ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, ნებისმიერი შესაძლებლობისას — „სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას“ — ელაპარაკონ შვილებს (მეორე რჯული 6:6—8). „მშობლებმა შვილებთან საუბრის შესაძლებლობა უნდა ეძებონ, — ამბობს ლეანდრო. — ჩემს ვაჟთან ერთად მანქანით მგზავრობა კარგი საშუალებაა მასთან სასაუბროდ“.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მშობელს უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ალეხანდრა, სამი შვილის დედა, აღიარებს: „არ ვიცოდი, რომ შვილებისთვის უნდა მომესმინა. იმის გამო, რომ მათთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა, ვბრაზდებოდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი“. როგორ შეუძლია მშობელს თავისი მოვალეობის უკეთ შესრულება? უპირველესად უნდა ისწავლოს, „სწრაფი იყოს მოსმენაში“ (იაკობი 1:19). „სტრესის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალება ყურადღებით მოსმენაა“, — ამბობს დოქტორი ბეტი იანგზი. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ ისმენთ. ამ დროს შვილს თვალებში უნდა უყუროთ; ნუ ჩათვლით, რომ ის, რაც მას აწუხებს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. აღძარით ბავშვი, გამოხატოს თავისი გრძნობები; დაუსვით სათანადო კითხვები; გულწრფელად გამოხატეთ მისადმი სიყვარული და უთხარით, რომ ენდობით (2 თესალონიკელები 3:4); ილოცეთ შვილებთან ერთად.
შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება ძალისხმევას მოითხოვს. ასე მოქცევა კი თქვენს ოჯახს სტრესს შეუმცირებს. ბავშვებთან ახლო ურთიერთობა იმის გაგებაში დაგეხმარებათ, განიცდიან თუ არა შვილები სტრესს. თუ კარგად გესმით მათი გრძნობები და სტრესის გამომწვევი მიზეზები, უფრო გონივრულ ხელმძღვანელობას გაუწევთ. თუ ბავშვები თქვენთან თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ საწუხარს, სხვებთან ურთიერთობისას ნაკლებად გამოავლენენ უარყოფით ემოციებს.
საოჯახო საქმეების განაწილება
თუ ცოლ-ქმარი მუშაობს, მათთვის სახლის საქმეებზე ზრუნვა შეიძლება სტრესის გამომწვევი მორიგი მიზეზი იყოს. ზოგმა დედამ ეს პრობლემა საოჯახო საქმეების შემცირებით მოაგვარა. მათ შესაძლოა დაასკვნეს, რომ შეუძლებელია და არაპრაქტიკული განსაკუთრებული კერძების მომზადება. გავიხსენოთ, რა ურჩია იესომ ქალს, რომელიც განსაკუთრებულ სადილს ამზადებდა: „საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი“ (ლუკა 10:42). ასე რომ, გაიმარტივეთ ცხოვრება. წიგნი „მარტოხელა მშობლები“ გვირჩევს: „თუ ორი კერძის მომზადებით დაკმაყოფილდებით, ნაკლები ჭურჭელი გექნებათ გასარეცხი“. დიახ, საოჯახო საქმეების შემცირება სტრესს შეგიმცირებთ.
მაშინაც კი, თუ ასე იქცევით, სახლში შესაძლოა მაინც ბევრი საქმე იყოს გასაკეთებელი. ერთი დედა, რომელიც მუშაობს, აღიარებს: „ახალგაზრდობაში ყველაფერს ადვილად ვართმევდი თავს. ახლა, როცა ხანში შევედი, ისეთი ენერგიული აღარა ვარ. დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დამაჩნია. ოჯახის თითოეული წევრის მხარში ამოდგომა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ზრუნავენ ჩემზე; ეს კი მწვავე სტრესისგან მიცავს“. დიახ, თუ ოჯახის ყველა წევრი მზად არის ერთმანეთის დასახმარებლად, ზედმეტად არავინ გადაიტვირთება. ერთ წიგნში, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი, ნათქვამია: „შვილებისთვის საოჯახო საქმეების განაწილება საუკეთესო საშუალებაა მათი უნარიანობის განსავითარებლად. რეგულარულად საქმის კეთება სასარგებლო ჩვევებსა და სამუშაოს მიმართ სათანადო თვალსაზრისს უვითარებს ბავშვს“. საოჯახო საქმეების ერთად კეთება ბავშვებთან ყოფნისა და ურთიერთობის შესაძლებლობასაც იძლევა.
ჯულიეტა ამბობს: „ვხედავ, როგორი მადლიერია დედა, როდესაც ტვირთს ვუმსუბუქებ. ეს დიდ სიხარულს მანიჭებს; ვგრძნობ, რომ მენდობიან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს. ჩემი ოჯახი უფრო შემიყვარდა. იმის სწავლა, თუ როგორ გავართვა თავი საოჯახო საქმეებს, მომავალში გამომადგება“. მარი კარმენი კი ამბობს: „მშობლები პატარაობიდანვე გვასწავლიდნენ საკუთარ თავზე ზრუნვას. ამან დიდი სარგებლობა მოგვიტანა“.
სტრესთან ბრძოლის ჯანსაღი გზები
სტრესი დღევანდელი ცხოვრების რეალობაა. მისგან სრულებით ვერ გათავისუფლდებით, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია (იხილეთ მე-10 გვერდზე მოცემული ჩარჩო). ამაში ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ რთულ სიტუაციაში ხართ და გამოსავალს ვერ პოულობთ, გაიხსენეთ, რომ „არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი“ (იგავები 18:24). ესაუბრეთ მეუღლეს ან მოწიფულ მეგობარს. „საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით, — ამბობს სოციოლოგი რონალდ პიცერი. — თქვენი გრძნობები და დარდი გაწონასწორებულ, გონიერ ადამიანს გაუზიარეთ, რომელიც გაგიგებთ და დაგეხმარებათ“.
ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ „კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს“ (იგავები 11:17). დიახ, კარგია, როცა კაცი თავის მოთხოვნილებებზე ზრუნავს. ბიბლია ამბობს: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6, აქ). საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფას განსაკუთრებული შედეგები მოაქვს. დილაობით თუ დროს გამოყოფთ ჩაის დასალევად, კითხვისთვის, ლოცვისთვის ან ფიქრისთვის, ეს სტრესს შეგიმცირებთ.
ზომიერი ვარჯიში და ჯანსაღი კვება დამხმარეა. წიგნი, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი, შეგვახსენებს: „ადამიანის რესურსები შეიძლება შევადაროთ ბანკში ფულის დაბანდებას. თუ ფული მუდმივად გამოგაქვთ და არაფერს ამატებთ, თანდათანობით გაკოტრდებით. ასევე, როდესაც დროს გამოყოფთ საკუთარი თავისთვის ძალების აღსადგენად, ასე ვთქვათ, საკუთარ რესურსებს ავსებთ“.
ამასთანავე, ბიბლია ისეთი თვისებების გამომუშავებაშიც გვეხმარება, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგვეხმარება, მაგალითად, „რბილი ხასიათი“, მოთმინება და სიკეთე (გალატელები 5:22, 23; 1 ტიმოთე 6:11). უფრო მეტიც, ბიბლია იმედს გვინერგავს, რომ დამყარდება ახალი ქვეყნიერება, სადაც ტანჯვისა და სტრესის გამომწვევი ყველანაირი მიზეზი გაქრება! (გამოცხადება 21:1—4). აქედან გამომდინარე, გონივრულია გამოვიმუშავოთ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვის ჩვევა. იეჰოვას მოწმეები ყოველგვარი საფასურის გარეშე სიხარულით გაგიწევენ ამ საკითხში დახმარებას.
ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ქრისტიანული ცხოვრება სრულიად გაგვათავისუფლებს სტრესისგან. მაგრამ იესომ თქვა, რომ შესაძლებელია ‘არ დავმძიმდეთ . . . ცხოვრებისეული საზრუნავით’ (ლუკა 21:34, 35). ამასთანავე, თუ იეჰოვას დაუმეგობრდებით, ის თქვენთვის რეალური თავშესაფარი გახდება! (ფსალმუნები 61:9). იეჰოვას შეუძლია სტრესის დაძლევაში დაგეხმაროთ.
[სქოლიოები]
a იხილეთ 2004 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატიათა სერია „ფსიქოლოგიური ზეწოლა სამუშაოზე — როგორ მოვიქცეთ?“ (რუს.).
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი 3; გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 11 გვერდზე]
„ახალგაზრდობაში ყველაფერს ადვილად ვართმევდი თავს. ახლა, როცა ასაკში შევედი, ისეთი ენერგიული აღარა ვარ. დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დამაჩნია“.
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
როგორ შევამციროთ სტრესი?
◼ ყოველდღე საკმარისად დაისვენეთ
◼ მიიღეთ ჯანსაღი საკვები
◼ რეგულარულად ივარჯიშეთ, იარეთ სწრაფი ნაბიჯებით
◼ თუ რამე გაწუხებთ, მეგობარს ესაუბრეთ
◼ უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას
◼ გაინაწილეთ საოჯახო საქმეები
◼ სწორად შეაფასეთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები და ემოციური მდგომარეობა
◼ დაისახეთ რეალური მიზნები; ნუ იქნებით მაქსიმალისტი
◼ იყავით ორგანიზებული; შეადგინეთ გაწონასწორებული, პრაქტიკული გეგმა
◼ გამოიმუშავეთ ისეთი ქრისტიანული თვისებები, როგორიცაა რბილი ხასიათი და მოთმინება
◼ დრო გამოყავით საკუთარი თავისთვის
-