სასარგებლო და საზიანო სტრესი
„რადგან სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხია მისდამი ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ყველა ყოველთვის გარკვეულ დონეზე იმყოფება სტრესში“, — დოქტორი ჰანს სელიე.
ვიოლინოზე რომ დაუკრათ, სიმები დაჭიმული უნდა იყოს. თუ ძალიან იქნება დაჭიმული, გაწყდება. მოშვებული სიმები კი ხმას ვერ გამოსცემს. კარგად დაჭიმული სიმები სადღაც ორ უკიდურესობას შორისაა.
იგივეს თქმა შეიძლება სტრესთან დაკავშირებით. როგორც უკვე დავინახეთ, გადაჭარბებული სტრესი საზიანოა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ სტრესი სრულებით არ გაგაჩნიათ? ეს აზრი შესაძლოა სახარბიელოდ გეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია, რომ სტრესი გარკვეულად მაინც გჭირდებათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ქუჩას კვეთთ და უცებ შენიშნეთ, რომ მანქანა დიდი სისწრაფით გიახლოვდებათ. სტრესი გკარნახობთ: „სწრაფად!“ და დაშავებისგან გიხსნით.
მაგრამ სტრესი მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობებში როდია სასარგებლო. ის ყოველდღიური მოვალეობების შესასრულებლადაც გჭირდებათ. ყოველთვის ყველა იმყოფება გარკვეულ სტრესში. „მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში თავისუფლდებით სტრესისგან“, — ამბობს დოქტორი ჰანს სელიე. შემდეგ კი ამატებს, რომ „ის სტრესშია“ ისეთივე უაზრო გამონათქვამია, როგორიც „მას წნევა აქვს“. „ამ სიტყვებში, სინამდვილეში, ჭარბ სტრესსა და მაღალ წნევას ვგულისხმობთ“, — აღნიშნავს სელიე. აქედან გამომდინარე, დასვენებისა და ძილის დროსაც სტრესში ხართ, რადგან არ წყდება თქვენი გულისცემა და ფილტვების ფუნქციონირება.
სამი სახის სტრესი
არსებობს როგორც სხვადასხვა სიძლიერის, ასევე სხვადასხვა სახის სტრესი.
მწვავე სტრესს ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულობა განაპირობებს. ხშირად, ის დაკავშირებულია უსიამოვნო ვითარებებთან, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. რადგან ამგვარი ვითარებები შემთხვევითი და მხოლოდ დროებითია, სტრესთან გამკლავება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი კრიზისული მდგომარეობიდან მეორეში ვარდებიან — სინამდვილეში, მათ ცხოვრებას შეიძლება ქაოსი ახასიათებდეს. ასეთი მძაფრი სტრესის კონტროლიც კი შესაძლებელია. მაგრამ სტრესში მყოფმა ადამიანმა შესაძლოა უარი თქვას ცხოვრების წესის შეცვლაზე მანამ, სანამ არ მიხვდება, რა გავლენას ახდენს მოუწესრიგებელი ცხოვრება მასზე და მის გარშემო მყოფ პიროვნებებზე.
იმ დროს, როცა მწვავე სტრესი დროებითია, ქრონიკული სტრესი დიდხანს გრძელდება. ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს სტრესული მდგომარეობიდან, სიღარიბეზე წუხილით იქნება ეს გამოწვეული თუ უმუშევრობის ან არასასიამოვნო სამუშაოს გამო ტანჯვით. ქრონიკული სტრესი შესაძლოა გამუდმებული ოჯახური პრობლემების შედეგიც იყოს. სტრესში შეიძლება დაუძლურებული ნათესავის მოვლამაც ჩაგაგდოთ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ქრონიკული სტრესი ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად თანდათანობით ანადგურებს თავის მსხვერპლს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წიგნი აღნიშნავს: „ქრონიკული სტრესის ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ მას ხალხი ეგუება. ისინი სწრაფად გრძნობენ მწვავე სტრესს, რადგან იგი ახალია; ქრონიკულ სტრესს კი უგულებელყოფენ, რადგან ის ძველი, ნაცნობი და ხშირად თითქმის სასიამოვნოა“.
ტრავმული სტრესი ისეთი დიდი ტრაგედიების გავლენაა, როგორიცაა: გაუპატიურება, ავარია ან სტიქიური უბედურება. ამგვარ სტრესს განიცდიან ომის მრავალი ვეტერანი და საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადარჩენილები. ტრავმული სტრესის ნიშანია ტრავმის ცოცხალი ხსოვნა და, ამავე დროს, უმნიშვნელო შემთხვევებში მომეტებული მგრძნობიარობა, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უსვამენ დიაგნოზს: პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობა (პტსმ). იხილე ზემომოყვანილი ჩარჩო.
მგრძნობელობა სტრესზე
ზოგის აზრით, ჩვენი მგრძნობელობა სტრესზე დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიძლიერისა და რა სახის სტრესი გვქონია წარსულში. ამბობენ, რომ ტრავმულმა შემთხვევებმა შესაძლოა ნამდვილად შეცვალოს ქიმიური რეაქციები ტვინში და ბევრად გაზარდოს ადამიანის მგრძნობელობა სტრესზე. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის 556 ვეტერანის მდგომარეობების გამოკვლევის დროს დოქტორმა ლორენს ბრასმა აღმოაჩინა, რომ პირველი ტრავმის მიღებიდან 50 წლის გასვლის შემდეგაც კი აპოპლექსიის საშიშროება 8-ჯერ მეტად ემუქრებოდათ ყოფილ სამხედრო ტყვეებს, ვიდრე მათ, ვინც პატიმრობაში არ ყოფილა. „სამხედრო ტყვეობაში ყოფნის სტრესი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან შეცვალა მომავალში ამ ადამიანების რეაქცია სტრესზე — უფრო მგრძნობიარეები გახადა ისინი“.
ექსპერტების აზრით, ბავშვობაში გადატანილი სტრესული მდგომარეობები არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან მათ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ადამიანზე. „ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც ტრავმულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ექიმთან არ მიჰყავთ, — ამბობს დოქტორი ჯინ კინგი. — ისინი პრობლემებს უძლებენ, ცხოვრებას აგრძელებენ და მოგვიანებით მოდიან ჩვენთან დეპრესიით ან გულის დაავადებით“. მაგალითად, დაფიქრდით მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტრავმაზე. „როცა ასეთი მნიშვნელოვანი სტრესი ახალგაზრდობაში ხდება, მან შესაძლოა შეცვალოს ტვინში მიმდინარე პროცესები და გაართულოს ყოველდღიურ, ნორმალურ სტრესთან გამკლავება“, — ამბობს დოქტორი კინგი.
რა თქმა უნდა, სტრესზე რეაგირება შეიძლება მრავალ სხვა ფაქტორზეც იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ფიზიკურ აღნაგობასა და მოხერხებულობაზე, რაც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში გვეხმარება. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული სტრესი, მასთან გამკლავება მაინც შესაძლებელია. ფაქტია, ეს ადვილი არ არის. დოქტორ რეიჩელ იეჰუდას აზრით, „სტრესზე მგრძნობიარე ადამიანს რომ უთხრა, დამშვიდდიო, იგივეა, რაც უძილობით შეპყრობილს უთხრა, უბრალოდ დაიძინეო“. მაგრამ, როგორც შემდეგი სტატია გვიჩვენებს, მაინც არსებობს მრავალი საშუალება სტრესის შესამსუბუქებლად.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი — „გლობალური მოვლენა“
გაეროს ცნობით, „სტრესი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა მე-20 საუკუნეში“. სამუშაოზე მისი არსებობა აშკარად ჩანს.
• ავსტრალიის იმ სახელმწიფო მოღვაწეთა რიცხვი, რომლებიც სტრესს უჩივიან, ბოლო სამწლეულის მანძილზე 90 პროცენტით გაიზარდა.
• საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მედდების 64 პროცენტი და მასწავლებელთა 61 პროცენტი სტრესულ გარემოში მუშაობის გამო არიან შეწუხებული.
• სტრესთან დაკავშირებულ დაავადებებზე შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი იხარჯება. ფიქრობენ, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 75–85 პროცენტი სტრესთანაა დაკავშირებული.
• მრავალ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ ქალები მეტად ვარდებიან სტრესში, ვიდრე მამაკაცები; ალბათ იმიტომ, რომ ისინი მეტ მოვალეობებს ასრულებენ ოჯახსა თუ სამსახურში.
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი ნამდვილად „გლობალური მოვლენაა“, როგორც ეს გაეროს ცნობაშია ნათქვამი.
[ჩარჩო 8 გვერდზე]
პტსმ — ნორმალური რეაქცია უბედური შემთხვევის დროს
„სამი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც საკუთარი მანქანით ავტოკატასტროფაში მოვყევი, მაგრამ მაინც სულ ვტიროდი და ღამე ვერ ვიძინებდი. სახლიდან გასვლის უზომოდ მეშინოდა“. — ლუიზა.
ლუიზას პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობა (პტსმ) აქვს — დამაუძლურებელი სენი, რომლის დროსაც ადამიანს არ ასვენებს ტრავმულ შემთხვევასთან დაკავშირებული მომაბეზრებელი მოგონებები თუ სიზმრები. პიროვნება, რომელიც პტსმ-ს განიცდის, შეიძლება პანიკურმა შიშმაც შეიპყროს. მაგალითად, ფსიქოლოგი მაიკლ დეივისი ყვება ვიეტნამელი ვეტერანის შესახებ, რომელმაც თავისი ქორწილის დღეს მანქანის აფეთქების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ ბუჩქებში დაიმალა. „გარემოებას უნდა ეჩვენებინა მისთვის, რომ საშიში არაფერი იყო, — ამბობს დეივისი. — 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიეტნამიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა; . . ის სამხედრო ფორმას კი არა, სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდა. მიუხედავად ამისა, როცა რაიმე ადრე მომხდარ უბედურ შემთხვევებს ახსენებდა, თავშესაფარში გარბოდა“.
ომისდროინდელი ტრავმა პტსმ-ის მხოლოდ ერთი მიზეზია. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, რომ მოშლილობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა „მოვლენამ ან მოვლენებმა, რომელთა დროსაც ვინმე იღუპება, სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას, სერიოზულ ჭრილობას იღებს ან მის ფიზიკურ უვნებლობას საფრთხე ემუქრება. ეს შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა ან ადამიანის ნამოქმედარი: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა, ავტოკატასტროფა, დაბომბვა, სროლა, წამება, ბავშვის მოტაცება, დამუქრება, გაუპატიურება და ბავშვებზე ძალადობა“ (The Harvard Mental Health Letter). თუ უბრალოდ შეესწარი ამ მოვლენებს, ვინმემ ცოცხლად აგიღწერა ან ნახე სურათები, ამან შენში შეიძლება პტსმ-ს სიმპტომები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი შენი ოჯახის წევრები ან მეგობრები არიან.
რა თქმა უნდა, ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ტრავმაზე. ზემომოყვანილ წერილში ახსნილია: „ადამიანთა უმრავლესობას, რომლებმაც ტრავმული შემთხვევები გადაიტანეს, არ უვითარდებათ სერიოზული ფსიქიატრიული სიმპტომები და, თუ რაიმე სიმპტომები აქვთ, აუცილებელი არ არის ეს პტსმ იყოს“. რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომლებიც სტრესს პტსმ-მდე მიჰყავს? დროთა განმავლობაში ზოგი უმკლავდება ტრავმასთან დაკავშირებულ გრძნობებს და შვებას გრძნობს. ზოგი მრავალი წლის შემდეგაც კი აგრძელებს ტრავმულ მოვლენებთან დაკავშირებული მოგონებების წინააღმდეგ ბრძოლას.
ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც პტსმ-ს განიცდის, და ყველას, ვისაც სურს, რომ მათ დახმარება გაუწიოს, უნდა ახსოვდეთ, რომ გამოჯანმრთელებას მოთმინება სჭირდება. ბიბლია ქრისტიანებს შეაგონებს, რომ ‘ანუგეშონ სულმოკლენი’ და ‘სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ’ (1 თესალონიკელთა 5:14). ლუიზამ, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ, ავტოკატასტროფიდან მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ შეძლო კვლავ მანქანის მართვა. კატასტროფიდან ოთხი წლის შემდეგ მან თქვა: „მიუხედავად ამ პროგრესისა, მანქანის მართვა ჩემთვის აღარასოდეს იქნება სასიამოვნო. ამას მხოლოდ საჭიროების გამო ვაკეთებ. მაგრამ მაინც წარმატებით დავაღწიე თავი იმ უმწეო მდგომარეობას, რომელშიც ავტოკატასტროფის შემდეგ აღმოვჩნდი“.
[სურათი 9 გვერდზე]
ოფისში მომუშავე მრავალი ადამიანი სტრესშია.
[სურათი 9 გვერდზე]
ყოველგვარი სტრესი საზიანო როდია.