საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გვინდა, რომ ტანჯვას ბოლო მოეღოს!
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
    • გვინდა, რომ ტანჯვას ბოლო მოეღოს!

      კიუს ტანჯვა მაშინ დაიწყო, როცა მამა იმის გამო მოუკლეს, რომ უყურადღებოდ დატოვებული მისი ძროხები მეზობლის სიმინდის ყანაში დახეტიალობდნენ. მოგვიანებით, დედა და მისი ორი და სიკვდილით დასაჯეს — ისინი წითელი ქმერების რეჟიმს ემსხვერპლნენ. შემდეგ კიუმ, თითქოს ამდენი უბედურება არ კმაროდა, დანაღმულ ადგილზე გაიარა და დასახიჩრდა. იგი ჯუნგლებში 16 დღე დახმარებას ელოდა, რის გამოც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. „სიცოცხლე აღარ მინდოდა“, — თქვა კიუმ.

      თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ უბედურება ყველას შეიძლება დაატყდეს თავს. სტიქიური უბედურებებისა და ძალმომრეობითი დამნაშავეობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს; იგივე შეიძლება ითქვას ავადმყოფობაზე, ფიზიკურ უძლურებასა თუ სხვა უბედურებებზე. ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუღალავად შრომობენ, რომ ააცილონ ადამიანებს ტანჯვა ან, სულ მცირე, შეუმსუბუქონ მათ სატკივარი. მაგრამ სინამდვილეში რას აღწევენ ისინი?

      ავიღოთ, მაგალითად ის ფაქტი, რომ დღეს შიმშილის აღმოსაფხვრელად იბრძვიან. გაზეთ „ტორონტო სტარის“ თანახმად, სტიქიური უბედურებების შედეგად ბევრი რჩება საცხოვრებლისა და საკვების გარეშე. მიუხედავად ამისა, ამავე გაზეთში ნათქვამია, რომ „ორგანიზაციების მცდელობას, აღმოფხვრან შიმშილი, წინ ეღობება ძალადობა, რომელიც სულ უფრო მასშტაბური ხდება“.

      მოწინავე პოლიტიკოსები, სოციოლოგები და მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, ტანჯვას რომ ბოლო მოუღონ, მაგრამ ამაოდ. იმ პროგრამებმა, რომელიც ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს, ვერ აღმოფხვრა სიღარიბე. ვაქცინები, წამლები და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები ბოლოს ვერ უღებს ავადმყოფობას. პოლიციელებს და სამშვიდობო ძალებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ სულ უფრო მზარდი ძალადობის წინააღმდეგ.

      რატომ არსებობს ამდენი უბედურება? აღელვებს ღმერთს ის, რისი ატანაც ადამიანებს უწევთ? მილიონებმა ამ კითხვებზე მანუგეშებელი პასუხები იპოვეს ბიბლიაში, რასაც მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.

  • რატომ ხდება ამდენი უბედურება?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
    • რატომ ხდება ამდენი უბედურება?

      სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იციან ამ კითხვაზე პასუხი, ხშირად ასწავლიან, რომ ადამიანთა ტანჯვა ღვთის სასჯელია. მაგალითად, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში დედაქალაქში ერთმა მღვდელმა თავის მრევლს უთხრა, რომ ეს უბედურება ღვთის გაფრთხილება იყო. სხვები ნაკლებად დოგმატურები იყვნენ. ამერიკელი რელიგიის პროფესორის დამხმარე ამბობს, თუ რა შეხედულება აქვს ბევრს ამაზე: „ის, თუ რატომ იწვევს ღმერთი ასეთ უბედურებებს, გასაიდუმლოებულია და ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, რომ რწმენა გვქონდეს“.

      ნამდვილად ღმერთი „იწვევს“ უბედურებებს? ბიბლია ხაზგასმით ამბობს, რომ ამაში იეჰოვა ღმერთს არ მიუძღვის ბრალი. მას განზრახული არ ჰქონდა, რომ ადამიანებს ეტანჯათ. მაგრამ პირველი წყვილი ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავიდა და არჩია, თავად გადაეწყვიტა, რა იყო კარგი და რა — ცუდი. ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას და თავს დაიტეხეს უამრავი პრობლემა. დღეს მათი არასწორი გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენც ვიწვნევთ. მაგრამ ღმერთი ნამდვილად არ არის ამაში დამნაშავე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). უბედურება შეიძლება იმასაც დაატყდეს თავს, ვინც ღვთის მოწონებას იმსახურებს. დავფიქრდეთ რამდენიმე მაგალითზე:

      • წინასწარმეტყველ ელისეს სასიკვდილო დაავადება სჭირდა (2 მეფეები 13:14).

      • მოციქული პავლე წერდა, რომ ის მშიერ-მწყურვალი იყო, ღარიბულად ეცვა, ნაცემი და უსახლკარო იყო (1 კორინთელები 4:11).

      • ქრისტიანი ეპაფროდიტე ავად იყო და წუხდა (ფილიპელები 2:25, 26).

      ბიბლიაში არსად წერია, რომ ამ სამ მამაკაცს ცოდვების გამო სჯიდა ღმერთი. ბიბლია მხოლოდ იმას არ გვეუბნება, თუ ვის არ მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვაში. ის უფრო ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. ბიბლია სამ ძირითად მიზეზს ასახელებს, რაც ხშირად ადამიანთა ტანჯვას იწვევს:

      პირადი არჩევანი

      სიგარეტს ეწევა

      „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). უდავოა, რომ ვინც სიგარეტს ეწევა, მანქანას დაუდევრად ატარებს და შემოსავალს ფლანგავს, თავად აგებს პასუხს იმ არასასურველ შედეგებზე, რომელიც მისმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

      ჩვენი ტანჯვის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვის მიერ მიღებული ეგოისტური გადაწყვეტილებაც. სინამდვილეში ადამიანები ყველაზე შემაძრწუნებელ ბოროტებას სჩადიან — შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ნაცისტების მიერ გამოვლენილი სისასტიკე და ძალადობა ბავშვებზე. ზოგი თავისუფალ ნებას ბოროტად იყენებს და ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რაც სხვებს დიდ ტკივილს აყენებს.

      უბედური შემთხვევები

      საათი

      ახ. წ. პირველ საუკუნეში 18 ადამიანს იერუსალიმში კოშკი დაეცა, რის შედეგადაც დაიხოცნენ. დაღუპულებზე იესომ თქვა: „რა გგონიათ . . . [ისინი] უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? არა!“ (ლუკა 13:4, 5, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). იესომ იცოდა, რომ ეს ხალხი ღმერთს არ დაუსჯია. მისთვის ცნობილი იყო, რას ამბობდა დიდი ხნით ადრე ღვთის სიტყვა: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ბევრი უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიძლება იმიტომ გახდეს, რომ ცუდ ადგილას და ცუდ დროს აღმოჩნდეს ან შეიძლება მათი უბედურების მიზეზი ადამიანთა წინდაუხედაობა იყოს. მაგალითად, მოწოდებული ცნობებიდან ჩანს, რომ როცა ხალხი არ ითვალისწინებს გაფრთხილებებს და ისეთ შენობებს აგებს, რომელიც ვერ უძლებს მიწისძვრებსა თუ სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს, უფრო მეტი უბედურება ატყდებათ თავს.

      „ქვეყნიერების მმართველი“

      ვიღაცას უჭირავს დედამიწა

      ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). ეს ბოროტი არის სატანა ეშმაკი, ძლევამოსილი სულიერი ქმნილება, რომელსაც ეწოდება „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“. სატანა აღვივებს სულს, „რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფესოელები 2:2). ისეთი დამნაშავეობები, როგორიცაა გენოციდი და ბავშვებზე ძალადობა, იმდენად შემზარავია, რომ ბევრს უჭირს ეს ყველაფერი ადამიანებს მიაწეროს.

      თუმცა, ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი გულგრილად უყურებს ჩვენს ტანჯვას? შეუძლია ღმერთს ან იღონებს რამეს, რომ ტანჯვას ბოლო მოუღოს?

  • ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
    • ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

      ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი წლის 1 ნოემბერს, დილით, პორტუგალიის ქალაქი ლისაბონი მიწისძვრამ შეაზანზარა. ამას მოჰყვა ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა, რამაც ქალაქის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა და ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.

      2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ გაზეთ „ნეშნლ პოსტის“ სარედაქციო წერილში აღნიშნული იყო: „როგორც ლისაბონის შემთხვევაში, თანამედროვე დროის მიწისძვრები, მაგალითად ისეთი, როგორიც ჰაიტიზე მოხდა, უფრო მეტად ცდის ადამიანთა რწმენას, ვიდრე სხვა უბედურებები“. წერილში ასეთი დასკვნა იყო გაკეთებული: „შესაძლოა ღმერთმა დატოვა ჰაიტი“.

      ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას აქვს შეუზღუდავი ძალა და აგრეთვე შეუძლია, ადამიანთა ტანჯვას წერტილი დაუსვას (ფსალმუნი 91:1). გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. რა გვაძლევს ამის საფუძველს?

      რა ვიცით ღვთის შესახებ?

      ღმერთი თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ, ვინც იტანჯება. როდესაც ისრაელები ეგვიპტის მონობაში იყვნენ და დამპყრობლები სასტიკად ექცეოდნენ, ღმერთმა უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). რაზე მიანიშნებს ეს? ღმერთი გულგრილად არ უყურებს ადამიანთა ტანჯვას. პირიქით, საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველმა ესაიამ ისრაელთა შესახებ დაწერა: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9).

      „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). ღმერთი სამართლიანი და მიუკერძოებელია ყველა თავის საქმეში. ის „თავის ერთგულთა გზას დაიფარავს“, მაგრამ გასაჭირს მიუზღავს მათ, ვინც გასაჭირში აგდებს მართლებს (იგავები 2:8; 2 თესალონიკელები 1:6, 7). ღმერთი მიუკერძოებლობას ავლენს მთავრების მიმართ და „არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი“ (იობი 34:19, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ღმერთმა აგრეთვე საუკეთესოდ იცის, როგორ მოუშუშოს კაცობრიობას ჭრილობები. ამის საპირისპიროდ, ადამიანები ისეთ გამოსავალს ეძებენ, რომელიც შეიძლება შევადაროთ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის უბრალო სახვევით შეხვევას. სახვევი მხოლოდ ფარავს ჭრილობას, მაგრამ თითქმის ვერ აშუქებს მას და მსხვერპლს ვერ უმსუბუქებს ტკივილს.

      გამოიყენებდა ექიმი მხოლოდ ასეთ სახვევს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობიდან წამოსული სისხლის შესაჩერებლად?

      ღმერთი არის „გულმოწყალე და მწყალობელი. . . უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6). ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „გულმოწყალება“ გულისხმობს თანაგრძნობასა და სიბრალულს, რომელიც ადამიანს სხვის დასახმარებლად აღძრავს. „მწყალობლად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს „გასაჭირში მყოფისთვის წრფელი გულით დახმარების გაწევას“. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, „სიკეთედ“ ნათარგმნი სიტყვა გულისხმობს „მის სასარგებლოდ მოქმედებას, ვისაც უბედურება დაატყდა თავს“. იეჰოვა ღმერთს არა მარტო გულს სტკენს, როცა ადამიანების ტანჯვას ხედავს, არამედ გულმოწყალება, წყალობა და სიკეთე მას იმისკენაც უბიძგებს, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს მათ. ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას.

      წინა სტატიაში შევეხეთ სამ მიზეზს, რომელთა გამოც დღეს განსაკუთრებით იტანჯებიან ადამიანები. არც ერთი მიზეზი ღვთისგან არ არის გამოწვეული. განვიხილოთ, ვინ და რა იწვევს ამ მიზეზებს.

      პირადი არჩევანი

      ადამი

      ადამი თავდაპირველად ღვთის მმართველობას ემორჩილებოდა. მაგრამ, როცა არჩევნის წინაშე დადგა, მან გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა ღმერთს და გამოეცადა, როგორი იქნებოდა ღვთისგან დამოუკიდებლად ყოფნა. მან უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილება, რომლის შესახებაც დაბადების 2:17-ში ვკითხულობთ: „იმ დღესვე მოკვდები“. ღვთის სრულყოფილი მმართველობის უარყოფამ ადამიანები ცოდვამდე და არასრულყოფილებამდე მიიყვანა. „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). მიუხედავად ამისა, ღმერთი ცოდვის ყოველგვარ კვალს წაშლის.

      უბედური შემთხვევები

      სტიქიური უბედურება

      როგორც აღვნიშნეთ, პირველმა კაცმა, ადამმა უარყო ღვთის ხელმძღვანელობა, სწორედ ის ხელმძღვანელობა, რომელიც ადამიანთა უსაფრთხოებისთვის ასე იყო საჭირო. მისი გადაწყვეტილება შეიძლება შევადაროთ პაციენტს, რომელიც არაფრად აგდებს გამოცდილი და კვალიფიციური ექიმის რჩევას. თუ პაციენტს არ ესმის, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მის ჯანმრთელობას ან რა მოსალოდნელი გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის მდგომარეობას, და განზრახ ამბობს უარს ექიმის მითითებების დაცვაზე, რომელმაც კარგად იცის მისი მდგომარეობა, შეიძლება საკუთარ თავზე იწვნიოს მწარე შედეგები. მსგავსად ამისა, ღვთისგან დამოუკიდებელი ადამიანიც ცუდად მართავს დედამიწას, რაც გულისხმობს სეისმურად არამყარი შენობების აგებას და მოსალოდნელი კლიმატური კატაკლიზმების უგულებელყოფას, რაც ხშირად სტიქიური უბედურებების დროს ხალხის ტანჯვის ძირითადი მიზეზი ხდება. მიუხედავად ამისა, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ასეთმა უბედურებებმა დიდხანს გასტანოს.

      „ქვეყნიერების მმართველი“

      დედამიწა

      რატომ დართო ღმერთმა სატანას ნება, რომ მასთან დაპირისპირების შემდეგ მსოფლიოზე ემმართველა? ერთი წყაროს თანახმად, „ნებისმიერი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად პრობლემებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ“. თუ იეჰოვა დროზე ადრე გაანადგურებდა „ქვეყნიერების მმართველს“, სატანას შეეძლო დაედანაშაულებინა მისი წინამორბედი მმართველი, ანუ ღმერთი იმაში, რომ ის არ იყო სრულფასოვანი მმართველი (იოანე 12:31). მიუხედავად ამისა, სატანისთვის მიცემულმა დრომ, რომლის განმავლობაშიც მას სრულად უნდა გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება დედამიწაზე, ცხადყო, რომ მან, როგორც მმართველმა, მარცხი იწვნია. და მაინც, ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ტანჯვას ბოლო მოეღება?

  • ცხოვრება ტანჯვის გარეშე — უტყუარი დანაპირები
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
    • ცხოვრება ტანჯვის გარეშე — უტყუარი დანაპირები

      „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

      შეგვიძლია ვენდოთ ამ სასიხარულო დანაპირებს? გავიხსენოთ, რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ადამს — დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იგი მოკვდებოდა (დაბადება 2:17). სწორედ ასეც მოხდა. ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცათ სიკვდილი და ტანჯვა, რაც იმის მტკიცებაა, რომ ღმერთის სიტყვები სანდოა. ნუთუ არსებობს რაიმე ეჭვის მიზეზი, რომ ღვთის დანაპირები, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილი პირობების აღდგენას გულისხმობს, არ შესრულდება?!

      გავიხსენოთ აგრეთვე ღვთის თვისებები, რომლებიც წინა სტატიაში განვიხილეთ. ჩვენი სურვილი, რომ ტანჯვას ბოლო მოეღოს, მხოლოდ ირეკლავს ღვთის თანაგრძნობას, სიყვარულსა და სამართლიანობას. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და დღეს გავრცელებული შეხედულებები ცხადყოფს, რომ ღმერთი მალე ამოქმედდება (იხილეთ ჩარჩო „როდის მოხდება ეს?“).

      რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვა ღმერთს, წერტილი დაუსვას ადამიანთა ტანჯვას? დავფიქრდეთ, როგორ შეუძლია მას თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით აღმოფხვრას ტანჯვის მიზეზები.

      პირადი არჩევანი.

      ჩვენმა წინაპარმა ადამმა ისეთი არჩევანი გააკეთა, რის გამოც ყველა მისი შთამომავალი იტანჯება. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ღმერთმა შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად მოძებნა ძალიან მარტივი გამოსავალი, რაც მის უსაზღვრო სამართლიანობასა და გულმოწყალებაზე მეტყველებს. რომაელების 6:23-ში ვკითხულობთ: „რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.

      სრულყოფილმა კაცმა, იესომ ისე იცხოვრა, რომ ცოდვა არასდროს ჩაუდენია. იესოს ძელზე წამებით სიკვდილმა მორჩილ კაცობრიობას შესაძლებლობა მისცა, რომ გათავისუფლდნენ ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან. ჩვენ ამჟამად მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა გვაქვს; ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იარსებებს ცოდვილი მიდრეკილებები, რის გამოც არაგონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. აღარ იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც განზრახ აყენებენ სხვებს ტკივილს, რადგან ბიბლიაში წერია, რომ „ბოროტმოქმედნი მოისპობიან“ (ფსალმუნი 37:9).

      უბედური შემთხვევები და არასრულყოფილება.

      ღვთის მიერ დანიშნულ მეფე იესო ქრისტეს შეუძლია ბუნების ძალების მართვა. ახ. წ. პირველ საუკუნეში იესო და მისი მოციქულები სათევზაო ნავში ისხდნენ, როცა „საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა“. როდესაც მოწაფეებმა დახმარებისთვის იესოს მიმართეს, «მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა». მოციქულები გაოცებულნი დარჩნენ. „ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება“, — ამბობდნენ ისინი (მარკოზი 4:37—41).

      იესოს მმართველობის დროს მორჩილი ადამიანები „უსაფრთხოდ იცხოვრებენ; უბედურების შიში არ შეაწუხებთ მათ“ (იგავები 1:33). ეს გულისხმობს სტიქიურ უბედურებებს. უფრო მეტიც, დედამიწას აღარ დაღუპავენ ადამიანები, აღარ ააშენებენ არამდგრად შენობებს და მხედველობაში მიიღებენ მოსალოდნელ ბუნებრივ მოვლენებს. მეტად არავინ აღმოჩნდება ცუდ ადგილას და ცუდ დროს, რადგან ამის მიზეზი აღარ იარსებებს.

      დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ განმარტა, კიდევ რით იქნება გამორჩეული მისი მმართველობა, რომელიც ბოლოს მოუღებს გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ დღევანდელ ტანჯვას. „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). დიახ, იესოს აქვს ძალა და სურვილი, რომ მილიონებს, რომლებიც სტიქიური უბედურებების დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ, სიცოცხლე დაუბრუნოს. ეს მხოლოდ დაპირება ხომ არ არის? იესომ ყველანაირი საფუძველი მოგვცა იმისათვის, რომ გვჯეროდეს ამ დანაპირების — მან ხომ დედამიწაზე ყოფნის დროს მკვდრები აღადგინა. მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევა ბიბლიაშია ჩაწერილი (მარკოზი 5:38—43; ლუკა 7:11—15; იოანე 11:38—44).

      „ქვეყნიერების მმართველი“.

      ღვთის მიერ დანიშნული იესო ქრისტე ბოლოს მოუღებს „მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს“ (ებრაელები 2:14). იესომ გააცხადა: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31). იგი დაამსხვრევს „ეშმაკის საქმეებს“ და აღმოფხვრის სატანის გავლენას დედამიწაზე (1 იოანე 3:8). წარმოიდგინეთ, რა განსხვავებული იქნება მსოფლიო, როცა ეშმაკის მიერ გაღვივებული სიხარბის, კორუფციისა და ეგოიზმის სული აღარ იარსებებს!

      „როდის მოხდება ეს?“

      იესოს მოწაფეებმა ჰკითხეს: „როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). იესოს პასუხიდან და ასევე მისი სიკვდილის შემდეგ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილებიდან ჩანს, თუ რა უნდა მომხდარიყო, როცა მოახლოებული იქნებოდა ღვთის მიერ დანიშნული დრო ტანჯვის აღმოსაფხვრელად.a ნახეთ, რა იყო ნაწინასწარმეტყველები დღევანდელ მოვლენებსა და გავრცელებულ შეხედულებებზე:

      • გლობალური ომები (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).

      • შიმშილობა და ავადმყოფობა (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:5—8).

      • დედამიწისთვის ზიანის მიყენება (გამოცხადება 11:18).

      • „ფულის მოყვარულები“ (2 ტიმოთე 3:2).

      • „მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:2).

      • „სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:4).

      იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან იმის გაგებაში, რომ ძალიან მალე დედამიწაზე დადგება ისეთი დრო, როცა აღარავინ დაიტანჯება. დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. ისინი სიამოვნებით შეგასწავლიან ბიბლიას თქვენსავე სახლში ან თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას.

      a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-9 თავი, სათაურით «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?» (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება