საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იზრდება უკმაყოფილება გადასახადების გამო?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | დეკემბერი 8
    • იზრდება უკმაყოფილება გადასახადების გამო?

      „ქანცგაწყვეტამდეც რომ ვიშრომო, ჯამაგირის დიდ ნაწილს მაინც ხელიდან ამაცლიან“ (ბაბილონური ანდაზა, დაახლოებით ძვ. წ. 2300 წ.).

      „ამქვეყნად არაფერია გარდაუვალი სიკვდილისა და გადასახადების გარდა“ (აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე ბენჯამინ ფრანკლინი, 1789 წ.).

      რუბენი გამყიდველად მუშაობს. ყოველწლიურად მძიმე შრომის ფასად მოპოვებული ხელფასის თითქმის მესამედი გადასახადებში მისდის. „არ ვიცი, სად ქრება ამდენი ფული, — ჩივის ის. — მთავრობა განუწყვეტლივ ამცირებს თანხებს, რითაც სხვადასხვა დაწესებულებებს აფინანსებს. შედეგად, უწინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები მომსახურებით ვართ უზრუნველყოფილნი“.

      მოგვწონს ეს თუ არა, გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მწერალი ჩარლზ ადამსი ამბობს: „დღიდან ცივილიზებული საზოგადოების არსებობისა მთავრობები მუდამ ბეგრავდნენ შემოსავალს“. გადასახადები ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა, ზოგჯერ კი აჯანყების მიზეზიც გამხდარა. ძველი ბრიტები, რომლებიც რომაელებს ებრძოდნენ, ამბობდნენ: „ხარკის გადახდას სიკვდილი გვირჩევნია!“ საფრანგეთში ხალხისთვის საძულველი „გაბელი“, ანუ მარილზე დაწესებული გადასახადი, გახდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის წამოწყების მიზეზი, რომლის დროსაც გადასახადების ამკრეფებს თავები მოჰკვეთეს. ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახადებით უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ წამოწყებულმა აჯანყებებმაც თავისი წვლილი შეიტანა ინგლისის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმართული ომის დაწყებაში.

      გასაკვირი არაა, რომ გადასახადების გამო უკმაყოფილება დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება. ექსპერტები ამბობენ, რომ განვითარებად ქვეყნებში საგადასახადო სისტემები ხშირად „არაეფექტიანი“ და „არასამართლიანია“. როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, აფრიკის ერთ ღარიბ ქვეყანაში არსებობს „300-ზე მეტი ადგილობრივი გადასახადი, რომელთა მართვა-გაკონტროლება სრულიად შეუძლებელია, თუნდაც ამას საუკეთესო სპეციალისტები აკეთებდნენ. გადასახადების ამოღების და მონიტორინგის სათანადო მექანიზმები ან არ არსებობს, ან არ გამოიყენება . . . რაც ამ მექანიზმების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა“. ბი-ბი-სი იუწყებოდა, რომ აზიის ერთ ქვეყანაში „ადგილობრივი ბიუჯეტის შესავსებად თუ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად მთავრობამ მოსახლეობას უამრავი . . . უკანონო გადასახადი დააკისრა — დაბეგრილია ყველაფერი, ბანანების მოყვანით დაწყებული და ღორების დაკვლით დამთავრებული“.

      მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობაც ზრდის უკმაყოფილებას. აი, რა არის ნათქვამი გაეროს მიერ გამოცემულ პუბლიკაცია „აფრიკის აღორძინებაში“: „განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში არსებულ მრავალ განსხვავებას შორის ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარებული ქვეყნები ფერმერებს სუბსიდიებს აძლევენ, განვითარებადი ქვეყნები კი — გადასახადებს აკისრებენ . . . მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ აშშ-ის სუბსიდიები 250 [მილიონი] დოლარით ამცირებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების წლიურ საბიუჯეტო შემოსავალს, რომელსაც ისინი ბამბის ექსპორტირებისგან იღებენ“. ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ფერმერები შეიძლება უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობა მათ ისედაც მწირ შემოსავალს ბეგრავს. აზიის ერთ ქვეყანაში მცხოვრები ფერმერი ამბობს: „როგორც კი [მთავრობის წარმომადგენლები] გვეწვეოდნენ, ვიცოდით, რომ ფული უნდა მოეთხოვათ“.

      ამას წინათ ასეთივე უკმაყოფილება გამოიწვია გადასახადებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა მთავრობამ ფერმერებს საადგილმამულო გადასახადი დააკისრა. ამ უკანასკნელებმა სასამართლოს მიმართეს. ეს გადასახადი „ლუკმაპურს გამოაცლის ფერმერებს და გაზრდის უმუშევართა რიცხვს“, — ჩიოდა ფერმერთა წარმომადგენელი. გადასახადებით გამოწვეული უკმაყოფილება დღესაც კი ზოგჯერ ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. ბი-ბი-სი იუწყება: „შარშან მოკლული იყო ორი [აზიელი] ფერმერი, როდესაც პოლიციამ თავდასხმა განახორციელა სოფელზე, რომლის მოსახლეობაც უზომოდ მაღალი გადასახადების წინააღმდეგ გამოდიოდა“.

      უკმაყოფილებას გადასახადების გამო მხოლოდ ღარიბები არ გამოთქვამენ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბევრ შეძლებულ გადამხდელს „არ სურს დამატებითი გადასახადების გადახდა — მაშინაც კი, თუ ამის გამო მთავრობა ვერ შეძლებს მათთვის მნიშვნელოვანი მომსახურების გაუმჯობესებას“. ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე ან ტელეეკრანზე ხშირად დაინახავთ, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი პოლიტიკოსები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. წიგნში „საშემოსავლო გადასახადის შემცირება (და დაცემა?)“ ნათქვამია: „სამწუხაროდ, არც ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები — ჩვენი პრეზიდენტები — აძლევენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საგადასახადო კანონმდებლობისადმი მორჩილების მაგალითს“.

      შეიძლება თქვენც ფიქრობთ, რომ გადასახადები უზომოდ მაღალი და არასამართლიანია, თანაც უსაშველოდ ბევრი. როგორ უნდა უყურებდეთ გადასახადების გადახდას? ემსახურება ის რაიმე პრაქტიკულ მიზანს? რატომაა, რომ საგადასახადო სისტემები ხშირად ძალიან რთულია და, ერთი შეხედვით, არასამართლიანი? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

      [სურათი 4 გვერდზე]

      განვითარებად ქვეყნებში ღარიბებს გადასახადები მძიმე ტვირთად აწევთ.

      [საავტორო უფლება]

      Godo-Foto

  • გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | დეკემბერი 8
    • გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?

      „გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ“ (წარწერა საგადასახადო სამმართველოს შენობაზე ვაშინგტონში).

      მთავრობა, ჩვეულებრივ, აცხადებს, რომ გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ არსებობისთვის აუცილებელი საფასურია, რასაც, გინდა თუ არ გინდა, უნდა შეეგუო. ეთანხმებით ამ აზრს თუ არა, ერთი რამ ცხადია: გადასახადები, როგორც წესი, მაღალია.

      გადასახადები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციის საშემოსავლო გადასახადი და ქონებრივი გადასახადი პირდაპირ გადასახადთა კატეგორიას მიეკუთვნება. აქედან ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, ალბათ, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საშემოსავლო გადასახადი პროგრესულია — რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მით უფრო მეტ პროცენტს იხდი. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პროგრესული გადასახადები გასაქანს არ აძლევს ხალხს, რადგან ახშობს მათში შრომისა და წარმატების მიღწევის სურვილს.

      ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გარდა იმ გადასახადებისა, რომლებსაც მოსახლეობა ცენტრალურ მთავრობას უხდის და რომელთა რიცხვში საშემოსავლო გადასახადიც შედის, „ხელფასის მიმღები პირები შეიძლება იხდიდნენ ადგილობრივი, რეგიონის, პროვინციისა თუ შტატის ხელისუფლების მიერ დაწესებულ საშემოსავლო გადასახადებს. ასეთი ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ისლანდიაში, კანადაში, კორეაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და შვეიცარიაში“ (OECD Observer).

      არაპირდაპირ გადასახადთა რიცხვს მიეკუთვნება ბრუნვის გადასახადი, აქციზი სპირტიან სასმელებსა და სიგარეტზე და საბაჟო გადასახადები. პირდაპირ გადასახადებთან შედარებით ეს გადასახადები ნაკლებად თვალშისაცემია, მაგრამ შეიძლება მაინც მძიმე ტვირთად დააწვეს გადამხდელებს, განსაკუთრებით ღარიბებს. ინდოეთში გამომავალ ჟურნალ „ფრონტლაინში“ ჟურნალისტი ჯაიალი გოში ამბობს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განაცხადი იმის თაობაზე, თითქოს ინდოეთში გადასახადების ყველაზე დიდ წილს იხდიან საშუალო შემოსავლის მქონე და შეძლებული გადამხდელები. ქალბატონი გოში ამბობს: „არაპირდაპირი გადასახადების სახით შტატების მთავრობები გადასახადებით ამოღებული საერთო თანხის 95 პროცენტზე მეტს იღებენ . . . ეტყობა, რომ სინამდვილეში ღარიბი ხალხი უფრო დიდ ნაწილს იხდის, ვიდრე მდიდრები“. როგორც ჩანს, უთანასწორობას ქმნის ფართო მოხმარების ისეთ საქონელზე დაწესებული მაღალი გადასახადები, როგორიცაა საპონი და საკვები პროდუქტები.

      რაში იყენებს ამ ფულს მთავრობა?

      სად მიდის ფული?

      მთავრობებს უზარმაზარ თანხებად უჯდება მოსახლეობის უზრუნველყოფა აუცილებელი მომსახურებით. საფრანგეთში, მაგალითად, ყოველი მეოთხე ადამიანი სახელმწიფო სექტორში მუშაობს. ესენი არიან მასწავლებლები, ფოსტის მუშაკები, მუზეუმებისა და საავადმყოფოების პერსონალი, პოლიციის თანამშრომლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირები. გადასახადები აუცილებელია მათთვის ხელფასების მისაცემად. გადასახადების ხარჯზე ხდება აგრეთვე გზების გაყვანა, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა და ისეთი მომსახურებებით უზრუნველყოფა, როგორიცაა ნაგვის გატანა და ფოსტის დატარება.

      გადასახადების არსებობის კიდევ ერთი მიზეზი შეიარაღებული ძალების დაფინანსებაა. საშემოსავლო გადასახადი პირველად დაეკისრათ შეძლებულ ბრიტანელებს საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ომის მხარდასაჭერად. ეს იყო 1799 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მუშათა კლასსაც მოსთხოვა საშემოსავლო გადასახადის გადახდა. დღესაც, შეიარაღებული ძალების დაფინანსება, თუნდაც მშვიდობიან დროს, ძალიან ძვირი ჯდება. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2000 წელს მსოფლიო მასშტაბით გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა თითქმის 798 მილიარდი დოლარი შეადგინა.

      სოციალური ინჟინერია

      გადასახადები „სოციალური ინჟინერიის“ როლსაც თამაშობს — ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა გარკვეული ჩვევები განავითარონ ან რაღაცაზე უარი თქვან. მაგალითად: ითვლება, რომ სპირტიანი სასმელების დაბეგვრა ხელს უშლის მათი დიდი რაოდენობით მოხმარებას. ამით აიხსნება ის, რომ ბევრ ქვეყანაში გადასახადები ლუდის საცალო ფასის თითქმის 35 პროცენტს შეადგენს.

      მაღალი გადასახადებითაა დაბეგრილი, აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიგარეტის ერთი კოლოფის ფასის 45—50 პროცენტი გადასახადია. მაგრამ ასეთი გადასახადების დაწესებისას მთავრობა შეიძლება ყოველთვის უანგარო აღძვრებით არ ხელმძღვანელობდეს. როგორც პროფესორი კენეთ უორნერი შენიშნავს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“, თამბაქო „უძლიერესი ეკონომიკური ძალაა და მის გაყიდვას ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს, იმ დამატებით მილიარდებთან ერთად, რომლის ამოღებაც ხდება საგადასახადო შემოსავლების საშუალებით“.

      XX საუკუნის დასაწყისში შემოღებული ერთი კანონი სოციალური ინჟინერიის ღირსშესანიშნავ მაგალითად წარმოგვიდგება. აშშ-ის კანონმდებლები შეეცადნენ, შეეზღუდათ შეძლებული დინასტიების მატერიალური მდგომარეობა. როგორ? უძრავი ქონების დაბეგვრით. როდესაც ქონების მფლობელი კვდება, დაგროვილი სიმდიდრის დიდ ნაწილს გადასახადის სახით იღებს სახელმწიფო. ამ კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გადასახადის წყალობით „მემკვიდრეობითი არისტოკრატიული არხებიდან სახსრები გადადის სამოქალაქო პირების ხელში, რათა მოხმარდეს დემოკრატიულ მიზნებს“. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ შეძლებული გადამხდელები ათასნაირ ხერხს მიმართავენ, რომ ამ გადასახადის სიმძიმე შეიმსუბუქონ.

      გადასახადებს აწესებენ სხვადასხვა სოციალური პროგრამის გასატარებლადაც, მაგალითად, გარემოს დაცვისთვის. ჟურნალ „ინვაირონმენტლ მეგეზინში“ ნათქვამია: „ბოლო ხანებში დასავლეთ ევროპის ცხრა ქვეყანაში შემოიღეს სპეციალური გადასახადი გარემოს დაცვისთვის. ეს გადასახადი, ძირითადად, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლადაა გამიზნული“. პროგრესული საშემოსავლო გადასახადები, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, სოციალური ინჟინერიის ხელშემწყობი კიდევ ერთი მცდელობაა, რაც იმაზეა გათვლილი, რომ შემცირდეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული. ზოგი მთავრობა შეღავათს უწევს ბავშვიან ოჯახებს ან მათ, ვინც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

      რატომაა ასე რთული?

      გადასახადებთან დაკავშირებული ყოველი ახალი კანონის შემოღებისთანავე კანონმდებლები ყველა შესაძლო საგადასახადო ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ამაში კი არაფერია გასაკვირი — საქმე ხომ უზარმაზარი თანხების დაკარგვას ეხება! რა არის ამის შედეგი? იქმნება საგადასახადო კანონები, რომლებიც უაღრესად რთული და სპეციფიკურია. ჟურნალ „ტაიმში“ გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში იხსნებოდა, რომ აშშ-ის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ბევრი სირთულე „იწვევს შემოსავლის განსაზღვრას“, ანუ იმის ზუსტ დაკონკრეტებას, თუ რა არის დასაბეგრი. სხვა სირთულეების წყაროა ურიცხვი წესები, რომლებიც გადასახადების გადახდისას „ითვალისწინებს სხვადასხვა შეღავათებს“. ასეთი რთული საგადასახადო კანონები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებშია. დიდი ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობის განახლებული გამოცემის ტექსტი 9 521 გვერდისგან შედგება და ათ ტომადაა წარმოდგენილი.

      მიჩიგანის უნივერსიტეტთან არსებული საგადასახადო პოლიტიკის კვლევითი სამმართველო იუწყება: „ყოველ წელს აშშ-ში გადამხდელებს სამ მილიარდზე მეტი საათი ეხარჯებათ თავიანთი საშემოსავლო დეკლარაციების შევსებაზე . . . დრო და ფული, რომელიც აშშ-ში საშემოსავლო გადასახადების გადამხდელებს [დეკლარაციების შევსებაზე] მისდით, ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ამოღებული გადასახადების თითქმის 10 პროცენტის ტოლია. ის, რომ საგადასახადო კანონების დაცვის გამო უზარმაზარი თანხა იკარგება, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული უსაშველოდ რთული კანონმდებლობის შედეგია“. ამ სერიის პირველი სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რუბენი ამბობს: „ვცდილობდი, თავად შემევსო საგადასახადო დეკლარაციები, მაგრამ ამას დიდი დრო მიჰქონდა, თანაც ვატყობდი, რომ სავალდებულოზე მეტს ვიხდიდი. ამიტომაც, ახლა უკვე ბუღალტერს ვქირაობ“ (იხილეთ მე-8 გვერდზე ჩარჩო „დაიცავით საგადასახადო კანონები“).

      გადამხდელები, „ხვრელებით“ მოსარგებლენი და თავის ამრიდებლები

      მართალია უხალისოდ, მაგრამ უმრავლესობა მაინც აღიარებს, რომ გადასახადებს სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთის შიდა საბიუჯეტო შემოსავლების სამმართველოს უფროსმა ერთხელ თქვა: „არავის სიამოვნებს საშემოსავლო გადასახადების გადახდა, მაგრამ ცოტა თუ იტყოდა იმას, რომ მათ გარეშე უკეთესად ვიცხოვრებდით“. ზოგის აზრით, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 90 % ემორჩილება საგადასახადო კანონმდებლობას. საგადასახადო კანონების ერთი ექსპერტი აღიარებს: „კანონის არდაცვა უმეტესწილად ხდება თვით კანონებისა და მათთან დაკავშირებული პროცედურების სირთულის გამო, და არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურს დაემორჩილოს მოქმედ კანონმდებლობას“.

      თუმცა კი, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ გარკვეული გადასახადებისგან თავის დაღწევას. აი, რა არის ნათქვამი ჟურნალ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ კორპორაციის საშემოსავლო გადასახადების შესახებ: „ბევრი ფირმა კანონიერი გზებით არიდებს თავს გადასახადების დიდი ნაწილის — ზოგჯერ კი მთლიანი გადასახადის — გადახდას. ამას ისინი ახერხებენ საგადასახადო კოდექსში არსებული ხვრელებისა და ჭკვიანურად გათვლილი მანიპულაციების წყალობით“. ერთ-ერთი ასეთი საზრიანი გეგმის შესახებ სტატიაში შემდეგ ნათქვამია: „აშშ-ში არსებული კორპორაცია აფუძნებს ფირმას საზღვარგარეთ — იმ ქვეყანაში, სადაც უფრო დაბალი გადასახადებია. შემდეგ ის საზღვარგარეთ არსებული კომპანიის ფილიალი ხდება“. ამგვარად, კომპანია არაა ვალდებული იხადოს აშშ-ის მიერ დაწესებული გადასახადები (რომლებიც შეიძლება შემოსავლის 35 პროცენტსაც კი შეადგენდეს), თუნდაც უცხო ქვეყანაში დაფუძნებული მისი „მთავარი სამმართველო ოდნავ აღემატებოდეს უბრალო კარტოთეკასა და საფოსტო ყუთს“.

      არსებობს ხალხის ისეთი კატეგორიაც, რომლებიც საერთოდ არ იხდიან გადასახადებს. როგორც იტყობინებიან, ევროპის ერთ ქვეყანაში გადასახადებისგან თავის არიდებას „ეროვნულ სპორტად“ მიიჩნევენ. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ შემდეგი რამ უჩვენა: 25—29 წლის მამაკაცთა მხოლოდ 58 პროცენტი თვლიდა, რომ დეკლარაციების შევსებისას არ შეიძლებოდა სრული შემოსავლის დამალვა. გამოკვლევის ინიციატორები აღიარებენ: „გამოკვლევის შედეგები ჩვენი საზოგადოების ეთიკისა და ზნეობის სასარგებლოდ არ მეტყველებს“. შეფასებების თანახმად, მექსიკაში მოსახლეობის თითქმის 35 პროცენტი არ იხდის გადასახადებს.

      ასეა თუ ისე, ხალხი, ჩვეულებრივ, აცნობიერებს გადასახადების აუცილებლობას და სავალდებულო გადასახადების გადახდაზე უარს არ ამბობს. მაგრამ ისიც ჩანს, რომ სიმართლეს შეეფერება ცნობილი სიტყვები, რომლებსაც ტიბერიუს კეისარს მიაწერენ: „კარგმა მწყემსმა ცხვარს ტყავი კი არ უნდა გააძროს, მხოლოდ უნდა გაკრიჭოს“. თუ გრძნობთ, რომ ისეთი სისტემის მსხვერპლად იქეცით, რომელიც, თქვენი აზრით, დამამძიმებელი, უსამართლო და ზედმეტად რთულია, რა დაგეხმარებათ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით სწორი თვალსაზრისის განვითარებაში?

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      დაფიქრდით, სანამ სხვაგან გადასვლას გადაწყვეტთ!

      საგადასახადო სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში ერთიმეორისგან განსხვავდება. ერთი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილშიც კი ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს. ხომ არ ღირს საცხოვრებლად ისეთ მხარეში გადასვლა, სადაც საგადასახადო განაკვეთი უფრო დაბალია? შესაძლოა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

      „OECD Observer“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკითხველებს შეახსენებენ, რომ ყველაფერი ძირითადი საშემოსავლო გადასახადით არ განისაზღვრება. სტატიაში, კერძოდ, ნათქვამია: „თითოეული გადამხდელის გადასახადზე შეღავათებიც ახდენს გავლენას“. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაბალია, მაგრამ ეს გადამხდელების მდგომარეობას მაინცდამაინც არ ამსუბუქებს, რადგან საგადასახადო კანონმდებლობა „ნაკლებად ითვალისწინებს ძირითად საგადასახადო შეღავათებს“. შედეგად, ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი იხადოს, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც საგადასახადო განაკვეთი შედარებით მაღალია, მაგრამ გაცილებით მეტი შეღავათი არსებობს.

      აშშ-ში მცხოვრებთაგან ზოგი ფიქრობს გადასვლას ისეთ შტატებში, სადაც შემოსავალი არ იბეგრება. საინტერესოა, იზოგება ამით ფული? როგორც „კიპლინგერზ პერსონალ ფაინანსშია“ ნათქვამი, არა. იქ წერია: „ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ რამდენიმე შტატში, სადაც მოსახლეობა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, თანხის ანაზღაურება ხდება იმის ხარჯზე, რომ გაზრდილია ქონებრივი გადასახადი, ბრუნვის გადასახადი და ა. შ“.

      [ჩარჩო 8 გვერდზე]

      დაიცავით საგადასახადო კანონები

      ბევრი ჩვენგანისთვის გადასახადების გადახდა ერთობ დამძაბველი, დამამძიმებელი საქმეა. ამიტომ, პრაქტიკული რჩევების მისაღებად „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი საგადასახადო კანონების ერთ-ერთ ექსპერტს გაესაუბრა.

      „მოუსმინეთ სპეციალისტებს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საგადასახადო კანონი შეიძლება ძალიან რთული იყოს, ხოლო იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ კანონის არდაცვის შემთხვევაში მის არცოდნას საპატიო მიზეზად ჩაგითვლიან. თუმცა საგადასახადო ინსპექტორებს გადამხდელი შეიძლება მტრებად მიიჩნევდეს, ხშირად სწორედ მათგან შეიძლება ზუსტი და მარტივი ინსტრუქციების მიღება იმის თაობაზე, თუ როგორ გაართვათ თავი გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სფეროში მომუშავეებს ურჩევნიათ, რომ საგადასახადო დეკლარაციები თავიდანვე სწორად შეავსოთ. მათ სულაც არ სურთ თქვენი დადანაშაულება კანონის დაუმორჩილებლობაში.

      თუ გიჭირთ თქვენი შემოსავლის აღრიცხვა და დეკლარაციის შევსება, რჩევისთვის შეგიძლიათ კერძო სპეციალისტს მიმართოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით! თუმცა ბევრი მათგანი გულწრფელადაა დაინტერესებული კლიენტის ინტერესების დაცვით, არიან ისეთებიც, რომლებსაც მსგავსი აღძვრები სულაც არ ამოძრავებთ. უმჯობესია, თუ სანდო მეგობარს ან თანამშრომელს მიმართავთ და გაარკვევთ, როგორ ახასიათებენ ამა თუ იმ სპეციალისტს.

      დროულად იმოქმედეთ. დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციისთვის შეიძლება მკაცრად დაისაჯოთ.

      აწარმოეთ ზუსტი ჩანაწერები. რა საბუღალტრო აღრიცხვის სისტემასაც არ უნდა იყენებდეთ, ინფორმაცია ყოველთვის განაახლეთ. ამგვარად, საგრძნობლად გაიადვილებთ საქმეს, როდესაც საგადასახადო დეკლარაციების შევსება მოგიწევთ, და იმ შემთხვევაშიც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ თქვენს დოკუმენტაციას შეამოწმებენ.

      იყავით პატიოსანი. შეიძლება იმის ცდუნებამ წაგძლიოთ, რომ ცოტა მოიტყუოთ ან წესები თქვენ სასარგებლოდ მოირგოთ, მაგრამ საგადასახადო ინსპექტორები დახელოვნებულნი არიან სიცრუის აღმოჩენაში. ყოველთვის ჯობია, იყოთ პატიოსანი.

      ყოველთვის გარკვეული იყავით საქმის ვითარებაში. თუ თქვენ მიერ დაქირავებული სპეციალისტი საგადასახადო დეკლარაციაში არასწორ ინფორმაციას შეიტანს, პასუხს მაინც თქვენ აგებთ. ამიტომ, თვალყური ადევნეთ, რომ თქვენი წარმომადგენელი თქვენი მითითებების თანახმად მოქმედებდეს“.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ბევრ ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები მაღალი გადასახადებით იბეგრება.

      [სურათები 8, 9 გვერდებზე]

      გადასახადების მეშვეობით ხდება იმ მრავალი მომსახურების დაფინანსება, რომლებსაც, შესაძლოა, ჩვეულებრივად მივიჩნევთ.

  • უნდა იხადოთ გადასახადები?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | დეკემბერი 8
    • უნდა იხადოთ გადასახადები?

      «მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც ბაჟი — ბაჟი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი» (რომაელთა 13:7).

      იმ მიზეზით, რომ გადასახადები განუწყვეტლივ იზრდება, შესაძლოა, ზემოხსენებული რჩევის გათვალისწინება ძნელად მოგეჩვენოთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის და ისინი ბიბლიაშია ჩაწერილი. უეჭველია, რომ პატივისცემით ეკიდებით ბიბლიას. თუმცა კი შეიძლება გაიკვირვოთ: „ნუთუ ქრისტიანებმა ყველანაირი გადასახადი უნდა იხადონ — ისეთებიც, რომლებსაც ზოგიერთი უსაშველოდ დიდად ან უსამართლოდ მიიჩნევს?“

      დაფიქრდით იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემულ ერთ-ერთ მითითებაზე. მან იცოდა, რომ მისი თანამემამულეები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ რომის მიერ დაწესებული გადასახადებით. მიუხედავად ამისა, იესომ დაბეჯითებით ურჩია მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). საინტერესოა, რომ იესო იმის მომხრე იყო, რომ მის მოწაფეებს თვით იმ ხელისუფლებისთვის გადაეხადათ გადასახადები, რომელიც მას მალე სიკვდილით დასჯიდა.

      წლების შემდეგ პავლემ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც დასაწყისში იყო ციტირებული. ის აღძრავდა ქრისტიანებს, გადაეხადათ გადასახადები მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამოღებული თანხის დიდი ნაწილი რომის სამხედრო ძალის განსამტკიცებლად და იმპერატორების უზნეო და ფუფუნებით ცხოვრების ხელშესაწყობად გამოიყენებოდა. რატომ გამოვიდა პავლე ასეთი არაპოპულარული იდეის მომხრედ?

      უმაღლესი ხელმწიფება

      ვნახოთ პავლეს სიტყვების კონტექსტი. რომაელთა 13:1-ში ის წერდა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი“. როდესაც ისრაელ ერს ღვთისმოშიში მმართველები ჰყავდა, ხალხისთვის ადვილი იყო იმ თვალსაზრისის გაზიარება, რომ სავალდებულო იყო ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო და რელიგიური მიზნებისთვის. მაგრამ ეკისრებოდათ თუ არა ქრისტიანებს იგივე პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მმართველები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? დიახ, ეკისრებოდათ! პავლეს სიტყვებიდან ჩანდა, რომ ღმერთმა მმართველებს „ხელმწიფების“ უფლება მისცა.

      მთავრობები ბევრს აკეთებენ სახელმწიფოში წესრიგის დასაცავად, რაც ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი სულიერი საქმიანობით დაკავების საშუალებას აძლევს (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25). ამიტომაც, უმაღლესი ხელისუფლების შესახებ პავლემ თქვა: „იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ“ (რომაელთა 13:4). თავად პავლემაც ისარგებლა იმ დაცვით, რომელიც რომის კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. როდესაც ის ბრბომ შეიპყრო, რომაელმა ჯარისკაცებმა დაიხსნეს. მოგვიანებით, მან რომის სასამართლო სისტემას მიმართა, რის შემდეგაც კვლავ შეძლო მისიონერად მსახურება (საქმეები 22:22—29; 25:11, 12).

      პავლე ასახელებს სამ მიზეზს, რომელთა გამოც აუცილებელია გადასახადების გადახდა. პირველი ისაა, რომ კანონის დამრღვევებს მთავრობა „რისხვით“ სჯის; მეორე — თუ ღვთისმოშიში ადამიანი თავს აარიდებს გადასახადებს, მისი სინდისი გაუხეშდება; და ბოლო — გადასახადები იმ მომსახურებისთვის გაღებული კომპენსაციაა, რითაც მთავრობა, როგორც ხალხის საკეთილდღეოდ დადგენილი ‘მსახური’, უზრუნველყოფს მოსახლეობას (რომაელთა 13:1—6).

      მიჰქონდათ თანაქრისტიანებს პავლეს სიტყვები გულთან ახლოს? როგორც ჩანს, მიჰქონდათ. რადგან მეორე საუკუნის ნომინალური ქრისტიანობის წარმომადგენელმა, იუსტინე წამებულმა (დაახლოებით ახ. წ. 110—165 წწ.), ქრისტიანების შესახებ თქვა, რომ „სხვებთან შედარებით, [ისინი] უფრო ხალისით“ იხდიდნენ გადასახადებს. დღესაც, როდესაც მთავრობა გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მოსახლეობას, დროსთან იქნება ეს დაკავშირებული თუ ფულთან, ქრისტიანები მზადყოფნით ემორჩილებიან მას (მათე 5:41)a.

      რასაკვირველია, ქრისტიანებს სრული უფლება აქვთ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით. ზოგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ისარგებლონ რელიგიური ორგანიზაციების წევრთა სასარგებლოდ მიღებული კანონებით, რომლებიც გადასახადების გადახდისას გარკვეულ შეღავათებს აძლევს. და მაინც, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ემორჩილებიან ღვთის სიტყვას, არ გაურბიან გადასახადების გადახდას. ისინი იხდიან გადასახადებს, ხოლო სრული პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ფული, აკისრია მთავრობას.

      ხალხზე უზომოდ მაღალი გადასახადების დაკისრება იმის ერთ-ერთი გამოხატულებაა, თუ როგორ ‘ბატონობს ადამიანი ადამიანზე მის საბოროტოდ’ (ეკლესიასტე 8:9). იეჰოვას მოწმეები ნუგეშს პოულობენ ბიბლიური დანაპირებით, რომ მალე ყველა სამართლიან პირობებში იცხოვრებს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს — მმართველობისა, რომელიც არასოდეს დაამძიმებს ხალხს უსამართლო გადასახადებით (ფსალმუნები 71:12, 13; ესაია 9:7).

      [სქოლიოები]

      a იესოს რჩევა, „მიეცით კეისრისა კეისარს“, მხოლოდ გადასახადების გადახდით არ შემოიფარგლებოდა (მათე 22:21). „მათეს სახარების კრიტიკულ და განმარტებით ცნობარში“, რომლის ავტორი ჰაინრიხ მაიერია, ნათქვამია: „[კეისრისაში] . . . შედიოდა არა მხოლოდ მოქალაქეებზე დაკისრებული გადასახადი, არამედ ყველაფერი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა კეისარს, როგორც კანონიერ მმართველს“.

      [ჩანართი 11 გვერდზე]

      პირველი ქრისტიანები „სხვებთან შედარებით, უფრო ხალისით“ იხდიდნენ გადასახადებს (იუსტინე წამებული).

      [სურათი 10 გვერდზე]

      ჭეშმარიტი ქრისტიანები იცავენ საგადასახადო კანონებს.

      [სურათი 11 გვერდზე]

      იესომ თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს“.

      [საავტორო უფდებები დაცულია 10 გვერდზე]

      © European Monetary Institute

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება