-
პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 18
პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენება
როდესაც გვეკითხებიან ჩვენი მრწამსისა და ცხოვრების წესის, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებსა და მომავალს, ჩვენ ბიბლიის დახმარებით ვპასუხობთ. რატომ? იმიტომ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. სწორედ ბიბლიაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი. ბიბლიით ვხელმძღვანელობთ ცხოვრებაში, ბიბლია აყალიბებს მსოფლიო მოვლენების შესახებ ჩვენს თვალსაზრისს და ბიბლიაში ჩაწერილი აღთქმები გვაძლევს მომავლის იმედს (2 ტიმ. 3:16, 17).
ჩვენ კარგად გვესმის, რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ (ეს. 43:12). ამიტომ ჩვენი პასუხები ადამიანურ სიბრძნეზე კი არა, იეჰოვას სიტყვაზეა დაფუძნებული. მართალია, ამა თუ იმ საკითხზე ყველას საკუთარი აზრი გვაქვს, მაგრამ გვსურს, ღვთის სიტყვამ ჩამოგვიყალიბოს შეხედულებები, რადგან დარწმუნებულნი ვართ მის ჭეშმარიტებაში. ცხადია, ბიბლია ბევრ საკითხში გვაძლევს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვცდილობთ, სხვებს თავს მოვახვიოთ პირადი შეხედულებები, არამედ გვსურს ღვთის სიტყვის პრინციპების მასწავლებლები ვიყოთ და ჩვენს მსმენელსაც მივცეთ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. პავლეს მსგავსად, გვსურს, რომ მათ ‘რწმენით გამოავლინონ მორჩილება’ (რომ. 16:26).
გამოცხადების 3:14-ში იესო ქრისტეს „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ ეწოდება. როგორ პასუხობდა ის შეკითხვებს და როგორ იქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში? ის ზოგჯერ დამაფიქრებელ მაგალითებს იყენებდა; ზოგჯერ ადამიანს ეკითხებოდა, თავად როგორ ესმოდა წერილები; ხშირად კი პირდაპირ ციტირებდა წერილებიდან ან მასში ჩაწერილ აზრსა და შემთხვევას ახსენებდა მსმენელს (მათ. 4:3—10; 12:1—8; ლუკ. 10:25—28; 17:32). პირველ საუკუნეში წმინდა წერილების გრაგნილები, ჩვეულებრივ, სინაგოგებში ინახებოდა. არსად არის ნათქვამი, რომ იესოს საკუთარი გრაგნილები ჰქონდა, მაგრამ მან კარგად იცოდა წერილები და ხშირად იყენებდა მათ სწავლების დროს (ლუკ. 24:27, 44—47). მას ნამდვილად ჰქონდა იმის თქმის საფუძველი, რომ საკუთარ სიტყვებს არ ასწავლიდა. იესო მხოლოდ იმას ლაპარაკობდა, რაც მამისგან ჰქონდა მოსმენილი (იოან. 8:26).
ჩვენ გვსურს იესოს მივბაძოთ. იესოსავით პირადად არ მოგვისმენია ღვთის სიტყვები, მაგრამ ბიბლია ღვთის სიტყვაა. როდესაც მას ვიყენებთ პასუხის გაცემისას, მსმენელის ყურადღებას საკუთარ თავზე არ ვამახვილებთ; ის ხედავს, რომ ღვთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების გადაცემა გვსურს და არა არასრულყოფილი ადამიანის აზრების გაზიარება (იოან. 7:18; რომ. 3:4).
ცხადია, ბიბლიის გამოყენება თვითმიზანი არ არის. ჩვენ გვსურს ისე გამოვიყენოთ ბიბლია, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს მსმენელს; ჩვენი სურვილია, რომ მსმენელმა მიიღოს ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მსმენელის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბიბლიური აზრის გაზიარებამდე შეგეძლო გეთქვა: „ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ღვთის თვალსაზრისი“ ან „იცით, რომ სწორედ ეს საკითხი განხილულია ბიბლიაში?“. თუ შენი მსმენელისთვის ბიბლია არ არის ავტორიტეტი, სხვა რამის თქმა დაგჭირდება. მაგალითად, შეგიძლია უთხრა: „თუ ნებას დამრთავთ, ერთ ძველ წინასწარმეტყველებას წაგიკითხავთ“ ან „მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული წიგნი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. . .“.
ზოგჯერ, ალბათ, ბიბლიური მუხლის საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ამჯობინებ. მაგრამ, თუ შესაძლებლობა მოგეცემა, უმჯობესია, გადაშალო ბიბლია და პირდაპირ წაიკითხო მასში ნათქვამი. ხანდახან კი კარგი იქნება, მსმენელს საკუთარ ბიბლიაში წააკითხო ესა თუ ის მუხლი. უშუალოდ ბიბლიის გამოყენება ხშირად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე (ებრ. 4:12).
უხუცესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხის გაცემის დროს ბიბლიის გამოყენება. უხუცესად მსახურებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ძმას „სარწმუნო სიტყვის“ სწავლება შეეძლოს (ტიტ. 1:9). კრების წევრმა შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს უხუცესის რჩევის საფუძველზე. ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი რჩევა ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული! უხუცესის მაგალითმა შესაძლოა სხვებიც აღძრას იმისკენ, რომ ბიბლია გამოიყენონ სწავლების დროს.
-
-
აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიითმიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 19
აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით
ჩვენ გვსურს, ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, გავამახვილოთ ნებისმიერი მსმენელის ყურადღება. სწორედ ამ წმინდა წიგნზეა დაფუძნებული ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ და გვინდა ხალხმა დაინახოს, რომ საკუთარ აზრებს კი არ ვუზიარებთ, არამედ ღვთის სიტყვებს გადავცემთ. მათ სჭირდებათ იმაში დახმარება, რომ ენდონ ბიბლიას.
ქადაგების დროს. ყოველთვის, როდესაც სამქადაგებლო მსახურებისთვის ემზადები, შეარჩიე ერთი-ორი მუხლი, რომლებსაც ქადაგების დროს გამოიყენებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიბლიური ლიტერატურის მოკლედ შეთავაზებას აპირებ, კარგი იქნება მასალის შესაფერისი ბიბლიური მუხლის წაკითხვა. ბიბლია უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თავმდაბალ ადამიანებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები. თუ წაკითხვის შესაძლებლობა არ მოგეცემა, ბიბლიიდან ციტირება შეგიძლია. პირველ საუკუნეში ყველას არ ჰქონდა წმინდა წერილების გრაგნილები. მაგრამ იესოსა და მის მოციქულებს ხშირად მოჰყავდათ ციტატები წერილებიდან. ჩვენც უნდა შევეცადოთ მუხლების დამახსოვრებასა და ქადაგების დროს მათ სათანადოდ გამოყენებას — საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ციტირებას.
როდესაც ბიბლიურ მუხლს კითხულობ, ბიბლია ისე გეჭიროს, რომ მსმენელს თვალის მიდევნება შეეძლოს. თუ ის თავის ბიბლიაში ჩაიხედავს, შეიძლება უკეთესად მიიღოს წაკითხული.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის, რომ ღვთის სიტყვის ზოგიერთი თარგმანი მეტისმეტად თავისუფალი თარგმანია. ასეთ თარგმანებში შენარჩუნებული არ არის ყველაფერი, რაც გადმოცემული იყო ენებზე, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. ბევრ თანამედროვე თარგმანში არ გვხვდება ღვთის სახელი; ბუნდოვანია ის, რაც დედანში იყო ნათქვამი გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ და არ ჩანს, რას ამბობს ბიბლია დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვის თაობაზე. ეს რომ დაანახვო ადამიანს, ალბათ, მუხლების გამოსაკვლევად ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის ერთმანეთთან შედარება ან ძველი თარგმანების გამოყენება დაგჭირდება. ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლია მიმართო წიგნს „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. მასში ცნობილი ბიბლიური მუხლები სხვადასხვა თარგმანიდან არის მოყვანილი და ნაჩვენებია, როგორ არის ნათარგმნი ძირითადი სიტყვები და ფრაზები. თუ ადამიანი ჭეშმარიტებას აფასებს, მადლობელი იქნება ამ ინფორმაციისთვის.
კრების შეხვედრებზე. კრების შეხვედრების დროს ყველას უნდა მოუწოდო, ბიბლია გადაშალონ. ეს მათ მრავალმხრივ დაეხმარება. მსმენელს გაუადვილდება განსახილველ საკითხზე ყურადღების გამახვილება და თან თვალითაც აღიქვამს იმას, რასაც მომხსენებლისგან ისმენს. გარდა ამისა, ახალი დაინტერესებულები დაინახავენ, რომ ნამდვილად ბიბლიაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი.
ჩაიხედავს თუ არა მსმენელი თავის ბიბლიაში, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღძრავ ამისკენ. პირდაპირ მოწოდება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
შენზეა დამოკიდებული, რომელ მუხლებს გაუსვამ ხაზს და როდის სთხოვ მსმენელს, გადაშალოს ბიბლია. უმჯობესია, ის მუხლები წაიკითხო, რომლებიც მთავარი აზრების განვითარებაში დაგეხმარება. თუ დრო დაგრჩება, მასალასთან დაკავშირებული სხვა მუხლების წაკითხვაც შეგიძლია.
ცხადია, საკმარისი არ არის, მხოლოდ მუხლი დაასახელო ან მსმენელს ბიბლიის გადაშლა სთხოვო. თუ ერთი მუხლის წაკითხვისთანავე მეორეზე გადადიხარ, ხოლო მსმენელს ჯერ პირველი მუხლიც არ მოუძებნია, მას მალე დაეკარგება მუხლების მოძებნის ხალისი და საერთოდ აღარ ჩაიხედავს ბიბლიაში. დააკვირდი მსმენელს. მხოლოდ მაშინ წაიკითხე მუხლი, როდესაც უმრავლესობა გადაშლის ბიბლიას.
იყავი წინდახედული. წინასწარ დაასახელე ბიბლიური მუხლი, რომლის წაკითხვასაც აპირებ, რომ დრო არ დაკარგო, ვიდრე მსმენელი ბიბლიას გადაშლის. თუ მსმენელს დროს მისცემ ბიბლიური მუხლების მოსაძებნად, მართალია, ნაკლები მოცულობის მასალის გადმოცემას მოასწრებ, მაგრამ მიღებული ინფორმაცია მათ უფრო დიდ სარგებლობას მოუტანს.
-
-
ბიბლიური მუხლების ეფექტური წარდგენამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 20
ბიბლიური მუხლების ეფექტური წარდგენა
ბიბლიური მუხლები უდევს საფუძვლად მასალას, რომელიც კრების შეხვედრებზე განიხილება. ქადაგების დროს ჩვენი საუბრებიც ბიბლიურ მუხლებზეა აგებული. მაგრამ მიიღებს თუ არა მსმენელი სარგებლობას, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად წარვადგენთ ამ მუხლებს.
საკმარისი არ არის, მხოლოდ დაასახელო რომელიმე მუხლი და მისი წაკითხვა შესთავაზო მსმენელს. მუხლის წაკითხვამდე ორ რამეს შეეცადე: 1) მსმენელს ინტერესი აღუძარი, და 2) ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რატომ მოგყავს ეს მუხლი. ამ ორი მიზნის მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება.
დასვი შეკითხვა. შეკითხვის დასმა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მსმენელისთვის ბოლომდე ნათელი არ არის პასუხი. შეეცადე შეკითხვა ისე დასვა, რომ მსმენელი დააფიქრო. იესო სწორედ ასე იქცეოდა. „რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?“ — ჰკითხა იესომ ფარისევლებს, რომლებიც ტაძარში სახალხოდ ცდილობდნენ მის გამოცდას წმინდა წერილების ცოდნაში. „დავითის“, — მიუგეს მათ. „მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს?“ — კვლავ ჰკითხა იესომ და შემდეგ ციტატა მოიყვანა ფსალმუნის 110:1-დან. ფარისევლებმა ხმა ვეღარ ამოიღეს, ხალხი კი სიამოვნებით უსმენდა (მათ. 22:41—46).
მაგალითად, ქადაგებისას მუხლის წაკითხვამდე შეგიძლია გამოიყენო შემდეგი კითხვები: 1) „მე და თქვენ სახელები გვაქვს. ღმერთს თუ აქვს სახელი? პასუხს ფსალმუნის 83:18 გაგვცემს“. 2) „იქნება ოდესმე მსოფლიოში მხოლოდ ერთი ხელისუფლება? ნახეთ, რა არის ნათქვამი დანიელის 2:44-ში“. 3) „მართლა არის ბიბლიაში ნათქვამი რამე დღევანდელ მდგომარეობაზე? წავიკითხოთ მე-2 ტიმოთეს 3:1—5 და შევადაროთ ჩვენ გარშემო არსებულ მდგომარეობას“. 4) „დადგება ისეთი დრო, როდესაც ტანჯვა და სიკვდილი აღარ იარსებებს? ბიბლია გვპასუხობს ამაზე გამოცხადების 21:4, 5-ში“.
მოხსენების დროს მუხლის წაკითხვამდე სათანადოდ დასმული შეკითხვების დახმარებით მსმენელმა შეიძლება ნაცნობ ბიბლიურ მუხლებსაც კი ახლებურად შეხედოს. მაგრამ იქნება თუ არა ეს ასე? ბევრი რამ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად საინტერესო იქნება მისთვის შენ მიერ დასმული შეკითხვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკითხი საინტერესოა, მსმენელს შეიძლება გონება გაეფანტოს, როდესაც კარგად ნაცნობ მუხლს კითხულობ. ამიტომ დრო უნდა გამოყო და დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ წარმოადგინო ის ისე, რომ მოსასმენად საინტერესო გახადო.
წამოჭერი პრობლემატური საკითხი. შეგიძლია პრობლემატური საკითხი წამოჭრა და შემდეგ ყურადღება გაამახვილო ბიბლიურ მუხლზე, რომელიც მსმენელს გამოსავალს დაანახვებს. შეეცადე, რომ შენი სიტყვების შემდეგ მსმენელი იმაზე მეტს არ მოელოდეს, ვიდრე მუხლი იტყვის. ცალკეულ ბიბლიურ მუხლებში ხშირად პრობლემის ნაწილობრივი გადაჭრის გზა ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია მსმენელს მოუწოდო, მუხლის კითხვის დროს დაფიქრდეს, როგორ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის გადაჭრა.
მსგავსად ამისა, შეგიძლია მოკლედ მოიხსენიო ღვთის მოსაწონი რომელიმე პრინციპი და შემდეგ ბიბლიური მაგალითი მოიყვანო იმის საჩვენებლად, თუ რამდენად გონივრულია ამ პრინციპით ხელმძღვანელობა. თუ ბიბლიურ მუხლში ორი ან მეტი აზრი უკავშირდება განსახილველ საკითხს, ზოგი მომხსენებელი მსმენელს სთხოვს, დაუკვირდეს და გამოყოს ეს აზრები. თუ ფიქრობ, რომ შენი მსმენელისთვის პრობლემა ძალიან რთულია, შეგიძლია მისი გადაჭრის რამდენიმე გზა მოიხსენიო და მსმენელი აღძრა, იფიქროს, რომელი მათგანის გამოყენება შეიძლებოდა; შემდეგ კი მოიყვანო ბიბლიური მუხლი, ახსნა, რა პრაქტიკული ღირებულება აქვს მას და აღნიშნო, როგორ შეიძლებოდა ამ მუხლის კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენება.
ბიბლიას მიმართე როგორც ავტორიტეტს. თუ მსმენელი უკვე დააინტერესე და განსახილველი საკითხის შესახებ ერთი-ორი აზრიც მოიხსენიე, მუხლის წაკითხვამდე შეგიძლია თქვა: „ვნახოთ, ღვთის სიტყვაში რა არის ნათქვამი ამის შესახებ“. ამგვარად მსმენელი დაინახავს, რომ ის, რის წაკითხვასაც აპირებ, ავტორიტეტულია.
იეჰოვამ ბიბლიის დასაწერად, სხვებთან ერთად, იოანე, ლუკა, პავლე და პეტრე გამოიყენა. მაგრამ ეს მამაკაცები მხოლოდ წერდნენ; ბიბლიის ავტორი კი იეჰოვა ღმერთია. თუ მუხლის წაკითხვამდე იტყვი: „პეტრემ დაწერა“ ან „პავლე ამბობს“, და არ აღნიშნავ, რომ აზრი, რომელსაც წაიკითხავ, ღვთის სიტყვის ნაწილია, მოყვანილ ბიბლიურ მუხლს ნაკლები ძალა ექნება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი არ იცნობს წმინდა წერილებს. აღსანიშნავია, რომ იეჰოვამ რამდენჯერმე უთხრა იერემიას, ხალხთან ლაპარაკი დაეწყო სიტყვებით: „ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა“ (იერ. 7:2; 17:20; 19:3; 22:2). შეიძლება უშუალოდ მუხლის წაკითხვამდე არ მოვიხსენიოთ იეჰოვას სახელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, განხილვის ბოლომდე აღვნიშნოთ, რომ ის, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ, მისი სიტყვაა.
მხედველობაში მიიღე კონტექსტი. როდესაც ცდილობ იმის განსაზღვრას, თუ როგორ წარადგინო ბიბლიური მუხლი, უნდა გაითვალისწინო კონტექსტი. ზოგჯერ მუხლის წაკითხვამდე უმჯობესია პირდაპირ მოიხსენიო კონტექსტი, ზოგჯერ კი შენი სიტყვებიდან უნდა მიხვდეს მსმენელი კონტექსტის მნიშვნელობას. მაგალითად, იტყოდი თუ არა ერთი და იმავეს ღვთისმოშიში იობისა და მისი რომელიმე ცრუნუგეშისმცემლის სიტყვების წაკითხვამდე? წიგნი „მოციქულთა საქმეები“ ლუკამ დაწერა, მაგრამ სხვადასხვა ადგილას მას იაკობის, პეტრეს, პავლეს, ფილიპეს, სტეფანეს, ანგელოზების, გამალიელისა და ზოგი არაქრისტიანი ებრაელის სიტყვები მოჰყავს. ვის მიაწერ „მოციქულთა საქმეებში“ წაკითხულ სიტყვებს? აგრეთვე გახსოვდეს, რომ ყველა ფსალმუნი დავითს არ შეუდგენია და არც მხოლოდ სოლომონს დაუწერია იგავები. კარგია, ისიც იცოდე, თუ ძირითადად ვისთვის დაიწერა ბიბლიის ესა თუ ის წიგნი და რა საკითხს შეეხო მისი დამწერი.
გამოიყენე დამატებითი მასალა. დამატებითი მასალის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ის გეხმარება, რომ მსმენელს ბიბლიურ დროში არსებულ მდგომარეობასა და შენ მიერ განსახილველ საკითხს შორის მსგავსება დაანახვო. ზოგჯერ დამატებითი ინფორმაცია ბიბლიური მუხლის გაგებაში გვეხმარება. მაგალითად, ლაპარაკობ გამოსასყიდზე და ებრაელების 9:12, 24-ის გამოყენებას აპირებ. კარგი იქნებოდა მუხლების წაკითხვამდე მოკლედ აგეხსნა, რა მნიშვნელობა ჰქონდა კარავში შიდა ოთახს, რომლითაც, ამ მუხლების თანახმად, წარმოდგენილია ადგილი, სადაც იესო ზეცად ამაღლების შემდეგ შევიდა. მაგრამ იმდენად ბევრი დამატებითი მასალა არ გამოიყენო, რომ დაჩრდილოს ბიბლიური მუხლი, რომლის წარდგენასაც აპირებ.
თუ გსურს უფრო ეფექტურად წარადგინო ბიბლიური მუხლები, დააკვირდი გამოცდილ მომხსენებლებს. ყურადღება მიაქციე მათ მეთოდებს და დაფიქრდი, რით არის ეს მეთოდები ეფექტური. გამოსვლისთვის მომზადებისას გამოყავი ძირითადი ბიბლიური მუხლები და დაფიქრდი, რა მიზნით მოგყავს ისინი. წინასწარ მოიფიქრე, რა უნდა თქვა მათ წაკითხვამდე იმისათვის, რომ მსმენელისთვის რაც შეიძლება მეტად ეფექტური გახადო ინფორმაცია. შემდეგ კი ეცადე, შესავალი გაუკეთო ყველა მუხლს, რომელსაც გამოიყენებ. როცა დახელოვნდები ბიბლიური მუხლების წარდგენაში, მსმენელის ყურადღებას უკეთ მიმართავ ღვთის სიტყვისკენ.
-
-
ბიბლიური მუხლების ხაზგასმით წაკითხვამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 21
ბიბლიური მუხლების ხაზგასმით წაკითხვა
ღვთის განზრახვებზე ლაპარაკის დროს — როგორც ვინმესთან საუბრისას, ისე სცენაზე გამოსვლისას — ჩვენი მსჯელობა ბიბლიაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ დროს ხშირად გვიწევს ბიბლიური მუხლების წაკითხვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა, მუხლები კარგად წავიკითხოთ.
სათანადო ხაზგასმისთვის საჭიროა გრძნობით წაკითხვა. ბიბლიური მუხლები გრძნობით უნდა წაიკითხო. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. როდესაც ფსალმუნის 37:11-ს კითხულობ, შენს ხმაში აღთქმული მშვიდობის გამო სიხარული უნდა შეინიშნებოდეს. ხოლო როდესაც გამოცხადების 21:4-ში კითხულობ, რომ ბოლო მოეღება ტანჯვასა და სიკვდილს, ხმაში ნაწინასწარმეტყველები სასწაულებრივი ხსნისთვის ღვთისადმი მადლიერება უნდა იგრძნობოდეს. გამოცხადების 18:2, 4, 5-ის კითხვისას კი მსმენელს ხმის ტონითაც უნდა დაანახვო, რამდენად აუცილებელია ცოდვით დამძიმებული „დიდი ბაბილონიდან“ სასწრაფოდ გამოსვლა. დიახ, მუხლები გრძნობით უნდა წაიკითხო, მაგრამ საჭიროა ზომიერება. უნდა გაითვალისწინო თვით ბიბლიური მუხლის შინაარსი და ის, თუ რასთან დაკავშირებით იყენებ მას.
საჭირო სიტყვების ხაზგასმა. თუ რომელიმე მუხლის შესახებ ლაპარაკობ და მის მხოლოდ ერთ მონაკვეთს ეხები, კითხვის დროს სწორედ ამ მონაკვეთს უნდა გაუსვა ხაზი. მაგალითად, მათეს 6:33-ის კითხვის დროს თუ გსურს განმარტო, რას ნიშნავს სიტყვები „უპირველესად ეძებეთ სამეფო“, ყურადღება არ უნდა გაამახვილო სიტყვებზე „მამის სიმართლე“ და „სხვა დანარჩენი“.
დავუშვათ, სამსახურებრივ შეხვედრაზე მათეს 28:19-ის წაკითხვას აპირებ. რომელ სიტყვებს უნდა გაუსვა ხაზი? თუ გსურს მსმენელი აღძრა, რომ ვინმესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყოს, ხაზგასმით უნდა წაიკითხო ფრაზა „მოწაფეებად მოამზადეთ“. ხოლო თუ შენი მიზანია, მაუწყებლები აღძრა იმისკენ, რომ იმიგრანტებსაც გააცნონ ბიბლიური ჭეშმარიტება ან იმსახურონ იქ, სადაც მქადაგებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა, ხაზი უნდა გაუსვა სიტყვებს „ხალხი ყველა ერიდან“.
ხშირად ბიბლიური მუხლი კითხვაზე პასუხის გასაცემად ან იმ აზრის დასამტკიცებლად მოგვყავს, რომელსაც მსმენელი არ ეთანხმება. თუ მუხლში ყველა აზრს ხაზგასმით წავიკითხავთ, მსმენელმა შეიძლება ვერ გაიგოს, საერთოდ რატომ მოვიყვანეთ ეს მუხლი. აზრი ჩვენთვის გასაგები იქნება, მისთვის კი — კვლავაც გაუგებარი.
მაგალითად, კითხულობ ეზეკიელის 18:4-ს, რომელშიც ნათქვამია, რომ სული კვდება. თუ გამოყოფ ფრაზას „რომელიც სცოდავს“, შესაძლოა მსმენელმა ვერც კი შენიშნოს ის აზრი, რომ სულის სიკვდილი შესაძლებელია. ამიტომაც ხაზი უნდა გაუსვა ფრაზას „სული . . . მოკვდება“. იმ შემთხვევაში კი, როდესაც გინდა, მსმენელს დაანახვო, რომ სიკვდილის მიზეზი ცოდვაა, ხაზი უნდა გაუსვა სიტყვებს: „რომელიც სცოდავს“ და „მოკვდება“. მსგავსად ამისა, როდესაც იაკობის 2:24-ს კითხულობ იმის საჩვენებლად, რომ რწმენა საქმეებით უნდა დავამტკიცოთ, ხაზი არ გაუსვა ფრაზას „იქნება მართლად აღიარებული“; გამოყავი სიტყვა „საქმეებით“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსმენელმა შეიძლება აზრი ვერ გაიგოს.
კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რომაელების 15:7—13. ეს იმ წერილის ნაწილია, რომელიც პავლე მოციქულმა ებრაელებისა და სხვა ეროვნების ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას მისწერა. მოციქული აღნიშნავს, რომ ქრისტეს მსახურებამ არა მხოლოდ წინადაცვეთილ იუდეველებს მოუტანა სარგებლობა, არამედ სხვა ერებსაც, რათა „ხალხებს განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის“. შემდეგ პავლეს ებრაული წერილებიდან მოჰყავს ოთხი ციტატა, რომელთა მეშვეობითაც ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სხვა ეროვნების ადამიანებს ამის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ. როგორ უნდა წაიკითხო ეს ციტატები, რომ სწორედ ის გამოყო, რაზეც პავლე ამახვილებდა ყურადღებას? მე-9 მუხლში ხაზგასმით გამოყავი „ხალხებს“ და „ერებს“, მე-10 და მე-11 მუხლებში — „ერებო“, ხოლო მე-12 მუხლში — „ხალხთა“ და „ხალხები“. ახლა შეეცადე რომაელების 15:7—13 ისე წაიკითხო, რომ ეს სიტყვები გამოყო. თუ ამას კარგად გაართმევ თავს, პავლეს მსჯელობა მსმენელისთვის უფრო ნათელი და ადვილად გასაგები იქნება.
ხაზგასმის მეთოდები. იმ აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების ხაზგასმა, რომელთა გამოკვეთაც გინდა კონკრეტულ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარად შეგიძლია. სწორი ხერხი რომ შეარჩიო, მხედველობაში უნდა მიიღო ბიბლიური მუხლი და განსახილველი საკითხი. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს.
ხმით ხაზგასმა. ამაში იგულისხმება ხმის ნებისმიერი ცვლილება, რომლითაც წინადადებაში აზრობრივი დატვირთვის მატარებელი სიტყვები გამოიყოფა. ხაზგასმის მიზნით შეგიძლია გამოიყენო ხმის სიმაღლის ცვლილება — აწევა ან დაწევა. ბევრ ენაში ხაზგასმა ბგერის სიმაღლის ცვლილებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ზოგ ენაში ამან შეიძლება სიტყვის აზრი შეცვალოს. ტემპის შენელება წონას მატებს ძირითად სიტყვებსა და ფრაზებს. იმ ენებში, რომლებშიც აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვებს ხმით ვერ გამოყოფ, საჭიროა ენაში მიღებული მეთოდების გამოყენება.
პაუზები. პაუზა უნდა გააკეთო ხაზგასასმელი მონაკვეთის წინ, შემდეგ ან ორივეგან. მთავარი აზრის წაკითხვამდე პაუზის გაკეთებით მსმენელს ინტერესს აღუძრავ; წაკითხვის შემდეგ შეყოვნებით კი უფრო შთამბეჭდავს ხდი აზრს. მაგრამ პაუზებს თუ ხშირად გააკეთებ, ტექსტში აღარაფერი გამოიკვეთება.
გამეორება. აზრის ხაზგასასმელად შეგიძლია წინადადება გაწყვიტო და ხელმეორედ წაიკითხო საჭირო სიტყვა ან ფრაზა. ხშირად უმჯობესია მუხლის ბოლომდე წაკითხვა და ხაზგასასმელი მონაკვეთის შემდეგ გამეორება.
ჟესტები. ხშირად ჟესტ-მიმიკა ძალას მატებს სიტყვასა თუ ფრაზას.
ხმის ტონი. ზოგ ენაში სათანადო ტონით წაკითხვა საჭირო სიტყვებს გამოყოფს და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას. სიტყვების ხაზგასასმელად ხმის ტონის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სარკასტულ ტონს.
როდესაც ბიბლიურ მუხლებს სხვა კითხულობს. ქადაგებისას, როდესაც მოსაუბრეს ბიბლიურ მუხლს აკითხებ, შესაძლებელია, მან სულ სხვა სიტყვებს გაუსვას ხაზი ან საერთოდაც არაფერი გამოკვეთოს. როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში? ხშირად უმჯობესია, უბრალოდ განმარტო მუხლი და ამის შემდეგ გაამახვილო ყურადღება აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვებზე.
-
-
ბიბლიური მუხლების სწორად ახსნამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 22
ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
ღვთის სიტყვის სწავლებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ბიბლიური მუხლების წაკითხვა. პავლე მოციქული თანამსახურ ტიმოთეს სწერდა: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმ. 2:15).
ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიური მუხლები უნდა ავხსნათ იმის საფუძველზე, რასაც თვით ბიბლია გვასწავლის. ამისათვის საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ კონტექსტი. არ იქნებოდა სწორი მხოლოდ იმ სიტყვის ან ფრაზის შერჩევა, რომელიც პირადად მოგვწონს და მისთვის საკუთარი ინტერპრეტაციის მიცემა. იეჰოვა იერემიას პირით განსჯიდა იმ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ვითომცდა იეჰოვას სიტყვებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სინამდვილეში „საკუთარი გულის ხილვას“ ქადაგებდნენ (იერ. 23:16). პავლე მოციქული ქრისტიანებს აფრთხილებდა, ადამიანური ფილოსოფიებით არ წაებილწათ ღვთის სიტყვა. ის წერდა: „ღვთის სიტყვით . . . არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი, არამედ გულწრფელად, დიახ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად“. პავლეს დროს ზოგი უპატიოსნო ვაჭარი ღვინოს წყლით აზავებდა, რომ უფრო მეტი გაეყიდა და დიდი მოგება ჰქონოდა. ჩვენ ღვთის სიტყვას ადამიანთა ფილოსოფიებში არ ვაზავებთ ანუ არ ვაყალბებთ. „უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით . . . არ დავდივართ და ღვთის სიტყვას . . . არ ვაყალბებთ“, — თქვა პავლემ (2 კორ. 2:17; 4:2).
ზოგჯერ შეიძლება მსმენელისთვის ამა თუ იმ პრინციპის დასანახვებლად რომელიმე მუხლი მოიყვანო. ბიბლიაში გვხვდება მრავალი პრინციპი, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა სიტუაციაშია შესაძლებელი (2 ტიმ. 3:16, 17). მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად იყენებ ბიბლიურ მუხლს და მასში იმას არ დებ, რის თქმაც თავად გსურს (ფსალმ. 91:11, 12; მათ. 4:5, 6). მუხლის ახსნა შეთანხმებული უნდა იყოს იეჰოვას განზრახვასთან და მთელ ბიბლიასთან.
‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ იმასაც ნიშნავს, რომ ჩასწვდე ბიბლიაში ნათქვამის სულს. ღვთის სიტყვა „ხელკეტი“ არ არის, მისით ადამიანები რომ შეაშინო. იესოს მოწინააღმდეგე რელიგიური წინამძღოლები წმინდა წერილებიდან ციტირებდნენ, მაგრამ, სხვა დანარჩენთან ერთად, ყურადღებას არ აქცევდნენ სამართალს, გულმოწყალებასა და ერთგულებას — სწორედ იმას, რაც ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (მათ. 22:23, 24; 23:23, 24). იესო კი ღვთის სიტყვის სწავლებისას ზეციერ მამას ჰბაძავდა. ის მთელი ენთუზიაზმით ასწავლიდა ჭეშმარიტებას და, ამასთანავე, დიდ სიყვარულს ავლენდა ადამიანების მიმართ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მივბაძოთ იესოს (მათ. 11:28).
როგორ დავრწმუნდეთ, რომ სწორად ვიყენებთ ბიბლიურ მუხლებს? რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია. აგრეთვე უნდა დავაფასოთ სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“, ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფის, მეშვეობით აწვდის თავის ერთგულ მსახურებს (მათ. 24:45). პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და მათში მონაწილეობა დაგვეხმარება, უკეთ შევითვისოთ ის, რასაც „ერთგული და გონიერი მონის“ კლასი გვასწავლის.
თუ შენს ენაზე არსებობს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ და მის გამოყენებას ისწავლი, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად ნახავ, როგორ იხსნება ასობით ბიბლიური მუხლი, რომლებიც ხშირად გვჭირდება ქადაგებისას. თუ უცნობი მუხლის გამოყენებას აპირებ, კარგი იქნება, თავმდაბლობა გამოავლინო და ის წინასწარ გამოიკვლიო, რომ ქადაგებისას მსმენელს სწორად გადასცე ჭეშმარიტება (იგავ. 11:2).
გასაგებად განმარტე. დარწმუნდი, რომ მსმენელისთვის ნათელია კავშირი მსჯელობის საგანსა და იმ მუხლს შორის, რომელსაც იყენებ. მუხლის წაკითხვამდე თუ შეკითხვა დასვი, მსმენელმა უნდა დაინახოს, როგორ გაეცა მას პასუხი მუხლის საშუალებით. თუ ბიბლიურ მუხლს რაიმე აზრის დასასაბუთებლად იყენებ, მსმენელისთვის ცხადი უნდა იყოს, როგორ ადასტურებს ამ აზრს წაკითხული მუხლი.
მუხლის მხოლოდ წაკითხვა — თუნდაც ხაზგასმით — ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის. გახსოვდეს, რომ ბევრი არ იცნობს ბიბლიას და ადამიანი, ალბათ, ერთი წაკითხვით ვერ მიხვდება, რა აზრის გადაცემა გსურს. ყურადღება გაამახვილე მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს.
საჭიროა, გამოყო მთავარი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება განსახილველ საკითხს. ამის გასაკეთებლად უმარტივესი მეთოდია აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების გამეორება. თუ ვინმეს პირადად ელაპარაკები, შეგიძლია შეკითხვები დაუსვა და ამით დაეხმარო, თვითონ გამოყოს მთავარი სიტყვები. სცენაზე გამოსვლისას კი ზოგი მომხსენებელი სინონიმებს იყენებს ან თავისი სიტყვებით იმეორებს მუხლის აზრს. თუ ამ მეთოდს გამოიყენებ, ყურადღება მიაქციე, რომ მსმენელი არ დაიბნეს; ისე არ მოხდეს, რომ მან განსახილველ საკითხსა და უშუალოდ მუხლის სიტყვებს შორის კავშირი ვეღარ დაინახოს.
მთავარი სიტყვების გამოყოფით მტკიცე საძირკველს უყრი მსჯელობის შემდგომ განვითარებას. განაგრძე დაწყებული საქმე. დაანახვე მსმენელს მუხლის წაკითხვამდე ამ მუხლის გამოყენების მიზეზი? თუ დაანახვე, ახლა შეეცადე აუხსნა, როგორ უკავშირდება გამოყოფილი სიტყვები იმას, რის გაგებასაც მოელოდა. მსმენელისთვის ნათელი უნდა იყოს ეს კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ აგიხსნია მუხლის წაკითხვის მიზეზი, საჭიროა წაკითხვის შემდეგ მაინც ახსნა.
ერთხელ ფარისევლებმა, თავიანთი აზრით, რთული კითხვა დაუსვეს იესოს. მათ ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“. პასუხის გაცემისას იესო დაბადების 2:24-ს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ მან მუხლის მხოლოდ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა კონკრეტული შემთხვევისთვის. იესომ ხაზი გაუსვა, რომ ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი“ არიან, და შემდეგ დასკვნა გააკეთა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6).
რამდენად ვრცლად უნდა განუმარტო მსმენელს ბიბლიური მუხლი, რათა გაიგოს, რატომ გამოიყენე? ეს დამოკიდებულია თავად მსმენელზე და განსახილველი საკითხის სერიოზულობაზე. ყოველთვის უმჯობესია მარტივად და კონკრეტულად ლაპარაკი.
იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. საქმეების 17:2, 3-ში ნათქვამია, რომ პავლე მოციქული თესალონიკეში „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ასეთი მსჯელობის უნარი იეჰოვას თითოეულმა მსახურმა უნდა განივითაროს. პავლემ ჯერ აღნიშნა, რომ იესოს ცხოვრებითა და მსახურებით შესრულდა წინასწარმეტყველებები ებრაული წერილებიდან, ბოლოს კი განაცხადა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“.
ებრაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ბევრი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. აზრის ხაზგასასმელად ან საკითხისთვის ნათელის მოსაფენად ის ხშირად ტექსტიდან ერთ სიტყვას ან მოკლე ფრაზას გამოყოფდა და შემდეგ მის მნიშვნელობას ხსნიდა (ებრ. 12:26, 27). ებრაელების მე-3 თავში პავლემ ციტატები მოიყვანა ფსალმუნის 95:7—11-დან. ყურადღება მიაქციე, რომ ამ მონაკვეთიდან ის კონკრეტულად შეეხო სამ საკითხს: 1) რა როლს ასრულებს გული (ებრ. 3:8—12); 2) რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა „დღეს“ (ებრ. 3:7, 13—15; 4:6—11); 3) რა იგულისხმება სიტყვებში „ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:11, 18, 19; 4:1—11). ეცადე, მის მაგალითს მიჰბაძო, როდესაც ბიბლიურ მუხლს კონკრეტული შემთხვევისთვის იყენებ.
ვნახოთ, რა ეფექტურად მსჯელობს იესო წმინდა წერილების საფუძველზე ლუკას 10:25—37-ში. ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. იესომ ჯერ თავად კანონის მცოდნეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და შემდეგ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია იმის კეთება, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ვინაიდან კანონის მცოდნემ ნათქვამის არსი მაინც ვერ გაიგო კარგად, იესომ მუხლში მოხსენიებულ მხოლოდ ერთ სიტყვაზე — „მოყვასზე“ — დაიწყო დაწვრილებით მსჯელობა. იესომ თავად კი არ განმარტა ამ სიტყვის მნიშვნელობა, არამედ იგავით დაეხმარა კანონის მცოდნეს სწორი დასკვნის გამოტანაში.
ნათელია, რომ იესოს არ ახასიათებდა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ციტატების მოყვანა წმინდა წერილებიდან. ის განიხილავდა მუხლის სიტყვებს და შემდეგ მას დასმულ შეკითხვას უსადაგებდა.
როდესაც ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ აღდგომის საკითხს, იესომ მათი ყურადღება გაამახვილა გამოსვლის 3:6-ის ერთ მონაკვეთზე, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. იესომ იმსჯელა ამ მუხლის საფუძველზე და ცხადყო, რომ ღვთის განზრახვით მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (მარ. 12:24—27).
წმინდა წერილების საფუძველზე სწორად და ეფექტურად მსჯელობის უნარი ნამდვილად დაგეხმარება დახელოვნებულ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.
-