-
ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ასე იშვიათი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
-
-
ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ასე იშვიათი?
„აშკარა დაუმორჩილებლობა ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ — იქნება ეს სასულიერო თუ საერო, სოციალური თუ პოლიტიკური — როგორც მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ფენომენი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უკანასკნელი ათლწეულის ყველაზე დამახასიათებელ მოვლენად ჩაითვალოს“.
ახლა წლებია გასული მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის 60–იან წლებში, ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ჰენა არენდტმა ზემოთ მოყვანილ სიტყვებში ათწლეული მოიხსენია და ის ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ უპატივცემულობასთან დააკავშირა, რაც დღეს სხვა დროსთან შედარებით ყველაზე მეტადაა გამოხატული.
მაგალითად, ლონდონის „ტაიმზი“ არც ისე დიდი ხნის წინათ იუწყებოდა: „ზოგი მშობელი არ სცნობს თავის შვილზე მასწავლებლების მიერ ხელმძღვანელობის გაწევის უფლებას და უკმაყოფილებას გამოხატავს, როდესაც ეს უკანასკნელნი მათი შვილების დისციპლინებას ცდილობენ“. ხშირად, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის მიმართ დისციპლინურ ზომებს მიმართავს, მშობლები სკოლაში მხოლოდ მუქარით კი არ მიდიან, არამედ მასწავლებლებზე შეტევაზეც გადადიან.
ბრიტანეთის „სკოლის დირექტორთა ეროვნული ასოციაციის“ წარმომადგენელმა აღნიშნა: «ხალხი, ჩვეულებრივ, ამბობს: „უფლება მომეცა“, ნაცვლად იმისა, რომ თქვას: „პასუხისმგებლობა დამეკისრა“ ». გარდა იმისა, რომ შვილებს ხელმძღვანელობისადმი პატივისცემას არ უნერგავენ, ზოგი მშობელი შენიშვნასაც კი არ აძლევს შვილს და სხვასაც უშლის ამის გაკეთებას. ბავშვების თქმით, მათ აქვთ „უფლება“, არად ჩააგდონ როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების უფლებამოსილება, რის შედეგის განჭვრეტაც ძნელი არ არის; ეს არის „ახალი თაობა, რომელსაც ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ არავითარი პატივისცემა არა აქვს და არც ის იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი“, — წერს ჟურნალისტი მარგარეტ დრისკოლი.
ჟურნალ „ტაიმზმა“ სტატიაში „დაკარგული თაობა“ აღნიშნა, რომ მრავალ რუს ახალგაზრდას ყველაფრისადმი რწმენა აქვს დაკარგული და მოყვანილია პოპულარული რეპვარსკვლავის სიტყვები: „როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არაფერია მდგრადი და არაფერი კეთდება პატიოსნად, ადამიანს საზოგადოების სჯეროდეს?“. ამ განაცხადს სოციოლოგი მიხეილ ტოპალოვი ადასტურებს: „ეს ახალგაზრდები უჭკუოები არ არიან. მათ ნახეს, თუ როგორ დარჩნენ მათი მშობლები სახელმწიფოსგან მოტყუებული — როგორ დაკარგეს თავიანთი დანაზოგი და სამუშაო. შეიძლება ამ ახალგაზრდებისგან ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემას მოველოდეთ?“.
მაგრამ არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობა მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვის არის დამახასიათებელი. დღეს ყველა ასაკის ადამიანები ნებისმიერ ხელმძღვანელობას ეჭვის თვალით და, შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი უყურებენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არავითარი ხელმძღვანელობა არ იმსახურებს ნდობას? სწორად განხორციელებულმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც „მართვის, სამართალდაცვისა თუ სხვათა მოქმედების აკრძალვის უფლება“ აქვს, შეიძლება დადებითი შედეგები გამოიღოს. ის შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ რატომ არის ეს ასე.
-
-
ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
-
-
ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
ვინ არ არის მადლიერი იმისათვის, რომ პოლიციას აქვს ბოროტმოქმედთა დაპატიმრების უფლება — ბოროტმოქმედთა, რომლებიც იპარავენ ჩვენს ქონებას ან საფრთხეს უქმნიან ჩვენს ოჯახს? განა არ ვაფასებთ იმას, რომ სასამართლოს დამნაშავეთა დასჯის უფლება და ამგვარად საზოგადოების დაცვის შესაძლებლობა აქვს?
შეიძლება გავიხსენოთ მომსახურების სხვა სფეროებიც, მაგალითად, გზების მოვლა, სანიტარიის დაცვა და განათლება — რისთვისაც, ჩვეულებრივ, გადასახადს უხდიან მთავრობას. ჭეშმარიტ ქრისტიანებს საუკეთესოდ ესმით, რომ დანიშნული ხელმძღვანელობის პატივისცემა მნიშვნელოვანია. მაგრამ რა დონემდე შეიძლება ასეთი პატივისცემის გამოვლენა? ან ცხოვრების რომელ სფეროებშია საჭირო ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთა მიმართ პატივისცემის გამოვლენა?
საზოგადოებრივი ხელმძღვანელობა
ბიბლია ყველა ადამიანს, მორწმუნესა თუ ურწმუნოს, მოუწოდებს, პატივი სცენ საერო ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოების საკეთილდღეოდ იღვწის. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ რომაელ თანამორწმუნეებს მისწერა ამის შესახებ; ამიტომ სასარგებლო იქნებოდა რომაელთა 13:1—7–ში მოცემული სიტყვების განხილვა.
პავლე რომის მოქალაქე გახლდათ, რომი კი იმ დროს მსოფლიო მპყრობელი იყო. მოციქულის წერილი, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 56 წელს დაიწერა, ქრისტიანებს ურჩევდა, სამაგალითო მოქალაქენი ყოფილიყვნენ. პავლე წერდა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი“ (რომაელთა 13:1—7, აფ).
პავლე აქ განმარტავს, რომ, თუ ღმერთი არ დაუშვებდა, ადამიანთა შორის არავითარი ხელისუფლება არ იარსებებდა. ამ გაგებით უმაღლეს ხელისუფალთ ღვთის განზრახვის ფარგლებში პირობითი მდგომარეობა უკავიათ. აქედან გამომდინარე, „ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას“.
მაშინ როდესაც პატიოსანმა მოქალაქეებმა შეიძლება ქება დაიმსახურონ უმაღლეს ხელისუფალთაგან, ამ უკანასკნელთ იმის უფლებამოსილებაც აქვთ, რომ დასაჯონ ბოროტმოქმედნი. ცუდი საქმეების მკეთებელთ საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, ეშინოდეთ ხელმძღვანელების, რომლებსაც უფლება აქვთ, ‘შურისმაძიებელივით’ იმოქმედონ; ამას კი მთავრობა იმიტომ აკეთებს, რომ „ღვთის მსახურია“.
პავლე მსჯელობას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკებს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ“.
აკრეფილი გადასახადების გამოყენების პასუხისმგებლობა უმაღლეს ხელისუფლებას აკისრია და არა მის გადამხდელებს. ქრისტიანი, როგორც პატიოსანი მოქალაქე, კეთილსინდისიერად მოქმედებას განაგრძობს. მან იცის, რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მორჩილებითა და სათანადო გადასახადების გადახდით არა მარტო იმ საზოგადოების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, რომელშიც თავად ცხოვრობს, არამედ ღვთის მოთხოვნების შესაბამისადაც იქცევა.
ოჯახი და ხელმძღვანელობა
რა შეიძლება ითქვას ოჯახში ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით? ბავშვი, როდესაც ჯერ კიდევ პატარაა, ხშირად შეიძლება ტირილითა და ხმის ჩახლეჩამდე ჩხავილით ყურაღდებას მოითხოვდეს. მაგრამ გონიერი მშობელი გაარჩევს, რას საჭიროებს ის სინამდვილეში და მის კაპრიზებზე არ ივლის. ზოგი ბავშვი წამოზრდის შემდეგ ნებაზეა მიშვებული და საშუალება აქვს, თავად დაადგინოს მოქმედების ნორმები. გამოუცდელობის გამო შეიძლება ასეთი ბავშვები ბოროტმოქმედებაში ან სხვა ცუდ საქმეებში ჩაითრიონ, რაც საზიანო იქნება როგორც ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისთვის, ეს კი კარგად არის ცნობილი მრავალი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
„მშობლები შვილების აღზრდას ძალიან გვიან იწყებენ, — ამბობს როსალინდ მილესი, ერთ–ერთი წიგნის ავტორი. — ეს ბავშვის დაბადებისთანავე უნდა კეთდებოდეს“. თუ მშობლები ბავშვებს თავიდანვე თბილად, მზრუნველობით ხელმძღვანელობენ და მტკიცედ მოქმედებენ, პატარები მალე დაემორჩილებიან მათ ხელმძღვანელობასა და სიყვარულიდან გამომდინარე დისციპლინურ ზომებს.
ბიბლიაში უხვად არის ოჯახში ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. წიგნში „იგავნი სოლომონისა“ სოლომონ ბრძენი ყურადღებას აქცევს შვილების აღზრდის საკითხში ღვთისმოშიში მშობლების ერთიანობას: „ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“ (იგავნი 1:8). თუ მშობლები შვილების მიმართ ასე გონივრულად და ერთობლივად მოქმედებენ, ბავშვებისთვის უცხო არ იქნება მშობლების თვალსაზრისი და ის, თუ რა მოითხოვება მათგან. ზოგჯერ შვილები ერთი მშობლის მეორის წინააღმდეგ განწყობას ცდილობენ, რათა თავიანთ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ მშობლების ერთობლივი ხელმძღვანელობა ახალგაზრდებს მრავალი რამისგან დაიცავს.
ბიბლია განგვიმარტავს, რომ ქმრებს ეკისრებათ არა მარტო თავიანთი შვილების, არამედ ცოლების სულიერი კეთილდღეობისთვის ზრუნვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა. ამას კი მეთაურობა ეწოდება. როგორ უნდა იქნეს გაწეული მეთაურობა? პავლე აღნიშნავს, რომ როგორც ქრისტეა კრების თავი, ისე მამაკაცია ცოლის თავი. შემდეგ კი დასძენს: „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია [თავისი სულიერი პატარძალი] და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:25). როდესაც მამაკაცი ქრისტეს მაგალითს ჰბაძავს და სიყვარულით მეთაურობს, ცოლისგან ‘დიდ პატივისცემას’ დაიმსახურებს (ეფესელთა 5:33, აქ). ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები დაინახავენ ღვთისგან ბოძებული ხელმძღვანელობის უფლების ფასს და სიამოვნებით დაემორჩილებიან მას (ეფესელთა 6:1—3).
როგორ შეუძლიათ მარტოხელა მშობლებს და მათ შორის მათაც, რომლებსაც მეუღლეები გარდაეცვალათ, გაუმკლავდნენ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ პრობლემას? მამები იქნებიან ისინი თუ დედები, საჭიროა, უშუალოდ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას მიმართონ. იესო ყოველთვის უფლებამოსილებით ლაპარაკობდა, რომელიც მამისგან ჰქონდა მიღებული და რომელსაც ღვთის შთაგონებით დაწერილი საღვთო წერილი ანიჭებდა (მათე 4:1—10; 7:29; იოანე 5:19, 30; 8:28).
ბიბლია მრავალ ძვირფას პრინციპს გვთავაზობს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ბავშვებს შეექმნათ. როდესაც მშობლებმა იციან, თუ სად წერია ბიბლიაში ეს პრინციპები, და იყენებენ მათ, შესაძლებლობა აქვთ, შვილებს სიყვარულით აღსავსე პრაქტიკული რჩევა მისცენ (დაბადება 6:22; იგავნი 13:20; მათე 6:33; 1 კორინთელთა 15:33; ფილიპელთა 4:8, 9). დედ–მამას შეუძლია მიმართოს ბიბლიაზე დაფუძნებულ მასალას, რომელიც სპეციალურად იმ მიზნით არის დაბეჭდილი, რომ მშობლებს დაეხმაროს, აღზარდონ შვილები, ხოლო ბავშვებს — გამოავლინონ მადლიერება საღვთო წერილის ხელმძღვანელობისადმი პატივისცემის შედეგად მოტანილი სარგებლობისთვისa.
ქრისტიანული კრება და ხელმძღვანელობა
„ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ (მათე 17:5). ეს სიტყვები თვით იეჰოვა ღმერთმა წარმოთქვა, რითაც დაადასტურა, რომ იესო ის პიროვნება იყო, რომელიც ღვთისგან ბოძებული უფლებამოსილების საფუძველზე ლაპარაკობდა. იესოს სიტყვები კი ოთხ სახარებაშია მოცემული და მათი პოვნა სავსებით ადვილად შეგვიძლია.
ზეცად ამაღლების წინ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18, აფ). იესო, როგორც კრების თავი, არა მხოლოდ თავად ადევნებდა თვალყურს თავისი ცხებული მიმდევრების ნაბიჯებს დედამიწაზე, არამედ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოფრქვევის შემდეგ ამ ცხებულებს, როგორც „ერთგულ და გონიერ მონას“, ჭეშმარიტების გადამცემ არხადაც იყენებდა (მათე 24:45—47; საქმეები 2:1—36). რა გააკეთა მან ყოველივე ამის მისაღწევად, რაც ქრისტიანული კრების განმტკიცებას მოემსახურებოდა? «ავიდა მაღლობზე. . . და ნიჭები [„ძღვენი ადამიანთა სახით“, აქ] უბოძა ადამიანს» (ეფესელთა 4:8). ამ „ძღვენს ადამიანთა სახით“ ქრისტიანი უხუცესები წარმოადგენენ, რომლებიც სულიწმიდით არიან დანიშნული და თანამორწმუნეთა სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვის ძალაუფლება აქვთ (საქმეები 20:28).
ამიტომ პავლე გვირჩევს: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას“. ვინაიდან ეს ერთგული მამაკაცები იესოს ნაკვალევს მაქსიმალურად მიჰყვებიან, რა თქმა უნდა, გონივრული იქნებოდა მათი რწმენის მიბაძვა. შემდეგ პავლე დასძენს: «მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ [„ყოველთვის გახსოვდეთ ის ძალაუფლება, რომელიც მათ თქვენზე აქვთ“, The Amplified Bible], ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის» (ებრაელთა 13:7, 17).
რა ხდება ასეთი მითითების უგულებელყოფისას? პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ზოგი წევრი სწორედ ასე მოიქცა და განდგომილი გახდა. ჰიმენევსი და ფილეტოსი ბიბლიაში მოხსენიებული არიან იმ ადამიანებად, რომლებმაც დაამსხვრიეს ზოგის რწმენა და რომელთა ფუჭ ლაპარაკსაც ‘ხალხი უღვთოებამდე მიჰყავდა’. მათი ერთ–ერთი მტკიცების თანახმად, მკვდრეთით აღდგომა უკვე მოხდა, როგორც ჩანს, ან სულიერი, ან სიმბოლური გაგებით, და ამიტომ უკვე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს აღარ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (2 ტიმოთე 2:16—18).
დანიშნული ხელმძღვანელები მხსნელები აღმოჩნდნენ. ქრისტიანმა უხუცესებმა შეძლეს მსგავსი მტკიცების გაქარწყლება, რადგან, როგორც იესო ქრისტეს წარმომადგენლებმა, საღვთო წერილის ავტორიტეტი გამოიყენეს (2 ტიმოთე 3:16, 17). იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ქრისტიანულ კრებაზეც, რომელიც ‘ჭეშმარიტების სვეტად და საფუძვლად’ არის აღწერილი (1 ტიმოთე 3:15). არასოდეს დავუშვებთ, რომ ცრუ სწავლებებმა წაბილწონ „საღი სიტყვების ნიმუში“, რომელიც ბიბლიის გვერდებზე, შესანიშნავ საიმედო ადგილას, არის შემონახული (2 ტიმოთე 1:13, 14).
მაშინ როდესაც წუთისოფელში ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა ქრება, როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვესმის, რომ ხელმძღვანელები საზოგადოებაში, ოჯახსა და ქრისტიანულ კრებაში ჩვენს სასარგებლოდ არიან დანიშნული. ხელმძღვანელების პატივისცემა აუცილებელია ჩვენი ფიზიკური, ემოციური და სულიერი კეთილდღეობისთვის. ღვთისგან დაყენებული ასეთი ხელმძღვანელობისადმი მორჩილებისა და პატივისცემის გამოვლენისათვის, ჩვენ დაგვიცავენ უდიდესი ხელმძღვანელები — იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, რაც ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება (ფსალმუნი 118:165; ებრაელთა 12:9).
[სქოლიო]
a იხილეთ წიგნები „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“; ორივე გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩანართი 5 გვერდზე]
ბიბლიაში უხვად არის ინფორმაცია ოჯახში ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
[სურათი 6 გვერდზე]
მარტოხელა მშობლებს შეუძლიათ უშუალოდ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ისარგებლონ.
[სურათები 7 გვერდზე]
ქრისტიანებს ესმით, რომ ხელმძღვანელები ოჯახში, ქრისტიანულ კრებასა და საზოგადოებაში მათსავე სასრგებლოდ არიან დანიშნული.
[საავტორო უფლება 4 გვერდზე]
Photo by Josh Mathes, Collection of the Supreme Court of the United States
-