საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ხდება ამდენი ძალმომრეობითი დანაშაული?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ივლისი 8
    • რატომ სჩადიან ისინი ამას?

      უმიზნო ძალადობის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას შეუძლებელია ერთი კონკრეტული ახსნა მოუძებნო. ზოგიერთი დანაშაულის გაგებას ძალიან ართულებს ისიც, რომ მასში ლოგიკურობის არანაირი მარცვალი არ არის. მაგალითად, რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ იმას, როცა ბოროტგანმზრახველი ქუჩაში სრულიად უცნობებს ესხმის თავს და დანით სასიკვდილო დარტყმებს აყენებს, ან როცა ვიღაცა მანქანიდან ნებისმიერ გამვლელს ცხრილავს?

      ზოგი ირწმუნება, რომ ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა ძალადობისკენ მიდრეკილება. სხვებს კი საწინააღმდეგო აზრი აქვთ. მათი თქმით, აზრს მოკლებული დანაშაულის არსებობას არ უნდა ვამართლებდეთ იმით, ვითომც ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი იყოს (იხილეთ ჩარჩო „ნუთუ განწირულნი ვართ ძალადობისთვის?“).

      სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები და გარემოებები, რომლებიც ადამიანს უაზრო და სისასტიკით გამორჩეული დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაბეჯითებითაა ნათქვამი: „შეუძლებელია, მკვლელობა საღად მოაზროვნე, ფსიქიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაიდინოს“. ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამგვარ ფორმულირებას, მაგრამ ბევრი სრულებით იზიარებს იმ აზრს, რაც ამ სიტყვებშია ჩადებული — უაზრო დანაშაულის ჩამდენი ადამიანის აზროვნება, ამა თუ იმ მიზეზის გამო, დამახინჯებულია. რაღაცამ იმდენად შეცვალა მისი განსჯის უნარი, რომ წარმოუდგენელ სისასტიკეზეც კი არ იხევს უკან. რა უბიძგებს ადამიანებს ასეთი ბოროტებისკენ? ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას.

      ოჯახის დანგრევა

      „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის კითხვას, თუ როგორი წარსულის მქონე ადამიანები სჩადიან მძიმე დანაშაულს, მარიანტო პანგანიბანმა — ფილიპინების გამოძიების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა — უპასუხა: „ეს ადამიანები დანგრეული ოჯახებიდან არიან გამოსული და მზრუნველობა და სიყვარული აკლიათ. მათ არავინ უწევს სათანადო ხელმძღვანელობას, რის გამოც ზნეობრივად კნინდებიან და სწორ გზას სცდებიან“. მრავალი მკვლევარი ამბობს, რომ აგრესიული დამნაშავეები, ჩვეულებრივ, ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილი, სადაც მშობლებსა და შვილებს შორის ცუდი ურთიერთდამოკიდებულება იყო და ძალადობას მიმართავდნენ.

      აშშ-ის ძალმომრეობით დანაშაულთა ანალიზის ეროვნულმა ცენტრმა ამას წინათ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ჩამოთვლილი ფაქტორები ისეთი ახალგაზრდების ამოცნობაში გვეხმარება, რომლებმაც შეიძლება ამა თუ იმ სახის მკვლელობა ჩაიდინონ სკოლაში. ამ ჩამონათვალში შემდეგი ოჯახური ფაქტორებიც შედიოდა: მშობლებსა და შვილებს შორის ცუდი ურთიერთდამოკიდებულება; მშობლების მხრიდან შვილების პრობლემების განჭვრეტის უუნარობა; სითბოსა და სიახლოვის ნაკლებობა; ბავშვისადმი გადამეტებული ლმობიერება, როცა ზერელედ, ან საერთოდ არ აკონტროლებენ მის საქციელს; და ბავშვის მეტისმეტი კარჩაკეტილობა, როცა ის გაორებულ ცხოვრებას ეწევა და მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან.

      ოჯახის დანგრევა მრავალი ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს საზიანოდ. ზოგი მშობელი მუდამ რაღაცით არის დაკავებული და შვილისთვის თითქმის ვერ იცლის. ათასობით ახალგაზრდა ისე გაიზარდა, რომ ზნეობრივ და სხვა საკითხებზე სწორი მიმართულება არავის მიუცია. სპეციალისტების აზრით, ასეთ გარემოში გაზრდილმა ბავშვმა შეიძლება ვერ განავითაროს სხვებთან ახლო და თბილი ურთიერთობა, რის გამოც ის ადვილად გაბედავს სხვა ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას ისე, რომ ხშირად სინდისიც არ შეაწუხებს.

      ექსტრემისტული დაჯგუფებები და საშიში სექტები

      ზოგიერთ დანაშაულს ადამიანები ექსტრემისტული დაჯგუფებებისა თუ საშიში სექტების ზემოქმედებით სჩადიან. ინდიანას შტატში (აშშ) 19 წლის შავკანიანი ბიჭი სავაჭრო ცენტრიდან სახლში ბრუნდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ტყვიით თავგახვრეტილი ეგდო ტროტუარზე. მას ესროლა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც მსხვერპლი ალალბედზე შეარჩია. რატომ ჩაიდინა ეს? მკვლელს ძალიან უნდოდა რასისტული ორგანიზაციის წევრად გახდომა და აბლაბუდის ფორმის ტატუირების გაკეთება, რაზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავდნენ ნებას, თუ შავკანიანს მოკლავდა.

      1995 წელს ნერვულ-პარალიზური გაზის გაშვება ტოკიოს მეტროში; მასობრივი თვითმკვლელობა ჯონზტაუნში (გაიანა); შვეიცარიაში, კანადასა და საფრანგეთში „მზის ტაძრის ორდენის“ სექტის 69 წევრის სიკვდილი — ყველა ეს დანაშაული სექტების შთაგონებით მოხდა. ეს შემთხვევები კარგად აჩვენებს, თუ რა ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ზოგიერთ დაჯგუფებას ხალხის აზროვნებაზე. მაცდური დაპირებებით მოზიდულ ხალხს ქარიზმატული ლიდერები „ყოვლად წარმოუდგენელ“ საქმეებს აკეთებინებენ.

      მასმედია და ძალადობა

      ზოგს მოჰყავს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ კომუნიკაციის ზოგიერთი თანამედროვე საშუალება შეიძლება აგრესიულ ქცევას უწყობდეს ხელს. ფიქრობენ, რომ სატელევიზიო გადაცემებში, კინოფილმებში, ვიდეოთამაშებსა და ინტერნეტში ასახული ძალადობის სცენების სისტემატური ყურება სინდისს აჩლუნგებს და ადამიანებს ძალმომრეობითი დანაშაულისკენ უბიძგებს. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი დენიელ ბორენშტაინი ამბობს: „დღესდღეობით უკვე არსებობს 30-წლიან კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მასმედიაში არსებულ ძალადობასა და ზოგიერთი ბავშვის აგრესიულობას შორის უშუალო კავშირი არსებობს“. შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთი კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ექიმმა ბორენშტაინმა განაცხადა: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გართობის ინდუსტრიაში წარმოდგენილი ძალადობის ნებისმიერი ფორმის სისტემატური ყურება საკმაოდ უარყოფითად აისახება ხალხის ჯანმრთელობაზე“ (იხილეთ ჩარჩო „ძალადობა კომპიუტერულ თამაშებში — ექიმის თვალსაზრისი“).

      ზემოთ ნათქვამში დასარწმუნებლად, ხშირად, კონკრეტული მაგალითები მოჰყავთ. ალბათ გახსოვთ წინა სტატიაში მოხსენიებული შემთხვევა, ბოროტმოქმედმა შეუბრალებლად რომ მოკლა ცოლ-ქმარი, რომელიც ზღვის სანაპიროზე მზის ამოსვლას უყურებდა. ბრალმდებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მკვლელს ძალადობის ამსახველი ფილმის ხშირმა ყურებამ ჩააგონა ამ დანაშაულის ჩადენა — მას მძაფრი განცდების მიღება სურდა. გაიხსენეთ, აგრეთვე, სკოლაში მომხდარი შემთხვევა, ორმა მოსწავლემ 13 ადამიანი რომ მოკლა, მერე კი თავი მოიკლეს. როგორც ამბობენ, ეს ორი ახალგაზრდა ყოველდღიურად საათობით ეჯდა ძალადობის შემცველ ვიდეოთამაშებს. გარდა ამისა, ისინი ისეთ ფილმებსაც უყურებდნენ, რომლებშიც ძალადობა და მკვლელობაა განდიდებული.

      ნარკოტიკები

      შეერთებულ შტატებში უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში თინეიჯერების მიერ ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გასამმაგდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ბანდების არსებობას — განსაკუთრებით კი ისეთი ბანდებისა, რომლის წევრებიც კრეკ-კოკაინს ეწევიან. როგორც პოლიცია იტყობინება, ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი) ბოლო დროს მომხდარი 500 მკვლელობიდან „75 პროცენტი ბანდებთან იყო დაკავშირებული“.

      გფბ-ის აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ: „ნარკოტიკების გავლენით მეტისმეტად ბევრი მკვლელობა ხდება“. ზოგი ადამიანი, ვისი აზროვნებაც ნარკოტიკების მიღებითაა დამახინჯებული, ამ ძლიერმოქმედი საშუალებებით გონებაგაბრუებული სჩადის მკვლელობას. ნარკოტიკებით მოვაჭრეები კი თავიანთი ბიზნესის დასაცავად ძალადობას მიმართავენ. ნათელია, რომ ნარკოტიკები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შემზარავი დანაშაულისკენ უბიძგებს.

      იარაღი, რომლის შოვნაც ადვილია

      როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ტასმანიაში (ავსტრალია) ერთმა ბოროტმოქმედმა 35 ადამიანი მოკლა და 19 დაჭრა. იგი სამხედრო სტილის ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული. ბევრმა დაასკვნა, რომ ამგვარი იარაღის ადვილად შოვნის შესაძლებლობა ძალმომრეობითი დანაშაულის გავრცელების ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორია.

      ერთი წყაროს თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით იაპონიაში 1995 წელს სულ 32 მკვლელობა მოხდა. უმრავლეს შემთხვევაში მკვლელიცა და მისი მსხვერპლიც დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. შეერთებულ შტატებში კი იმავე პერიოდში 15 000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით. რით უნდა აიხსნას ასეთი სხვაობა? ამას ზოგი იმით ხსნის, რომ იაპონიაში საკმაოდ მკაცრი კანონებია ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებით.

      ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავების უუნარობა

      რაიმე შემზარავი დანაშაულის შესახებ როცა იგებს, ზოგი შეიძლება ამბობს: ასეთ რამეს მხოლოდ შეშლილი თუ ჩაიდენდა! მაგრამ, მსგავსი დანაშაულის ჩამდენთაგან ყველა არ არის ფსიქიკურად დაავადებული. სამაგიეროდ, ბევრ მათგანს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება უჭირს. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ზოგიერთ პირადულ პრობლემაზე, რომლებმაც ადამიანი შეიძლება ძალადობის ჩადენამდე მიიყვანოს. ეს შეიძლება იყოს შემდეგი: სწავლისა და ათვისების ცუდი უნარი, სიძნელეები ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, ფიზიკური თუ სქესობრივი ძალადობის შედეგად მიყენებული ემოციური ჭრილობა, ანტისაზოგადოებრივი განწყობა, სიძულვილი ადამიანთა გარკვეული ჯგუფისადმი (მაგალითად, ქალებისადმი), სინდისის არქენჯნა არასწორი საქციელის ჩადენისას, და პირადი მიზნებისთვის სხვების მანიპულირების სურვილი.

      ზოგს იმდენად შთანთქავს ესა თუ ის პრობლემა, რომ მათ აზროვნებაში ცვლილებები ხდება და შეიძლება სრულიად გაუგებარი რამ ჩაიდინონ. მაგალითად მოვიყვანთ ერთი მედდის შემთხვევას, რომელსაც უზომოდ სწყუროდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. პატარა ბავშვების სხეულში მას შპრიცით შეჰყავდა კუნთების მომადუნებელი საშუალება, რაც სუნთქვის შეწყვეტას იწვევდა. შემდეგ კი სუნთქვის აღდგენაში ეხმარებოდა პატარებს და ტკბებოდა იმ აღიარებით, რომელსაც ის თითოეული ბავშვის „გადარჩენისას“ იმსახურებდა. სამწუხაროდ, მან ყველა ბავშვს ვერ აღუდგინა სუნთქვა და, საბოლოოდ, მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

  • რატომ ხდება ამდენი ძალმომრეობითი დანაშაული?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | ივლისი 8
    • [ჩარჩო 9 გვერდზე]

      ძალმომრეობითი დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები

      მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ უმიზნო დანაშაულს ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

      ოჯახის დანგრევა

      ექსტრემისტული დაჯგუფებები

      საშიში სექტები

      ძალადობის შემცველი გართობა

      ძალადობის რეალური სცენების ხშირი ყურება

      ნარკომანია

      პრობლემებთან გამკლავების უუნარობა

      იარაღის ადვილად შოვნის შესაძლებლობა

      სხვადასხვა სახის ფსიქიკური მოშლილობა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება