საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიტყვების შერჩევა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სიტყვების მრავალფეროვნება და სიზუსტე. ენაში ბევრი ლამაზი სიტყვა არსებობს. ამიტომაც ყოველგვარ სიტუაციაში ერთი და იმავე სიტყვებს ნუ გამოიყენებ. შეეცადე ლექსიკის გამდიდრებას. ამ შემთხვევაში შენი მეტყველება საინტერესოც იქნება და შინაარსიანიც. მაგრამ როგორ უნდა გაიმდიდრო სიტყვათა მარაგი?

      კითხვის დროს მონიშნე სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ზუსტად არ იცი და, თუ საშუალება გაქვს, ლექსიკონში მოძებნე. შეარჩიე მათგან რამდენიმე სიტყვა და შეეცადე გამოყენებას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა. დაუკვირდი, წარმოთქვამ თუ არა მათ სწორად და იყენებ თუ არა სათანადოდ — ისე, რომ ეს სიტყვები ადვილი გასაგები იყოს და მხოლოდ ყურადღებას არ იქცევდეს. სიტყვათა მარაგს თუ გაიმდიდრებ, შენს მეტყველებაში შესამჩნევი იქნება სიტყვების მრავალფეროვნება. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ: თუ ვინმე არასწორად წარმოთქვამს ან უადგილოდ იყენებს სიტყვებს, მსმენელმა შეიძლება იფიქროს, რომ მას თავად არ ესმის ის, რაზეც ლაპარაკობს.

      ლექსიკას ინფორმაციის უკეთ გადასაცემად ვიმდიდრებთ და არა მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. რთულად აღსაქმელი, გრძელი სიტყვების გამოყენებით მომხსენებელი მხოლოდ საკუთარ ლექსიკაზე გაამახვილებდა ყურადღებას. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მსმენელს საინტერესოდ გადავცეთ ფასდაუდებელი ინფორმაცია. გაიხსენე ბიბლიური იგავი: „ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს“ (იგავ. 15:2). შესაფერის და ადვილად გასაგებ სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, ჩვენი მოსმენა გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი იქნება და არა — მოსაწყენი და უინტერესო.

      სიტყვათა მარაგის შევსებისას ყურადღება მიაქციე სიტყვების სათანადოდ გამოყენებას. ორ სიტყვას შეიძლება თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ოდნავ მაინც განსხვავდებოდეს, რის გამოც ისინი სხვადასხვა შემთხვევაში უნდა გამოიყენო. საჭირო სიტყვების გამოყენებას თუ ისწავლი, უფრო გასაგებად ჩამოაყალიბებ აზრს და მსმენელის შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმასაც მოერიდები. მოუსმინე მათ, ვინც კარგად მეტყველებს. ზოგ ლექსიკონში თითოეულ სიტყვას სინონიმები (მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვები) და ანტონიმები (საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები) ახლავს. ამგვარად, ერთი და იმავე აზრის გამოსახატავად სხვადასხვა სიტყვას იპოვი და მათ მნიშვნელობებს შორის არსებულ მცირე განსხვავებასაც უკეთ დაინახავ. ასეთი ლექსიკონი განსაკუთრებით იმ დროს დაგეხმარება, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში აზრის ზუსტად გამოსახატავად საჭირო სიტყვის მოძებნა დაგჭირდება. შენს სიტყვათა მარაგს ახალი სიტყვა რომ შემატო, სწორად უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა, სწორად უნდა წარმოთქვამდე მას და უნდა იცოდე, რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება.

  • სიტყვების შერჩევა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სიტყვები, რომლებიც აზრს მკაფიოდ და ცოცხლად გადმოსცემს. ლექსიკის გამდიდრებას თუ ცდილობ, მხოლოდ ახალ სიტყვებს კი ნუ დაუწყებ ძებნას, არამედ განსაკუთრებული თავისებურების მქონე სიტყვების გამოყენებასაც შეეცადე. მაგალითად, გამოიყენე ზმნები, რომლებიც აზრს უფრო ძლიერად გამოხატავს, აგრეთვე ზედსართავი სახელები, რომელთა დახმარებითაც ენა ხატოვანი ხდება, და სხვა ნებისმიერი სიტყვა, რომელიც სითბოს, კეთილმოსურნეობას ან სერიოზულობას გამოხატავს.

      ბიბლიაში ხშირად არის გამოყენებული ასეთი ხატოვანი ენა. წინასწარმეტყველ ამოსის პირით იეჰოვამ თქვა: „კარგი ეძებეთ და არა ცუდი . . . შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოს. 5:14, 15). მეფე საულს წინასწარმეტყველმა სამუელმა უთხრა: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა“ (1 სამ. 15:28). იეჰოვა ეზეკიელს ისეთი სიტყვებით ელაპარაკა, რომლებსაც კაცი ადვილად ვერ დაივიწყებს: „ყველანი შუბლმაგარნი და გულქვანი არიან ისრაელის სახლში“ (ეზეკ. 3:7). ისრაელთა ცოდვების სერიოზულობის ხაზგასასმელად იეჰოვამ იკითხა: „განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რამეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ“ (მალ. 3:8). დანიელმა შთამბეჭდავად აღწერა ბაბილონში იეჰოვას თაყვანისმცემელთა რწმენის გამოცდა. მან დაწერა, რომ „ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო“, როდესაც შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ კერპს თაყვანი არ სცეს, შემდეგ კი ბრძანა, შეეკრათ ისინი და „გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ“. სიმხურვალის უკეთ აღსაწერად, დანიელმა აღნიშნა, რომ მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, „ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ ღუმელი“. ღუმელი ისე გავარვარდა, რომ მასთან მიახლოებისას მეფის კაცები დაიხოცნენ (დან. 3:19—22). სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იერუსალიმში ხალხთან ლაპარაკის დროს დიდი გრძნობა ჩააქსოვა თავის სიტყვებში: „რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათ. 23:37, 38).

      კარგად შერჩეული სიტყვები დიდხანს რჩება მსმენელს გონებაში. თუ ისეთ სიტყვებს გამოიყენებ, რომლებიც გრძნობებზე მოქმედებს, მსმენელი, ასე ვთქვათ, დაინახავს და შეეხება იმას, რაც მხედველობაში გაქვს, შეიგრძნობს მოხსენიებული საჭმლის გემოსა და სუნს, გაიგონებს აღწერილ ხმებსა და იმ ადამიანების სიტყვებს, რომლებზეც ლაპარაკობ. ის გულისყურით მოგისმენს, რადგან გონებაში ცოცხლად წარმოიდგენს შენს ნათქვამს.

      სიტყვებს, რომლებიც ცოცხლად გამოხატავს აზრს, შეუძლია გააცინოს ან აატიროს ადამიანი. სიტყვებმა შეიძლება ვინმე დააიმედოს, გულგატეხილ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნოს და შემოქმედის სიყვარული გაუღვივოს. მსოფლიოში უამრავ ადამიანს მისცა იმედი ბიბლიურ მუხლებში — მაგალითად ფსალმუნის 37:10, 11, 34-ში, იოანეს 3:16-სა და გამოცხადების 21:4, 5-ში — ჩაწერილმა სიტყვებმა.

      ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციების კითხვისას ბევრ საინტერესო სიტყვასა და ფრაზას შენიშნავ (მათ. 24:45). ყურადღება მიაქციე მათ. მონიშნე, რომელიც მოგეწონება და ლაპარაკისას გამოიყენე.

  • სიტყვების შერჩევა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სავარჯიშო: ამ კვირაში, როდესაც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის ან წიგნის შესწავლისთვის მოემზადები, მონიშნე რამდენიმე სიტყვა, რომელთა მნიშვნელობაც კარგად არ გესმის. ლექსიკონში მოძებნე ეს სიტყვები. თუ ლექსიკონი არა გაქვს, მათი მნიშვნელობა ჰკითხე ვინმეს, ვინც კარგად იცის ენა.

      სიტყვები, რომლებიც ლექსიკას გამიმდიდრებს. . .

      აზრების მრავალფეროვნად აზრების უფრო ძლიერი გრძნობით და ზუსტად გამოსახატავად და ცოცხლად გადმოსაცემად

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

      ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․ ․․․․․․․․․․․․․․

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება