საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვხარობთ, რომ იეჰოვა თავის გზას გვიჩვენებს
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მაისი
    • ვხარობთ, რომ იეჰოვა თავის გზას გვიჩვენებს

      «წრფელია [„სრულყოფილია“, აქ] ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა» (მეორე მეფეთა 22:31).

      1, 2. ა) რა მოთხოვნილება დევს ყველა ადამიანში? ბ) ვისი მაგალითის მიბაძვა იქნებოდა ჩვენთვის კარგი?

      ყველა ადამიანში დევს ხელმძღვანელობის მოთხოვნილება. დიახ, ჩვენ დახმარება გვესაჭიროება, რომ ცხოვრებაში გზა გავიკვალოთ. მართალია, იეჰოვამ გარკვეულწილად დაგვაჯილდოვა გონებითა და სინდისით, რომ დაგვხმარებოდა სწორისა და არასწორის გარჩევაში. მაგრამ საიმედო ხელმძღვანელობის გასაწევად ჩვენს სინდისს გაწაფვა სჭირდება (ებრაელთა 5:14). სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ჩვენს გონებასაც ესაჭიროება სწორი ინფორმაცია — აგრეთვე გაწაფვა ამ ინფორმაციის შესაფასებლად (იგავნი 2:1–5). ასეთ შემთხვევაშიც კი ცხოვრების გაურკვეველი სიტუაციების გამო შეიძლება მთლად სასურველი გადაწყვეტილება ვერ მივიღოთ (ეკლესიასტე 9:11). ჩვენით ვერანაირად გავიგებთ, რას მოგვიტანს მომავალი.

      2 ამ და სხვა მიზეზებით წინასწარმეტყველი იერემია წერდა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იესო ქრისტე, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, ეხმაურებოდა ხელმძღვანელობას. მან თქვა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს“ (იოანე 5:19). ამიტომ რა გონივრულია, მივბაძოთ იესოს და დახმარება ვთხოვოთ იეჰოვას, რომ მიმართულება მისცეს ჩვენს ნაბიჯებს! მეფე დავითი მღეროდა: «წრფელია [„სრულყოფილია“, აქ] ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი» (მეორე მეფეთა 22:31). თუ საკუთარი სიბრძნის მიყოლის ნაცვლად იეჰოვას გზით სიარულს ვცდილობთ, სრულყოფილი ხელმძღვანელობა გაგვეწევა. ღვთის გზის უარყოფას კი უბედურება მოაქვს.

      იეჰოვა გვიჩვენებს გზას

      3. როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა ადამსა და ევას და რა პერსპექტივებით?

      3 ყურადღება მიაქციეთ ადამისა და ევას შემთხვევას. თუმცა უცოდველები იყვნენ, მათ ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდათ. იეჰოვას არ მიუტოვებია ადამი, რომ ედემის მშვენიერ ბაღში მას თვითონ დაეგეგმა თავისთვის ყველაფერი. ნაცვლად ამისა, ღმერთმა მას დავალება მისცა. უპირველესად, ადამს ცხოველებისთვის სახელები უნდა დაერქვა. გარდა ამისა, იეჰოვამ ადამსა და ევას ხანგრძლივი მიზნები დაუსახა. ისინი უნდა დაუფლებოდნენ მთელ დედამიწას, აევსოთ ის შთამომავლებით და ეზრუნათ ცხოველებზე (დაბადება 1:28). ეს დიდ შრომას მოითხოვდა, მაგრამ, საბოლოოდ, მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა ცხოველთა სამყაროსთან ჰარმონიაში მცხოვრებ სრულყოფილ ადამიანთა მოდგმით სავსე სამოთხე. რა შესანიშნავი პერსპექტივაა! გარდა ამისა, სანამ ადამი და ევა ერთგულად ივლიდნენ იეჰოვას გზით, ურთიერთობა ექნებოდათ მასთან (შეადარეთ დაბადება 3:8). რა სასწაულებრივი უპირატესობაა შემოქმედთან მუდმივი ურთიერთობა!

      4. როგორ გამოავლინეს ადამმა და ევამ, რომ არ ენდობოდნენ იეჰოვას და არ იყვნენ ერთგულები, და რა სამწუხარო შედეგებით?

      4 პირველ წყვილს იეჰოვამ აუკრძალა ედემში არსებული კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა, რამაც კარგი შესაძლებლობა მისცა მათ, ეჩვენებინათ თავიანთი მორჩილება, ანუ სურვილი — ევლოთ იეჰოვას გზით (დაბადება 2:17). მაგრამ მალე ეს მორჩილება გამოიცადა. როდესაც სატანამ ადამსა და ევას მაცდუნებელი სიტყვებით მიმართა, მორჩილების შესანარჩუნებლად მათ იეჰოვასადმი ერთგულება უნდა გამოევლინათ და მის აღთქმებს მინდობოდნენ. სამწუხაროდ, მათ არ გააკეთეს ეს. როცა სატანამ დამოუკიდებლობა შესთავაზა ევას და ღმერთი სიცრუეში დაადანაშაულა, ის მოტყუვდა და არ დაემორჩილა ღმერთს. ცოდვაში მას ადამიც შეუერთდა (დაბადება 3:1–6; 1 ტიმოთე 2:14). ამის გამო მათ დიდებული რამ დაკარგეს. იეჰოვას გზით სიარული მისი ნების თანდათან შესრულებასთან ერთად სიხარულსაც გაუზრდიდა. ნაცვლად ამისა, მათი ცხოვრება გულგატეხილობამ და ტკივილმა მოიცვა, სანამ, საბოლოოდ, სიკვდილი არ ეწეოდა მათ (დაბადება 3:16–19; 5:1–5).

      5. რა არის იეჰოვას განზრახვა და როგორ ეხმარება ის ერთგულებს, რომ იხილონ ამ განზრახვის შესრულება?

      5 მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ შეუცვლია თავისი განზრახვა, რომ ერთ დღეს დედამიწა სრულყოფილი, უცოდველი ადამიანებისთვის სამოთხისებურ სახლად იქცეს (ფსალმუნი 36:11, 29). ის არასოდეს ტოვებს სრულყოფილი ხელმძღვანელობის გარეშე მათ, ვინც მისი გზით დადის და ამ დანაპირების შესრულების იმედი აქვს. ვისაც ყურები გვაქვს სასმენად, ჩვენ უკან იეჰოვას ხმა ისმის: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21).

      ზოგი დადიოდა იეჰოვას გზით

      6. ძველ დროში მცხოვრები რომელი ორი პიროვნება დადიოდა იეჰოვას გზით და რა შედეგით?

      6 ბიბლიის თანახმად, ადამისა და ევას შთამომავლებიდან მხოლოდ უმცირესობა დადიოდა იეჰოვას გზით. პირველი მათგანი იყო აბელი. თუმცა ნაადრევად დაიღუპა, მან იეჰოვას მოწონება დაიმსახურა და, ამგვარად, უეჭველი პერსპექტივა აქვს, წილი ჰქონდეს ღვთის მიერ დანიშნულ დროს ‘მართალთა მკვდრეთით აღდგომაში’ (საქმეები 24:15). ის იხილავს დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით იეჰოვას დიდებული განზრახვის საბოლოო შესრულებას (ებრაელთა 11:4). მეორე, ვინც იეჰოვას გზით დადიოდა, იყო ენოქი, რომლის წინასწარმეტყველებაც ამ სისტემის აღსასრულის შესახებ შემონახულია იუდას წიგნში (იუდა 14, 15). არც ენოქი მომკვდარა თავისი სიკვდილით (დაბადება 5:21–24). მაგრამ „მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა“ (ებრაელთა 11:5). სიკვდილისას, აბელის მსგავსად, მასაც მკვდრეთით აღდგომის უდავო პერსპექტივა ჰქონდა და ის მათ შორის იქნება, ვინც იეჰოვას განზრახვების შესრულებას იხილავს.

      7. როგორ გამოავლინეს ნოემ და მისმა ოჯახმა იეჰოვასადმი ერთგულება და მასზე მინდობა?

      7 იმ დროს, როცა წარღვნამდელი მსოფლიო ბოროტებაში იძირებოდა, იეჰოვასადმი მორჩილება ერთგულების უფრო და უფრო დიდი გამოცდა ხდებოდა. იმ წუთისოფლის აღსასრულისთვის მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი აღმოჩნდა იეჰოვას გზით მოსიარულე. ნოემ და მისმა ოჯახმა მოუსმინეს ღმერთს და ენდნენ მის ნათქვამს. მათ ერთგულად შეასრულეს თავიანთი დავალება და არ აჰყვნენ იმ დღეების წუთისოფლის ბოროტ ჩვევებს (დაბადება 6:5–7, 13–16; ებრაელთა 11:7; 2 პეტრე 2:5). შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ, რომ მათ ერთგული და მიმნდობი მორჩილება გამოავლინეს. ამის წყალობით, მათ წარღვნა გადაიტანეს და ჩვენი წინაპრები გახდნენ (დაბადება 6:22; 1 პეტრე 3:20).

      8. რა შედიოდა ისრაელი ერისთვის ღვთის გზით სიარულში?

      8 დროთა განმავლობაში იეჰოვამ კავშირი დაუდო ერთგული იაკობის შთამომავლებს და ისინი მის განსაკუთრებულ ერად იქცნენ (გამოსვლა 19:5, 6). იეჰოვა მათ ხელმძღვანელობას უწევდა დაწერილი რჯულის, სამღვდელოებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით უწყვეტი მითითებებით. მაგრამ ამ ხელმძღვანელობის მიყოლა ისრაელებზე იყო დამოკიდებული. იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველს ისრაელებისთვის ათქმევინა: „უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: კურთხევას — თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, შეჩვენებას — თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ“ (მეორე რჯული 11:26–28).

      რატომ მიატოვა ზოგმა იეჰოვას გზა

      9, 10. რა სიტუაციის გამო უნდა მინდობოდნენ ისრაელები იეჰოვას და განევითარებინათ მისადმი ერთგულება?

      9 როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში იყო, ისრაელები იეჰოვას მორჩილები რომ დარჩენილიყვნენ, უნდა მინდობოდნენ მას და ერთგულები ყოფილიყვნენ. ისრაელი პატარა ერი იყო, რომელსაც გარშემო მოდავე მეზობლები ჰყავდა. სამხრეთ-დასავლეთით ეგვიპტე და ეთიოპია იყო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სირია და ასურეთი, ახლომახლო — ფილისტია, ყამონი, მოაბი და ედომი. ზოგჯერ ყველა ესენი ისრაელის მტრები ხდებოდნენ. გარდა ამისა, ისინი ცრუ რელიგიას მისდევდნენ, რომელსაც ახასიათებდა კერპთაყვანისმცემლობა, ასტროლოგია, ზოგჯერ კი ძალიან უზნეო სექსუალური რიტუალები და უმოწყალოდ ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ისრაელის მეზობლები თავიანთი ღმერთებისგან დიდ ოჯახებს, უხვ მოსავალსა და ომებში გამარჯვებას მოელოდნენ.

      10 მხოლოდ ისრაელი ეთაყვანებოდა ერთ ღმერთს — იეჰოვას. მან აღუთქვა მათ, რომ, თუკი დაემორჩილებოდნენ მის კანონებს, დიდი ოჯახებითა და უხვი მოსავლით აკურთხებდა და მტრებისგან დაიცავდა (მეორე რჯული 28:1–14). სამწუხაროდ, ისრაელში ბევრმა არ გააკეთა ეს. იმათგან კი, ვინც იეჰოვას გზით დადიოდა, მრავალი ერთგულების გამო იტანჯა. თანამემამულეებმა ზოგი აწამეს, ზოგს აგინეს, ზოგი გვემეს, საპყრობილეში ჩასვეს, ჩაქოლეს და დახოცეს კიდეც (საქმეები 7:51, 52; ებრაელთა 11:35–38). რა დიდი გამოცდა უნდა ყოფილიყო ეს ერთგული ადამიანებისთვის! მაგრამ რატომ გადაუხვია ასე ბევრმა იეჰოვას გზიდან? ისრაელის ისტორიიდან ორი მაგალითი დაგვეხმარება, დავინახოთ მათი არასწორი აზროვნება.

      ახაზის ცუდი მაგალითი

      11, 12. ა) რის გაკეთება უარყო ახაზმა, როდესაც სირია ემუქრებოდა? ბ) რომელი ორი წყაროდან მოელოდა ახაზი დაცვას?

      11 ძვ. წ. მერვე საუკუნეში ახაზი სამხრეთ სამეფოს, იუდას, მართავდა. მისი მმართველობა მშვიდობიანი არ ყოფილა. ერთხელ სირიამ (არამი) და ისრაელმა, ჩრდილოეთ სამეფომ, გაილაშქრეს მის წინააღმდეგ და „შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული“ (ესაია 7:1, 2). მაგრამ, როდესაც იეჰოვამ ახაზს მხარდაჭერა და თავისი გამოცდა შესთავაზა, ახაზმა კატეგორიულად უარყო! (ესაია 7:10–12). შედეგად ამისა, იუდა ომში დამარცხდა და ბევრი ადამიანი დაკარგა (მეორე ნეშტთა 28:1–8).

      12 თუმცა ახაზმა უარყო, გამოეცადა იეჰოვა, მას სულაც არ მორიდებია, დახმარება ეთხოვა ასურეთის (აშური) მეფისთვის. მაგრამ იუდა კვლავ იტანჯებოდა მეზობლების ხელში. როდესაც ასურეთიც ახაზის წინააღმდეგ წავიდა და „შეავიწროვა იგი“, მეფე „მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო“ (მეორე ნეშტთა 28:20, 23).

      13. რა აჩვენა ახაზმა სირიის ღმერთებისთვის მიმართვით?

      13 მოგვიანებით იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18). სირიის ღმერთებისთვის მიმართვით ახაზმა აჩვენა, რამდენად შორს იყო იგი ‘სავალ გზაზე წარმართვისგან’. გარშემო მყოფი ერების აზროვნების გავლენით ის ძალიან შეცდა, რომ დაცვას, იეჰოვას ნაცვლად, მათი ცრუ წყაროებიდან მოელოდა.

      14. რატომ არ ჰქონდა ახაზს არანაირი გამართლება, როცა ცრუ ღმერთებს მიმართა?

      14 იმ ერების, მათ შორის სირიის, ღმერთები დიდი ხნის განმავლობაში ავლენდნენ, რომ „უსარგებლო ღმერთები“ იყვნენ (ესაია 2:8, აქ). მანამდე, მეფე დავითის მმართველობის დროს, როდესაც სირიელები (არამელები) დავითის მორჩილები გახდნენ, გამოაშკარავდა, რომ იეჰოვა აღემატებოდა სირიის ღმერთებს (პირველი ნეშტთა 18:5, 6). მხოლოდ იეჰოვას, „ღმერთთა ღმერთსა და მეუფეთა მეუფეს, დიდ, ძლიერ და საშინელ ღმერთს“, შეეძლო ნამდვილი უსაფრთხოებით უზრუნველყოფა (მეორე რჯული 10:17). მიუხედავად ამისა, ახაზმა ზურგი აქცია იეჰოვას და დაცვისთვის სხვა ერების ღმერთებს მიმართა. შედეგი იუდასთვის სავალალო აღმოჩნდა (მეორე ნეშტთა 28:24, 25).

      იუდაელები იერემიასთან ერთად ეგვიპტეში

      15. რა მხრივ სცოდავდნენ იერემიას დღეებში მცხოვრები იუდაელები ეგვიპტეში?

      15 თავისი ხალხის უკიდურესი ორგულობისთვის იეჰოვამ ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურებინა. ერის უმეტესი ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს, მაგრამ ზოგი, მათ შორის წინასწარმეტყველი იერემია, დატოვეს. მმართველ გედალიაჰუს მოკვლის შემდეგ ეს ჯგუფი ეგვიპტეში გაიქცა და იერემიაც თან წაიყვანა (მეოთხე მეფეთა 25:22–26; იერემია 43:5–7). იქ მათ ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს. იერემია შეაგონებდა ორგულ იუდაელებს, მაგრამ ისინი ჯიუტები იყვნენ. მათ უარი თქვეს იეჰოვასთან დაბრუნებაზე და დაიჟინეს, რომ კვლავაც „ცის დედოფალს“ უკმევდნენ საკმეველს. რატომ? იმიტომ რომ ამას აკეთებდნენ ისინი და მათი მამა-პაპა ‘იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ძღებოდნენ პურით, კარგად იყვნენ და უბედურება არ ენახათ’ (იერემია 44:16, 17). იუდაელები აგრეთვე აცხადებდნენ: „რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით“ (იერემია 44:18).

      16. რატომ ჰქონდათ ეგვიპტეში მყოფ იუდაელებს უკიდურესად მცდარი აზროვნება?

      16 ხომ კარგად უჭრიდათ მეხსიერება?! რა იყო სინამდვილეში? იუდაელები მართლა სწირავდნენ მსხვერპლს ცრუ ღმერთებს ქვეყანაში, რომელიც მათ იეჰოვამ უბოძა. ზოგჯერ, როგორც ახაზის დროს, ისინი ამ განდგომილების გამო იტანჯებოდნენ. მაგრამ იეჰოვა „სულგრძელი“ იყო თავისი მოკავშირე ხალხისადმი (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 85:15). ის მათ თავის წინასწარმეტყველებს უგზავნიდა შესაგონებლად, რომ მოენანიებინათ. ზოგჯერ, როდესაც მეფე ერთგული იყო, იეჰოვა აკურთხებდა ხოლმე მას და ამ კურთხევით ხალხიც სარგებლობდა, თუმცა მათი უმეტესობა ორგული იყო (მეორე ნეშტთა 20:29–33; 27:1–6). როგორ ცდებოდნენ ეგვიპტეში მყოფი ის იუდაელები, როცა აცხადებდნენ, რომ, რა კეთილდღეობითაც კი ხარობდნენ თავიანთ სამშობლოში, ყველაფერი ცრუ ღმერთებისგან მომდინარეობდა!

      17. რატომ დაკარგა იუდამ თავისი ქვეყანა და ტაძარი?

      17 ძვ. წ. 607 წლამდე იეჰოვა დაჟინებით მოუწოდებდა იუდაელ ხალხს: „გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი“ (იერემია 7:23). იუდაელებმა დაკარგეს თავიანთი ტაძარი და ქვეყანა, რადგან უარი თქვეს, ევლოთ ‘ყველა გზაზე, რომელიც იეჰოვამ მიასწავლა’. მოდი ნურასოდეს დავუშვებთ ასეთ საბედისწერო შეცდომას.

      იეჰოვა აკურთხებს მისი გზით მოსიარულეებს

      18. რა მოეთხოვებათ იეჰოვას გზით მოსიარულეებს?

      18 დღეს, ისევე როგორც წარსულში, იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს ერთგულებას — გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ მას ვემსახუროთ. მოითხოვს აგრეთვე მინდობას — სრულ რწმენას, რომ იეჰოვას აღთქმები საიმედოა და შესრულდება. იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს მორჩილებას — მისი კანონების მიყოლას ყოველგვარი გადახრის გარეშე და მისი მაღალი ნორმების დაცვას. „მართალია უფალი, უყვარს სიმართლე“ (ფსალმუნი 10:7).

      19. რომელ ღმერთებს ეთაყვანება დღეს მრავალი და რა შედეგით?

      19 ახაზი დაცვას სირიის ღმერთებისგან მოელოდა. ეგვიპტეში გაქცეული ისრაელები იმედოვნებდნენ, რომ „ცის დედოფალი“ — ქალღმერთი, რომლის თაყვანისცემაც ფართოდ იყო გავრცელებული ძველ შუა აღმოსავლეთში, — მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანდა მათ. დღეს მრავალი ღმერთი, პირდაპირი გაგებით, კერპი არ არის. იესო გვაფრთხილებდა გვემსახურა არა „მამონისთვის“, არამედ იეჰოვასთვის (მათე 6:24). მოციქული პავლე ლაპარაკობდა „ანგარებაზე, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5). მან აგრეთვე მოიხსენია ისინი, რომელთა ‘ღმერთი მუცელია’ (ფილიპელთა 3:19). დიახ, ფული და მატერიალური ქონება ის მთავარი ღმერთებია, რომლებსაც დღეს ეთაყვანებიან. სინამდვილეში, უმეტესობა — მათ შორის მრავალი სხვადასხვა რელიგიის წევრი — ‘მიენდო მაცდურ სიმდიდრეს’ (1 ტიმოთე 6:17). ბევრი მძიმედ შრომობს და ამ ღმერთებს ემსახურება; ზოგს უმართლებს კიდეც — ცხოვრობენ საუკეთესო სახლებში, აქვთ ძვირადღირებული ნივთები და ჭამენ მდიდრულ საჭმელებს. თუმცა ყველა არ არის ასეთ ფუფუნებაში; მათ კი, ვინც არის, საბოლოოდ, დაინახეს, რომ ამ ნივთებს არ მოაქვს მათთვის კმაყოფილება. ისინი არასაიმედო და დროებითია და არ აკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს (მათე 5:3, აქ).

      20. რა გაწონასწორებულობა უნდა შევინარჩუნოთ?

      20 რასაკვირველია, ჩვენ პრაქტიკულები უნდა ვიყოთ, რადგან ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. გონივრული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ჩვენი ოჯახები მატერიალურად უზრუნველვყოთ. მაგრამ, თუ ღვთისმსახურებაზე მეტ მნიშვნელობას ცხოვრების მაღალ დონეს, ფულს ან ასეთ რამეებს ვანიჭებთ, კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთ სახეობაში ვართ გაბმული და აღარ დავდივართ იეჰოვას გზით (1 ტიმოთე 6:9, 10). რა ვქნათ, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ან ფინანსურ თუ სხვა პრობლემებს ვაწყდებით? მოდი ნუ დავემსგავსებით ეგვიპტეში მყოფ იმ იუდაელებს, რომლებმაც თავიანთ პრობლემებში ღვთისმსახურება დაადანაშაულეს. ნაცვლად ამისა, გამოვცადოთ იეჰოვა, რის გაკეთებაც ახაზმა ხელიდან გაუშვა. ერთგულად მიმართეთ იეჰოვა ღმერთს ხელმძღვანელობისთვის. ნდობით მიჰყევით მის ხელმძღვანელობას და ლოცვით სთხოვეთ ძალა და სიბრძნე ნებისმიერი სიტუაციის მოსაგვარებლად. შემდეგ კი დარწმუნებით ელოდეთ იეჰოვას კურთხევას.

      21. რა კურთხევები აქვთ იეჰოვას გზით მოსიარულეებს?

      21 ისრაელის ისტორიის მანძილზე იეჰოვამ უხვად აკურთხა მისი გზით მოსიარულეები. მეფე დავითი მღეროდა: „უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო“ (ფსალმუნი 5:9). ომებში იეჰოვამ დაამარცხებინა მას მეზობელი ერები, რომლებიც მოგვიანებით ახაზს აწუხებდნენ. სოლომონის მმართველობის დროს ისრაელი მშვიდობითა და კეთილდღეობით იყო კურთხეული, რასაც მოგვიანებით ეგვიპტეში მყოფი იუდაელები ნატრობდნენ. ახაზის ძეს, ხიზკიაჰუს, იეჰოვამ ძლევამოსილი ასურეთიც კი დაამარცხებინა (ესაია 59:1). დიახ, იეჰოვას ხელი არ იყო მოკლე მისი ერთგული მსახურებისთვის, რომლებიც არ დაადგნენ „ცოდვილთა გზას“ და რომელთა მისწრაფებაც ღვთის რჯულში იყო (ფსალმუნი 1:1, 2). ეს დღესაც ასეა. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ იეჰოვას გზით დავდივართ? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

  • განაგრძეთ იეჰოვას გზით სიარული
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მაისი
    • განაგრძეთ იეჰოვას გზით სიარული

      „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა“ (ფსალმუნი 36:34).

      1, 2. რა შედიოდა იეჰოვას გზით სიარულში დავითისთვის და დღეს რას მოითხოვს ეს ჩვენგან?

      „მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი“ (ფსალმუნი 142:8). ქრისტიანები დღეს მთელი გულით იმეორებენ მეფე დავითის ამ სიტყვებს. მათ გულწრფელად სურთ, გაახარონ იეჰოვა და მისი გზით იარონ. რა შედის ამაში? დავითისთვის ეს ღვთის რჯულის დაცვას ნიშნავდა. ამაში შედიოდა იეჰოვაზე მინდობა და არა სხვა ხალხებთან კავშირის დადება. დიახ, ეს ნიშნავდა იეჰოვასადმი — და არა მეზობელ ხალხთა ღმერთებისადმი — ერთგულად მსახურებას. ქრისტიანებისთვის იეჰოვას გზით სიარული უფრო მეტს მოიცავს.

      2 ერთი მხრივ, იეჰოვას გზით სიარული დღეს ნიშნავს იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენას და მის აღიარებას „გზად და ჭეშმარიტებად და სიცოცხლედ“ (იოანე 3:16; 14:6; ებრაელთა 5:9). აგრეთვე ნიშნავს „ქრისტეს რჯულის“ აღსრულებას, რომელშიც შედის ერთმანეთისადმი, განსაკუთრებით კი იესოს ცხებული ძმებისადმი, სიყვარულის გამოვლენა (გალატელთა 6:2; მათე 25:34–40). იეჰოვას გზით მოსიარულეებს უყვართ მისი პრინციპები და მცნებები (ფსალმუნი 118:97; იგავნი 4:5, 6). ისინი დიდად აფასებენ ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის ძვირფას უპირატესობას (კოლასელთა 4:17; 2 ტიმოთე 4:5). ლოცვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (რომაელთა 12:12). ისინი ‘ფრთხილად იქცევიან — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი’ (ეფესელთა 5:15). აგრეთვე არავითარ შემთხვევაში არ გაიღებენ მსხვერპლად სულიერ სიმდიდრეს დროებითი მატერიალური გამორჩენის მიზნით ან უკანონო ხორციელი სიამოვნებისთვის (მათე 6:19, 20; 1 იოანე 2:15–17). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი ერთგულება და მასზე მინდობა (2 კორინთელთა 1:9; 10:5; ეფესელთა 4:24). რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სიტუაცია საკმაოდ ჰგავს ძველი ისრაელის სიტუაციას.

      მინდობისა და ერთგულების აუცილებლობა

      3. რატომ დაგვეხმარება ერთგულება, რწმენა და მინდობა, რომ იეჰოვას გზით სიარული განვაგრძოთ?

      3 ისრაელი პატარა ერი იყო; მას გარშემო მტრულად განწყობილი მეზობლები ჰყავდა, რომლებიც კერპების თაყვანისცემისას უზნეო ცერემონიებს ასრულებდნენ (პირველი ნეშტთა 16:26). მხოლოდ ისრაელი ემსახურებოდა ერთ ჭეშმარიტ და უხილავ ღმერთს, იეჰოვას, რომელიც მათგან მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას მოითხოვდა (მეორე რჯული 6:4). ასეთივე მდგომარეობაა დღესაც — მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი სცემს თაყვანს იეჰოვას; ისინი ცხოვრობენ წუთისოფელში, რომლის მოსახლეობაც თითქმის ექვსი მილიარდია და რომლის ნორმები და რელიგიური თვალსაზრისი ძალიან განსხვავდება მათი ნორმებისა და თვალსაზრისისგან. თუ იმ რამდენიმე მილიონს ვეკუთვნით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არაფერმა შეგვაცდინოს. როგორ? ამაში დაგვეხმარება იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება, რწმენა და მასზე მტკიცე მინდობა, რომ ის შეასრულებს თავის აღთქმებს (ებრაელთა 11:6). ეს დაგვიცავს, რომ არ მივენდოთ ისეთ რამეს, რის იმედიც წუთისოფელს აქვს (იგავნი 20:22; 1 ტიმოთე 6:17).

      4. რატომ არიან ხალხები „გონებადაბნელებულნი“?

      4 მოციქულმა პავლემ გვაჩვენა, როგორ უნდა განსხვავდებოდნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან, როდესაც წერდა: „ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო“ (ეფესელთა 4:17, 18). იესო არის „ნათელი ჭეშმარიტი“ (იოანე 1:9). ყოველი, ვინც უარყოფს მას ან აცხადებს, რომ სწამს ის, მაგრამ არ ემორჩილება „ქრისტეს რჯულს“, „გონებადაბნელებულია“. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას გზით იარონ, ისინი „ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი“ არიან. თუმცა, წუთისოფლის თვალსაზრისით, შეიძლება მათ საკუთარი თავი ბრძენებად მიაჩნდეთ, ისინი ‘უმეცრები’ არიან შემეცნებაში, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, — შემეცნებაში იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ (იოანე 17:3; 1 კორინთელთა 3:19).

      5. რატომ აქვს ბევრს უგრძნობი გული, მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელში ჭეშმარიტების სინათლე ანათებს?

      5 მაგრამ წუთისოფელში ჭეშმარიტების სინათლე ანათებს! (ფსალმუნი 42:3; ფილიპელთა 2:15). „სიბრძნე გარეთ მღერის“ (იგავნი 1:20). შარშან იეჰოვას მოწმეებმა მილიარდ საათზე მეტი დაუთმეს იმას, რომ მოყვასისთვის იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ემცნოთ. მათ ასიათასობით ადამიანი გამოეხმაურა. მაგრამ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ მრავალი სხვა არ გვეხმაურება? არა. პავლე ლაპარაკობდა მათს „გულქვაობაზე“. ზოგს ეგოიზმის ან ფულის სიყვარულის გამო უგრძნობი გული აქვს. სხვებზე ცრუ რელიგია ან დღეს ფართოდ გავრცელებული ქვეყნიური თვალსაზრისი მოქმედებს. მძიმე ცხოვრებამ ბევრს ღვთისთვის ზურგი შეაქცევინა. სხვები უარს ამბობენ, შეესაბამებოდნენ იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს (იოანე 3:20). შეიძლება, რომ ამ მხრივ იეჰოვას გზით მოსიარულეს გაუქვავდეს გული?

      6, 7. თუმცა იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ, რა შემთხვევებში გადაუხვიეს ისრაელებმა გზიდან და რატომ?

      6 როგორც პავლემ გვიჩვენა, ეს ძველ ისრაელს დაემართა. ის წერდა: «ეს . . . ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი. არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ“. ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა» (1 კორინთელთა 10:6–8).

      7 პავლემ ჯერ მოიხსენია შემთხვევა, როდესაც ისრაელი ოქროს ხბოს სცემდა თაყვანს სინაის მთის ძირას (გამოსვლა 32:5, 6). ეს აშკარად დაუმორჩილებლობა იყო ღვთიური მცნების მიმართ, რომლის შესრულებაზეც სულ რამდენიმე კვირით ადრე მათ თანხმობა განაცხადეს (გამოსვლა 20:4–6; 24:3). შემდეგ პავლე იხსენიებს დროს, როდესაც ისრაელი მოაბელ ქალებთან ერთად ბაალს სცემდა თაყვანს (რიცხვნი 25:1–9). ხბოს თაყვანისცემისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ ხალხი გულისთქმებს ჰყვებოდა და ‘თამაშობდა’a. ბაალის თაყვანისცემას თან ახლდა აღმაშფოთებელი სექსუალური აღვირახსნილობა (გამოცხადება 2:14). რატომ ჩაიდინეს ისრაელებმა ეს ცოდვები? იმიტომ რომ მათი გულები ‘შენატროდა ბოროტს’ — კერპთაყვანისმცემლობასა თუ მის თანმხლებ უზნეო ჩვევებს.

      8. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელის შემთხვევებიდან?

      8 პავლემ გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევებიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ. მაგრამ რა? წარმოუდგენელია, რომ ქრისტიანმა თაყვანი სცეს ოქროს ხბოს ან უძველეს მოაბელთა ღვთაებას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას უზნეობაზე ან დაუცხრომელი გულისთქმების აყოლაზე? დღეს ეს ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენს და, თუ იქამდე მივიყვანთ საქმეს, რომ მსგავსი სურვილები ჩვენს გულებში გაიზარდოს, ისინი ჩვენსა და იეჰოვას შორის ჩადგება. ამას ის მოჰყვება, რაც კერპთაყვანისმცემლობას, — ღვთისგან გაუცხოება (შეადარეთ კოლასელთა 3:5; ფილიპელთა 3:19). პავლე ამ შემთხვევების განხილვას ამთავრებს თანამორწმუნეების გაფრთხილებით: „განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14).

      დახმარება ღვთის გზით სიარულში

      9. ა) რა გვეხმარება, რომ იეჰოვას გზით სიარული განვაგრძოთ? ბ) რის მეშვეობით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’?

      9 თუ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ იეჰოვას გზით სიარული, არ ვართ მიტოვებული დახმარების გარეშე. ესაია წინასწარმეტყველებდა: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21). როგორ მოესმება ‘ჩვენს ყურებს’ ‘სიტყვა ჩვენ უკან’? რასაკვირველია, პირდაპირი გაგებით, დღეს არავის ესმის ხმა და არც არავინ ღებულობს პირადულ ცნობას ღვთისგან. ეს „სიტყვა“ ყველას ერთნაირად გვესმის. უპირველეს ყოვლისა, მას ვისმენთ ინსპირირებული საღვთო წერილის, ბიბლიის, მეშვეობით, რომელიც ღვთის აზრებსა და ადამიანებთან მისი ურთიერთობის ცნობას შეიცავს. რადგანაც ‘ღვთის ცხოვრებისგან გაუცხოებული’ წყაროებიდან ყოველდღიურად ვაწყდებით პროპაგანდას, კარგი სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ვიფიქროთ მასზე. ეს დაგვეხმარება, გავერიდოთ „ამაოებას“ და ვიყოთ ‘სრულყოფილები, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული’ (საქმეები 14:14, 15; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს აგრეთვე გაგვაძლიერებს, გაგვამაგრებს და დაგვეხმარება, ‘წარმატებით წარვმართოთ ჩვენი გზა’ (იესო ნავეს ძე 1:7, 8). იეჰოვას სიტყვა გვირჩევს: „ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ“ (იგავნი 8:32, 33).

      10. კიდევ რის მეშვეობით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’?

      10 ‘სიტყვა ჩვენ უკან‘ აგრეთვე გვესმის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომელიც ‘საზრდოს დროულად’ გვაწვდის (მათე 24:45–47). ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ეს საზრდო მოგვეწოდება, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებია; გასულ წლებში საზრდოს ეს მარაგი უხვი იყო. მაგალითად, ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ მეშვეობით უკეთ გავიგეთ წინასწარმეტყველებები. ეს ჟურნალი გვახალისებდა, მზარდი გულგრილობის მიუხედავად დაჟინებით განგვეგრძო ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე; გვეხმარებოდა, გავრიდებოდით მახეებს, და გვირჩევდა, განგვევითარებინა შესანიშნავი ქრისტიანული თვისებები. რა დიდად ვაფასებთ ამ დროულად მოწოდებულ საზრდოს!

      11. ახსენით, რომელი მესამე საშუალებით გვესმის ‘სიტყვა ჩვენ უკან’.

      11 ერთგული და გონიერი მონა საზრდოს ჩვენი რეგულარული შეხვედრების მეშვეობითაც გვაწვდის. ამაში შედის: ადგილობრივი კრების შეხვედრები, წელიწადში ორჯერ შეხვედრები რაიონის მასშტაბით და ყოველწლიური უფრო დიდი კონგრესები. რომელი ერთგული ქრისტიანი არ აფასებს ამ შეხვედრებს? ისინი მნიშვნელოვანწილად გვეხმარება იეჰოვას გზით სიარულში. რადგანაც მრავალს სამუშაოზე ან სკოლაში ბევრი დროის გატარება უწევს ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც არ იზიარებენ მათს რწმენას, ქრისტიანებთან რეგულარული ურთიერთობა, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლის გადამრჩენია. შეხვედრები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ‘წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის’ (ებრაელთა 10:24). ჩვენ გვიყვარს ძმები და მათთან ურთიერთობა (ფსალმუნი 132:1).

      12. რა აქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მოწმეებს და ახლახან როგორ გამოხატეს ეს?

      12 დღეს ასეთი სულიერი საზრდოთი გაძლიერებული თითქმის ექვსი მილიონი ადამიანი დადის იეჰოვას გზით, სხვა მილიონები კი ბიბლიას სწავლობენ, რომ გაიგონ, როგორ მოიქცნენ ასევე. გულს უტეხს ან ასუსტებს მათ ის ფაქტი, რომ დედამიწის მილიარდებისგან შემდგარ მოსახლეობასთან შედარებით ასე ცოტანი არიან? არავითარ შემთხვევაში! მათ გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც უსმინონ ‘სიტყვას მათ უკან’ და ერთგულად შეასრულონ იეჰოვას ნება. ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოსაცხადებლად 1998—1999 წლების საოლქო და საერთაშორისო კონგრესების დროს დელეგატებმა რეზოლუცია მიიღეს და თავიანთი გულწრფელი პოზიცია გამოხატეს. აი რეზოლუციის ტექსტი:

      რეზოლუცია

      13, 14. რა რეალური შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს წუთისოფელში არსებულ მდგომარეობაზე?

      13 «ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, რომლებიც შევიკრიბეთ კონგრესზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“, მთელი გულით ვეთანხმებით, რომ ღვთის გზა ცხოვრების საუკეთესო გზაა. მაგრამ გვესმის, რომ დღეს უმრავლესობა სხვა აზრის არის. ადამიანთა საზოგადოებამ მრავალი კონცეფცია, ფილოსოფია და რელიგიური იდეა შეიმუშავა იმის ასახსნელად, რა წარმოადგენს ცხოვრების საუკეთესო გზას. გულახდილები რომ ვიყოთ, კაცობრიობის ისტორია და დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობა ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტია ღვთის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია იერემიას 10:23-ში: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“.

      14 ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, კიდევ უფრო ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. ადამიანთა საზოგადოება უმეტესწილად უგულებელყოფს ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზას. ხალხი აკეთებს იმას, რაც მათს თვალშია სწორი. ამის შედეგები ტრაგიკულია — ინგრევა ოჯახები და ბავშვები ხელმძღვანელობის გარეშე რჩებიან; ადამიანებს მასიურად იტაცებს მატერიალიზმი, რაც უაზრო ცხოვრებითა და იმედგაცრუებით სრულდება; ხდება სასტიკი დანაშაულობები და ძალადობა, რომლებიც უამრავ მსხვერპლს იწირავს; ჩაღდება ეთნიკური კონფლიქტები და ომები, რომლებიც საშინელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაზე; მძვინვარებს უზნეობა, რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ეპიდემიას. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი რთული პრობლემიდან, რომლებიც ხელს უშლის ბედნიერებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

      15, 16. რა გადაწყვეტილება იყო გამოთქმული რეზოლუციაში ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზასთან დაკავშირებით?

      15 მხედველობაში იმის მიღებით, რომ კაცობრიობა სავალალო მდგომარეობაშია და ახლოვდება ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომი’, რომელსაც არმაგედონი ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16), ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას:

      16 პირველი: ვთვლით, რომ ვეკუთვნით იეჰოვა ღმერთს, რადგან თითოეულმა უსიტყვოდ მივუძღვენით მას თავი, და შევინარჩუნებთ ურყევ რწმენას გამოსყიდვის მიმართ, რომლითაც იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს, საშუალებით უზრუნველგვყო. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიაროთ ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზით, ვიმსახუროთ როგორც მისმა მოწმეებმა და დავემორჩილოთ მის უზენაესობას, რომელიც იესო ქრისტეს მმართველობით გამოიხატება.

      17, 18. რა პოზიციას დაიკავებენ იეჰოვას მოწმეები კვლავაც, რაც შეეხება ზნეობრივ ნორმებსა და ქრისტიანულ საძმოს?

      17 მეორე: კვლავაც მივყვებით ბიბლიის მაღალზნეობრივ და სულიერ ნორმებს. გადაწყვეტილი გვაქვს, მოვერიდოთ გზას, რომლითაც სხვა ხალხები დადიან თავიანთი გონების ამაოებით (ეფესელთა 4:17–19). აგრეთვე გადაწყვეტილი გვაქვს იეჰოვას წინაშე წმინდად და წუთისოფლისგან შეურყვნელად დარჩენა (იაკობი 1:27).

      18 მესამე: მტკიცედ დავიკავებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პოზიციას, როგორც მსოფლიო ქრისტიანული საძმო. შევინარჩუნებთ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და არ გავებმებით რასობრივი, ეროვნული ან ეთნიკური სიძულვილისა თუ განხეთქილების მახეში.

      19, 20. ა) რას გააკეთებენ ქრისტიანი მშობლები? ბ) როგორ დაანახვებს თითოეული ქრისტიანი კვლავაც სხვებს, რომ ქრისტეს მოწაფეა?

      19 მეოთხე: მშობლები ღვთისმოსაწონ გზაზე დავაყენებთ შვილებს. მაგალითი ვიქნებით ქრისტიანული ცხოვრებით, რაშიც შედის: ბიბლიის რეგულარული კითხვა, ოჯახური შესწავლა და ქრისტიანული კრების საქმეებსა და სამქადაგებლო მსახურებაში მთელი სულით მონაწილეობა.

      20 მეხუთე: თითოეული ვეცდებით, განვავითაროთ ის ღვთისმოსაწონი თვისებები, რომლებსაც ჩვენი შემოქმედი ავლენს, მივბაძოთ მას და ვიაროთ მისი გზებით, როგორც ამას იესო აკეთებდა (ეფესელთა 5:1). გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი ვაკეთოთ სიყვარულით, რითაც სხვებს დავანახვებთ, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ (იოანე 13:35).

      21—23. რის კეთებას განაგრძობენ იეჰოვას მოწმეები და რაში არიან ისინი დარწმუნებული?

      21 მეექვსე: დაუღალავად განვაგრძობთ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას, მოვამზადებთ მოწაფეებს, ვასწავლით ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზით სიარულს და წავახალისებთ, რომ შემდგომი მომზადება კრების შეხვედრებზე გაიარონ (მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელთა 10:24, 25).

      22 მეშვიდე: როგორც ცალკეული პირები და როგორც რელიგიური ორგანიზაცია, განვაგრძობთ ცხოვრებაში ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენებას. სახელმძღვანელოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გამოყენებით არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რითაც დავამტკიცებთ, რომ ღვთის გზა ბევრად აღემატება წუთისოფლის ნებისმიერ გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივყვეთ ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზას — მტკიცედ და ერთგულად, ახლა და მარადჟამს!

      23 ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ სრული ნდობით ვართ განმსჭვალულები იეჰოვას მიერ სიყვარულით წარმოთქმული დანაპირებისადმი, რომ ღვთის ნების აღმსრულებელი უკუნისამდე რჩება. ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ დარწმუნებული ვართ: ბიბლიური პრინციპების, რჩევებისა და შეგონების თანახმად მოქმედება საუკეთესო ცხოვრებას მოგვიტანს დღეს და შესანიშნავ საძირკველს ჩაუყრის მომავალს, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს (1 ტიმოთე 6:19; 2 ტიმოთე 4:7ბ, 8). და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეზოლუციას იმიტომ ვიღებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით!

      24, 25. რა გამოხმაურება მოჰყვა შეთავაზებულ რეზოლუციას და რა აქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას გზით მოსიარულეებს?

      24 კონგრესის ყველა დელეგატს, რომლებიც იღებთ ამ რეზოლუციას, გთხოვთ, დაადასტუროთ ეს სიტყვით „დიახ!“ »

      25 მთელ მსოფლიოში ასობით დარბაზსა და სტადიონზე გაისმა ყველა დელეგატის მხურვალე „დიახ!“. იეჰოვას მოწმეებს არ ეეჭვებათ, რომ კვლავაც იეჰოვას გზით ივლიან. ისინი სრულად ენდობიან იეჰოვას და სწამთ, რომ ის შეასრულებს თავის აღთქმებს. მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა, ისინი მისი ერთგულები რჩებიან. და მათ გადაწყვეტილი აქვთ, ქმნან მისი ნება.

      „ღმერთი ჩვენს მხარესაა“

      26. რატომ არიან ბედნიერები იეჰოვას გზით მოსიარულეები?

      26 იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ ფსალმუნმომღერლის რჩევა: „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა“ (ფსალმუნი 36:34). ისინი არც პავლეს გამამხნევებელ სიტყვებს ივიწყებენ: «თუ ღმერთი ჩვენთვის არის [„ჩვენს მხარესაა“, სსგ], ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?» (რომაელთა 8:31, 32). დიახ, თუ კვლავაც იეჰოვას გზით ვივლით, ის ‘ყველაფერს უხვად მოგვცემს მოსახმარად’ (1 ტიმოთე 6:17). ჩვენ დავდივართ იეჰოვას გზით ჩვენს ძვირფას ძმებთან და დებთან ერთად — ამაზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ვნახავთ. რადგანაც იეჰოვა ჩვენს მხარეს არის, მოდი გადაწყვეტილებით ვიყოთ აღსავსე, დავრჩეთ ამ გზაზე და მოვითმინოთ ბოლომდე, სრულად დარწმუნებულებმა, რომ მის მიერ დანიშნულ დროს ყოველი მისი დანაპირების შესრულებას ვიხილავთ (ტიტე 1:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება