„ვინ ჩადო ღრუბლებში სიბრძნე?“
„როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. ხოლო, როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება“. იესოს ეს სიტყვები, რომლებიც სახარების მწერალმა ლუკამ დაწერა, იმის მაგალითებია, თუ როგორ იგებდნენ მოსალოდნელ ამინდს ძველ პალესტინაში (ლუკა 12:54, 55). გარკვეულ სიტუაციებში, ძველ დროს მცხოვრებ ხალხს შეეძლო ამოეცნო ნიშნები და ზუსტი მოკლევადიანი პროგნოზი გადმოეცა.
დღეს მეტეოროლოგები ამინდის გრძელვადიანი პროგნოზისთვის რთულ მოწყობილობებს იყენებენ, როგორიცაა: დედამიწის ორბიტული თანამგზავრები, დოპლერის რადარი და მძლავრი კომპიუტერები. მაგრამ მათი წინასწარმეტყველება ხშირად არ მართლდება. რატომ?
ბევრი ფაქტორი ართულებს ამინდის პროგნოზის სიზუსტეს. მაგალითად, ტემპერატურის მოულოდნელმა ცვლილებებმა, ტენიანობამ, ატმოსფერულმა წნევამ, ქარის სიჩქარემ და მიმართულებამ შეიძლება გაართულოს საქმე. ამას ემატება მზის, ღრუბლებისა და ოკეანეების რთული ურთიერთქმედება, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით მეცნიერებს. ამ მიზეზის გამო ამინდის პროგნოზი არაზუსტ მეცნიერებად რჩება.
ადამიანის არასაკმარისი ცოდნა ამინდის შესახებ შეგვახსენებს შეკითხვას, რომელიც იობმა დასვა: „ვინ დაბადა ნამის წვეთები? ვისი საშოდან გამოვიდა ყინული? . . ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა? . . ვინ ჩადო გულში [„ღრუბლებში“, აქ] სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას [„ციურ მოვლენებს“, აქ] გამჭრიახობა? ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის?“ (იობი 38:28–37).
ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი ასეთია: ეს მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია და არა ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ გონიერი ადამიანები, შემოქმედის სიბრძნე ბევრად აღემატება მათსას. ნამდვილად სიყვარულის გამოვლინებაა, რომ მან თავისი სიბრძნე ბიბლიის ფურცლებზე გადმოიტანა, რათა შევძლოთ წარმატებით ცხოვრება (იგავნი 5:1, 2).