-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
დახმარება უცხოეთიდან
1953 წლის მაისში კრების დასახმარებლად აპიაში ავსტრალიელი პიონერი ცოლ-ქმარი რონალდ და ოლივ (დოლი) სელარსები ჩავიდნენ. რონი წერს: „ავსტრალიის ფილიალს დროებით გაუწყდა კავშირი სამოელ ძმებთან, რის გამოც ისინი ძალიან წუხდნენ. ძმებმა იცოდნენ, რომ მე და ჩემს მეუღლეს წყნარი ოკეანის კუნძულებზე ქადაგება გვსურდა, ამიტომ სამოას ახალჩამოყალიბებულ კრებაში სპეციალურ პიონერებად მსახურება შემოგვთავაზეს“.
რონი და დოლი სამოაში ჰიდროთვითმფრინავით ჩავიდნენ. ისინი ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ უცხო ტერიტორიისთვის ჩვეულ სირთულეებთან შესაგუებლად. რონი იხსენებს: „ასეთ საოცრებას ნამდვილად არ ველოდით! მთელი კუნძული ხშირი ტროპიკული ტყეებით იყო დაფარული; ყველგან ბედნიერ, ჯან-ღონით სავსე, მომღიმარ სახეებს ვხედავდით; ბავშვები მარჯნის ქვებით მოკირწყლულ და ჩალით გადახურულ უკედლებო სახლების გარშემო თამაშობდნენ; არავის არსად ეჩქარებოდა. თავი ნამდვილ სამოთხეში გვეგონა!“
პიონერები პელეს ოჯახში დაბინავდნენ და მაშინვე საქმეს შეუდგნენ. რონი ყვება: „თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდი ძმებს და მათ შეკითხვებს ვპასუხობდი. მათ იცოდნენ ბიბლიის ძირითადი სწავლებები, მაგრამ იეჰოვას ნორმებით რომ ეცხოვრათ, საკუთარ თავში ბევრი ცვლილება უნდა მოეხდინათ. მე და დოლის განსაკუთრებით მოთმინების გამოვლენა გვმართებდა, რომ ამ რთულ პერიოდში ძმებს მეტი სიყვარულით მოვპყრობოდით“. სამწუხაროდ, ზოგი არ შეიცვალა და ნელ-ნელა ჩამოშორდა კიდეც კრებას. სხვებმა თავმდაბლურად მიიღეს რჩევები და გამოსწორდნენ. კრება სულიერად იზრდებოდა და ძლიერდებოდა.
რონი და დოლი კარდაკარ მსახურებასაც უძღვებოდნენ. მათ ჩამოსვლამდე ძმების უმეტესობა მხოლოდ მეგობრებთან და მეზობლებთან ქადაგებდა, მაგრამ რონისთან და დოლისთან ერთად კარდაკარ ქადაგების შემდეგ, მათთვის მსახურება უფრო საინტერესო გახდა. „ერთხელ ერთ სოფელში ბელადის ოჯახში მიგვიპატიჟეს. ბელადს ძალიან აინტერესებდა ბიბლია. ის ჯერ სადილით გაგვიმასპინძლდა, მერე კი ბიბლიაზე დავიწყეთ საუბარი. ერთ საათში საუბარი საჯარო მოხსენებაში გადაიზარდა, რადგან მსმენელთა რიცხვი 50 კაცამდე გაიზარდა მაშინ, როცა მათი დაპატიჟებით თავი სულ არ შეგვიწუხებია“, — ამბობს რონი. ხშირად ორ-სამ კაციან ბიბლიის შესწავლას 10-დან 40-მდე მსმენელი ესწრებოდა, რომელთაც აინტერესებდათ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა.
იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეუმჩნეველი არც სასულიერო პირებს დარჩენიათ. როდესაც რონისა და დოლის ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრეს, რონიმ მიზეზის გარკვევა ერთ-ერთ ოფიციალურ პირთან სცადა. „ამიხსნეს, რომ მოწმეების საქმიანობის გამო ზოგმა სასულიერო პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩივრით მიმართა. მითხრეს, რომ ვიზას იმ შემთხვევაში გამიგრძელებდნენ, თუ კრებას სამქადაგებლო საქმიანობაში აღარ დავეხმარებოდი. ამ შემოთავაზებაზე, ცხადია, უარი ვთქვი. ოფიციალურ პირს ისიც ვუთხარი, რომ ღვთის საქმეს ვერავინ შეაჩერებდა. მან სიცილით მიპასუხა, ვნახოთ, რა მოხდება თქვენი წასვლის შემდეგო“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 81 გვერდზე]
რონი და დოლი სელარსები 1953 წელს გადავიდნენ სამოაში, რათა იქ ემსახურათ, სადაც მეტი საჭიროება იყო
-