საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სავაიზე სასიხარულო ცნობა ისმის

      ახლა სამოას კუნძულებს შორის ყველაზე დიდსა და ლამაზ კუნძულზე, სავაიზე გადავინაცვლოთ. კუნძულის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელია. აქ უშველებელი მთები, 450-მდე კრატერიანი ვულკანური ქედები, თითქმის გაუვალი ჯუნგლები და გაციებული ლავით დაფარული ველებია. მოსახლეობა, უმეტესწილად, სანაპირო ზოლზე მეჩხრად განლაგებულ პატარ-პატარა სოფლებში ცხოვრობს. სავაიზე სასიხარულო ცნობა პირველად 1955 წელს გაისმა. უპოლუდან ლენ ჰელბერგი და რამდენიმე მაუწყებელი მცირე ხნით ჩავიდნენ კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფილმის „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“-ს საჩვენებლად.

      ექვსი წლის შემდეგ ორ მისიონერ დას — ტია ალუნის (პირველი სამოელი, რომელმაც სკოლა „გალაადი“ დაამთავრა) და ივი კაუვეს — სთხოვეს საქადაგებლად ამერიკის სამოადან სავაიზე გადასულიყვნენ. ისინი 1961 წელს ჩავიდნენ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ ფოგაპოაში და ერთი მოხუცი ცოლ-ქმრის სახლში დაბინავდნენ. მოგვიანებით მათ დროებით შეუერთდა ერთი და, სპეციალური პიონერი, რომელიც ერთ დროს სავაიზე ცხოვრობდა. 6—8 კაციანი ჯგუფის გასამხნევებლად ძმები თვეში ერთხელ აპიადან ჩადიოდნენ და საჯარო მოხსენებებს კითხულობდნენ. ისინი პატარა სახლში იკრიბებოდნენ.

      ტიამ და ივიმ სავაიზე სამი წელი, 1964 წლამდე იმსახურეს, შემდეგ ისინი სხვა კუნძულზე გაგზავნეს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სავაიზე ქადაგება შენელებული ტემპით მიმდინარეობდა. 1974 წლის დასაწყისში მაუწყებლების დასახმარებლად იქ რამდენიმე მოწმე გადავიდა: რისატი და მარეტა სეგიები, ჰეფი და მაოტა გოელდნერ-ბარნეტები, ფაიგააი ტუ, პალოტა ალაგი, კუმი ფალემაა (მოგვიანებით ტომფსონი) და ამერიკის სამოაში ნამსახურები რონი და დოლი სელარსები. ფოგაპოაში ჩამოყალიბებული პატარა ჯგუფი ახლა, სანაპიროსთან ახლოს სეგის სახლში იკრიბებოდა. მოგვიანებით იქვე ახლოს სამეფო დარბაზი და მისიონერთა სახლი აშენდა. დროთა განმავლობაში სავაის დასავლეთ სანაპიროზე სოფელ ტაგაში კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

      1979 წლის დასაწყისში სავაიზე გაგზავნეს რობერტ და ბეტი ბოიესები, ჯონ და ჰელენ როდესები, ლევა და ტენისია ფააიუები, ფრედ და ტამი ჰოლმესები, ბრაიან და სიუ მალკაჩები, მეთიუ და დები კურტსები და ჯეკ და მერი-ჯეინ ვაიზერები. მისიონერთა გულმოდგინე შრომის შედეგად სამქადაგებლო საქმემ საგრძნობლად წაიწია წინ.

      ოჯახისა და ტრადიციის გავლენა ამ კუნძულზეც ძლიერი იყო. ყოველ მესამე სოფელში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება ეკრძალებოდათ. აკრძალვის შესახებ ზოგან რადიოთიც კი გადმოსცეს. აქედან გამომდინარე, დიდი დრო და მოთმინება სჭირდებოდა დაინტერესებულების სულიერ ზრდას. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი გამოეხმაურა ჭეშმარიტებას, მათ შორის ისინიც, ვინც სერიოზულ ავადმყოფობას ებრძოდნენ.

      იეჰოვას მსახურება ტკივილს ამსუბუქებს

      ერთ-ერთი მათგანი, ვინც ავადმყოფობის მიუხედავად იეჰოვას ემსახურებოდა, იყო მატუსელა ნერუ, რომელიც 12 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემლის სერიოზული ტრავმა მიიღო. „ტრავმის შედეგად მას კუზი ჩამოუყალიბდა, მუდმივად ტანჯავდა ტკივილები“, — იხსენებს ერთი მისიონერი. ბიბლიის შესწავლა მატუსელამ 19 წლის ასაკში დაიწყო. მას მთელი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას. ავადმყოფობის გამო კრებაზე მისვლას 5 წუთის ნაცვლად 45 წუთს ანდომებდა. ყველაფრის მიუხედავად, მატუსელა სულიერად გაიზარდა და 1990 წელს მოინათლა; ცოტა ხანში პიონერად და მერე უხუცესადაც დაიწყო მსახურება. დროთა განმავლობაში სოფელ ფაგაში მისმა 30-მა ნათესავმა დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და რამდენიმე მათგანი მოინათლა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები დღემდე არ ასვენებს, მატუსელას ყველა იცნობს, როგორც მომღიმარ და ხალისიან ადამიანს.

      კიდევ ერთი ქრისტიანი, ვინც ფიზიკურ ტკივილს უძლებს სოფელ აოპოში მცხოვრები საუმალუ ტაუაანაეა. მას კეთრმა გარეგნობა დაუმახინჯა. საუმალუ შორეულ სოფელში ცხოვრობდა და ბიბლიის შესწავლა მხოლოდ წერილებით შეეძლო, ამიტომ მას მანამდე სწერდა ივან ტომფსონი წერილებს, სანამ სავაიზე სპეციალური პიონერი, ძმა ასა კოე არ ჩავიდა. 1991 წელს სოფელ ტაგაში საუმალუ პირველად დაესწრო კრების შეხვედრას. იქამდე მანქანით მისვლას 2 საათი სჭირდებოდა.

      საუმალუს თავისი გარეგნობა ისეთ უხერხულობას უქმნიდა, რომ როდესაც პირველად სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე წავიდა, პროგრამას მანქანიდან გადმოუსვლელად უსმენდა. შესვენების დროს და-ძმებმა მიაკითხეს და თბილად მოიკითხეს. ამან მასზე ძალიან იმოქმედა. ძმებმა სთხოვეს, პროგრამა მათთან ერთად მოესმინა. გახარებულმა საუმალუმ დარჩენილი პროგრამა და-ძმების გვერდით მოისმინა.

      მალე საუმალუმ და მისმა მეუღლემ, ტორისემ კრების შეხვედრებზე ფაგაში დაიწყეს სიარული. მანქანით ორივე გზას, ისინი ორ საათზე მეტს ანდომებდნენ. 1993 წელს საუმალუ მოინათლა და მალე მომსახურე გახდა. კრების შეხვედრებზე სიარული მას მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში ქადაგება აიკრძალა, საუმალუ და ტორისე გულმოდგინედ მსახურობდნენ არაფორმალურად და ტელეფონით.

      დღეს ისინი აპიაში ცხოვრობენ, სადაც საუმალუ სისტემატიურად გადის მკურნალობის კურსს. ის ავადმყოფობას არ გაუბოროტებია, მისი ოპტიმიზმი და კარგი განწყობა არავის რჩება შეუმჩნეველი. ძლიერი რწმენის გამო მას და მის მეუღლეს დიდად აფასებენ.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • „იეჰოვა ყოველთვის პასუხობდა ჩემს ლოცვებს“

      ფაიგააი ტუ

      დაიბადა: 1932 წელს

      მოინათლა: 1964 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1965—1980 წლებში პიონერად მსახურობდა უპოლუსა და სავაის კუნძულებზე. დღეს სავაიზე ცხოვრობს.

      დაბადებიდანვე დეფორმირებული ტერფები მქონდა და ძალიან მიჭირდა სიარული.

      ვერ აგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა ჭეშმარიტება გავიგე. ძალიან მინდოდა კრების შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ ქვიან გზაზე სიარული ჩემთვის მეტისმეტად რთული იყო. კალოშებისგან მოსახერხებელი ფეხსაცმლის გაკეთება ვისწავლე, რითაც შედარებით მიადვილდებოდა სიარული.

      მონათვლის შემდეგ მალევე პიონერად დავიწყე მსახურება. 9 წელი კუნძულ უპოლუზე ვიმსახურე. შემდეგ ჩემს დასთან და სიძესთან ერთად სავაიზე გადავედი, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო. იქ ჩემს დისშვილთან, კუმი ფალემაასთან ერთად სპეციალურ პიონერად ვმსახურობდი.

      მე და კუმი ყოველ კვირა ავტობუსით მივდიოდით სოფელ ფაგადან ლატაში. ეს პატარა სოფელი სავაის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა. იქ ერთ ქალთან ვატარებდით ბიბლიის შესწავლას, შემდეგ რვა კილომეტრს გავდიოდით ფეხით სოფელ ტაგაში მეორე დაინტერესებულ ქალთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. იმ ღამეს მასთან ვრჩებოდით და დილით ავტობუსით ფაგაში ვბრუნდებოდით. ასე გრძელდებოდა 2 წელიწადს. საბედნიეროდ, ერთიც მოინათლა და მეორეც, მათ ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. დღეს ყველა მათგანი იეჰოვას აქტიური მსახურია.

      ჩემმა ნათესავებმა სავაიდან წასვლა გადაწყვიტეს, მე კი იქ დავრჩი დების პატარა ჯგუფისა და ფაგაში მცხოვრები დაინტერესებულების დასახმარებლად. ყოველკვირა ვუძღვებოდი კრებაზე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას, წიგნის შესწავლასა და კარდაკარ ქადაგებას. თვეში ერთხელ, კვირაობით, აპიადან უხუცესი ჩამოდიოდა შეხვედრის ჩასატარებლად. სოფლის ბელადი საგალობლების მღერას გვიკრძალავდა, ამიტომ შეხვედრებზე საგალობლების ტექსტს ხმამაღლა ვკითხულობდით. 5 წლის შემდეგ ჩვენი პატარა ჯგუფის დასახმარებლად ახალი ზელანდიიდან მისიონერები, ლევა და ტენისია ფააიუები ჩამოვიდნენ. დროთა განმავლობაში მათ სხვებიც მოჰყვნენ. დღეს სავაიზე ორი კრებაა, ერთი ფაგაში, მეორე კი — ტაგაში.

      დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს. ბავშვები ხშირად რჩებოდნენ ხოლმე ჩემთან. უდიდეს სიხარულს განვიცდი, როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან სულიერად „ჩემი შვილები“.

      უკვე მოვხუცდი და კარდაკარ ვეღარ ვმსახურობ. ამჟამად სახლში ვატარებ ბიბლიის შესწავლებს და ვქადაგებ მათთან, ვისაც საავადმყოფოში შევხვდები. ძალიან მაწუხებდა, რომ ბევრს ვეღარ ვმსახურობდი, და იეჰოვას ძალას ვთხოვდი. მისიონერებმა, რომლებიც ჩვენს კრებაში მსახურობენ, ტელეფონით ქადაგება მასწავლეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვა ყოველთვის პასუხობდა ჩემს ლოცვებს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება