ახალგაზრდების შეკითხვები
რა ჩავიცვა?
ლიზი* გარეთ გასასვლელად ემზადება. მშობლები ხედავენ კართან მდგომ შვილს და თვალებს არ უჯერებენ. — ეს რა ჩაგიცვამს?! — აღშფოთებას ვერ მალავს მამა. — რა პრობლემაა? — პასუხობს შეცბუნებული ლიზი. — მე ხომ მეგობრებთან ერთად საყიდლებზე მივდივარ?! — ასე ჩაცმული სახლიდან ვერ გახვალ! — ეუბნება დედა. — მაგრამ, დედა! — ბუზღუნებს ლიზი. — დღეს ყველას ასე აცვია . . . ეს მოდაშია! — ჩვენც სწორედ მაგის გამო არ მოგვწონს! — მკაცრად ეუბნება მამა. — აბრძანდი შენს ოთახში, ქალბატონო, და გამოიცვალე, თუ არადა ფეხს ვერსად გაადგამ!
* სახელები შეცვლილია.
ჩაცმულობაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ყოველთვის დავობდნენ. შენს ასაკში შესაძლოა შენს მშობლებსაც მოსდიოდათ კამათი ამ საკითხზე თავიანთ მშობლებთან. ისინიც ალბათ შენ მსგავსად გრძნობდნენ თავს. მაგრამ როლები შეიცვალა და ჩაცმულობაზე გაუგებრობები ახლა თქვენ მოგდით.
შენ ეუბნები: ჩემთვის კომფორტულია.
ისინი გეუბნებიან: ჩაფართხუნებული ხარ.
შენ ეუბნები: ძალიან მაგარია.
ისინი გეუბნებიან: გამომწვევია.
შენ ეუბნები: ნახევარ ფასში ვიყიდე.
ისინი გეუბნებიან: იმიტომაც გიფარავს ნახევარ ტანს!
როგორ შეგვიძლია ასეთი გაცხარებული კამათის შეწყვეტა? 23 წლის მეგანი გვირჩევს: „კამათს აზრი არა აქვს, მთავარია შეთანხმდეთ“. შეიძლება კი ამ დროს შეთანხმება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ 40 წლის ქალივით უნდა გეცვას? რა თქმა უნდა, არა! ეს იმას ნიშნავს, რომ შენ და შენი მშობლები ერთმანეთს გაუზიარებთ განსხვავებულ შეხედულებებს და შემდეგ შეეცდებით, მიხვიდეთ ერთ აზრამდე, რომელიც მისაღები იქნება როგორც შენთვის, ისე მათთვის. რა მხრივ იქნება ეს შენთვის სასარგებლო?
1. შენი ჩაცმულობა თანატოლებსაც მოეწონებათ.
2. მშობლები უფრო კმაყოფილები იქნებიან.
3. როცა მშობლები დაინახავენ, რომ ამ საკითხს სერიოზულად უდგები, შეიძლება მეტი თავისუფლება მოგცენ.
მოდი შევარჩიოთ ტანსაცმელი. მაღაზიაში ან ინტერნეტით ისეთი ტანსაცმელი უნდა იყიდო, რაც ნამდვილად გჭირდება.
გაითვალისწინე ბიბლიური პრინციპები
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიბლიაში ნაკლებად არის საუბარი ჩაცმულობაზე. ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს ეხება, სულ რაღაც ორ წუთში შეგიძლია წაიკითხო, თუმცა ისინი შენთვის სასარგებლო იქნება. მაგალითად:
◼ ბიბლია ქალებს მოუწოდებს, რომ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ შეიმოსონ (1 ტიმოთე 2:9, 10).a
სიტყვა „მოკრძალებამ“ შეიძლება გაგაოცოს და იკითხო: „რა, მონაზონივით უნდა მეცვას?!“. სულაც არა! ამ კონტექსტში სიტყვა „მოკრძალება“ იმაზე მიუთითებს, რომ შენი ჩაცმულობით საკუთარ თავს სცემ პატივს და სხვების გრძნობებს ითვალისწინებ (2 კორინთელები 6:3). ასეთი ტანსაცმლის შერჩევა შესაძლებელია. 23 წლის დანიელა ამბობს: „შესაფერისი ტანსაცმლის პოვნა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ექსტრავაგანტური ჩაცმულობის გარეშეც შეგიძლია თანამედროვედ გამოიყურებოდე“.
◼ ბიბლიაში ნათქვამია, რომ გარეგნობაზე მეტად მნიშვნელოვანი „შინაგანი ადამიანია“ (1 პეტრე 3:4).
გამომწვევი ჩაცმულობით შეიძლება წამიერად მიიპყრო ყურადღება, მაგრამ მხოლოდ შინაგანი სილამაზით მოიპოვებ უფროსებისა და თანატოლების პატივისცემას, რაც არ იქნება დროებითი. ნუთუ თანატოლებსაც მოეწონებათ შენი ჩაცმულობა? რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, გულის სიღრმეში მათაც არ მოსწონთ გამომწვევად ჩაცმული ადამიანები. „ძალიან მაღიზიანებს ისეთი გოგონები, რომლებიც ცდილობენ ჩაცმულობით მიიპყრონ მამაკაცების ყურადღება“, — ამბობს 16 წლის ბრიტნი. ქეითიც იმავე აზრისაა. ის თავის ყოფილ მეგობარზე ამბობს: „ყოველთვის ისე ეცვა, რომ ბიჭებს მისთვის შეეხედათ. მათი ყურადღება რომ მიეპყრო, ის რაც შეიძლება თვალში მოსახვედრად იცვამდა“.
რჩევა: მოერიდე ისეთ ჩაცმულობას, რომელიც სექსუალურობას უსვამს ხაზს. ასეთი გარეგნობით ქარაფშუტა და თვითკმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას უფრო დატოვებ. გარდა ამისა, შენი ჩაცმულობის გამო შეიძლება ვიღაცამ შეგაწუხოს ან უხეშადაც კი მოგექცეს. მოკრძალებული ჩაცმულობა უფრო მოგიხდება და შენს კარგ თვისებებსაც წარმოაჩენს.
ჰკითხე რჩევა მშობლებს
კარგი არ იქნება, თუ გამომწვევ ტანსაცმელს ჩანთით წაიღებ სკოლაში და იქ გამოიცვლი. მშობლებს მეტი ნდობა ექნებათ შენ მიმართ, თუ გულახდილი იქნები და არ დაუმალავ იმასაც კი, რაც შეიძლება მათ ვერ შეიტყონ. კარგად მოიქცევი, თუ ტანსაცმლის არჩევისას მათ აზრს გაითვალისწინებ (იგავები 15:22).
რატომ უნდა გაითვალისწინო მშობლების თვალსაზრისი? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მხოლოდ ის უნდა ჩაიცვა, რაც მათ მოსწონთ? რა თქმა უნდა, არა. მშობლებს შეიძლება ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ მათი რჩევა გამოგადგება. 17 წლის ნატალი ამბობს: „ძალიან ვაფასებ ჩემი მშობლების რჩევას, რადგან არ მინდა სახლიდან ისე გავიდე, რომ ჩემი ჩაცმულობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე და სხვებმა ჩემზე ცუდი ილაპარაკონ“.
გახსოვდეს, სანამ მშობლებთან ცხოვრობ, მათ უნდა დაემორჩილო (კოლოსელები 3:20). თუ ერთმანეთის აზრს ერთხელ მაინც გაითვალისწინებთ, გაოცდებით, რამდენად ხშირად მიხვალთ შეთანხმებამდე. შედეგად, ჩაცმულობაზე კამათი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება!
რჩევა: როცა სარკეში ჩაიხედავ, შეიძლება შენი ჩაცმულობა მოკრძალებული მოგეჩვენოს, მაგრამ შეგეძლება თუ არა იმავეს თქმა, როცა დაჯდები ან დაიხრები რამის ასაღებად? ჰკითხე რჩევა მშობელს ან მოწიფულ მეგობარს.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
a თუმცა ეს ბიბლიური მითითება ქალებს ეძლევა, ის მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაც ყურადსაღებია (იხილეთ ჩარჩო „რჩევები ბიჭებისთვის“).
დაფიქრდი
ტანსაცმლის ყიდვისას ჰკითხე საკუთარ თავს:
◼ რაზე მეტყველებს ჩემ მიერ არჩეული ტანსაცმელი?
◼ რა რეაქციას გამოიწვევს სხვებში?
◼ ნამდვილად მინდა სხვებში ისეთი რეაქცია გამოიწვიოს, რომ თავი უხერხულად ვიგრძნო?
[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]
ტესტი
მითითებები: გააკეთე ამ გვერდის ასლი. მარჯვენა სვეტი შენმა მშობლებმა შეავსონ, მარცხენა სვეტი კი შენ შეავსე. შემდეგ გადახედეთ ერთმანეთის პასუხებს და ერთად განიხილეთ. ხომ არ გაგაოცათ რამემ? რა გაიგეთ ერთმანეთის შესახებ ახალი?
შენთვის მშობლებისთვის
დაფიქრდი, როგორი ტანსაცმლის ყიდვა გინდა. დაფიქრდით, როგორი ტანსაცმლის ყიდვა უნდა თქვენს შვილს.
◼ რატომ მოგწონს შენ მიერ არჩეული ტანსაცმელი? დანომრე იმის მიხედვით, თუ რას ანიჭებ უპირატესობას.
◼როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონს თქვენს შვილს ეს ტანსაცმელი? დანომრეთ იმის მიხედვით, თუ თქვენი აზრით რას ანიჭებს ის უპირატესობას?
․․․․․ მწარმოებლის მარკა ․․․․․ მწარმოებლის მარკა
․․․․․ მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის ․․․․․ მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის
․․․․․ მოსწონთ თანატოლებს ․․․․․ მოსწონთ თანატოლებს
․․․․․ კომფორტულია ․․․․․ კომფორტულია
․․․․․ ფასი მისაღებია ․․․․․ ფასი მისაღებია
․․․․․ სხვა ․․․․․ ․․․․․ სხვა ․․․․․
◼ მშობლების რეაქცია შეიძლება ასეთი იყოს ◼ თქვენი რეაქციაა:
□ „არავითარ შემთხვევაში!“ □ „არავითარ შემთხვევაში!“
□ „არა უშავს“ □ „არა უშავს“
□ „კარგია“ □ „კარგია“
◼ ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას: ◼ ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამთ:
□ „ძალიან გამომწვევია“. □ „ძალიან გამომწვევია“.
□ „ჩაფართხუნებული ხართ“. □ „ჩაფართხუნებული ხართ“.
□ „ექსტრავაგანტურია“. □ „ექსტრავაგანტურია“.
□ „რეპუტაციას გილახავს“ □ „რეპუტაციას გილახავს“
□ „ძალიან ძვირია“ □ „ძალიან ძვირია“
□ სხვა ․․․․․ □ სხვა ․․․․․
როგორ შევთანხმდეთ?
◼ რაში გამომადგება მშობლების რჩევა? ◼ ჩვენი გემოვნების გამო ხომ არ ვუშლით შვილს ამა თუ იმ ჩაცმულობას?
․․․․․ □ დიახ □ შესაძლოა □ არა
◼ იქნებ შესაძლებელია ტანსაცმლის გადაკეთება ან ისეთი რამის მოფიქრება, რომ მოკრძალებულად გამოვიყურებოდე? ◼იქნებ შესაძლებელია ტანსაცმლის გადაკეთება ან ისეთი რამის მოფიქრება, რომ ჩვენი შვილი მოკრძალებულად გამოიყურებოდეს?
․․․․․ ․․․․․
[ჩარჩო⁄სურათები 20 გვერდზე]
შენი თანატოლები ამბობენ . . .
„არაფერია ცუდი იმაში, თუ აირჩევ ამა თუ იმ ჩაცმულობის სტილს, რომელიც არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ ნორმებს. შეგიძლია ბევრი ისეთი ტანსაცმლის არჩევა, რომელიც მოკრძალებულია და არ არის გამომწვევი“ (დერიკი).
„მოზარდობისას მინდოდა, მეტი თავისუფლება მქონოდა. არ მიყვარდა, როცა სხვები მეუბნებოდნენ, რა ჩამეცვა. თუმცა დროთა განმავლობაში გავათვითცნობიერე, რომ ვერ ვიღებდი ისეთ პატივისცემას, როგორიც მინდოდა, სანამ მშობლებისა და უფროსების აზრი არ გავითვალისწინე“ (მეგანი).
„ნაკლებად ვცემ პატივს იმ გოგონებს, რომლებიც გამომწვევად იცვამენ. მოკრძალებულად და მოხდენილად ჩაცმულ ხალხს რომ ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რომ მეც ასე ჩავიცვა“ (ნატალი).
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
რჩევები ბიჭებისთვის
ამ სტატიაში განხილული რჩევები ბიჭებსაც ეხება. იყავი მოკრძალებული. დაე შენმა „შინაგანმა ადამიანმა“ ყველას წინაშე ანათოს. ტანსაცმლის შერჩევისას ჰკითხე საკუთარ თავს: „რაზე მეტყველებს ჩემ მიერ არჩეული ტანსაცმელი? ნამდვილად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ვარ?“ გახსოვდეს, რომ შენი ჩაცმულობა შენს პიროვნებაზე მეტყველებს. ისე ჩაიცვი, როგორც ღვთის მსახურს შეეფერება.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
მშობლების საყურადღებოდ
დაფიქრდით სტატიის დასაწყისში მოყვანილ შემთხვევაზე. წარმოიდგინეთ, რომ ლიზი თქვენი ქალიშვილია და მას გამომწვევად აცვია. თქვენი აზრით, ის ნახევრად შიშველია. თქვენ დაუყოვნებლივ ეუბნებით: „აბრძანდი შენს ოთახში, ქალბატონო, და გამოიცვალე, თუ არადა ფეხს ვერსად გაადგამ!“ შესაძლოა ასეთ სიმკაცრეს კარგი შედეგი მოჰყვეს, რადგან თქვენს ქალიშვილს მეტი გზა არ ექნება. მაგრამ როგორ შეძლებთ ასწავლოთ მას, შეიცვალოს აზროვნება და არა მხოლოდ ტანსაცმელი?
◼ პირველი, გახსოვდეთ, თუ თქვენი შვილი მოკრძალებით არ ჩაიცვამს, ეს მის რეპუტაციას უფრო შელახავს, ვიდრე თქვენსას. გულის სიღრმეში თქვენს მოზარდ შვილს ნამდვილად არ სურს სულელურად გამოიყურებოდეს ან არასასურველი ყურადღება მიიქციოს. მშვიდად აუხსენით, რომ გამომწვევი ტანსაცმელი მოსაწონი არ არის და მიუღებელია.b ურჩიეთ, როგორ ჩაიცვას.
◼ მეორე, „ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „არღვევს ეს ჩაცმულობა ბიბლიურ პრინციპს თუ ჩემი გემოვნების გამო არ მომწონს?“ (2 კორინთელები 1:24). თუ მხოლოდ იმიტომ არ მოგწონთ, რომ განსხვავებული გემოვნება გაქვთ, შეგიძლიათ დათმობაზე წასვლა?
◼ მესამე, შვილთან მხოლოდ იმაზე ნუ დაიწყებთ საუბარს, თუ რა არ არის მისაღები. დაეხმარეთ მას სათანადო ტანსაცმლის შერჩევაში. ნამდვილად ღირს ამისთვის დროის დახარჯვა და ძალისხმევის მოხმარება.
[სქოლიო]
b თქვენს შვილს შესაძლოა თავის გარეგნობაში რაიმე არ მოსწონდეს, ამიტომ ფრთხილად იყავით, შენიშვნა ისე არ მისცეთ, რომ მის ნაკლს გაუსვათ ხაზი.