-
სილამაზით გატაცებაგამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
-
-
სილამაზით გატაცება
მარიაa ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცხოვრებაში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს და ოჯახშიც მოსიყვარულე ადამიანებით არის გარემოცული. მაგრამ თავს ბედნიერად არ გრძნობს. რატომ? საკუთარი გარეგნობითაა უკმაყოფილო. ოჯახის წევრები ცდილობენ მის გამხნევებას, თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ ულამაზოა. ამის გამო კი უზომოდ გულგატეხილია.
ხოსე კარგ ოჯახშია გაზრდილი და თითქოს ყველანაირი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს. მიუხედავად ამისა ჰგონია, რომ ცოლს ვერასოდეს მოიყვანს. რატომ? ფიქრობს, გარეგნობით არ გამოირჩევა და უფრო მეტიც, შეუხედავია. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ კარგი ქალი მას ყურადღებას არ მიაქცევს.
რვა წლის ლუისს უყვარს სკოლაში სიარული. ის ურთიერთობის მოყვარული ბავშვია და სიამოვნებით თამაშობს სკოლის ამხანაგებთან. მაგრამ ხშირად ტირის, რადგან ისინი გარეგნობის გამო დასცინიან. ამხანაგები ლუისს ეუბნებიან, რომ მსუქანია.
ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. იმის თქმა, რომ მარიას, ხოსესა და ლუისს უბრალოდ პირადი ღირსების გრძნობა აკლიათ, საკითხისადმი ზერელე მიდგომა იქნებოდა. ფაქტია, არავის აქვს იმის სურვილი, რომ გარეგნობის გამო უარყონ.
მაგრამ საზოგადოება გარეგნობას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხშირად წარმატება თითქოს გარეგნობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მიმზიდველი გარეგნობის ადამიანებს სამუშაოს შოვნის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ფილარ მურიედასი, ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე მცხოვრებ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ქალისთვის „კარგი გარეგნობა წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი პირობაა“. დოქტორ ლაურა მარტინეცის სიტყვების თანახმად კი, ქალებმა შესანიშნავად იციან, რომ საბოლოოდ, „გარეგნობა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს სამუშაოზე მიღებისას“.
ცხადია, ბევრი მამაკაციც საჭიროდ თვლის საკუთარი სხეულის „სრულყოფილებამდე“ დახვეწას. ორივე სქესის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი უკიდურეს ზომებს მიმართავს გასალამაზებლად. სახისა თუ სხეულის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად ისინი შიმშილსა და მტკივნეულ პროცედურებზეც არ ამბობენ უარს. მაგრამ ღირს კი ამის კეთება? ხომ არ არის ეს რაიმე საფრთხესთან დაკავშირებული?
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 3 გვერდზე]
გარეგნობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის წარმატებაზე.
-
-
სილამაზისკენ სწრაფვა — რა საშიშროებები არსებობს?გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
-
-
სილამაზისკენ სწრაფვა — რა საშიშროებები არსებობს?
რა არის ჭეშმარიტი სილამაზის შეფასების კრიტერიუმი? ზოგის აზრით, სილამაზეს ადამიანი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე აფასებს. მართლაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურასა და სხვადასხვა ეპოქაში სილამაზედ შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ ითვლებოდეს.
პროფესორის თანაშემწე, დიეტოლოგი ჯეფრი სობალი (კორნელის უნივერსიტეტი, აშშ) აღნიშნავს: „მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ადამიანის წონას თითქმის ყველგან მაღალ სოციალურ მდგომარეობასთან აიგივებდნენ. სიმსუქნე სიმდიდრისა და ჯანმრთელობის ნიშნად ითვლებოდა, სიგამხდრე კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობდა და სათანადოდ ვერ იკვებებოდა“. ეს შეხედულება აირეკლება იმ ეპოქის მრავალი მხატვრის ნამუშევრებში, სადაც მენატურეებს — უმთავრესად კი ქალებს — ჩასხმული მკლავები, ფეხები, ზურგი და თეძოები აქვთ. მრავალ ასეთ სურათზე წარმოდგენილი არიან რეალური ადამიანები, რომლებიც სილამაზის ეტალონებად იყვნენ მიჩნეული.
ასეთი შეხედულება ზოგან დღესაც გავრცელებულია, თუმცა კი სილამაზე სიმსუქნესა და სიგამხდრეზე მეტს გულისხმობს. და მაინც, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზე ზოგ კულტურაში სიმსუქნე ნამდვილად ფასობს. აფრიკის ზოგ მხარეში გასათხოვარ გოგონებს „მოსასუქებელ ფერმებში“ ამწყვდევენ, სადაც ნოყიერ საკვებს არ აკლებენ იმ მიზნით, რომ უფრო მიმზიდველები გახდნენ. ნიგერიაში არსებული ერთ-ერთი ღამის ბარის მეპატრონე ამბობს: „ჩვეულებრივ, აფრიკელი ქალები ჩასხმულები არიან . . . ამაშია მათი სილამაზე. ასეა ჩვენს კულტურაში“. სიმსუქნეს, როგორც სიმდიდრისა და კეთილდღეობის ნიშანს, ბევრ ლათინურამერიკულ ქვეყანაშიც აფასებენ.
ბევრ სხვა ქვეყანაში კი სრულიად საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვთ. რატომ? ზოგის აზრით, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებამ ხელი შეუწყო საკვები პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციას, რამაც საზოგადოების დაბალი ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა საკვები, რითაც ადრე მხოლოდ მდიდრები იკვებებოდნენ. ამის შედეგად, ხალხმა სიმსუქნისადმი ინტერესი დაკარგა. აგრეთვე ზოგ რელიგიურ მიმდინარეობაში ჭარბი წონა ღორმუცელობას დაუკავშირდა, რამაც სიმსუქნეს უარყოფითი ელფერი შესძინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია სიმსუქნით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მეცნიერულმა აღმოჩენებმა. ამ და სხვა ფაქტორებმა დიდი როლი ითამაშა სილამაზეზე ხალხის შეხედულების შეცვლაში, რის შედეგადაც უკვე ათწლეულებია, რაც მსოფლიოში უპირატესობა სიგამხდრეს ენიჭება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ასეთი თვალსაზრისის განვითარებას. გამხდარი, ათლეტური აღნაგობის ადამიანებს ხშირად ვხედავთ სარეკლამო დაფებსა და სატელევიზიო რეკლამებში, სადაც მათი გარეგნობა მიღწევებთან და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული. ამავეს თქმა შეიძლება სატელევიზიო პროგრამების პოპულარულ წამყვანებისა და კინოვარსკვლავების შესახებაც.
რა გავლენას ახდენს ეს ჩვეულებრივ ადამიანებზე, მათ შორის ახალგაზრდებზე? არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც საკუთარი სხეულის შესახებ ადამიანის თვალსაზრისს ეხებოდა, აღნიშნული იყო: „ამერიკელ გოგონებს სკოლის დამთავრების პერიოდისთვის საშუალოდ 22 000 საათი აქვთ გატარებული ტელეეკრანთან“. ამ დროის განმავლობაში კი უმეტესწილად მომხიბლავი ქალების „სრულყოფილ“ სხეულებს უყურებენ. ამავე სტატიაში ნათქვამია: „ასეთი სცენების ყურების შედეგად, ქალები იდეალურ სხეულს პრესტიჟთან, ბედნიერებასთან, სიყვარულთან და წარმატებასთან აკავშირებენ“. მაშ გასაკვირი სრულებითაც არ არის ის, რომ მოდელების სურათებით დამშვენებული ჟურნალის დათვალიერების შემდეგ გამოკითხულ გოგონათა 47 პროცენტმა აუცილებლად ჩათვალა, წონაში დაეკლო, მაშინ როცა მათგან მხოლოდ 29 პროცენტს ჰქონდა ჭარბი წონა.
სილამაზის შესახებ ხალხის თვალსაზრისზე მოდის ინდუსტრიაც ახდენს დიდ ზეგავლენას. ჯენიფერი, ვენესუელელი მოდელი, რომელიც მეხიკოში მუშაობს ამბობს: „სამუშაოზე ის გევალება, რომ კარგად გამოიყურებოდე. დღეს კი ამისთვის სიგამხდრეა აუცილებელი“. ფრანგი მოდელი, სახელად ვანესა, აღნიშნავს: „სხვები იმდენად არ მოითხოვენ შენგან სიგამხდრეს, რამდენადაც შენვე მოითხოვ საკუთარი თავისგან. დღეს ეს საყოველთაო ტენდენციაა“. გამოკითხულ გოგონათა 69 პროცენტმა აღიარა, რომ ჟურნალებში დაბეჭდილ მოდელთა სურათების ზეგავლენით განუვითარდათ თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა ითვლება ლამაზ სხეულად.
მათ რიცხვს, ვისზეც გავლენას ახდენს „იდეალური გარეგნობის“ ცნება, მხოლოდ ქალები არ მიეკუთვნებიან. მეხიკოში გამომავალ გაზეთ „უნივერსალში“ აღნიშნული იყო, რომ „მამაკაცებისთვის ბაზარზე არასდროს ყოფილა თავის მოვლისთვის განკუთვნილი ასეთი მრავალფეროვანი პროდუქცია“.
„სრულყოფილი გარეგნობა“ — მოჰყვება მისკენ სწრაფვას კარგი შედეგები?
„სრულყოფილი გარეგნობისკენ“ სწრაფვა ან უბრალოდ იმის სურვილი, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ბევრს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებისკენ აღძრავს. პლასტიკური ქირურგიის მიერ გაწეული სამსახური სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ხდება. როგორ წარმოიშვა პლასტიკური ქირურგია?
ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე მეთოდებს ომში დასახიჩრებულთათვის დახმარების გაწევის მცდელობით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ჩაეყარა საფუძველი. იმ დროიდან მოყოლებული, იგივე მეთოდები ფასდაუდებელი საშუალება აღმოჩნდა დამწვრობით გამოწვეული სერიოზული დაზიანებების, სხვადასხვა სახის ტრავმისა და თანდაყოლილი ნაკლის გასასწორებლად. მაგრამ, როგორც „ბრიტანიკა“ აღნიშნავს, პლასტიკურ ოპერაციებს ხშირად „მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობის გასაუმჯობესებლად იკეთებენ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები“. მაგალითად, დღესდღეობით შესაძლებელია, ცხვირის ფორმის შეცვლა, ყელსა და სახეზე კანის გადაჭიმვა, ყურების დაპატარავება, მუცლიდან და ბარძაყებიდან ცხიმის ამოღება, სხეულის ზოგიერთი ნაწილის გაზრდა და თუნდაც ჭიპის გალამაზება.
რა შეიძლება ითქვას ჯანმრთელ ადამიანებზე, რომლებიც გარეგნობის გაუმჯობესების მიზნით თავს საფრთხეში იგდებენ? რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ ისინი? მექსიკის პლასტიკური, ესთეტიკური და აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის ხელმძღვანელი ანხელ პაპადოპულოსი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ასეთი ოპერაციები კეთდება არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ, რაც უამრავ გართულებას იწვევს. არის კლინიკები, სადაც პაციენტთათვის ფიგურის გასალამაზებლად საშიშ პრეპარატებს იყენებენ. 2003 წლის დასაწყისში ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სილამაზის სალონებში არსებულმა არაჯანსაღმა პირობებმა სკანდალი გამოიწვია კანარის კუნძულებზე, სადაც სახიფათო ოპერაციების შედეგად ასობით ქალი დაზარალდაa.
მამაკაცებიც შეიძლება გაებან „სრულყოფილი გარეგნობისკენ“ სწრაფვის მახეში. ზოგი საათობით ვარჯიშობს სპორტულ დარბაზში და, ფაქტობრივად, მთელ თავისუფალ დროს საკუთარი სხეულის კორექციასა და კუნთების განვითარებას უძღვნის. «საბოლოოდ, — როგორც ჟურნალ „მილენიოშია“ აღნიშნული, — ისინი ვარჯიშის გამო სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ სხვა საქმეებს და ხალხთან ურთიერთობას». კუნთების გასაზრდელად ბევრი პრეპარატების მიღებას იწყებს. ასეთი პრეპარატები, სტეროიდების ჩათვლით, შეიძლება ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს.
საკუთარ გარეგნობაზე მეტისმეტი ზრუნვის შედეგად ზოგი გოგონა ბულიმიითა და ანორექსიით ავადდება. ზოგი გასახდომ საშუალებებს მიმართავს, რომელთა გამოყენებასაც, როგორც ამბობენ, მცირე დროში განსაცვიფრებელი შედეგები მოაქვს, მაგრამ ეს საიმედო სამედიცინო დაწესებულებების მიერ დადასტურებული არ არის. ასეთი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
გარეგნობაზე მეტისმეტმა ზრუნვამ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტი ზიანიც კი მოუტანოს ადამიანს. დოქტორი კატრინ ფილიპსი (ბრაუნის უნივერსიტეტი, აშშ) ამბობს, რომ მათ, ვინც მეტისმეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, შეიძლება დისმორფოფობიის სახელწოდებით ცნობილი ფსიქიკური მოშლილობა განუვითარდეთ, რომლის დროსაც ადამიანი ფიქრობს, რომ ესა თუ ის ნაკლი აქვს, რის გამოც მუდმივად იტანჯება. ასეთი მდგომარეობა 50 ადამიანიდან 1-ს მაინც ემუქრება. ამ დროს „ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი საკუთარ სიმახინჯეში, რომ მეგობრებისგან და ახლობლებისგანაც კი ირიყებიან. მათ შეიძლება დეპრესია განუვითარდეთ და თვითმკვლელობის სურვილიც კი გაუჩნდეთ“, — ამბობს დოქტორი ფილიპსი. მას მაგალითად მოჰყავს სასიამოვნო გარეგნობის გოგონას შემთხვევა. მაშინ როცა გოგონას სახეზე მხოლოდ უმნიშვნელო გამონაყარი შეენიშნებოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ სახე მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა. მერვე კლასში მან უარი თქვა სკოლაში სიარულზე, რათა არავის დაენახა.
განა იმდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, რომ „სრულყოფილ გარეგნობას“ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა შეეწიროს? იქნებ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი სილამაზე, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოთ?
[სქოლიო]
a ქრისტიანებისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება პირადი არჩევნის საკითხია. და მაინც, გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორები. საფუძვლიანი გამოკვლევისთვის იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 სექტემბრის ნომერი, გვერდები 27—29.
[ჩანართი 5 გვერდზე]
გოგონათა 69 პროცენტს ჟურნალებში დაბეჭდილ მოდელთა სურათების ზეგავლენით განუვითარდა თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა ითვლება ლამაზ სხეულად.
[სურათი 4 გვერდზე]
ხალხს რეკლამა კარნახობს, თუ რა ითვლება ფიზიკურ სილამაზედ.
[სურათი 6 გვერდზე]
არასაჭირო პლასტიკური ოპერაციებით ზოგი საკუთარ თავს ზიანს აყენებს.
[სურათები 7 გვერდზე]
ზოგი თავს არ ზოგავს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს.
-
-
როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
-
-
როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?
ადამიანებს სიამოვნებთ მათთან ყოფნა, ვისაც მიმზიდველად თვლიან. მაგრამ სინამდვილეში რა ხდის ადამიანს მიმზიდველს? ჩვენ ხომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, რომ დიდი რისკის გაწევის გარეშე მემკვიდრეობით მიღებული თავისებურებები შევცვალოთ? გარდა ამისა, ფიზიკური სილამაზე წარმავალია, რადგან სიბერისა და ავადმყოფობის სავალალო შედეგებს დღეს ვერავინ გაექცევა. არსებობს თუ არა სხვა სახის სილამაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და რეალურია?
მნიშვნელოვანია შინაგანი სილამაზე
ბიბლია გვარწმუნებს, რომ შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან სილამაზეს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი სამუელი იესეს ვაჟებიდან ისრაელის მეფის ასარჩევად გაგზავნა, წინასწარმეტყველმა ყურადღება ელიაბს მიაქცია, რადგან ის გარეგნობით გამოირჩეოდა. „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული“, — თქვა სამუელმა. მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:6, 7).
იეჰოვამ მეფედ უმცროსი ვაჟი, დავითი, ამოირჩია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ დავითს „ლამაზი თვალები“ ჰქონდა, ის, ალბათ, უფროსი ძმებივით შთამბეჭდავი გარეგნობის არ იყო. მიუხედავად ამისა, „ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს“. მართალია, ის არასრულყოფილი იყო და სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ კეთილი გულით გამოირჩეოდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას (1 მეფეთა 16:12, 13). უეჭველია, ღმერთს უპირველესად მისი შინაგანი სილამაზე მოსწონდა.
ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ დავითის ერთ–ერთი ვაჟის, აბესალომის, მაგალითი. ის არ გამოდგა კარგი პიროვნება მიუხედავად იმისა, რომ კარგი გარეგნობის იყო. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ლამაზი კაცი, როგორც აბესალომი და ისეთი ქებული, როგორც ის, თხემით ტერფამდე უნაკლო იყო“ (2 მეფეთა 14:25). აბესალომი ამბიციურობამ აღძრა, საკუთარი მამის წინააღმდეგ ამბოხებულიყო, რათა თვითონ ასულიყო ტახტზე. ის მამის ხარჭებთანაც კი წვებოდა. შედეგად, აბესალომმა თავს ღვთის რისხვა დაიტეხა და წამებით მოკვდა (2 მეფეთა 15:10—14; 16:13—22; 17:14; 18:9, 15).
მიმზიდველ პიროვნებად ჩათვლიდით აბესალომს? ცხადია არა. თუ ყველაფერს მხედველობაში მივიღებთ, ის უარყოფითი პიროვნება იყო. მისმა განსაცვიფრებელმა ფიზიკურმა გარეგნობამ, ვერც მისი ქედმაღლობა და ორგულობა გადაფარა და ის ვერც დაღუპვას გადაარჩინა. მეორე მხრივ, ბიბლიაში მრავალი მაგალითია მოცემული იმ გონიერ და მიმზიდველ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა გარეგნობის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ცხადია, უმთავრესი მათი შინაგანი სილამაზე იყო.
შინაგანი სილამაზე მიმზიდველია
შესაძლებელია, რომ შინაგანი სილამაზე მიმზიდველი იყოს სხვებისთვის? ხეორხინა, რომელიც თითქმის ათი წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად მიზიდავს ჩემი ქმრის პიროვნება, რადგან ის პატიოსანია და გულწრფელია ჩემდამი. მისთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ღვთის მოსაწონად მოიქცეს. ამან კი ყურადღებიანი და მოსიყვარულე გახადა. ანგარიშს მიწევს, როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს და მაგრძნობინებს, რომ მაფასებს. ვიცი, რომ ნამდვილად ვუყვარვარ“.
დანიელი, რომელიც 1987 წელს დაქორწინდა, ამბობს: „ნამდვილად მოხიბლული ვარ ჩემი მეუღლის სილამაზით. ის მხოლოდ გარეგნობით კი არ მხიბლავს, არამედ სულ უფრო მეტად მაყვარებს თავს პიროვნული თვისებებით. ის ყოველთვის ფიქრობს და ზრუნავს სხვებზე. ჩემს მეუღლეს ძვირფასი ქრისტიანული თვისებები აქვს და ამის გამო დიდ სიამოვნებას მანიჭებს მასთან ცხოვრება“.
მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ზედაპირულობას, რომელიც ქვეყნიერებისთვის არის დამახასიათებელი და შევეცადოთ იმაზე მეტის დანახვას, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უნდა გვესმოდეს, რომ გარეგნობის მაქსიმალურად დახვეწა ძნელია, თუ საერთოდ შესაძლებელია და გარეგნობას არც იმდენად დიდი ფასი აქვს. დადებითი თვისებების განვითარება კი, რაც პიროვნებას ჭეშმარიტად ალამაზებს, შესაძლებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში მოცემულია შემდეგი შედარება, რომელიც გამაფრთხილებელია ჩვენთვის: „რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს“ (იგავები 11:22, აქ; 31:30).
ღვთის სიტყვა გვეხმარება, დავაფასოთ ‘შინაგანი ადამიანი, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით’ (1 პეტრე 3:4). ასეთი შინაგანი სილამაზე მართლაც რომ ფიზიკურ სილამაზეზე მნიშვნელოვანია და თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელია მისი სულ უფრო მეტად დახვეწა.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
დადებითი თვისებები ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებასა და პლასტიკურ ოპერაციაზე მეტად გაგალამაზებთ.
-