-
ელიას ჰუტერის ბიბლიის შეუდარებელი თარგმანისაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
-
-
„ჩინებულად შესრულებული თარგმანი“
1587 წელს გამოცემული ჰუტერის ბიბლიის თავფურცელი
1587 წელს ჰუტერმა ებრაულ ენაზე გამოსცა ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმა, რომელსაც „დერექ ჰა კოდეში“ უწოდა. ეს ებრაული სიტყვები ესაიას 35:8-დანაა აღებული და ითარგმნება, როგორც „სიწმინდის გზა“. ამ ნაშრომით და მასში გამოყენებული ლამაზი შრიფტით მოხიბლულმა ერთმა მკითხველმა ასეთი სიტყვები თქვა: „ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ეს არის ჩინებულად შესრულებული თარგმანი“. ბიბლიის ეს თარგმანი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ სტუდენტებს უადვილებდა ებრაული ენის შესწავლას.
იმის გასაგებად, თუ რატომ იყო ჰუტერის ბიბლია ენის შესწავლის კარგი საშუალება, განვიხილოთ ორი ძირითადი სირთულე, რასაც ებრაული ენის შესწავლის მსურველები აწყდებოდნენ. პირველი სირთულე განსხვავებული ანბანი იყო (ებრაული მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება), მეორე კი — სიტყვის თავსართი და ბოლოსართი, რაც ართულებდა ფუძის განსაზღვრას. მაგალითად, ავიღოთ ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ (נפשׁ), რაც ნიშნავს „სულს“. ეზეკიელის 18:4-ში ამ სიტყვას დართული აქვს თავსართი „ჰა“ (ה), რაც ქმნის შედგენილ სიტყვას „ჰანეფეშ“ (הנפשׁ). ამიტომ, თუ მკითხველს თვალი არ ჰქონდა გაწაფული, შეიძლებოდა ეს უკანასკნელი სულ სხვა სიტყვად აღექვა.
თავის სტუდენტებს რომ დახმარებოდა, ჰუტერმა ეფექტურ ხერხს მიმართა. მის ბიბლიაში ზოგი ებრაული ასო მუქი შრიფტით იყო დაბეჭდილი, ზოგიც — ღია შრიფტით. ყველა ებრაული სიტყვის ფუძე მუქად ეწერა, ხოლო თავსართი და ბოლოსართი შედარებით ღიად. ეს მარტივი ხერხი მოსწავლეებს ეხმარებოდა, ადვილად განესაზღვრათ ებრაული სიტყვის ფუძე, რაც, თავის მხრივ, მათ ენის შესწავლას უადვილებდა. დაახლოებით იგივე მეთოდითაა შედგენილი სქოლიოები „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში (ინგლ.).a ამ გამოცემის სქოლიოებში ნათარგმნი სიტყვის ფუძე მოცემულია მუქი შრიფტით, თავსართი და ბოლოსართი კი — ჩვეულებრივი შრიფტით. სურათებზე ნაჩვენებია ეზეკიელის მე-18 თავის მე-4 მუხლი და სქოლიოებიანი ბიბლიის სქოლიო, რომელიც ამავე მუხლს აქვს დართული. აქ ვხედავთ, თუ როგორი შრიფტით იყო დაბეჭდილი ჰუტერის ებრაული ბიბლია და სქოლიოებიანი ბიბლიის სქოლიოები.
-