-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
პირველი მისიონერების ჩასვლა
1945 წლის 5 ოქტომბერს ბელიზში ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებულები, ელმერ აირიგი და ჩარლზ ჰაიენი. ერთი დღით ადრე ქალაქ ბელიზიდან სამხრეთით 160 კილომეტრის მოშორებით ძლიერი ქარიშხალი იყო. აეროპორტიდან ქალაქში მიმავალი 16-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი წყლით იყო დაფარული, ამიტომ ეს ორი მისიონერი ქალაქამდე დიდი სამხედრო მანქანებით მივიდნენ. თადიუს ჰაჯსონმა თავისი სახლის წინ წყალზე ცემენტის ფილები და ხის ყუთები დაალაგა, რათა ძმები სახლში ისე შესულიყვნენ, რომ არ დასველებულიყვნენ.
ბელიზელი ძმები მოუთმენლად ელოდნენ პირველი მისიონერების ჩასვლას. მისიონერებთან შესახვედრად ჯეიმზ გორდონი, ლეონ რეკენია და რაფაელ მედინა მზად იყვნენ, რთული გზა გაევლოთ და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან ქალაქ ბელიზში წასულიყვნენ. „ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ბელიზს შორის ნორმალური გზა არ იყო, ბილიკი მხოლოდ ურმით იყო გაკვალული. გზად სახლს ვერსად ნახავდი, ამიტომ, სადაც დაუღამდებოდათ, იქვე იძინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა გველებით იყო სავსე. მას მერე, რაც მისიონერებს შეხვდნენ და საჭირო მითითებები და ლიტერატურა მიიღეს, სამივე ძმამ მთელი გზა კვლავ ფეხით გაიარა უკან, რასაც რამდენიმე დღე მოანდომეს“, — გვიამბობს რაფაელის შვილიშვილი, ისმაელ მედინა.
მისიონერები ხალხს „ჯორცხენების პარკში“ უცნაურად გააცნეს. ჯეიმზ ჰაიატმა თავისი ქადაგება სამღვდელოების ცრუ სწავლებების მკაცრი კრიტიკით დაიწყო, რამაც ზოგიერთი მსმენელი განარისხა. თავისი სიტყვის დასასრულს მოულოდნელად თითი გაიშვირა ორი ახალი მისიონერისკენ და თქვა: „ახლა ამ ორს ვაბარებ თქვენს თავს“. იმ დღეს სულ ეს იყო, რაც ხალხმა გაიგო ამ ორი ახალი მისიონერის შესახებ.
ცხადი იყო, რომ ძმებს იეჰოვა და ჭეშმარიტება ძალიან უყვარდათ და სძულდათ ცრუ რელიგიური სწავლებები. ისიც აშკარა იყო, რომ მისიონერებს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ საიმისოდ, რომ ამ გულმოდგინე მაუწყებლებს დახმარებოდნენ, უფრო დაეხვეწათ მსახურება.
ეს ორი მისიონერი შეუდგა მსახურებას ქალაქ ბელიზში, სადაც იმ დროს დაახლოებით 26 700 ადამიანი ცხოვრობდა.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
წინსვლა შეზღუდვების მიუხედავად
იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ბელიზში აკრძალული არასდროს ყოფილა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გარკვეული ხნის მანძილზე მთავრობამ ჩვენი ლიტერატურა აკრძალა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში მისიონერთა ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ეს შეზღუდვები მოიხსნა.
ამ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, 1946 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ბელიზში მომსახურე ორი მისიონერის მოღვაწეობის შესახებ ასეთი რამ იყო ნათქვამი: „ქვეყნის შიდა ნაწილში კათოლიკე მღვდელი ისევ და ისევ ცდილობს, ფოსტით მიღებული ლიტერატურის აკრძალვას. კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას აღიზიანებს ამ ორი იეჰოვას მოწმე მისიონერის ქვეყანაში ყოფნა; ერთი ამერიკელი, წარმოშობით ირლანდიელი მღვდელი . . . აღაშფოთა იმან, რომ ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ მათ ქვეყანაში შესვლის ნება დართო . . . ამ ორმა [მისიონერმა] მღვდელს შეახსენა, რომ, როგორც თავადაც განაცხადა, ამერიკელი იყო და, რომ ამერიკის ციხეების სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, კათოლიკური ეკლესია შეერთებული შტატების მოქალაქეებს ზნეობრივ ნორმებს ვერ უნერგავდა. მღვდელმა შერცხვენილმა დატოვა იქაურობა“.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
საქმე ბევრია
როგორც ელმერ აირიგი იხსენებს, იმ დროს მხოლოდ ქალაქ ბელიზში იყო ერთი პატარა კრება, რაიონებში კი არც ერთი. ის წერდა: „დროდადრო რაიონებში ჩავდიოდი და რამდენიმე კვირით ვრჩებოდი, ვავრცელებდი წიგნებს, ვკითხულობდი მოხსენებებს და ხალხს ვთავაზობდი, გამოეწერათ ჟურნალები. ასე ვთესავდი ჭეშმარიტების მარცვალს“. ბელიზში მსახურების პირველ წელს ჩარლზ ჰაიენი სატვირთო მანქანით ორინჯ-უოკში ჩავიდა; იქ ქადაგებდა და მოუწოდებდა ძმებს, რეგულარულად ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები.
სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში წასვლა მხოლოდ ზღვით იყო შესაძლებელი. ასე რომ, ელმერი და ჩარლზი გემით გაემგზავრნენ ზღვისპირა ქალაქებში, სტან-კრიკსა (დღევანდელი დანგრიგა) და პუნტა-გორდაში, სადაც გარიფუნები ცხოვრობდნენ, რათა იქ სამქადაგებლო საქმიანობისთვის ჩაეყარათ საფუძველი. იმ წლებში ქალაქ ბელიზიდან პუნტა-გორდაში გემით ჩასვლას 30 საათი სჭირდებოდა. მგზავრობის შემდეგ ელმერმა საჯარო მოხსენება წაიკითხა იმ სასტუმროს ვესტიბიულში, სადაც გაჩერდა. მის მოსასმენად დაახლოებით 20 კაცი შეიკრიბა.
ოლგა ნაითს კარგად ახსოვს, მის ოჯახთან ერთად როგორ დადიოდა ხოლმე ელმერი შორეულ სოფელ კრუკიდ-ტრიში, სადაც მამამისი მდინარის სანაპიროზე ხეების ჩრდილში კრების შეხვედრებს ატარებდა. ადგილობრივი ძმები დიდად აფასებდნენ მისიონერთა დაუღალავ შრომასა და თავმდაბლობას.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 213 გვერდზე]
ელმერ აირიგი რაიონებშიც ქადაგებდა
-