-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
კუნძულ კოკერზე მცხოვრებმა სპეციალურმა პიონერმა, სესილია პრეტმა, მოისმინა გაფრთხილება მოახლოებული ქარიშხლის შესახებ და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა იმ შემთხვევისთვის, თუ თავშესაფრის ძებნა მოუწევდა. იმ დღეს მას 12 დის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები შეეგროვებინა და ნაშუადღევს გემით გამგზავრებას აპირებდა, რათა ისინი ბელიზის ფილიალში ჩაეტანა. სესილიამ ჯგუფის სამქადაგებლო ანგარიშები ცელოფანში საგულდაგულოდ შეფუთა და საგანგებოდ მომზადებულ ჩანთაში ჩადო. მართლაც, სესილიას რამდენიმე დასთან ერთად იმ ღამით ბეტონით ნაშენ სკოლის შენობაში მოუწია თავის შეფარება. დანარჩენმა დებმა კი კლუბში შეაფარეს თავი.
«ქარმა იმ საკლასო ოთახს, სადაც ჩვენ ვიყავით, თუნუქის სახურავი ახადა, — იხსენებს სესილია. — სასწრაფოდ ხელი ვსტაცეთ ყველაფერს და სხვა ოთახში გავვარდით. მართალია, შენობა ბეტონით იყო ნაშენი, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მთელი სკოლა ზანზარებდა. როდესაც გარეთ გავიხედეთ, მიწა საერთოდ არ ჩანდა, გეგონებოდა შენობა ზღვაში იდგა. დები ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით და მხურვალედ ვლოცულობდით. საკლასო ოთახში 40 ადამიანი იყო. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი შიშს შეეპყრო. ზოგი ამბობდა ეს ღვთის რისხვააო. კათოლიკე მსახურმა მკითხა: „ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“ „ვერა, ქალი ვარ, თანაც თავსაბურავი არა მაქვს“, — ვუპასუხე მე. მაშინ მან მითხრა: „აი, ჩემი ქუდი“. დარწმუნებული არ ვიყავი, სწორი იქნებოდა თუ არა, ყველასთვის მელოცა, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ ხალხს ეფიქრა, თითქოს ქარიშხალი იეჰოვასგან იყო მოვლენილი. ასე რომ, გადავწყვიტე, ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად მელოცა, ოღონდ ისე, რომ სხვებსაც გაეგოთ. როგორც კი დავამთავრე ლოცვა და საკლასო ოთახში ყველამ თქვა „ამინ!“, ქარი ჩაწყნარდა. სწორედ ამ დროს ქარიშხლის „თვალში“ (ქარიშხლის ცენტრი, სადაც ქარის სიჩქარე მინიმალურია) აღმოვჩნდით. კათოლიკე მსახურმა მითხრა: „შესანიშნავი ლოცვა იყო, თქვენი ღმერთი მართლაც ჭეშმარიტი ღმერთია“. ამის მერე არავის უნდოდა ჩვენი იქიდან გაშვება და მომდევნო სამი დღის მანძილზე საჭმელ-სასმელს არ გვაკლებდნენ.
ძალიან ვდარდობდი სხვა მაუწყებლებზე. მეორე დღეს, როცა გამოიდარა, მათ საძებნელად წავედი. ირგვლივ წაქცეული ხეები და ნანგრევები იყო. ქარს ზოგი სახლი 10—15 მეტრით გადაეადგილებინა. თავიდან კლუბში მივედი და იქ ორი და თავიანთ შვილებთან ერთად ვნახე. ერთი დის სახლი ქარს დაენგრია, საბედნიეროდ, ის ცოცხალი გადარჩა».
ციკლონის შემდეგ ფილიალს გაუჭირდა სამქადაგებლო ანგარიშების მიღება იმ კრებებიდან, რომლებიც ქარიშხლის ზონაში იმყოფებოდა. ანგარიშები ყველაზე ადრე კუნძულ კოკერიდან მიიღეს. სესილიას ისინი თავის ჩანთაში ჰქონდა შენახული და პირადად გადასცა ფილიალიდან მათ მოსანახულებლად ჩასულ ძმებს.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 246 გვერდზე]
სესილია პრეტი
-