საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ბევრი იღებს ჭეშმარიტებას

      ბელიზის სამხრეთით ტოლედოს ოლქი გაუვალი ტროპიკული ტყეებით დაფარული მთაგორიანი მხარეა. აქა-იქ მიმოფანტულია მოპანებისა და კექჩების სოფლები, სადაც ჩალით გადახურული და მიწურიატაკიანი სახლები დგას. სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა მძიმედ შრომობს და მიწას პრიმიტიული იარაღებით ამუშავებს. გვალვების დროს მათ ხელით უწევთ სიმინდის, ლობიოსა და კაკაოს ნათესების მორწყვა. ქალები ქარგავენ ეროვნულ კექჩურ ორნამენტებს, აკეთებენ კალათებს და გასაყიდად აბარებენ სუვენირების მაღაზიაში მთელ ბელიზში. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს სოფლებს და უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში გადადის სასწავლებლად თუ სამუშაოდ.

      1995 წელს ფრენკ და ელის კარდოსებს ძმებმა შესთავაზეს ტოლედოში დროებით სპეციალურ პიონერებად მსახურება აპრილსა და მაისში, რათა იქ გაევრცელებინათ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №34 „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“. ფრენკი იხსენებს: «ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი ამ მხარეში ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს და ვიცოდი, რომ მაიას ხალხს სასიხარულო ცნობის გაგებაში უკეთ დაეხმარებოდი, თუ მათ მხარეში იცხოვრებდი. ფილიალში მირჩიეს, რომ იქ დამექირავებინა ოთახი, ჩამომეყალიბებინა ბიბლიის შესასწავლი ჯგუფი და ქალაქ სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წამეკითხა. ჩვენ გვევალებოდა, გაგვევრცელებინა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ ამ ქალაქსა და სხვა რვა სოფელში».

      კარდოსები ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულების ჯგუფთან ბიბლიის შესწავლას თავიანთ დაქირავებულ ოთახში. ეს ოთახი ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ამ შეხვედრას უკვე სამი-ოთხი ოჯახი ესწრებოდა. ისინი კარდოსებთან ერთად პუნტა-გორდაშიც მიდიოდნენ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასასწრებად. ძველი სატვირთო ავტომობილით ოღროჩოღრო გზის გავლას ერთ საათს ანდომებდნენ. პირველივე თვეს ფრენკმა სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წაიკითხა. ერთ-ერთი, ვინც პირველად დაესწრო შეხვედრას, ხესუს იჩი იყო. ის დიდი ინტერესით უსმენდა მის მოხსენებას. რადგანაც პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო, ხესუსი ძალიან გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას წარმართული დასაბამი ჰქონია და, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარე ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ის ფრენკს დაელაპარაკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას კითხვაზე უსვამდა. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ერთ წელიწადში მოინათლა კიდეც.

      ორთვიანი დროებითი სპეციალური პიონერული მსახურების დასასრულს კარდოსებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. „იმაზე მეტი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, ვიდრე ჩატარება შეგვეძლო, — იხსენებს ფრენკი. — აქაურობის დატოვებაზე გული გვეთანაღრებოდა და სინდისიც არ გვრთავდა ნებას, დავბრუნებულიყავით ლეიდივილში, ჩვენს კომფორტულ სახლში. მაგრამ, თუ სან-ანტონიოში დარჩენას გადავწყვეტდით, შეგვეძლო სარდაფის ნაცვლად იმავე სახლში ნორმალური ოთახი გვექირავებინა და უკეთეს პირობებში გვეცხოვრა. შემეძლო პატარა ნიჟარის დადგმა, წვიმის წყლის მოსაგროვებლად ღარის გაკეთება, დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის გაყვანა და მეტ-ნაკლებად კომფორტული საპირფარეშოს მოწყობა. ჩვენ ვლოცულობდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ამ ტერიტორიაზე კრება ჩამოყალიბდებოდა. ფილიალს მივწერეთ, რომ სან-ანტონიოში დარჩენა და პიონერად მსახურება გვსურდა“.

      ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ იეჰოვამ აკურთხა კარდოსების გადაწყვეტილება. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, ნოემბერში მათ თავიანთ დაქირავებულ სახლში პირველი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. მომდევნო წლის აპრილში თეოკრატიული მსახურების სკოლისა და სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება დაიწყეს სან-ანტონიოში. როგორი გახარებული იქნებოდა ეს პატარა ჯგუფი, ყოველკვირა პუნტა-გორდაში შეხვედრებზე დასასწრებად და უკან დასაბრუნებლად 65 კილომეტრის გავლა რომ აღარ უწევდა.

      „მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა“

      სან-ანტონიოში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფმა მალე სულიერად წინ წაიწია და ჭეშმარიტებისადმი მათი სიყვარულის დანახვა მართლაც სასიხარულო იყო. ფრენკი გვიყვება: „ამ სოფლებში მცხოვრებნი, განსაკუთრებით ქალები, ძალიან მორცხვები არიან; ისინი, ტრადიციისამებრ, მამებსა და ქმრებს ემორჩილებიან, უცნობებთან ლაპარაკს ერიდებიან. ამიტომ მათ ძალიან უჭირთ კარდაკარ მსახურება“.

      20 წლის პრისილიან შოს, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი იყო, ძალიან სურდა მეზობლებისთვის ექადაგა. ერთხელ, როდესაც პრისილიანი თავის რძალთან, ამალია შოსთან ერთად განმეორებით მონახულებებზე მიდიოდა, მოულოდნელად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

      პრისილიანი იხსენებს: «მამამ ქადაგება ამიკრძალა. მეშინოდა და არ ვეუბნებოდი, საქადაგოდ რომ დავდიოდი. იმ კვირა დილით, როდესაც საქადაგოდ ვიყავით წასულები, მოულოდნელად ბაპტისტური ეკლესიის წინ მამა დავინახეთ. ის დადიოდა ხოლმე ამ ეკლესიაში. თავიდან მამას რომ არ დავენახეთ, მაღალ ბალახებში მივიმალეთ. მაგრამ მერე ჩემს რძალს ვუთხარი: „იცი, ამალია, იეჰოვა გვიყურებს. მამაჩემის კი არა, იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს“».

      პრისილიანის მამა საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მისი ქალიშვილი იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. პრისილიანი ბევრს ლოცულობდა ამ საკითხზე. კონგრესამდე ერთი დღით ადრე გამბედაობა მოიკრიბა, მამასთან მივიდა და უთხრა, რომ მონათვლას აპირებდა.

      — ხვალ ბელიზში მივდივარ, — უთხრა პრისილიანმა მამას.

      — რა გინდა ბელიზში? — ჰკითხა მამამ.

      — უნდა მოვინათლო. ის მინდა გავაკეთო, რასაც იეჰოვა მოელის ჩემგან. მიყვარხარ, მაგრამ იეჰოვაზე უარს ვერ ვიტყვი, — უპასუხა პრისილიანმა.

      — მართლა აპირებ მაგის გაკეთებას? — დაუყვირა მამამ.

      — კი მამა, საქმეების 5:29-ში წერია, რომ ადამიანზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილო, — მიუგო პრისილიანმა.

      გაბრაზებული მამა ოთახიდან შურდულივით გავარდა. პრისილიანი იხსენებს: „შეშინებული ვიყავი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავედი. არ ვიცოდი, რა მელოდა შინ როცა დავბრუნდებოდი, თუმცა ის კი ვიცოდი, რომ მონათლული ვიქნებოდი და, რომც მოვეკალი მამას, სწორი ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული“.

      შინ დაბრუნებულ პრისილიანს მამამ მაშინ არაფერი დაუშავა, თუმცა მოგვიანებით დაემუქრა, რომ მოკლავდა. „ის მიხვდა, რომ მისი მუქარა ვერ შემაჩერებდა და დღეს ძველებურად აღარ მეწინააღმდეგება“, — ამბობს პრისილიანი.

      მოწინააღმდეგე იეჰოვას მხარეს გადადის

      სან-ანტონიოში გულმოდგინე მაუწყებელთა ახალი ჯგუფი სულიერად მტკიცდებოდა, როცა მოულოდნელად კარდოსებმა სოფლის საბჭოდან წერილი მიიღეს, რომ სან-ანტონიო დაეტოვებინათ. ცოტა ხნით ადრე ფრენკმა სოფელში დარჩენის უფლება რომ მიეღო, ამისთვის დაწესებული სპეციალური გადასახადი გადაიხადა. ერთ-ერთ გავლენიან კაცს კარდოსების სოფლიდან გაძევება ჰქონდა გადაწყვეტილი. საბჭოს ერთ სხდომაზე ფრენკს გამოექომაგა სამი პიროვნება, რომლებსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. შემდეგ იმ კაცმა, რომლის სახლიც ფრენკს ჰქონდა დაქირავებული საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ კარდოსების გაძევების შემთხვევაში, ქირა საბჭოს გადასახდელი იქნებოდა. ფრენკმა საბჭოს საადგილმამულო დეპარტამენტიდან აღებული ცნობა წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე კერძო საკუთრებას დაიქირავებდა, მისი გაძევება არავის შეეძლო. ბოლოს, საბჭომ კარდოსებს სოფელში დარჩენის ნება მისცა.

      იმ მამაკაცს, რომელსაც კარდოსების სოფლიდან გაძევება უნდოდა, ბასილიო ერქვა. ის ყოფილი ალკალდი (ბელადი) იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ადგილობრივ ხალხში. ბასილიო ყველანაირად ცდილობდა სან-ანტონიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის ხელის შეშლას. მაშინ, როცა მოწმეთა პატარა ჯგუფს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა, მან განუცხადა მათ: „ამ სოფელში სამეფო დარბაზს ვერასოდეს ეღირსებით!“ მიუხედავად ამისა, ძმებმა შეძლეს ნაკვეთის ყიდვა და უბრალო, მაგრამ კოხტა დარბაზის აშენება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს 1998 წლის დეკემბერში სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამას ბასილიოც დაესწრო. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება მასში?

      ბასილიოს ორ ვაჟს თავიანთ ოჯახებში პრობლემები ჰქონდა. ბასილიომ ორჯერ სთხოვა თავის ეკლესიას, მის ვაჟებს დახმარებოდნენ, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ბასილიოს ცოლს, მარიას, შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მათი ვაჟები უკეთესობისკენ იცვლებოდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება უმჯობესდებოდა. ამ ყველაფერმა მარია აღძრა, რომ თავადაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა.

      ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა, გამეცნო იეჰოვა ღმერთი. ამიტომ ჩემს ქმარს ვთხოვე, წავსულიყავით სამეფო დარბაზში და იქ უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ“. მართალია, ბასილიოსთვის ადვილი არ იყო, დაეძლია ის სიძულვილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისა და ფრენკ კარდოსას მიმართ გრძნობდა, რომელსაც „იმ უცხოელს“ ეძახდა, მაგრამ, როცა ხედავდა, როგორ იცვლებოდნენ მისი ვაჟები ჭეშმარიტების წყალობით, ცუდს ვეღარ ამბობდა. მან გადაწყვიტა, თვითონ გასაუბრებოდა იეჰოვას მოწმეებს და რამდენიმე საუბრის შემდეგ, იცით, ვინ აირჩია, რომ მისთვის ბიბლია ესწავლებინა?! ვინ და, „ის უცხოელი“, ფრენკ კარდოსა!

      „ბიბლიამ ბევრ რამეზე თვალსაზრისი შემიცვალა. სამოცი წელი კათოლიკე ვიყავი და ეკლესიაში გამოსახულებებს ვუკმევდი საკმეველს. მაგრამ ყველაფერი, რასაც იეჰოვას შესახებ ვიგებდი, მისივე წიგნში, ბიბლიაში ეწერა. მრცხვენია იმის, თუ როგორ ვექცეოდი ფრენკ კარდოსას, რომელიც დღეს ჩემი ძმაა. მაგრამ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვცდებოდი. თავგამოდებით ვიცავდი იმას, რაზეც ვფიქრობდი, რომ ჩემი სოფლისა და ჩემი რელიგიისთვის საუკეთესო იქნებოდა. უარი ვთქვი მაიას ხალხში დამკვიდრებულ მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს სოფლებში საკმაოდ გავრცელებულია. მაიას პოლიტიკურ მოძრაობებშიც შევწყვიტე მონაწილეობა“. დღეს ბასილიო და მისი ცოლი, მარია, მონათლული მაუწყებლები არიან და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას.

      იეჰოვას მსახურებს ყველგან იცნობენ, როგორც მოსიყვარულე, ბედნიერ და გულმოდგინე ადამიანებს. ბელიზის შორეულ მხარეებში მცხოვრებ ბევრ მაუწყებელს სამი ან მეტი საათი ფეხით სიარული და არაერთი მთის გადავლა უწევს, რომ ხალხს ჭეშმარიტება გააცნოს. ისინი არც შეხვედრებს აცდენენ. ერთ საღამოს ანდრეა იჩი თეოკრატიული მსახურების სკოლაში მობინადრის როლში უნდა გამოსულიყო. იმ დღეს თავის შვილებთან ერთად მან დაახლოებით 5 კილომეტრი იარა ჯუნგლებში, რათა ავოკადო დაეკრიფათ. ჯუნგლებში მას 23-მა კრაზანამ უკბინა. ამის მიუხედავად, ის შინ დაბრუნდა, ოჯახისთვის საჭმელი მოამზადა, შემდეგ კრების შეხვედრაზე წავიდა და თეოკრატიულ სკოლაშიც გამოვიდა. მართალია, მას სახე ნაკბენებისგან ჰქონდა დასიებული, მაგრამ მაინც სიხარულისგან უბრწყინავდა. ყველასთვის გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ მთელი დღე სატვირთო მანქანით ან ავტობუსით მგზავრობის მიუხედავად, მაია და-ძმები ძალიან აფასებენ კონგრესებზე სხვებთან ერთად ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობის შესაძლებლობას.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათი 230 გვერდზე]

      ტიპური მაია სოფელი, ტოლედოს ოლქი

      [სურათი 240 გვერდზე]

      მარია და ბასილიო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება