-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
„ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“
2000 წლის ოქტომბერში ქარიშხალი „კითი“ სამი დღე მძვინვარებდა კუნძულ ამბერგრისზე მდებარე ქალაქ სან-პედროში. ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს აღწევდა, ამასთანავე კოკისპირულად წვიმდა. ქალაქ ბელიზიდან ჩრდილოეთით 16 კილომეტრში მდებარე ლეიდივილში სამი დღის განმავლობაში 80 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ლეიდივილის საკონგრესო დარბაზს 42-მა მოწმემ შეაფარა თავი. კუნძულ კოკერზე თითქმის ყველა სახლი მიწასთან იყო გასწორებული. ამბერგრისისა და კოკერის კუნძულებზე მცხოვრებმა 57 მაუწყებელმა თითქმის ყველაფერი დაკარგა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ორივე კუნძული ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და სატელეფონო კავშირის გარეშე იყო დარჩენილი. პრემიერ-მინისტრმა ბელიზის, ორინჯ-უოკისა და კოროსალის ოლქები, ასევე ამბერგრისისა და კოკერის კუნძულები სტიქიის ზონად გამოაცხადა. ამ ზონაში შემოიღეს კომენდანტის საათი, რათა მაროდიორობა შეწყვეტილიყო.
კუნძულ კოკერზე მცხოვრებმა სპეციალურმა პიონერმა, სესილია პრეტმა, მოისმინა გაფრთხილება მოახლოებული ქარიშხლის შესახებ და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა იმ შემთხვევისთვის, თუ თავშესაფრის ძებნა მოუწევდა. იმ დღეს მას 12 დის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები შეეგროვებინა და ნაშუადღევს გემით გამგზავრებას აპირებდა, რათა ისინი ბელიზის ფილიალში ჩაეტანა. სესილიამ ჯგუფის სამქადაგებლო ანგარიშები ცელოფანში საგულდაგულოდ შეფუთა და საგანგებოდ მომზადებულ ჩანთაში ჩადო. მართლაც, სესილიას რამდენიმე დასთან ერთად იმ ღამით ბეტონით ნაშენ სკოლის შენობაში მოუწია თავის შეფარება. დანარჩენმა დებმა კი კლუბში შეაფარეს თავი.
«ქარმა იმ საკლასო ოთახს, სადაც ჩვენ ვიყავით, თუნუქის სახურავი ახადა, — იხსენებს სესილია. — სასწრაფოდ ხელი ვსტაცეთ ყველაფერს და სხვა ოთახში გავვარდით. მართალია, შენობა ბეტონით იყო ნაშენი, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მთელი სკოლა ზანზარებდა. როდესაც გარეთ გავიხედეთ, მიწა საერთოდ არ ჩანდა, გეგონებოდა შენობა ზღვაში იდგა. დები ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით და მხურვალედ ვლოცულობდით. საკლასო ოთახში 40 ადამიანი იყო. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი შიშს შეეპყრო. ზოგი ამბობდა ეს ღვთის რისხვააო. კათოლიკე მსახურმა მკითხა: „ილოცებთ ჩვენთვის, ქალბატონო პრეტ?“ „ვერა, ქალი ვარ, თანაც თავსაბურავი არა მაქვს“, — ვუპასუხე მე. მაშინ მან მითხრა: „აი, ჩემი ქუდი“. დარწმუნებული არ ვიყავი, სწორი იქნებოდა თუ არა, ყველასთვის მელოცა, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ ხალხს ეფიქრა, თითქოს ქარიშხალი იეჰოვასგან იყო მოვლენილი. ასე რომ, გადავწყვიტე, ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად მელოცა, ოღონდ ისე, რომ სხვებსაც გაეგოთ. როგორც კი დავამთავრე ლოცვა და საკლასო ოთახში ყველამ თქვა „ამინ!“, ქარი ჩაწყნარდა. სწორედ ამ დროს ქარიშხლის „თვალში“ (ქარიშხლის ცენტრი, სადაც ქარის სიჩქარე მინიმალურია) აღმოვჩნდით. კათოლიკე მსახურმა მითხრა: „შესანიშნავი ლოცვა იყო, თქვენი ღმერთი მართლაც ჭეშმარიტი ღმერთია“. ამის მერე არავის უნდოდა ჩვენი იქიდან გაშვება და მომდევნო სამი დღის მანძილზე საჭმელ-სასმელს არ გვაკლებდნენ.
ძალიან ვდარდობდი სხვა მაუწყებლებზე. მეორე დღეს, როცა გამოიდარა, მათ საძებნელად წავედი. ირგვლივ წაქცეული ხეები და ნანგრევები იყო. ქარს ზოგი სახლი 10—15 მეტრით გადაეადგილებინა. თავიდან კლუბში მივედი და იქ ორი და თავიანთ შვილებთან ერთად ვნახე. ერთი დის სახლი ქარს დაენგრია, საბედნიეროდ, ის ცოცხალი გადარჩა».
ციკლონის შემდეგ ფილიალს გაუჭირდა სამქადაგებლო ანგარიშების მიღება იმ კრებებიდან, რომლებიც ქარიშხლის ზონაში იმყოფებოდა. ანგარიშები ყველაზე ადრე კუნძულ კოკერიდან მიიღეს. სესილიას ისინი თავის ჩანთაში ჰქონდა შენახული და პირადად გადასცა ფილიალიდან მათ მოსანახულებლად ჩასულ ძმებს.
მომდევნო კვირების განმავლობაში მოხალისეებმა სტიქიით დაზარალებულ კუნძულებზე მცხოვრებ ძმებს პირველადი დახმარების ნივთები ჩაუტანეს და პრაქტიკული დახმარებაც აღმოუჩინეს. ისინი მათ სახლებისა და კუნძულ ამბერგრისის სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში დაეხმარნენ.
მერლ რიჩერტი, რომელიც კუნძულ კოკერზე მომუშავე მოხალისეთა ჯგუფის წევრი იყო იხსენებს: „თავდაპირველად ღამის გასათევი ადგილი მოვამზადეთ და ორგანიზება გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას. მეორე დღეს მაუწყებელთა სახლების შეკეთებას შევუდექით. კვირა დილას ყველა საქადაგოდ წავედით. მერე ერთ-ერთი დის ეზოში ადგილი მოვამზადეთ, სადაც შეხვედრებს ჩავატარებდით; აუდიტორიისთვის გავაკეთეთ სკამები, სცენის მაგივრობას კი ძველი ქოქოსის ხის კუნძი გვიწევდა. შეხვედრები ისე დავგეგმეთ, რომ კომენდანტის საათის დადგომამდე, საღამოს რვა საათამდე, ყველანი სახლში ვყოფილიყავით. საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას 43 კაცი დაესწრო.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
2000 წელი — ბელიზს ქარიშხალი „კითი“ დაატყდა თავს.
-