-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
სოფლებში ქადაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქალაქ ბელიზსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ქადაგებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლებსა და რაიონებზე. პირველი მისიონერები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში გემით ჩადიოდნენ. მოგვიანებით სტან-კრიკისა და ტოლედოს ოლქებამდე გზა გაიყვანეს. 1971 წლის დასაწყისში ფილიალმა ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ სამქადაგებლო მოგზაურობებს სოფლებში, რათა სამეფოს ცნობა ბელიზის შორეულ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები მაიას ტომებისთვის — მოპანებისა და კექჩებისთვის ექადაგათ.
და-ძმები დაქირავებული ავტომობილებით და ხის მორებისგან დამზადებული პატარა ნავებით ჩადიოდნენ სოფლებსა და ქალაქებში დანგრიგადან პუნტა-გორდამდე და სამხრეთით გვატემალის საზღვართან მდებარე ბარანკომდე. ზოგჯერ მქადაგებელთა ჯგუფი ფურგონით მგზავრობდა, რომელსაც ორი, სამი ან ოთხი მაუწყებელი მოტოციკლით მიჰყვებოდა. ღამეს ისინი სხვადასხვა სოფლებში ათევდნენ. დღის განმავლობაში მაშინ, როცა ძირითადი ჯგუფი სოფელში ქადაგებდა, ის მაუწყებლები, რომლებიც მოტოციკლით მგზავრობდნენ, ბილიკებით ორ-ორად მიდიოდნენ მოშორებით მდებარე ფერმებში და იქ ქადაგებდნენ.
პუნტა-გორდას მხარეში ზურგჩანთამოკიდებული ძმები სოფელ-სოფელ ფეხით დადიოდნენ. ხშირად სოფლის მცხოვრებლებთან დალაპარაკებამდე, ჯერ „ალკალდს“ (სოფლის ბელადი) უნდა გასაუბრებოდნენ „კაბილდოში“, სოფლის უხუცესთა თავშეყრის ადგილზე.
მისიონერი რეინერ ტომფსონი გვიყვება: «ერთხელ, როდესაც ძმები ერთ სოფელში ჩავიდნენ, სოფლის მამაკაცები „კაბილდოში“ შეკრებილიყვნენ და იმაზე მსჯელობდნენ, როგორ აეღოთ სიმინდის მოსავალი. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მათ სთხოვეს ძმებს სამეფოს სიმღერა ემღერათ. მიუხედავად იმისა, რომ ძმები დაღლილები და მშივრები იყვნენ და არც სიმღერების წიგნი ჰქონდათ, მათ ისე გულიანად იმღერეს, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა». დროთა განმავლობაში კრებები ჩამოყალიბდა სოფელ მანგო-კრიკსა და სან-ანტონიოში, მაიას ტომის ერთ-ერთ უდიდეს სოფელში.
„გეგმას რომ არ ჩამოვრჩენილიყავით, ზოგჯერ სოფლიდან სოფელში ღამე გადავდიოდით, — იხსენებს სანტიაგო სოსა. — ჩამწკრივებულები შუა გზაზე დავდიოდით და ვფრთხილობდით, ნაპირზე არ გადავსულიყავით, რადგან ბუჩქები გველებით იყო სავსე. ისიც ვისწავლეთ, როგორ დაგველია წყალი ტროპიკული ვაზის ღეროდან, თუ წყალი გამოგველეოდა“.
ზოგჯერ ჯგუფის წევრები ერთ ან ორ წყვილად იყოფოდნენ და სოფლის სხვადასხვა უბანში ქადაგებდნენ, დღის ბოლოს კი ისევ ერთად იკრიბებოდნენ. ორი კაცი მათ დაბრუნებამდე საჭმელს ამზადებდა. «ეს ზოგჯერ მართლა საშინელება იყო, — ღიმილით იხსენებს სანტიაგო, — რადგან ზოგმა არც კი იცოდა საჭმლის მომზადება. ერთხელ საჭმელს დავხედე და ვიკითხე: „ეს რა საჭმელია?“ მორიგემ მიპასუხა: „რა არის არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საჭმელია“. როცა მორიგემ არ იცოდა, რა საჭმელი ჰქონდა მომზადებული, მაშინ ჯერ რომელიმე გაძვალტყავებულ მაწანწალა ძაღლს ვასინჯებდით ხოლმე ამ საჭმელს. საქმე ის იყო, რომ ზოგჯერ ეს მშიერი ძაღლებიც კი არ აკარებდნენ პირს ასეთ საკვებს».
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 227, 228 გვერდებზე]
ტროპიკულ ტყეებში ქადაგება
«1991 წლის მარტში 23 და-ძმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პუნტა-გორდაში შევიკრიბეთ, რათა 10 დღის განმავლობაში ტროპიკულ ტყეში მდებარე სოფლებში გვექადაგა, — გვიამბობს მართა საიმონსი. — ტანსაცმლის, საბნებისა და ჰამაკების გარდა მიგვქონდა ლიტერატურა ინგლისურ, ესპანურ და კექჩი ენებზე; თან გვქონდა ათი დღის სამყოფი საკვებიც.
დილას მატყლის ხის მორისგან დამზადებულ ნავში ჩავსხედით და აღელვებულ ზღვაში გავედით. სოფელ კრიკე-სარკოში გავჩერდით, ბარგი ჩამოვტვირთეთ და იქვე დავბანაკდით. იმ დროს, როცა ძმები ჰამაკებს ჭიმავდნენ, დები ჩვენი საყვარელი კერძის, გოჭის კუდის სუპის მომზადებას შევუდექით, რომელსაც მანიჰოტით, ბატატით, მწვანე შაქარა ბანანით, ქოქოსით, მოხარშული კვერცხითა და, რაღა თქმა უნდა, გოჭის კუდით ვამზადებდით. ჩვენი ჩასვლის ამბავი მალე მთელ სოფელს მოედო და, ცოტა ხანში, ჩვენ სანახავად სოფლიდან მოსული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ასე შევძელით, გვექადაგა მთელი სოფლისთვის ორ საათში. იმ ღამეს ძმებს ჰამაკებში ეძინათ ბოძებზე მდგარი პოლიციის შენობის ქვეშ, დებს კი — ჩალით გადახურულ „კაბილდოში“, რომელიც სოფლის უხუცესების თავშეყრის ადგილი იყო.
მეორე დღეს კვლავ ნავში ჩავსხედით და შევუყევით ვიწრო ყურეს, რომელიც ადგილ-ადგილ მანგროს ხის საჰაერო ფესვებით იყო დაბურული. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივადექით ნაპირს, ნავიდან ჩვენი ბარგი ჩამოვცალეთ და სოფელ სანდეივუდამდე ფეხით საათ-ნახევარი ბუჩქნარში ვიარეთ. იქაურები დაბალი ტანისანი იყვნენ. მათ მუქი ფერის კანი და შავი სწორი თმა ჰქონდათ. თითქმის ყველა ფეხშიშველი დადიოდა. ქალებს ტრადიციული კაბები ეცვათ და მძივებისგან გაკეთებული სამკაულები ეკეთათ. ჩალით გადახურულ სახლებს, რომლებიც ოთახებად არ იყო დაყოფილი, მიწური იატაკი ჰქონდა. სახლებში ჰამაკების გარდა არანაირი ავეჯი არ იდგა. საჭმელს, გარეთ, ცეცხლზე აკეთებდნენ. ეს იყო რამდენიმე ოჯახის საერთო „სამზარეულო“.
ისინი ძალიან თბილები აღმოჩნდნენ და დიდი ინტერესით გვისმენდნენ. განსაკუთრებით კი იმით მოიხიბლნენ, რომ ჩვენ ლიტერატურა კექჩი ენაზე გვქონდა და მუხლებსაც კექჩი ენაზე ნათარგმნი ბიბლიიდან ვუკითხავდით.
დილაადრიან მამლების, ჩიტებისა და ღრიალა მაიმუნების ხმაურმა გამოგვაღვიძა. ნოყიერი საუზმის შემდეგ განმეორებით მოვინახულეთ ისინი, ვინც წინა დღეს ინტერესი გამოავლინა. ბევრი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და ყველას ვურჩიეთ, რომ ბიბლიის შესწავლა დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ მანამ, სანამ მომავალ წელს მათ მოსანახულებლად ჩავიდოდით. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ტროპიკული ტყეების სიღრმეში მდებარე სოფლებამდეც მივაღწიეთ.
ტყეში გატარებული ათი ბედნიერი დღის შემდეგ ხშირად ვიხსენებდით გრძელ გზას, რომელიც გავიარეთ, სოფლებს, რომლებიც მოვინახულეთ და ადამიანებს, რომლებიც გავიცანით. იეჰოვას ვთხოვდით, რომ ჩვენი დათესილი ჭეშმარიტების მარცვალი მომავალ წელს ჩვენს შემდეგ ჩასვლამდე დაეცვა. ფეხები გვტკიოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ გული სავსე გვქონდა იეჰოვასადმი მადლიერებით იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც წლის სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობით მივიღეთ».
-