საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
    • ეზეკიელი მდინარეში მიაბიჯებს, სპილენძისფრად მბზინვარე კაცი კი ნაპირიდან ადევნებს თვალს.

      თავი 19

      „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“

      ეზეკიელი 47:9

      თემა: როგორ შესრულდა ხილვა ტაძრიდან გამომავალი მდინარის შესახებ ძველად, როგორ სრულდება ჩვენს დროში და როგორ შესრულდება სამომავლოდ?

      1, 2. ეზეკიელის 47:1—12-ის თანახმად, რას ხედავს და იგებს წინასწარმეტყველი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      ეზეკიელი ხილვაში კიდევ ერთ საოცრებას ხედავს: ტაძრიდან წყალი გამოედინება! წარმოიდგინეთ, როგორ მიუყვება წინასწარმეტყველი ბროლივით კამკამა ნაკადულს (წაიკითხეთ ეზეკიელის 47:1—12). წყალი, რომელიც ტაძრის ზღურბლიდან გამოედინება, აღმოსავლეთ კარიბჭის სიახლოვეს გაედინება. ანგელოზს ეზეკიელი ტაძრიდან გაჰყავს, თან გზად ისინი მანძილს ზომავენ. წინასწარმეტყველი ამჩნევს, რომ წყალი სულ უფრო და უფრო ღრმავდება და ბოლოს მდინარედ იქცევა, რომელსაც მხოლოდ ცურვით თუ გადაკვეთს კაცი!

      2 ეზეკიელი იგებს, რომ მდინარე მკვდარ ზღვას უერთდება და გზად მარილიან წყალს სიცოცხლეს უბრუნებს — სადაც ის ჩაედინება, მრავალი თევზი იწყებს ფუთფუთს. წინასწარმეტყველი იმასაც ხედავს, რომ მდინარის ნაპირებზე უამრავი ხე ხარობს, რომლებიც ყოველთვიურად საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამს, ხოლო მათ ფოთლებს განკურნების ძალა აქვს. ამ ყოველივეს ხილვა ეზეკიელს, ალბათ, სიმშვიდეს ჰგვრის და იმედს უსახავს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხილვას მისთვის და მის თანამოძმეთათვის? და, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის?

      რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას გადასახლებულთათვის?

      3. რატომ არ გაიგებდნენ ებრაელები ეზეკიელის ხილვას პირდაპირი გაგებით?

      3 ებრაელები ამ ხილვას პირდაპირი გაგებით არ გაიგებდნენ. შესაძლოა ეზეკიელის ხილვის მოსმენის შემდეგ მათ ორი საუკუნით ადრე იოელის მიერ აღდგენასთან დაკავშირებით წარმოთქმული წინასწარმეტყველება გახსენებოდათ (წაიკითხეთ იოელის 3:18). როგორც იოელის წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდეგ გადასახლებულებს არ შეექმნებოდათ იმის ილუზია, რომ, პირდაპირი გაგებით, მთებიდან იწვეთებდა ახალი ღვინო, ხოლო გორებიდან რძე იდინებდა, ისე არც ეზეკიელის ხილვის მოსმენის შემდეგ დარჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ წყალი იეჰოვას ტაძრიდან იდინებდა.a მაშ, რისი თქმა სურდა იეჰოვას მათთვის? ღვთის სიტყვის მეშვეობით ნათლად ვწვდებით ამ ხილვის ზოგიერთ დეტალს; ამ თავში ვისაუბრებთ სამ მათგანზე და დავინახავთ, როგორ გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველური ხილვა ღვთის სიყვარულში.

      მდინარე

      ჩარჩო 19ა: იეჰოვას კურთხევების მდინარე

      4. ა) რაში დაარწმუნებდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე გადასახლებულ ებრაელებს? ბ) რა გაგებით იყენებს ბიბლია სიტყვებს „წყალი“ და „მდინარე“, და რაში გვარწმუნებს ეს? (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას კურთხევების მდინარე“)

      4 კურთხევების მდინარე. ბიბლიაში სიტყვები „წყალი“ და „მდინარე“ ხშირად იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებზე მიუთითებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეზეკიელმა სწორედ ტაძრიდან გამომავალი მდინარე იხილა, რომლის მაგალითზეც ღვთის ხალხი მიხვდებოდა, რომ თუკი წმინდა თაყვანისმცემლობას დაუჭერდნენ მხარს, არც იეჰოვა დაუკავებდა მათ კურთხევებს. რა კურთხევებზეა საუბარი? ისინი შეიტყობდნენ, რომ მღვდლები კვლავ გაუწევდნენ საჭირო ხელმძღვანელობას და მათი ცოდვების გამოსასყიდად ტაძარში მსხვერპლშეწირვას განაგრძობდნენ (ეზეკ. 44:15, 23; 45:17). შედეგად, შეიძლება ითქვას, ისინი ტაძრიდან მომდინარე სუფთა წყალში „განიბანებოდნენ“ ანუ განიწმინდებოდნენ.

      5. რაზე მოწმობდა ხილვაში ნანახი მდინარე?

      5 კურთხევები რომ ყველასთვის საკმარისი იქნებოდა, ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ ტაძრიდან მოწანწკარე წყალი, სულ რაღაც, 2 კმ-ში მდინარედ იქცა (ეზეკ. 47:3—5). მართალია, სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები რიცხობრივად გამრავლდნენ, მაგრამ ღვთისგან მომდინარე კურთხევები ყველასთვის საკმარისი იყო. ხილვაში ნანახი მდინარე ხომ სიუხვესა და ბარაქაზე მოწმობდა!

      6. ა) რა იმედს ჩაუსახავდა ხილვა ებრაელებს? ბ) რა გაფრთხილებას შეიცავდა ხილვა? (იხილეთ სქოლიო)

      6 მაცოცხლებელი წყალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე მკვდარ ზღვას შეუერთდა და გზად თითქმის ყველაფერი გააცოცხლა. შედეგად, მკვდარ ზღვაში იმდენი სახეობის თევზი გაჩნდა, რამდენიც დიდ ანუ ხმელთაშუა ზღვაში იყო, და სანაპიროზე, ორ ერთმანეთისგან დაშორებულ ქალაქს შორის, თევზაობა გაჩაღდა. ანგელოზმა ეზეკიელს უთხრა: „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“. ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვას ტაძრიდან გამომავალი წყალი მკვდარ ზღვას მთლიანად განკურნავდა? არა, რადგან, როგორც ანგელოზმა თქვა, მაცოცხლებელი წყალი ჭანჭრობებამდე ვერ მიაღწევდა. ეს ადგილები „მარილიანი დარჩებოდა“b (ეზეკ. 47:8—11). ეზეკიელის მიერ ნანახი ხილვა ებრაელებს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა მათ სულიერად გამოაცოცხლებდა და გამოაჯანსაღებდა. თუმცა ხილვა ერთგვარ გაფრთხილებასაც შეიცავდა: ყველა არ განიკურნებოდა, რადგან ყველა არ მიიღებდა ღვთის კურთხევას.

      7. რაში დაარწმუნებდა მდინარის ნაპირზე გაზრდილი ხეები გადასახლებულებს?

      7 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. მართალია, მდინარის ნაპირზე აღმოცენებული ხეები ალამაზებდა კიდეც გარემოს, მაგრამ მათ სხვა, უფრო დიდი მნიშვნელობაც გააჩნდა. ეზეკიელისა და მისი თანამემამულეებისთვის სასიამოვნო იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ხეები ყოველთვე გემრიელ ნაყოფს დაისხამდა. ხილვის ეს დეტალი ებრაელებს იმაში დაარწმუნებდა, რომ ღმერთი მათ სულიერად გამოკვებავდა. ისინი ხილვიდან იმასაც შეიტყობდნენ, რომ ხეების ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა (ეზეკ. 47:12). ხილვის ეს დეტალი რაღაზე მოწმობდა? იეჰოვამ იცოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს ყველაზე მეტად სულიერად განკურნება დასჭირდებოდათ; მან სწორედ ამიტომ დაამატა ეს დეტალი. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან გავიგეთ, აღდგენასთან დაკავშირებულ ეზეკიელის სხვა წინასწარმეტყველებებში საუბარია იმაზე, თუ როგორ გააკეთებდა ღმერთი ამას.

      8. საიდან ვიგებთ, რომ ეზეკიელის ხილვა უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება?

      8 მე-9 თავიდან ისიც შევიტყვეთ, რომ სამშობლოში დაბრუნებულებმა ამ წინასწარმეტყველებების მხოლოდ მცირე მასშტაბით შესრულება იხილეს, რისი მიზეზიც თავად იყვნენ. მართლაც, როგორ აკურთხებდა მათ იეჰოვა, როცა ისინი ეურჩებოდნენ მას, კვლავ და კვლავ სცოდავდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას უგულებელყოფდნენ?! ღვთის ერთგულ მსახურებს გულს გაუტეხდა თანამოძმეთა ცუდი საქციელი, თუმცა მტკიცედ სწამდათ, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14). აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ ეზეკიელის ხილვა ერთ დღესაც უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება. მაგრამ ისმის კითხვა: როდის მოხდება ეს?

      მდინარე დღესაც მოედინება

      9. როდის სრულდება ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით?

      9 როგორც ამ წიგნის მე-14 თავიდან შევიტყვეთ, ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით „უკანასკნელ დღეებში“ სრულდება, რადგან წმინდა თაყვანისმცემლობა უფრო მტკიცედ დგას, ვიდრე ოდესმე (ეს. 2:2). რა გაგებით სრულდება ეზეკიელის ხილვა ჩვენს დროში?

      10, 11. ა) რომელი კურთხევები მოაქვს დღეს იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე წყალს? ბ) როგორ „გაღრმავდა“ კურთხევების მდინარე, რათა ბოლო დღეებში უამრავი ადამიანისთვის მოეკლა სულიერი წყურვილი?

      10 კურთხევების მდინარე. რომელი კურთხევები მოაქვს დღეს იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე წყალს? მას მოაქვს ყველა ის კურთხევა, რომლებიც ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ამ კურთხევებიდან უპირველესი ქრისტეს გამოსასყიდია, რომელიც ცოდვებისგან გვწმენდს. ბიბლიაში ღვთიური ჭეშმარიტებაც მაცოცხლებელ, გამწმენდ წყალთანაა შედარებული (ეფეს. 5:25—27). რა გაგებით მოედინება კურთხევების მდინარე ჩვენს დროში?

      11 1919 წელს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ემსახურებოდა იეჰოვას, რომლებიც ძალიან მადლიერნი იყვნენ, რომ საჭირო სულიერი საზრდო ყოველთვის ჰქონდათ. მომდევნო ათწლეულებში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იეჰოვას 8 მილიონზე მეტი მსახური ჰყავს. მათთვისაც უწყვეტად მოედინება ჭეშმარიტების სუფთა წყალი? სულიერი საზრდო დღესაც უხვად გვაქვს. მხოლოდ გასულ საუკუნეში ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების მილიარდობით ეგზემპლარი გამოიცა ღვთის ხალხის სულიერად დასაპურებლად. ხილვაში ნანახი მდინარისა არ იყოს, ჭეშმარიტების მდინარე სულ უფრო და უფრო „ღრმავდება“, რათა მთელი მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს მოუკლას სულიერი წყურვილი. ბიბლიური ლიტერატურა დიდი ხანია, ბეჭდვითი სახით გამოიცემა, თუმცა დღესდღეობით პუბლიკაციები ელექტრონული ფორმატითაცაა ხელმისაწვდომი ვებგვერდზე jw.org 1 000-ზე მეტ ენაზე. როგორ შეცვალა უკეთესობისკენ ჭეშმარიტების სუფთა წყალმა გულმართალი ადამიანების ცხოვრება?

      12. ა) როგორ შეცვალა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ადამიანთა ცხოვრება? ბ) რატომ შეიცავს ეს ხილვა ერთგვარ გაფრთხილებასაც? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

      12 მაცოცხლებელი წყალი. ანგელოზმა უთხრა ეზეკიელს: „სადაც ეს მდინარე ჩავა, ყველაფერი იცოცხლებს“. მხოლოდ დაფიქრდით, როგორ შეცვალა ჭეშმარიტების სუფთა წყალმა მათი ცხოვრება, ვინც ჩვენს „მიწაზე“, სულიერ სამოთხეში, დამკვიდრდა. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მილიონობით ადამიანი სულიერი გაგებით გააცოცხლა და გააჯანსაღა. თუმცა ეს ხილვა დროულ გაფრთხილებასაც შეიცავს: ყველა ვერ გაითავისებს ჭეშმარიტებას. ეზეკიელის ხილვაში ნანახი მკვდარი ზღვის ჭაობებისა და ჭანჭრობების არ იყოს, ზოგის გული უგრძნობი რჩება, რის გამოც ისინი ჭეშმარიტებას ყურად არ იღებენ და არ იცვლებიან.c დაე, არასოდეს დავემსგავსოთ მათ! (წაიკითხეთ კანონის 10:16—18).

      13. რაზე მიანიშნებდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ხეები?

      13 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ხილვა მდინარის ნაპირზე მდგარი ხეების შესახებ ჩვენთვისაც გამამხნევებელია? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ხეები ყოველთვე გემრიელ ნაყოფს ისხამდა, ხოლო მათ ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა (ეზეკ. 47:12). ხილვის ეს დეტალი შეგვახსენებს, რომ ღმერთი უშურველად გვაძლევს სულიერ საზრდოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულიერადაც გვკურნავს. დღევანდელ მსოფლიოში ხალხი, სულიერი გაგებით, დასნეულებული და დამშეულია. დაფიქრდით, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის! ალბათ, არაერთხელ გადაგიხდიათ ღვთისთვის მადლობა უხვი სულიერი საზრდოსთვის რომელიმე სტატიის წაკითხვის, კონგრესის პროგრამის მოსმენის, ყოველთვიური მაუწყებლობის ან რომელიმე ვიდეორგოლის ყურების შემდეგ. ჩვენ მართლაც განებივრებულნი ვართ სულიერი საზრდოთი! (ეს. 65:13, 14). როგორ უწყობს ხელს სულიერი საზრდო ჩვენს სულიერ სიჯანსაღეს? ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რჩევები გვეხმარება, არ გავებათ უზნეობის, სიხარბისა და ურწმუნოების მახეში, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს სულიერობას. თუმცა იეჰოვამ იმაზეც იზრუნა, რომ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ქრისტიანს სულიერი ჯანმრთელობა აღედგინა (წაიკითხეთ იაკობის 5:14). ღმერთი ნამდვილად არ იშურებს ჩვენთვის კურთხევებს! სწორედ ამაზე მიანიშნებდა ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ხეები.

      14, 15. ა) რას ვსწავლობთ ხილვაში ნანახი ჭანჭრობების მაგალითზე? ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ეზეკიელის ხილვაში ნანახ მდინარეს?

      14 ჭანჭრობების მაგალითზეც შეგვიძლია რაღაცის სწავლა. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმეთი ხელი შევუშალოთ იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებს. ნამდვილად გულსატკენი იქნებოდა, თუკი ამ ქვეყნიერებაში მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად სულიერად დასნეულებულნი დავრჩებოდით (მათ. 13:15). გვახარებს, რომ კურთხევების მდინარე ჩვენს სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ალბათ, ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარე წარმოგვიდგება თვალწინ, როცა ვეწაფებით ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების წყალს, ვაცნობთ სხვებს ჭეშმარიტებას და ვიღებთ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ განსწავლული უხუცესებისგან რჩევა-დარიგებას, ნუგეშსა თუ დახმარებას. მართლაც, ეს მდინარე გზად ყველაფერს აცოცხლებს და კურნავს!

      15 როგორ შესრულდება ხილვა მდინარის შესახებ მომავალში? ეს მდინარე ახალ ქვეყნიერებაში კიდევ უფრო წყალუხვი გახდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

      როგორ შესრულდება ეს ხილვა ახალ ქვეყნიერებაში?

      16, 17. რა სიკეთეს მოიტანს კურთხევების მდინარე ახალ ქვეყნიერებაში? მოიყვანეთ მაგალითები.

      16 წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სამოთხედქცეულ დედამიწაზე ცხოვრებით ტკბებით. ეზეკიელის ხილვის შესწავლა დაგეხმარებათ, კიდევ უფრო ნათლად წარმოისახოთ ეს სურათი. მოდი კიდევ ერთხელ შევიხსენოთ ამ ხილვიდან სამი დეტალი, რომლებიც იეჰოვას სიყვარულში გვარწმუნებს.

      17 კურთხევების მდინარე. სიმბოლური მდინარე სამოთხედქცეულ დედამიწაზე კიდევ უფრო წყალუხვი გახდება და ის სულიერთან ერთად ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოიტანს. იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს მის მიერ გაღებული გამოსასყიდი ღვთის ერთგულებს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს ჰპირდება: ისინი დროთა განმავლობაში გასრულყოფილდებიან; აღარ იარსებებს ავადმყოფობა; აღარც სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები ან ჯანმრთელობის დაზღვევა დაგვჭირდება. მაცოცხლებელი წყალი უხვად იდინებს „უამრავი ხალხისთვის“ ანუ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც „დიდ გასაჭირსა“ და არმაგედონს გადაიტანენ (გამოცხ. 7:9, 14). მართალია, კურთხევების მდინარე ახალ ქვეყნიერებაში თავიდანვე იდინებს, მაგრამ ის მაინც ნაკადულივით იქნება იმ წყალუხვ მდინარესთან შედარებით, რომლადაც სამომავლოდ იქცევა. ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარის მსგავსად, ეს მდინარეც უფრო წყალუხვი გახდება და ყველასთვის საკმარის კურთხევებს მოიტანს.

      ჯანღონით სავსე ახალგაზრდები მხარდამხარ შრომობენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე; ფონზე მოჩანს მდინარე.

      სამოთხეში კურთხევების მდინარე ყველას გააახალგაზრდავებს და გამოაჯანმრთელებს. (იხილეთ მე-17 აბზაცი)

      18. რა გაგებით იქცევა „სიცოცხლის წყლის მდინარე“ კურთხევების ნიაღვრად ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში?

      18 მაცოცხლებელი წყალი. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში „სიცოცხლის წყლის მდინარე“ კურთხევების ნიაღვრად იქცევა (გამოცხ. 22:1). მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება და სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. სამეფოს მეშვეობით იეჰოვა აკურთხებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს ურიცხვ გარდაცვლილს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიწის მტვრად იყვნენ ქცეულნი (ეს. 26:19). თუმცა ჩნდება კითხვა: უსასრულოდ იცოცხლებენ მკვდრეთით აღდგენილები?

      19. ა) საიდან ვიგებთ, რომ სამოთხეში ღვთისგან ახალ მითითებებს მივიღებთ? ბ) რა გაგებით დაემსგავსება ზოგი ჭანჭრობს ახალ ქვეყნიერებაში?

      19 უსასრულოდ იცოცხლებენ თუ არა მკვდრეთით აღდგენილები, მათ არჩევანზე იქნება დამოკიდებული. ათასწლიანი მმართველობის დროს ახალი გრაგნილები გადაიშლება. მაშასადამე, იეჰოვასგან მომდინარე მაცოცხლებელ წყალში ახალი მითითებებიც იგულისხმება. განა არ აღგაფრთოვანებთ ამაზე ფიქრი?! და მაინც, ზოგი არაფრად ჩააგდებს ღვთის მითითებებს და არ დაემორჩილება მას. ისინი, ვინც იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს აუჯანყდებიან ღმერთს, სამოთხეში მშვიდობას ვერ დაარღვევენ (ეს. 65:20). ალბათ, გვახსენდება ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ჭანჭრობები, რომლებიც უნაყოფო და მარილიანი დარჩა. რამხელა უგუნურება იქნება, თუკი ვინმე გაუჯიუტდება იეჰოვას და უარს იტყვის მაცოცხლებელ წყალზე! თუმცა ათასი წლის ბოლოსაც აუმხედრდება ზოგი ღმერთს და სატანის მხარეს დაიკავებს. ყველას, ვინც ზურგს შეაქცევს იეჰოვას სამართლიან მმართველობას, ერთი ბოლო — მარადიული სიკვდილი — ელის! (გამოცხ. 20:7—12).

      20. რა გაგებით „აღმოაცენებს ხეებს“ იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში? ახსენით.

      20 ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები. იეჰოვას სურს, რომ ყველამ მარადიულად ვიცოცხლოთ. ამიტომ ის ახალ ქვეყნიერებაშიც „აღმოაცენებს ხეებს“, ანუ იზრუნებს იმაზე, რომ მისმა ხალხმა ხელიდან არ გაუშვას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. თუმცა ღვთისგან მომდინარე კურთხევები არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ კეთილდღეობასაც მოემსახურება. იესო ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად ათასი წლის განმავლობაში ზეცაში იმეფებს, და ისინი, როგორც ზეციერი სამღვდელოება, ქრისტეს გამოსასყიდის მეშვეობით მორჩილ ადამიანებს გაასრულყოფილებენ (გამოცხ. 20:6). ეზეკიელის ხილვაში მდინარის ნაპირებზე გაზრდილი ხეები, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამდა, ხოლო ფოთლებს განკურნების ძალა ჰქონდა, მოციქული იოანეს მიერ ჩაწერილ წინასწარმეტყველებას მოგვაგონებს (წაიკითხეთ გამოცხადების 22:1, 2). იოანეს მიერ ნანახი ხეების ფოთლები „ხალხების განსაკურნავად იყო“. მსგავსად ამისა, საქმე, რომელსაც 144 000 მღვდელი გასწევს, მილიონობით ღვთის ერთგულს წაადგება.

      ეზეკიელი ხედავს, თუ როგორ იქცა ნაკადული ნიაღვრად.

      ჩარჩო 19ბ: ნაკადული მდინარედ იქცევა!

      21. ა) როგორ მოქმედებს ჩვენზე ეზეკიელის მიერ მდინარის შესახებ ნანახი ხილვა? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში? (იხილეთ ჩარჩო „ნაკადული მდინარედ იქცევა!“)

      21 ეზეკიელის მიერ მდინარის შესახებ ნანახი ხილვა გულს იმედითა და სიმშვიდით გვივსებს. მართლაც, რა საოცარი მომავალი გველის! ათასობით წლის წინ იეჰოვამ გონებაში მომავლის სურათები გაგვიცოცხლა. მას შემდეგ მოყოლებული ღმერთს არ განელებია სურვილი, საკუთარი თვალით გვეხილა, თუ როგორ შესრულდება ეს ყოველივე მომავალში ფართო მასშტაბით. შენც იქნები იქ? მოინახება შენთვისაც ადგილი ახალ ქვეყნიერებაში? შემდეგი თავიდან გავიგებთ, თუ როგორ პასუხობს ეზეკიელის წინასწარმეტყველების ბოლო თავები ამ კითხვებს.

      a გადასახლებული ებრაელები, რომელთაც ახსოვდათ თავიანთი მიწის რელიეფი, მიხვდებოდნენ, რომ იერუსალიმიდან მკვდარი ზღვის მიმართულებით მდინარე ვერ იდინებდა, რადგანაც წყალს ზოგ ადგილას აღმართი დახვდებოდა.

      b ბიბლიის ზოგი კომენტატორის აზრით, ამ ფრაზას დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მარილს, როგორც კონსერვანტს, ოდითგან მოიპოვებდნენ მკვდარი ზღვის მიდამოებში და ეს სარფიან საქმედ ითვლებოდა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭანჭრობები ვერ განიკურნა, რადგან იეჰოვას ტაძრიდან მომდინარე მაცოცხლებელი წყალი მათ ვერ მისწვდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ჭანჭრობების სიმლაშე უარყოფით აზრს ატარებს (ფსალმ. 107:33, 34; იერ. 17:6).

      c მსგავს აზრს ატარებს იესოს იგავი ბადეზე, რომელშიც ყველანაირი ჯიშის თევზი ხვდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი თევზი უნდა გადაყრილიყო. ამ იგავით იესოს იმის თქმა სურდა, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის გაცნობის შემდეგ ყველა არ დარჩებოდა ღვთის ერთგული (მათ. 13:47—50; 2 ტიმ. 2:20, 21).

      რა გაიგეთ წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ?

      1. როგორ შესრულდა ეზეკიელის ხილვა მდინარის შესახებ ძველ დროში?

      2. როგორ სრულდება ეს ხილვა ჩვენს დროში?

      3. რა გაგებით გახდება ეს მდინარე კიდევ უფრო წყალუხვი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს?

  • „დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
    • მდინარე, რომელიც მოქცეულია გასანაწილებელ მიწებს შორის, ჩაედინება ზღვაში.

      თავი 20

      „დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“

      ეზეკიელი 48:29

      თემა: სამკვიდრო მიწების განაწილება

      1, 2. ა) რა დავალება მიიღო ეზეკიელმა იეჰოვასგან? ბ) რომელ კითხვებზე მივიღებთ პასუხებს ამ თავში?

      ეზეკიელმა ახლახან იხილა ხილვა, რომელმაც იგი 900 წლით ადრე, მოსესა და იესო ნავეს ძის დროში დააბრუნა. მაშინ იეჰოვამ მოსეს აღთქმული მიწის საზღვრები გააცნო, იესო ნავეს ძეს კი აუხსნა, თუ როგორ უნდა დაენაწილებინა მიწა ისრაელის ტომებისთვის (რიცხ. 34:1—15; იეს. 13:7; 22:4, 9). ახლა, ძვ. 593 წელს იეჰოვა ეზეკიელსა და მასთან ერთად გადასახლებულ თანამემამულეებს ავალებს, რომ ისრაელის ტომებს ხელმეორედ დაუნაწილონ აღთქმული მიწა (ეზეკ. 45:1; 47:14; 48:29).

      2 რას ნიშნავდა ეს ხილვა ეზეკიელისა და გადასახლებული ებრაელებისთვის? რატომაა ის დღესაც გამამხნევებელი ღვთის მსახურებისთვის? მომავალშიც ველით მის ფართომასშტაბიან შესრულებას?

      ოთხი დაპირება

      3, 4. ა) რომელ ოთხ დაპირებას შეიცავდა ეზეკიელის მიერ ნანახი ბოლო ხილვა? ბ) რომელ დაპირებას შევეხებით ამ თავში?

      3 ეზეკიელის მიერ ნანახ ბოლო ხილვას მისი წინასწარმეტყველების ბოლო ცხრა თავი ეთმობა (ეზეკ. 40:1—48:35). ეს ხილვა ოთხ დაპირებას შეიცავდა: 1) ღვთის ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა, 2) სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს ღვთის ერთგული მღვდლები და მწყემსები ეყოლებოდათ, 3) ისრაელში ყველა დაბრუნებულს მიეცემოდა სამკვიდრო მიწა, და 4) იეჰოვა მათთან „დამკვიდრდებოდა“.

      4 ამ წიგნის მე-13 და მე-14 თავებში ვისაუბრეთ ამ ოთხი დაპირებიდან პირველ ორზე. წინამდებარე თავში შევეხებით მესამე დაპირებას, ხოლო მომდევნო თავში ვიმსჯელებთ მეოთხე დაპირების შესახებ (ეზეკ. 47:13—21; 48:1—7, 23—29).

      „გეძლევათ ეს მიწა სამკვიდროდ“

      5, 6. ა) რომელი მიწა უნდა დაენაწილებინათ ებრაელებს? (იხილეთ სურათი 211-ე გვერდზე) ბ) რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას?

      5 წაიკითხეთ ეზეკიელის 47:14. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელის ყურადღება მიმართა იმ მიწისკენ, რომელიც მალე ედემის ბაღს დაემსგავსებოდა (ეზეკ. 36:35). ღმერთმა წინასწარმეტყველს უთხრა: „ამ მიწას ისრაელის 12 ტომი მემკვიდრეობად დაინაწილებთ“ (ეზეკ. 47:13). „მიწაში“ იეჰოვა ისრაელის მიწას გულისხმობდა, რომელსაც გადასახლებიდან დაბრუნებული ებრაელები დაიმკვიდრებდნენ. ეზეკიელის 47:15—21-დან კი ვიგებთ, რომ ღმერთი ზედმიწევნით აცნობს წინასწარმეტყველს აღთქმული მიწის საზღვრებს.

      6 რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხილვას? იეჰოვას მიერ ზედმიწევნით მითითებული საზღვრები დაარწმუნებდა ეზეკიელსა და მის თანამემამულეებს, რომ ისინი ნამდვილად დაბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწა-წყალზე. ამ დაპირების მოსმენა უდავოდ სიხარულით აუვსებდა გულს. მართლა დაიმკვიდრა ღვთის ხალხმა აღთქმული მიწა? რა თქმა უნდა!

      მდინარე, რომელიც მოქცეულია გასანაწილებელ მიწებს შორის, ჩაედინება ზღვაში.

      7. ა) რა მოხდა ძვ. წ. 537 წელს და რას მოგვაგონებს ეს? ბ) რომელ კითხვაზე მივიღებთ პასუხს?

      7 ძვ. წ. 537 წელს, ხილვის ნახვიდან დაახლოებით 56 წლის შემდეგ, ათასობით ებრაელი ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა და ისრაელის მიწაზე დამკვიდრდა. ეს მოგვაგონებს იმას, რაც „ბოლო დღეებში“ ხდება. ჩვენს დროშიც ღვთის ხალხმა „სამკვიდრო მიწა“ მიიღო; იეჰოვამ მათ სულიერი მიწა დაამკვიდრებინა. ისრაელების მიერ აღთქმული მიწის დამკვიდრებიდან ბევრ რამეს ვიგებთ იმაზე, თუ ჩვენს დროში როგორ დაიმკვიდრებდა ღვთის ხალხი სულიერ მიწას. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდი ჯერ პასუხი გავცეთ ერთ კითხვას: რის საფუძველზე ვასკვნით, რომ დღეს სულიერი მიწა არსებობს?

      8. ა) რითი ჩაანაცვლა იეჰოვამ ისრაელი ერი? ბ) რა არის სულიერი მიწა ანუ სულიერი სამოთხე? გ) როდიდან არსებობს სულიერი მიწა და ვინ მკვიდრობს მასზე?

      8 მანამდე ნანახ ერთ-ერთ ხილვაში, იეჰოვამ ეზეკიელს გაუცხადა, რომ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებები უფრო ფართო მასშტაბით მას შემდეგ შესრულდებოდა, რაც მისი „მსახური დავითი“, იესო ქრისტე, გამეფდებოდა (ეზეკ. 37:24). ეს ასეც მოხდა 1914 წელს. იმ დროისთვის უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ღმერთს ისრაელი ერი სულიერი ისრაელით, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფით, ჰყავდა ჩანაცვლებული (წაიკითხეთ მათეს 21:43; 1 პეტრეს 2:9). თუმცა იეჰოვას მხოლოდ ისრაელი ერი კი არ ჩაუნაცვლებია სულიერი ისრაელით, არამედ ისრაელის მიწაც ჩაანაცვლა სულიერი მიწით ანუ სულიერი სამოთხით (ეს. 66:8). როგორც ამ წიგნის მე-17 თავიდან გავიგეთ, სულიერი მიწა არის უსაფრთხო ადგილი, სადაც 1919 წლიდან დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები ღმერთს სცემენ თაყვანს (იხილეთ ჩარჩო 9ბ „რატომ 1919?“). დროის სვლასთან ერთად მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვარიც“ დასახლდა სულიერ მიწაზე (იოან. 10:16). მართალია, დღეს უკვე ვმკვიდრობთ სულიერ სამოთხეში, მაგრამ არმაგედონის შემდეგ სრულად გავიხარებთ იმ კურთხევებით, რომლებიც სულიერ სამოთხეში გველის.

      მიწის თანაბრად დანაწილება

      9. ღვთის მითითების თანახმად, როგორ უნდა გაენაწილებინათ სამკვიდრო მიწები ისრაელის ტომებისთვის?

      9 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:1, 28. მიწის საზღვრების დადგენის შემდეგ იეჰოვამ დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გაენაწილებინათ სამკვიდრო მიწები. ღვთის მითითებით, თითოეული ტომისთვის თანაბარი წილი უნდა მიეცათ. აღთქმული მიწის ჩრდილოეთ საზღვართან დანის ტომის სამკვიდრო მდებარეობდა, სამხრეთ საზღვართან კი — გადის სამკვიდრო; ისრაელის სხვა ტომთა სამკვიდროები ამ ორს შორის იყო მოქცეული. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ტომის სამკვიდრო მიწის აღმოსავლეთ საზღვარს აღთქმული მიწის აღმოსავლეთი საზღვარი წარმოადგენდა, დასავლეთ საზღვარს კი — დიდი ანუ ხმელთაშუა ზღვა (ეზეკ. 47:20).

      10. რაში დაარწმუნებდა გადასახლებულ ებრაელებს დეტალური მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე?

      10 რაში დაარწმუნებდა გადასახლებულ ებრაელებს დეტალური მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე? ისინი მიხვდებოდნენ, რომ მიწების განაწილება ქაოსურად კი არა, წესისა და რიგისამებრ მოხდებოდა. მეტიც, ის ფაქტი, რომ 12 ტომს თანაბრად გაუნაწილდა მიწები იმას მოასწავებდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულთაგან არავინ დარჩებოდა სამკვიდრო მიწის გარეშე, უსახლკარო და მიუსაფარი.

      სპილენძისფრად მბზინვარე კაცი ეზეკიელს სამკვიდრო მიწას უჩვენებს.

      ჩარჩო 20ა: სამკვიდრო მიწების განაწილება

      11. რატომაა ჩვენთვის გამამხნევებელი ხილვა მიწების განაწილების თაობაზე? (იხილეთ ჩარჩო „სამკვიდრო მიწების განაწილება“)

      11 რატომაა გამამხნევებელი ეს ხილვა ჩვენთვისაც? აღთქმულ მიწაზე სამკვიდრო მხოლოდ მღვდლებს, ლევიანებსა და თავკაცებს კი არ მიეცათ, არამედ ისრაელის 12 ტომიდან ყველას (ეზეკ. 45:4, 5, 7, 8). მსგავსად, სულიერ სამოთხეში ადგილი მხოლოდ ცხებული ქრისტიანებისა და „უამრავი ხალხიდან“ ხელმძღვანელი ძმებისთვის კი არ მოიძებნება, არამედ ყველასთვისa (გამოცხ. 7:9). რა საქმესაც არ უნდა ვასრულებდეთ ღვთის ორგანიზაციაში, უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ მიწაზე ჩვენც გვაქვს „ადგილი“ და ღირებულ საქმეს ვასრულებთ. მართლაც რაოდენ გამამხნევებელია ამის ცოდნა!

      ფოტოკოლაჟი: ღვთის ხალხი. 1) ერთი და თავის ასაკოვან დედას ეხმარება; 2) მისიონერი ახალგაზრდა მაუწყებელს ეხმარება მსახურებაში. ისინი ზღვის სანაპიროზე ქადაგებენ; 3) მარტოხელა დედა ბიბლიის შესწავლას უტარებს თავის შვილებს; 4) გერიტ ლოში დილის თაყვანისცემას ატარებს ბეთელში; 5) ასაკოვანი და ლოცულობს. კალთაში ბიბლია და დაპატიმრებული ძმების სია უდევს; 6) ძმა საპირფარეშოს ალაგებს იეჰოვას მოწმეთა დარბაზში; 7) ძმა მომწესრიგებლად მსახურობს საკონგრესო დარბაზის ავტოსადგომზე; 8) ძმები მთარგმნელობითი ოფისის აუდიოსტუდიაში მუშაობენ.

      იეჰოვა გვაფასებს იმისდა მიუხედავად, რა საქმესაც არ უნდა ვასრულებდეთ მის ორგანიზაციაში. (იხილეთ მე-11 აბზაცი)

      ორი არსებითი სხვაობა

      12, 13. რა მითითებები მისცა იეჰოვამ ეზეკიელს ისრაელის 12 ტომისთვის სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე?

      12 ეზეკიელს ალბათ გააკვირვებდა იეჰოვას მიერ მიწის დანაწილებასთან დაკავშირებით მიცემული ზოგი მითითება, რადგან ისინი განსხვავდებოდა მოსესთვის მიცემული მითითებებისგან. მოდი ვიმსჯელოთ ორ სხვაობაზე. მათგან პირველი ეხებოდა მიწას, მეორე კი — მის მაცხოვრებელთ.

      13 მიწა. იეჰოვას მითითებისამებრ, მოსეს მრავალრიცხოვანი ტომებისთვის უფრო დიდი სამკვიდრო უნდა მიეცა, მცირერიცხოვანი ტომებისთვის კი — მომცრო (რიცხ. 26:52—54). მაგრამ ეზეკიელს იეჰოვამ უთხრა, რომ ყველა ტომს თანაბარი სამკვიდრო ერგებოდა (ეზეკ. 47:14). ამგვარად, თითოეული ტომისთვის სამკვიდროდ გამოყოფილი მიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის თანაბარი მანძილი იყო. ისრაელთაგან უკლებლივ ყველას, იმისდა მიუხედავად, თუ 12 ტომიდან რომელს მიეკუთვნებოდა, შეეძლო მოსავლის მოწევა ნაყოფიერ აღთქმულ მიწაზე.

      14. როგორ განსხვავდებოდა ეზეკიელისთვის მიცემული მითითება იმ მითითებისგან, რომელიც მოსეს კანონში იყო ჩაწერილი ხიზნებთან დაკავშირებით?

      14 მიწის მაცხოვრებელნი. მართალია, მოსეს კანონი ითვალისწინებდა ხიზნის უფლებებს და იეჰოვას თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ წილი ისრაელის მიწაზე (ლევ. 19:33, 34). თუმცა ახლა იეჰოვამ ეზეკიელს ხიზნებისთვის სამკვიდროს მიცემის თაობაზე კანონისგან განსხვავებული მითითება მისცა: „მათ იმ ტომში მიეცით სამკვიდრო, რომელშიც ცხოვრობენ“. იეჰოვამ ამ მითითებით ხიზნის უფლებები მკვიდრის უფლებებს გაუთანაბრა (ეზეკ. 47:22, 23). ეზეკიელი ხილვიდან მიხვდებოდა, რომ ამ აღდგენილ სულიერ მიწაზე ყველა იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნებოდა და თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა (ლევ. 25:23).

      15. რომელ უცილობელ ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს იეჰოვას მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და მის მაცხოვრებელთა თაობაზე?

      15 ორი მითითება, რომლებიც იეჰოვამ ეზეკიელს სამკვიდრო მიწების განაწილებასა და ხიზნის უფლებებთან დაკავშირებით მისცა, გადასახლებულთ უსათუოდ გაამხნევებდა. ისინი ამგვარად შეიტყობდნენ, რომ იეჰოვა ყველას, ებრაელსა თუ ხიზანს, აღთქმულ მიწაზე თანაბარ წილს მისცემდა (ეზრ. 8:20; ნეემ. 3:26; 7:6, 25; ეს. 56:3, 8). ეს მითითებები უდავოდ გაახარებდა მათ, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ ერთ უცილობელ ჭეშმარიტებაში: იეჰოვასთვის ყველა მსახური თანაბრად ძვირფასია (წაიკითხეთ ანგიას 2:7). ჩვენც გვახარებს ამის ცოდნა, რადგან ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ღვთისთვის ყველანი ძვირფასნი ვართ.

      16, 17. ა) როგორ გვამხნევებს მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და ამ მიწაზე მაცხოვრებელთა თაობაზე? ბ) რომელ კითხვაზე გაგვცემს პასუხს მომდევნო თავი?

      16 როგორ გვამხნევებს მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და ამ მიწაზე მაცხოვრებელთა თაობაზე? ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მსოფლიო საძმოში ყველა გაერთიანებულად ვცემთ თაყვანს იეჰოვას და თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ. იეჰოვა არაა მიკერძოებული. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: ვარ იეჰოვასავით მიუკერძოებელი? ვეპყრობი ყველა თანაქრისტიანს გულითადი პატივისცემით ეთნიკური წარმომავლობის თუ მდგომარეობის მიუხედავად? (რომ. 12:10). ნამდვილად სიხარულს გვგვრის, რომ ყველას თანაბრად მიგვიწვდება ხელი იმ ყოველივეზე, რასაც გვთავაზობს სულიერი სამოთხე, სადაც მთელი გულით ვემსახურებით ღმერთს და ვხარობთ მისგან მომდინარე კურთხევებით (გალ. 3:26—29; გამოცხ. 7:9).

      სხვადასხვა წარმომავლობისა და ასაკის დები ერთად განიხილავენ ღვთის სიტყვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასთან.

      ვართ იეჰოვასავით მიუკერძოებელი და ვეპყრობით სხვებს გულითადი პატივისცემით? (იხილეთ მე-15 და მე-16 აბზაცები)

      17 მოდი ახლა განვიხილოთ მეოთხე დაპირება, რომლის შესახებაც ეზეკიელის ხილვის დასკვნით ნაწილშია საუბარი, რომ იეჰოვა „დამკვიდრდებოდა“ გადასახლებულთა შორის. რას ვსწავლობთ ამ დაპირებიდან? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო თავი გაგვცემს.

      a ამ წიგნის მე-14 თავში განხილულია, თუ რა პასუხისმგებლობები დააკისრა იეჰოვამ მღვდლებსა და თავკაცებს სულიერ მიწაზე.

      რა გაიგეთ წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ?

      1. რის საფუძველზე ვასკვნით, რომ დღეს სულიერი სამოთხე არსებობს?

      2. რა გვარწმუნებს იმაში, რომ სულიერ მიწაზე ჩვენც გვაქვს „ადგილი“ და ღირებულ საქმეს ვასრულებთ?

      3. რას გვასწავლის იეჰოვას შესახებ წინასწარმეტყველური ხილვა სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე?

  • «ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
    • ზემოდან დანახული ქალაქი, რომლის სახელია: „იეჰოვაა იქ“.

      თავი 21

      «ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»

      ეზეკიელი 48:35

      თემა: ქალაქისა და შეწირული მიწის მნიშვნელობა

      1, 2. ა) რომელი მიწის არსებობის შესახებ იგებს ეზეკიელი? (იხილეთ წიგნის ყდა) ბ) რა იმედს ჩაუსახავდა ეს ხილვა გადასახლებულებს?

      ეზეკიელი თავის ბოლო ხილვაში განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყოფილი მიწის შესახებ იგებს, რომელიც იეჰოვას საკუთრებაა და ისრაელის არცერთ ტომს არ მიუღია სამკვიდროდ. ეზეკიელი ერთი უჩვეულო ქალაქის არსებობის შესახებაც იგებს, რომელსაც მრავლისმთქმელი სახელი აქვს. ეს ხილვა გადასახლებულებს კიდევ ერთ იმედის მომცემ ცნობას აწვდის: იეჰოვა მათთან იქნება, როდესაც ისინი მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.

      2 წინასწარმეტყველი დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის შეწირული მიწის შესახებ. მოდი განვიხილოთ ბიბლიის ეს მონაკვეთი, რომელსაც ჩვენთვის, იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

      ზემოდან დანახული „მთელი შეწირული მიწის“ ნაწილი და ქალაქი, რომლის სახელია: „იეჰოვაა იქ“. მაღალ მთაზე მდგარი და იეჰოვას დიდებით გაბრწყინებული ტაძრიდან მდინარე გამოედინება.

      წმინდა მიწა და ქალაქისთვის გამოყოფილი მიწა

      იეჰოვასთვის შეწირული მიწის რუკა და ჩარჩო, რომელშიც ნაჩვენებია „მთელი შეწირული მიწა“.

      ჩარჩო 21ა: შეწირული მიწა

      3. რა და რა ნაწილისგან შედგებოდა შეწირული მიწა და რა დანიშნულება ჰქონდა თითოეულს? (იხილეთ ჩარჩო „შეწირული მიწა“)

      3 განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყოფილი მიწის სიგრძეცა და სიგანეც 13 კმ-ს (25 000 წყრთა) შეადგენდა. ეს კვადრატული მიწის ნაკვეთი ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში აგრეთვე მოხსენიებულია, როგორც „მთელი შეწირული მიწა“. ეს მიწა სიგანეზე სამ ნაწილად იყო დაყოფილი: ზემო ნაწილი ლევიანებისთვის იყო გამოყოფილი, შუა ნაწილი — ტაძრისა და მღვდლებისთვის (ზემო და შუა ნაწილს ერთად „წმინდა მიწა“ ეწოდებოდა), შედარებით პატარა ქვემო ნაწილი კი, იგივე „დარჩენილი მიწა“ — ქალაქისთვის (ეზეკ. 48:15, 20).

      4. რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

      4 რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? ის ფაქტი, რომ იეჰოვას მითითების თანახმად, მიწა ჯერ განსაკუთრებული მიზნისთვის უნდა გამოყოფილიყო, შემდეგ კი ტომებისთვის, იმაზე მიუთითებდა, რომ ისრაელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიწის ის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად იქცეოდა (ეზეკ. 45:1). უდავოდ, გადასახლებულები მიწის განაწილების მაგალითზე მიხვდებოდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ღვთის თაყვანისმცემლობას უმთავრესი ადგილი უნდა დაეკავებინა. ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს სულიერი საქმეების მიმართ, იქნება ეს ღვთის სიტყვის შესწავლა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება თუ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა. თუ იეჰოვას თვალსაზრისი გვექნება და პრიორიტეტებს სწორად დავადგენთ, მისდამი თაყვანისმცემლობა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს.

      „მის შუაგულში ქალაქი იქნება“

      5, 6. ა) ვის ეკუთვნოდა ქალაქი? ბ) რა არ იგულისხმება ქალაქში? ახსენით.

      5 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:15. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქსა და მის გარშემო მდებარე მიწას? (ეზეკ. 48:16—18). ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა, რომ ქალაქის საკუთრებად გაღებული მიწა მთელი ისრაელისთვის იქნებოდა განკუთვნილი (ეზეკ. 45:6, 7). ამგვარად, ქალაქი და მის გარშემო მდებარე მიწა არ შედიოდა იეჰოვასთვის შეწირულ „წმინდა მიწაში“ (ეზეკ. 48:9). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ქალაქის მაგალითზე.

      6 ამ საკითხის განხილვამდე ჯერ გავიგოთ, რა არ იგულისხმება ქალაქში. მასში არ იგულისხმება აღდგენილი იერუსალიმი, სადაც ტაძარი იდგა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში ტაძარი არ იყო. ქალაქში არც ისრაელის რომელიმე სხვა ქალაქი იგულისხმება, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებულ ებრაელებსა თუ მათ შთამომავლებს არასოდეს გაუშენებიათ ისეთი ქალაქი, როგორიც ეზეკიელმა იხილა. გარდა ამისა, ქალაქში არც ზეციერი ქალაქი იგულისხმება, რადგან ის თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ წმინდა მიწაზე არ მდებარეობდა (ეზეკ. 42:20).

      7. რა ქალაქი იხილა ეზეკიელმა და, სავარაუდოდ, რა იგულისხმება მასში? (იხილეთ სურათი 218-ე გვერდზე)

      7 მაშ, რა იგულისხმება ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში? ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელმა ქალაქიც და მიწაც ერთსა და იმავე ხილვაში ნახა (ეზეკ. 40:2; 45:1, 6). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მიწაში“ სულიერი მიწა იგულისხმება. შესაბამისად, „ქალაქშიც“ სულიერი ქალაქი უნდა ვიგულისხმოთ. ისმის კითხვა: რას მოიაზრებს სიტყვა „ქალაქი“? როგორც წესი, „ქალაქში“ დასახლებული პუნქტი იგულისხმება. ამგვარად, წინასწარმეტყველის მიერ ხილვაში ნანახი კვადრატის ფორმის ქალაქი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ცენტრს, სადაც ადმინისტრაციული ორგანო მდებარეობდა.

      ზემოდან დანახული ქალაქი, რომლის სახელია: „იეჰოვაა იქ“.

      8. რას განაგებს ადმინისტრაციული ორგანო და რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

      8 რას განაგებს ეს ადმინისტრაციული ორგანო? ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, რომ მისი მმართველობა სულიერ მიწაზე ვრცელდება. შესაბამისად, ეს ადმინისტრაციული ორგანო სულიერ სამოთხეში ღვთის ხალხის საქმიანობას ხელმძღვანელობს. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქალაქი თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ მიწაზე არ მდებარეობდა? ეს მიუთითებს იმაზე, რომ მასში ზეციერი კი არა, დედამიწაზე არსებული მმართველობა იგულისხმება, რომელიც სულიერი სამოთხის მკვიდრთა კეთილდღეობას ემსახურება.

      9. ა) ვინ შეადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს? ბ) რას გააკეთებს იესო ათასწლიანი მმართველობის დროს?

      9 ვინ შეადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს? ეზეკიელის ხილვაში ქალაქის მმართველი თავკაცი იყო (ეზეკ. 45:7). მართალია, იგი ხალხს ზედამხედველობდა, მაგრამ არც მღვდელი იყო და არც ლევიანი. დღეს თავკაცის როლს, ძირითადად, ის ქრისტიანი ზედამხედველები ასრულებენ, რომლებიც სულით ცხებულები არ არიან. ეს მზრუნველი სულიერი მწყემსები, რომლებიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებიან, ქრისტეს ზეციერი მთავრობის მორჩილი მიწიერი მსახურები არიან (იოან. 10:16). ათასწლიანი მმართველობის დროს იესო მთელ დედამიწაზე დანიშნავს „მთავრებს“ ანუ გამოცდილ უხუცესებს (ფსალმ. 45:16). როგორც ზეციერი მთავრობის მიწიერი წარმომადგენლები, ისინი იზრუნებენ ღვთის ხალხის კეთილდღეობაზე.

      „იეჰოვაა იქ“

      10. რა ერქვა ქალაქს და რის გარანტიას იძლეოდა მისი სახელი?

      10 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:35. ქალაქის სახელწოდებაა „იეჰოვაა იქ“. ეს სახელი იმის გარანტია იყო, რომ ქალაქში იეჰოვა იმყოფებოდა, რასაც ისრაელებიც ნათლად დაინახავდნენ. როცა იეჰოვამ ეზეკიელს მიწის შუაგულში მდებარე ქალაქი ახილვინა, შეიძლება ითქვას, გადასახლებულებს ასეთი რამ უთხრა: „კვლავ თქვენთან ვიქნები!“. მართლაც რა მანუგეშებელი სიტყვებია!

      11. რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

      11 რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? ქალაქის სახელწოდება იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დღესაც მკვიდრობს თავის ერთგულ მსახურებთან და ეს ასე იქნება მომავალშიც. ამ სახელწოდებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიგებთ: ქალაქით ადამიანური მმართველობა კი არა, იეჰოვას მმართველობაა წარმოდგენილი, რომელსაც საფუძვლად სიყვარული და სამართლიანობა უდევს. მაგალითად, იეჰოვას ადამიანებისთვის არ მიუცია უფლება, თვითნებურად დაენაწილებინათ მიწა. მსგავსად ამისა, იეჰოვა მოელის, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოში“ მომსახურე მმართველებმაც პატივი სცენ იმას, თუ როგორ გაუნაწილა „სამკვიდრო“ ანუ საქმე თავის მსახურებს, მათ შორის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოებს (ეზეკ. 46:18; 48:29).

      12. ა) რა თავისებურება ახასიათებს ქალაქს და რაზე მოწმობს ის? ბ) რას სწავლობენ ქრისტიანი ზედამხედველები კარიბჭეების მაგალითზე?

      12 კიდევ რა თავისებურება ახასიათებს ქალაქს, რომლის სახელწოდებაცაა „იეჰოვაა იქ“? საგულისხმოა, რომ ძველად ცდილობდნენ, ქალაქის გალავანში, რაც შეიძლება ცოტა კარიბჭე დაეტანებინათ, მაშინ როცა ამ ქალაქს 12 კარიბჭე ჰქონდა! (ეზეკ. 48:30—34). კარიბჭეების ასეთი რაოდენობა იმაზე მოწმობდა, რომ ქალაქის მმართველებთან ღვთის ყველა მსახურს ადვილად შეეძლო მისვლა. გალავანს ოთხივე მხარეს სამ-სამი კარიბჭე ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ქალაქი ღია იყო ყველა ისრაელისთვის (ეზეკ. 45:6). ქრისტიანი ზედამხედველები კარიბჭეების მაგალითზე ერთ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ: იეჰოვა მოელის, რომ ისინი უშუალონი და მეგობრულნი იყვნენ, რათა სულიერი სამოთხის ყველა მკვიდრს ადვილად შეეძლოს მათთან მისვლა.

      უხუცესი ბავშვებს ესაუბრება და მათ ნახატებს ათვალიერებს იეჰოვას მოწმეთა დარბაზში.

      ქრისტიანი ზედამხედველები უშუალონი და მეგობრულნი არიან. (იხილეთ მე-12 აბზაცი)

      საქმე ტაძარში თუ ქალაქგარეთ

      13. რა საქმე სრულდებოდა ტაძარში?

      13 მოდი ვნახოთ, კიდევ რას ვიგებთ ამ ხილვიდან. იეჰოვა იხსენიებს ხალხს, რომელიც სხვადასხვა სახის მსახურებას ასრულებდა. მაგალითად, ტაძარში მომსახურე მღვდლები მსხვერპლს სწირავდნენ, ლევიანები კი ტაძარში გასაკეთებელ სხვადასხვა საქმეზე ზრუნავდნენ (ეზეკ. 44:14—16; 45:4, 5). ამასთანავე, ღვთის ზოგი მსახური ქალაქის სიახლოვეს შრომობდა. ვინ იყვნენ ისინი?

      14. რას მოგვაგონებს საქმე, რომელსაც ქალაქის შემოგარენში მომუშავენი ასრულებდნენ?

      14 ქალაქის შემოგარენში მომუშავენი „ისრაელის ყველა ტომიდან“ იყვნენ. ისინი მხარს უჭერდნენ მათ, ვინც ქალაქში შრომობდა. მათ მოჰყავდათ მოსავალი, რომლითაც ქალაქში მომსახურენი საზრდოობდნენ (ეზეკ. 48:18, 19). ქალაქის სიახლოვეს მომუშავეთა საქმიანობა მოგვაგონებს იმ საქმეს, რომლის კეთებაც ჩვენ დაგვევალა. დღეს სულიერი სამოთხის ყველა მკვიდრს აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ ქრისტეს ცხებულ ძმებს და იეჰოვას მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ ძმებს „უამრავი ხალხიდან“ (გამოცხ. 7:9, 10). თუკი ხალისით მივყვებით „ერთგული მონის“ მითითებებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ მხარდამხარ ვთანამშრომლობთ.

      15, 16. ა) კიდევ რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვიდან? ბ) რა საქმეებში ვართ ჩაბმულნი?

      15 ეზეკიელის ხილვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის კეთებაც დაგვევალა. როგორც იეჰოვამ თქვა, ხალხი 12 არასამღვდელო ტომიდან ორ სხვადასხვა ადგილას იშრომებდა: ტაძრის ეზოში და ქალაქგარეთ, საძოვრებზე. რა საქმეს ასრულებდნენ ისინი ტაძარში თუ ქალაქგარეთ? ტაძრის ეზოში ისრაელის ყველა ტომიდან მიდიოდნენ იეჰოვასთვის თაყვანსაცემად და მსხვერპლის შესაწირად (ეზეკ. 46:9, 24). ამასთანავე, ისინი ქალაქგარეთ ამუშავებდნენ მიწას, მოწეული მოსავლით კი ქალაქში მომსახურენი საზრდოობდნენ. რისი სწავლა შეგვიძლია ქალაქგარეთ მომუშავეთა მაგალითზე?

      16 დღესდღეობით „უამრავი ხალხი“ ასრულებს იმის მსგავს საქმეს, რომელსაც ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ქალაქგარეთ მომუშავენი ასრულებდნენ. „უამრავი ხალხი“ თაყვანს სცემს იეჰოვას მის ტაძარში და მსხვერპლად ქებას სწირავს, ანუ ისინი მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმეში, აკეთებენ კომენტარებს კრების შეხვედრებზე და მღერიან ღვთის სადიდებელ სიმღერებს (ებრ. 13:15; გამოცხ. 7:9—15). ნამდვილად, მათთვის იეჰოვას თაყვანისცემა უმთავრესი მოვალეობაა (1 მატ. 16:29). ღვთის ხალხს აქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციას სხვა მხრივაც დაუჭირონ მხარი. მაგალითად, ზოგი იეჰოვას მოწმეთა ფილიალებისა თუ დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში იღებს მონაწილეობას, ზოგი ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ სხვა პროექტებს უჭერს მხარს, ზოგიც ორგანიზაციას მატერიალურად უდგას მხარში. ამგვარად, ეს და-ძმები „ამუშავებენ მიწას“, რაც ღვთის განდიდებას ემსახურება (1 კორ. 10:31). ისინი დავალებულს ხალისითა და გულმოდგინებით ასრულებენ, რადგან იციან, რომ „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16). ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ სრულად ჩაებათ მსგავს საქმეებში?

      ქალაქის, რომლის სახელიცაა „იეჰოვაა იქ“, გარშემო ხალხი ფუსფუსებს; ისინი ეზიდებიან მარცვლეულს და ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე.

      რას ვიგებთ იმ საქმეების მაგალითზე, რომლებიც ტაძრის ეზოში თუ ქალაქგარეთ სრულდებოდა? (იხილეთ მე-14—16 აბზაცები)

      „ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას“

      17. ა) როგორ შესრულდება ეზეკიელის ხილვა ფართო მასშტაბით მომავალში? ბ) ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ვის უხელმძღვანელებს „ადმინისტრაციული ორგანო“?

      17 ველით ამ ხილვის უფრო ფართო მასშტაბით შესრულებას მომავალში? რასაკვირველია! შევიხსენოთ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი მიწის ნაკვეთი, რომელსაც „წმინდა შესაწირავი“ ეწოდა, აღთქმული მიწის შუაგულში მდებარეობდა (ეზეკ. 48:10, 20). ეს გვარწმუნებს, რომ არმაგედონის შემდეგ იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიცხოვრებთ, იეჰოვა ჩვენთან იქნება (გამოცხ. 21:3). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს „ადმინისტრაციული ორგანო“ მთელ დედამიწაზე განავრცობს თავის ძალაუფლებას, ანუ ძმები, რომელთაც დედამიწაზე ღვთის ხალხზე ზრუნვა დაევალებათ, ხელმძღვანელობას გაუწევენ „ახალ დედამიწას“ ანუ ადამიანთა ახალ საზოგადოებას (2 პეტ. 3:13).

      18. ა) რა გვარწმუნებს იმაში, რომ „ადმინისტრაციული ორგანო“ ყოველთვის ღვთის მოსაწონად უხელმძღვანელებს ხალხს? ბ) რაზე მოწმობს ქალაქის სახელწოდება?

      18 რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ „ადმინისტრაციული ორგანო“ ყოველთვის ღვთის მოსაწონად უხელმძღვანელებს ხალხს? ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ ეს მიწიერი ქალაქი, რომელსაც 12 კარიბჭე აქვს, ზეციერ ქალაქს, ახალ იერუსალიმს, წააგავს, რომელსაც აგრეთვე 12 კარიბჭე აქვს და ქრისტეს 144 000 ცხებული თანამმართველისგან შედგება (გამოცხ. 21:2, 12, 21—27). ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოში“ მომსახურე მმართველები ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის ზეციერი სამეფოს ხელმძღვანელობას. ქალაქის სახელწოდება „იეჰოვაა იქ“, მოწმობს იმაზე, რომ სამოთხეში წმინდა თაყვანისმცემლობას აღარასდროს დაემუქრება საფრთხე და ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდება! მართლაც, რა მშვენიერი მომავალი გველის!

      რა გაიგეთ წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ?

      1. როგორ დაგვეხმარება ეზეკიელის ხილვა სწორი პრიორიტეტების დადგენაში?

      2. როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი „ერთგულ მონას“?

      3. რა არის ჩვენთვის უმთავრესი მოვალეობა?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება