49 ᲞᲔᲢᲠᲔ
მან გაამართლა თავისი სახელი
ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲘᲓᲐᲜ სულ ცოტა ხანში იესომ მას სახელი შეუცვალა. „შენ სიმონი ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან კეფა გერქმევა!“ – უთხრა მას. კეფა, ბერძნულად პეტრე, „კლდის ნატეხს“ ნიშნავს. რატომ დაარქვა იესომ ამ კაცს ეს სახელი? როგორც ჩანს, ამით იმის ხაზგასმა სურდა, რომ ის გამხნევების წყარო და მტკიცე, ძლიერი საყრდენი გახდებოდა თანამორწმუნეებისთვის.
შეძლო პეტრემ გაემართლებინა თავისი სახელი? როგორც 45-ე თავიდან დავინახეთ, ის ყოველთვის ვერ ავლენდა კლდესავით მტკიცე თვისებებს. ზოგჯერ მას ეჭვები უჩნდებოდა, ზოგჯერ კი სხვების შიშით არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ამის მიუხედავად, იესოს სჯეროდა თავისი მეგობრის. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დროთა განმავლობაში ის უფრო გაბედული ადამიანი გახდებოდა. ხომ არ ცდებოდა იესო?
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტემ თავის მოციქულებს მნიშვნელოვანი დავალება მისცა. პეტრეც მზადყოფნით შეუდგა მის შესრულებას და სულ უფრო მეტ გაბედულებას იჩენდა. მაგალითად, იერუსალიმში დღესასწაულზე შეკრებილ ათასობით ღვთისმოშიშ იუდეველს მან გაბედულად მიმართა სიტყვით და უთხრა, რომ მესიის სიკვდილში მიუძღოდათ ბრალი. ამ სიტყვების მოსმენამ ბევრი სულით ხორცამდე შეძრა და მონანიებისკენ აღძრა. იმ დღეს დაახლოებით 3 000 კაცი მოინათლა და იესოს მიმდევარი გახდა.
რა დაეხმარა პეტრეს, რომ გაემართლებინა იესოს მიერ შერქმეული სახელი?
სასიხარულო ცნობის ქადაგებამ პეტრეს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავა. იესომ მას „ზეციერი სამეფოს გასაღებები“ მიანდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პეტრეს სამი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის უნდა გაეხსნა გზა ზეციერი სამეფოსკენ. ის ასეც მოიქცა. მან ჯერ იუდეველებს უქადაგა, შემდეგ სამარიელებს, ბოლოს კი – უცხოტომელებს. ეს კაცი ნამდვილად გამოირჩეოდა გაბედულებითა და მიუკერძოებლობით. თანამორწმუნეების განსამტკიცებლად და სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად, სად აღარ მიდიოდა, ზოგჯერ ცოლთან ერთად, ზოგჯერ კი ცოლის გარეშე. ის ბაბილონშიც კი გადავიდა საცხოვრებლად, რომ იქაც ექადაგა.
ათწლეულების განმავლობაში პეტრე ბევრ სირთულეს ხვდებოდა და დევნის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა. მაგრამ ის ყველაფერს ვაჟკაცურად იტანდა. სხვა მოციქულებთან ერთად ის ბევრჯერ ჩააგდეს საპატიმროში. როცა იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა მათ ქადაგება აუკრძალეს, პეტრემ ასეთი სიტყვები უთხრა: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“. ამის შემდეგ მოციქულები სცემეს, მაგრამ ისინი ამას არ შეუშინებია. მათ კვლავ განაგრძეს ღვთის სამეფოსა და იეჰოვას დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს შესახებ ქადაგება.
ამის შემდეგ იესოს მიმდევრების დევნამ კიდევ უფრო სასტიკი სახე მიიღო. მაგალითად, როგორც წინა თავიდან გავიგეთ, სტეფანე მოკლეს. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი ჰეროდემ პეტრეს მეგობარი, მოციქული იაკობიც, გამოასალმა სიცოცხლეს. როცა ამ ბოროტმა მმართველმა დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა, პეტრეს დაპატიმრებაც ბრძანა. პეტრეც შეიპყრეს, საპატიმროში ჩააგდეს და მცველები დაუყენეს. იესოს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, როგორ დაასრულებდა სიცოცხლეს – მას შებოჭავდნენ და შემდეგ მოკლავდნენ. ხომ არ ფიქრობდა ამ დროს პეტრე, რომ იესოს სიტყვების შესრულების დრო დადგა?
თუმცა ამჯერად მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ღამით ის ანგელოზმა გააღვიძა, ხელები შეუხსნა და საკნიდან ისე გამოიყვანა, რომ დაცვამ ვერაფერი შენიშნა, შემდეგ კი დიდი კარიბჭის გავლით ქუჩაში გაიყვანა. საინტერესოა, როგორ მოიქცა ამ დროს პეტრე? მისთვის მთავარი საკუთარი უსაფრთხოება არ ყოფილა. ის მაშინვე იმ სახლში წავიდა, სადაც იცოდა, რომ მოწაფეები ღვთის თაყვანისცემისა და ლოცვისთვის იყვნენ შეკრებილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა და-ძმებს პეტრეს დანახვა.
მას არასდროს დავიწყებია თავისი უფლის სიტყვები: „განამტკიცე ძმები“ და „აძოვე ჩემი ბატკნები!“ (ლუკ. 22:32; იოან. 21:17). სადაც არ უნდა წასულიყო, პეტრე ყველგან გაბედულად ქადაგებდა და განამტკიცებდა თანამორწმუნეებს. თუმცა ის არასრულყოფილი ადამიანი იყო და შეცდომებსაც უშვებდა. ერთხელ სხვების ზეგავლენაში მოქცეულს მას მკაცრი რჩევის მიღებაც კი დასჭირდა სხვა მოციქულისგან. თუმცა ამ თავმდაბალმა კაცმა გაითვალისწინა რჩევა და ეს შეცდომა მეტად აღარ დაუშვია. ის კვლავაც განამტკიცებდა და-ძმებს და ორი წერილიც კი დაწერა, რომლებიც ბიბლიის ნაწილი გახდა. ათწლეულების განმავლობაში ერთგულად მსახურების შემდეგ ის დროც დადგა, როცა იესოს სიტყვები უნდა შესრულებულიყო – პეტრე შებოჭეს, საპატიმროში ჩააგდეს და მოკლეს. თუმცა მას არცერთი წუთით არ დაუკარგავს რწმენა და გაბედულება. მან ნამდვილად გაამართლა თავისი სახელი და კლდესავით მტკიცე ადამიანად იქცა!
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა პეტრეს გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?
გამოიკვლიეთ
1) როგორ გამოიყენა პეტრემ იესოს მიერ მიცემული „ზეციერი სამეფოს გასაღებები“? (მათ. 16:18, 19; ijwbq სტატია 124 ¶1–5) სურათი 1
სურათი 1: პეტრემ სასიხარულო ცნობა იქადაგა იუდეველებთან იერუსალიმში, სამარიელებთან სამარიაში და უცხოტომელებთან კესარეაში.
2) საიდან ჩანს, რომ პეტრე მიუკერძოებლობას იჩენდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უცხოტომელ კორნელიუსს ესტუმრებოდა? (საქ. 10:5–7, 23; bt 69 ¶1, სქ.) სურათი 2
სურათი 2: ძველი იოპეს ტერიტორია
3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ პეტრემ გაითვალისწინა პავლეს რჩევა? (w17.04 26, 27 ¶15–17)
4) რატომ გადავიდა პეტრე ბაბილონში? (it „ტყვეობა“ ¶24)
რას სწავლობთ
იერუსალიმში შეკრებილი დიდძალი ხალხის წინაშე პეტრემ გაბედულად, თუმცა იმავდროულად, ტაქტიანად ისაუბრა. ჩვენ რა სიტუაციებში შეიძლება დაგვჭირდეს ამ თვისებების გამოვლენა?
პეტრე კრებაში გამორჩეული ფიგურა იყო, თუმცა მან გაითვალისწინა პავლეს რჩევა. როგორ შეგვიძლია პეტრეს მიბაძვა? სურათი 3
სურათი 3
კიდევ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ პეტრეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
პეტრე იესომ თანამმართველად აირჩია. ზემოთ განხილულის ფონზე, რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?
გაიგეთ მეტი
როგორ გვეხმარება პეტრეს მაგალითი, რომ მაშინაც მივენდოთ იეჰოვას, როცა რაღაც გვაშინებს?
ეს სავარჯიშო დაგანახვებთ, კიდევ რისი სწავლა შეგიძლიათ საქმეების მე-10 თავში მოთხრობილი ისტორიიდან.