დახმარება (გაჭირვებულთა)
ხელის გამართვა მათთვის, ვინც აუცილებელს არის მოკლებული. ეს შეიძლება იყოს ხანდაზმული, მშიერი ან სხვა სახის გაჭირვებაში მყოფი ადამიანი.
ღვთის ერთგული მსახურები იმით გამოირჩევიან, რომ მზად არიან გაჭირვებულთა დასახმარებლად (იობ. 29:16; 31:19—22; იაკ. 1:27). პირველ საუკუნეში იერუსალიმის კრებაში ორგანიზება გაეწია გაჭირვებული ქრისტიანი ქვრივებისთვის საკვების განაწილებას. ღირსეული ქვრივები საკვების გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ამ საქმის გაძღოლა შვიდ მამაკაცს დაევალა (სქ. 6:1—6). წლების შემდეგ ტიმოთესთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ კრება უნდა დახმარებოდა მხოლოდ სამოც წელს გადაცილებულ ქვრივებს. ეს ქვრივები თავიანთი კარგი ქრისტიანული საქმეებით უნდა ყოფილიყვნენ ცნობილი (1ტმ. 5:9, 10). აღსანიშნავია, რომ ასაკოვან მშობლებსა და პაპა-ბებიებზე პირველ რიგში შვილებსა და შვილიშვილებს უნდა ეზრუნათ. პავლე წერდა: „თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის“ (1ტმ. 5:4, 16).
ზოგჯერ კრებები დახმარებას უგზავნიდნენ სხვა კრებებს. მაგალითად, როცა წინასწარმეტყველმა აგაბემ დიდი შიმშილობა იწინასწარმეტყველა, სირიის ანტიოქიის კრებამ გადაწყვიტა „იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (სქ. 11:28, 29). იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ და-ძმებს სხვა კრებებიც დაეხმარნენ. ყველა შემთხვევაში დახმარება ნებაყოფლობითი იყო (რმ. 15:25—27; 1კრ. 16:1—3; 2კრ. 9:5, 7).