საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნეემია (ბიბლიის წიგნი)“
  • ნეემია (ბიბლიის წიგნი)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნეემია (ბიბლიის წიგნი)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ბიბლიის წიგნი 16 — ნეემია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იერუსალიმის გალავანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • იერუსალიმის გალავანი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნეემია (ბიბლიის წიგნი)“

ნეემია (ბიბლიის წიგნი)

ებრაულ წერილებში შემავალი წიგნი, რომელიც ძირითადად მოგვითხრობს იუდაში ნეემიას გამგებლად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე და მისი გამგებლობის დროს მომხდარ მოვლენებს (ნემ. 5:14; 13:6, 7). ღვთივშთაგონებული ჩანაწერის პირველივე სიტყვებიდან ვიგებთ, რომ დამწერი იყო „ნეემია, ხაქალიას ვაჟი“ (1:1). წიგნის დიდი ნაწილი პირველ პირშია დაწერილი.

რა პერიოდს მოიცავს. დაწერის დრო. თხრობის ათვლის წერტილად მოხსენიებულია „ქისლევის თვე [ნოემბერ-დეკემბერი], მეოცე წელი“ (ნემ. 1:1). ნეემიას 2:1-დან ჩანს, რომ ამაში იგულისხმება არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელი. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წლის პირველი თვე ნისანი (მარტი-აპრილი) ვერ იქნებოდა, რადგან შეუძლებელია, მე-20 წლის ქისლევი წინ უსწრებდეს იმავე წლის ნისანს, რომელიც მოხსენიებულია ნეემიას 2:1-ში. შესაძლოა, ნეემიამ ათვლის წერტილად გამოიყენა მთვარისმიერი წელიწადის პირველი თვე თიშრი (სექტემბერ-ოქტომბერი), რომელსაც დღეს ებრაელები აღიარებენ თავიანთი სამოქალაქო წელიწადის პირველ თვედ. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მეფის მმართველობის პერიოდი მან მეფის ტახტზე ასვლის დღიდან გამოითვალა მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონელი გადამწერები ჩვეულებისამებრ სპარსეთის მეფეების მმართველობის წლებს ნისანიდან ნისანამდე ითვლიდნენ, რაზეც ლურსმული თიხის ფირფიტებიც მოწმობს.

სანდო ისტორიული მტკიცებებიდან და ბიბლიის წინასწარმეტყველების შესრულებიდან ჩანს, რომ არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წლის ნისანი ემთხვევა ძვ. წ. 455 წლის ნისანს (იხ. სპარსეთი, სპარსელები [ქსერქსესა და არტაქსერქსეს მეფობა]). შესაბამისად, არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წლის ქისლევი, რომელიც წინ უსწრებდა მისი მეფობის მე-20 წლის ნისანს, ემთხვევა ძვ. წ. 456 წლის ქისლევს; მისი მეფობის 32-ე წელი კი (ეს არის ნეემიას წიგნში [13:6] მოხსენიებული ბოლო თარიღი) ძვ. წ. 443 წლის გარკვეულ ნაწილს მოიცავდა. აქედან გამომდინარე, ნეემიას წიგნში აღწერილია მოვლენები ძვ. წ. 456 წლის ქისლევიდან ძვ. წ. 443 წლის შემდგომ პერიოდამდე.

ნეემიამ იერუსალიმი არტაქსერქსეს მეფობის 32-ე წელს დატოვა. შემდეგ, როცა იერუსალიმში დაბრუნდა, გაიგო, რომ იუდეველები მღვდლებსა და ლევიანებს კუთვნილ წილს აღარ აძლევდნენ, შაბათის კანონს არღვევდნენ, უცხოელი ცოლები ჰყავდათ და მათი შვილები ვერ ლაპარაკობდნენ იუდეველთა ენაზე (ნემ. 13:10—27). იერუსალიმში არსებული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ნეემია იქ საკმაოდ დიდი ხანი არ იმყოფებოდა. მაგრამ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენი დრო გავიდა ძვ. წ. 443 წლიდან ნეემიას წიგნის წერის დამთავრებამდე.

ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. ნეემიას წიგნი განადიდებს იეჰოვა ღმერთს. ის გვაცნობს მას, როგორც შემოქმედს (ნემ. 9:6; შდრ. დბ. 1:1; ფს. 146:6; გმც. 4:11), თავის მსახურთა გულწრფელი ლოცვების მომსმენსა (ნემ. 1:11—2:8; 4:4, 5, 15, 16; 6:16; შდრ. ფს. 86:6, 7) და თავისი ხალხის დამცველს (ნემ. 4:14, 20; შდრ. გმ. 14:14, 25). ის არის „მპატიებელი, მწყალობელი, გულმოწყალე, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე ღმერთი“ (ნემ. 9:17; შდრ. რც. 14:18), „ცათა ღმერთი, დიდებული და შიშის მომგვრელი ღმერთი, შეთანხმების დამცველი და სიკეთის შემნახველი“ მის მოყვარულთა და მისი მცნებების დამცველთათვის (ნემ. 1:5; შდრ. კნ. 7:9, 10, 21).

ნეემიას წიგნში ბევრი მინიშნებაა მოსეს კანონზე. მაგალითად, მოხსენიებულია დაუმორჩილებლობის არასახარბიელო შედეგები, მონანიების შედეგად მიღებული კურთხევები (ლვ. 26:33; კნ. 30:4; ნემ. 1:7—9), სესხის აღებ-მიცემა (ლვ. 25:35—38; კნ. 15:7—11; ნემ. 5:2—11), უცხოელებთან დამოყვრება (კნ. 7:3; ნემ. 10:30), შაბათები, ვალისგან გათავისუფლება (გმ. 20:8; ლვ. 25:4; კნ. 15:1, 2; ნემ. 10:31), სამსხვერპლოს ცეცხლი (ლვ. 6:13; ნემ. 10:34), კარვობის დღესასწაული (კნ. 31:10—13; ნემ. 8:14—18), მოაბელებისა და ამონელების შესვლა ისრაელის კრებულში (კნ. 23:3—6; ნემ. 13:1—3), მეათედები, პირველნაყოფი და შესაწირავები (გმ. 30:16; რც. 18:12—30; ნემ. 10:32—39).

წიგნში ჩაწერილია ისტორიული ფაქტები, რომლებიც ებრაული წერილების სხვა წიგნებშიც გვხვდება (ნემ. 9:7—35; 13:26; ნემ. 13:17, 18 შდრ. იერ. 17:21—27-ს). მასში მოთხრობილი ისტორია ნათელს ჰფენს ბიბლიის სხვა მონაკვეთებს. 123-ე და 129-ე ფსალმუნების შინაარსი შეესაბამება იმას, რაც ნეემიასა და სხვა იუდეველებს შეემთხვათ იერუსალიმის გალავნის აღდგენისას (ნემ. 4:1—5, 9; 6:1—14). ის, რომ იეჰოვამ აღძრა არტაქსერქსე თავისი ნების შესასრულებლად და ნეემიასთვის იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებართვის მისაცემად, იგავების 21:1-ში ჩაწერილი სიტყვების ისტორიული დადასტურებაა, სადაც ვკითხულობთ: „მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“ (ნემ. 2:4—8).

ეზრასა (2:1—67) და ნეემიას (7:6—69) წიგნებში მოხსენიებულია იმ საგვარეულოების მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონის გადასახლებიდან. ორივე წიგნში ნათქვამია, რომ მონებისა და მომღერლების გარდა, საერთო ჯამში გადასახლებიდან 42 360 მამაკაცი დაბრუნდა (ეზრ. 2:64; ნემ. 7:66). თუმცა წიგნებში ზოგიერთი საგვარეულოს მამაკაცთა რიცხვი განსხვავდება და დასახელებული რიცხვების ჯამი 42 360-ზე ბევრად ნაკლებია. ბევრი ბიბლეისტი ამას გადამწერების შეცდომად მიიჩნევს. თუმცა შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს.

შესაძლებელია ეზრამ და ნეემიამ თავიანთ ნუსხებში ჩაწერილი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან აიღეს. მაგალითად, ეზრას შეეძლო გამოეყენებინა იმ ადამიანთა ნუსხა, რომლებიც სამშობლოში დასაბრუნებლად ჩაწერეს, ნეემიას კი — ის ნუსხა, რომელშიც სამშობლოში დაბრუნებულები იყვნენ ჩაწერილნი. ვინაიდან ზოგიერთ მღვდელს არ შეეძლო თავისი წარმომავლობის დადგენა (ეზრ. 2:61—63; ნემ. 7:63—65), ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სხვა ისრაელებსაც ექნებოდათ იგივე პრობლემა. ამგვარად, 42 360 შესაძლოა იყო იმ მამაკაცთა საერთო რიცხვი, რომლებმაც შეძლეს თავიანთი წარმომავლობის დამტკიცება და რომლებმაც ვერ შეძლეს ეს. თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით ზოგმა დაადგინა თავისი წარმომავლობა. ამით შეიძლება აიხსნას, თუ აღრიცხულ მამაკაცთა რიცხვებს შორის განსხვავების მიუხედავად, რატომ ემთხვევა ორივე წიგნში საბოლოო რიცხვი ერთმანეთს.

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები ნეემიადან

წიგნი მოგვითხრობს იერუსალიმის გალავნის აღდგენისა და მის შემდგომ იუდეველთა შორის არასწორი ქმედებების აღმოფხვრის შესახებ.

აღწერს მოვლენებს, რომლებიც ბაბილონში გადასახლებული იუდეველების დაბრუნებიდან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა.

იერუსალიმის გალავნის აღდგენა წინააღმდეგობის მიუხედავად

შუშანში ნეემია იგებს, რომ იერუსალიმის გალავანი დანგრეულია. ის დახმარებისთვის ლოცულობს და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს ქალაქისა და მისი გალავნის აღდგენის ნებართვას სთხოვს. არტაქსერქსე იძლევა ნებართვას (1:1—2:9).

იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ნეემია ღამით ამოწმებს დანგრეულ გალავანს. შემდეგ იუდეველებს მისი აღდგენის გეგმას უმხელს (2:11—18).

უცხოელი სანბალატი, ტობია და გეშემი ხელს უშლიან მშენებლობას. თავიდან დასცინიან, შემდეგ კი იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავენ. ნეემია საომარ იარაღს ურიგებს მშენებლებს და ისინი განაგრძობენ შენებას (2:19—4:23).

ნეემიას წინააღმდეგ შეთქმულები საწადელს ვერ აღწევენ. გალავნის მშენებლობა 52 დღეში სრულდება (6:1—19).

ხდება გალავნის მიძღვნა. მიძღვნის დროს სამადლობლის შემსრულებელთა ორი გუნდი და ჯგუფები, რომლებიც მათ მიჰყვებიან, ორად იყოფიან, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიდიან გალავანზე და ტაძართან ერთდებიან. ხალხი დიდად ხარობს (12:27—43).

იერუსალიმში მდგომარეობის გამოსწორება

გალავნის დამთავრების შემდეგ ნეემია დგამს კარიბჭეებს და ნიშნავს კარიბჭის მცველებს, მგალობლებსა და ლევიანებს თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. ქალაქის მეთვალყურეებად ნიშნავს ხანანისა და ხანანიას (7:1—3).

ნეემია იწყებს ხალხის აღრიცხვას საგვარეულოთა მიხედვით. ის პოულობს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნებულთა ნუსხას. იმ მღვდლებს, რომლებიც ვერ ამტკიცებენ თავიანთ წარმომავლობას, არ აძლევენ მსახურების უფლებას, ვიდრე „ურიმითა და თუმიმით არ წამოდგებოდა მღვდელი“ (7:5—73).

იერუსალიმი მეჩხერად არის დასახლებული. ამიტომ წილის ყრით ყოველი მეათე იუდეველი ქალაქში უნდა დასახლდეს (7:4; 11:1, 2).

იუდეველთა სულიერი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ზომები

მდიდარი იუდეველები მზად არიან, ყველაფერი დაუბრუნონ თავიანთ ღარიბ ძმებს, რომელთაც სარგებლით ასესხეს, რაც არასწორი იყო (5:1—13).

შეკრებილ ხალხს ეზრა უკითხავს კანონს და ზოგიერთი ლევიანი განმარტავს. ხალხი ტირის, მაგრამ მათ მოუწოდებენ, იმხიარულონ, რადგან ეს დღე წმინდაა. ისინი იმიტომაც ხარობენ, რომ ესმით წაკითხულის მნიშვნელობა (8:1—12).

მომდევნო დღეს ხალხი კანონიდან კარვობის დღესასწაულის შესახებ იგებს. ისინი დიდი სიხარულით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს (8:13—18).

მოგვიანებით შეკრებილი ხალხი აღიარებს ცოდვებს და იხსენებს, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელს. ისინი დებენ ფიცს, რომ დაიცავენ კანონს, არ დაუმოყვრდებიან უცხოელებს და შეასრულებენ ტაძრისა და მასში ჩასატარებელი მსახურების მხარდაჭერის ვალდებულებას (9:1—10:39).

გალავნის მიძღვნის შემდეგ კიდევ ერთხელ უკითხავენ ხალხს კანონს. როცა იგებენ, რომ ამონელები და მოაბელები არ უნდა ყოფილიყვნენ კრებულის ნაწილი, ისინი იწყებენ ისრაელისგან „მთელი ჭრელი ხალხის“ გამოცალკევებას (13:1—3).

ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ ნეემია ბრუნდება იერუსალიმში და სავალალო მდგომარეობა ხვდება. ის განწმენდს სასადილო ოთახებს, ბრძანებს, მიიტანონ ლევიანებისა და მგალობლების კუთვნილი მეათედები, ზრუნავს შაბათის დაცვაზე და კიცხავს მათ, ვისაც უცხოელი ცოლი ჰყავს (13:4—30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება