ნაწილი 1
აქვს თუ არა სიცოცხლეს აზრი?
1. ხშირად რა კითხვები წამოიჭრება სიცოცხლის აზრის შესახებ და როგორი კომენტარი გაუკეთა ამას ერთ-ერთმა პიროვნებამ?
ოდესმე ცხოვრებაში, თითქმის ყოველ ადამიანს სურს გაიგოს, რა არის სიცოცხლის აზრი. ნუთუ ის, რომ მძიმედ ვიშრომოთ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მოვკვდეთ, შესაძლოა, 70 ან 80 წლის ასაკში და შემდეგ მარადიულად შევწყვიტოთ არსებობა? ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ამ აზრის იყო, თქვა, არ არსებობს ცხოვრებაში სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ „იცხოვრო, გყავდეს შვილები, იყო ბედნიერი და შემდეგ მოკვდე“. მაგრამ, სიმართლეა თუ არა ეს? სინამდვილეში, ნუთუ ყველაფერი სიკვდილით მთავრდება?
2, 3. რატომ არ არის საკმარისი სიცოცხლის აზრისთვის მატერიალური სიმდიდრის შეძენა?
2 მრავალი ადამიანი, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ქვეყნებში, ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მთავარი მიზანია მატერიალური სიმდიდრის შეძენა. მათ სწამთ, რომ ამით შეიძლება მიაღწიო ბედნიერ და აზრით აღსავსე ცხოვრებას. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მათზე, ვისაც უკვე აქვს მატერიალური სიმდიდრე? კანადელმა მწერალმა ჰარი ბრუსმა თქვა: „მდიდარი ადამიანების საოცარად დიდი რაოდენობა დარწმუნებით ამტკიცებს, რომ არ არის ბედნიერი“. მან დაუმატა: „გამოკითხვებმა გამოააშკარავა საშინელი პესიმიზმი, რომელმაც დააავადა ჩრდილოეთ ამერიკა. . . არის თუ არა იქ ვინმე ბედნიერი? თუ დიახ, რა არის ამის მიზეზი?“
3 ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, განაცხადა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაიმეს ქონა და მისი გამოყენება არ აკმაყოფილებს ჩვენს ლტოლვას მიზნისადმი. . . მატერილური ქონების დაგროვება ვერ შეავსებს იმ ადამიანების ცხოვრების სიცარიელეს, რომელთაც არ გააჩნიათ გულდაჯერებულობა და მიზანი“. ასევე, სხვა პოლიტიკურმა ლიდერმა, თქვა: „მე რამდენიმე წელია დაკავებული ვარ საკუთარი თავისა და სიცოცხლის შესახებ ჭეშმარიტების ინტენსიური ძიებით; მრავალი სხვა ადამიანი, ვისაც ვიცნობ, ამავეს აკეთებს. დღეს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე წარსულში, ებადება კითხვები: ‘ვინ ვართ? რა არის ჩვენი მიზანი?’“
უფრო მძიმე პირობები
4. რატომ ეპარება ეჭვი ზოგიერთ ადამიანს, რომ სიცოცხლეს აქვს აზრი?
4 მრავალს ეპარება ეჭვი, რომ სიცოცხლეს აქვს აზრი, როდესაც ხედავს, რომ ცხოვრების პირობები უფრო მძიმდება. მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი ან სერიოზულად არის დაავადებული, ან ცუდად იკვებება, რის შედეგადაც ყოველწლიურად მხოლოდ აფრიკაში დაახლოებით ათი მილიონი ბავშვი კვდება. დედამიწის მოსახლეობა, რომელიც აღწევს 6 მილიარდს, ყოველწლიურად 90 მილიონზე მეტი ადამიანით იზრდება და ამ ნამატის 90 პროცენტზე მეტი მოდის განვითარებად ქვეყნებზე. ეს მუდმივად მზარდი მოსახლეობა საჭიროებს მეტ სურსათს, თავშესაფარს, ინდუსტრიას, რასაც მოსდევს მიწის, წყლისა და ჰაერის გაბინძურება ინდუსტრიული და სხვა ნარჩენებით.
5. რა მდგომარეობაშია დედამიწის მცენარეულობა?
5 გამოცემა „სამხედრო და სოციალური მსოფლიო დანახარჯები 1991 წლისთვის“ (World Military and Social Expenditures 1991) იტყობინება: „ყოველწლიურად ნადგურდება ტყის ფართობი, რომელიც უდრის [დიდი ბრიტანეთის] ტერიტორიას. (გაჩეხვის) დღევანდელი ტემპებით, 2000 წლისთვის, ნოტიო ტროპიკულ ზონებში ჩვენ მოვსპობთ ტყის 65 პროცენტს“. გაეროს სააგენტოს ცნობის თანახმად, იმ რაიონებში ერთ დარგულ ხეზე მოდის ათი მოჭრილი; აფრიკაში კი ეს თანაფარდობა ასეთია: ერთ დარგულ ხეზე მოდის ოცზე მეტი მოჭრილი. ასე რომ, გაუდაბურებული რეგიონები ფართოვდება და სოფლის მეურნეობის გამოყენებისთვის ყოველწლიურად უვარგისი ხდება ბელგიის ზომის ტერიტორია.
6, 7. რომელია ზოგიერთი იმ პრობლემათაგან, რომლის გადაწყვეტაც არ შეუძლიათ მსოფლიო მოღვაწეებს, ამიტომ რომელ კითხვებზეა საჭირო პასუხის გაცემა?
6 ასევე, მეოცე საუკუნეში ომების შედეგად ოთხჯერ მეტი ადამიანი იყო მოკლული, ვიდრე გასულ ოთხ საუკუნეში ერთად. ყველგან არის დამნაშავეობის, განსაკუთრებით კი ძალადობის ზრდა. ოჯახების ნგრევა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, შიდს-ი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და, ასევე, სხვა უარყოფითი ფაქტორები უფრო ამძიმებენ ცხოვრებას. მსოფლიო ლიდერებმა ვერ უზრუნველყვეს კაცობრიობის მრავალი მტანჯველი პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ სვამენ ადამიანები კითხვას: რა არის სიცოცხლის აზრი?
7 როგორ გამოეხმაურნენ ამ კითხვას მეცნიერები და რელიგიური ბელადები? მრავალი საუკუნის შემდეგ უპასუხეს თუ არა მათ ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებლად?
რას ამბობენ ისინი
8, 9. ა) რა თქვა ჩინელმა სწავლულმა სიცოცხლის აზრის შესახებ? ბ) რა განაცხადა პიროვნებამ, რომელიც გადარჩა ნაცისტურ სიკვდილის ბანაკში?
8 კონფუციანობის მცოდნემ, დუ ვეი-მინმა თქვა: „სიცოცხლის საბოლოო აზრი ჩვენს ყოველდღიურ, ადამიანურ ცხოვრებაში მოიპოვება“. ამ თვალსაზრისის თანახმად, ადამიანები კვლავ დაიბადებიან, იბრძოლებენ არსებობისთვის და მოკვდებიან. ასეთ თვალსაზრისში მცირეა იმედი. და ნუთუ ეს მართალია?
9 ელი ვიზელმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გადაურჩა ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებს, შენიშნა: «„რატომ ვართ აქ?“ — ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც პირისპირ უყურებს კაცობრიობა. . . მე მწამს, რომ არსებობს სიცოცხლის აზრი იმ უგუნური სიკვდილის მიუხედავად, რომელიც ვნახე». მაგრამ მან ვერ თქვა, თუ რა არის სიცოცხლის აზრი.
10, 11. ა) როგორ ცხადყო ერთმა რედაქტორმა, რომ ადამიანმა არ იცის პასუხი? ბ) რატომ არ არის დამაკმაყოფილებელი ევოლუციონისტი მეცნიერის თვალსაზრისი?
10 რედაქტორმა, ვერმონტ როისტერმა განაცხადა: „თუ ვიფიქრებთ თავად ადამიანის. . . [და] სამყაროში მისი ადგილის შესახებ, დროის ათვლიდან ჩვენ არც თუ ისე წინ წავიწიეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვრჩება კითხვები, თუ ვინ ვართ, რატომ ვარსებობთ და საით მივდივართ“.
11 ევოლუციონისტმა მეცნიერმა, სტივენ ჯეი გულდმა აღნიშნა: „ჩვენ, შესაძლოა, ვისწრაფვით პასუხისაკენ, რომელიც არის ‘ზემოდან’, მაგრამ პასუხი არ არსებობს“. ასეთი ევოლუციონისტებისთვის სიცოცხლე არის ბრძოლა, რომელშიც იმარჯვებს ძლიერი და რომელიც საბოლოოდ სიკვდილით მთავრდება. ამ თვალსაზრისშიც არ არის არავითარი იმედი. და ნუთუ ესეც მართალია?
12, 13. როგორია ეკლესიის წინამძღვრების თვალსაზრისი და თუ არის ის უფრო დამაკმაყოფილებელი, ვიდრე ქვეყნიური დამკვირვებლების თვალსაზრისი?
12 მრავალი რელიგიური ბელადი ლაპარაკობს სიცოცხლის აზრის შესახებ, რომ პიროვნებამ მიზანშეწონილად უნდა იცხოვროს, რათა სიკვდილის შემდეგ მისმა სულმა შეძლოს ზეცაში წასვლა და იქ მარადიულად დარჩენა. მეორე მხრით, ცუდი ადამიანებისთვის გამზადებულია მარადიული წამება ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. მაგრამ ამ მრწამსის თანახმად, დედამიწაზე უფრო მეტად გაგრძელდება იგივე არადამაკმაყოფილებელი ცხოვრება, რომელიც ჭარბობდა ისტორიის განმავლობაში. და თუ ღმერთის განზრახვით, ადამიანებს ანგელოზების მსგავსად ზეცაში უნდა ეცხოვრათ, თავიდანვე რატომ არ შექმნა ისინი ანგელოზებად?
13 ამ საკითხთან დაკავშირებით სამღვდელოებასაც კი აქვს სირთულე. ერთხელ, ლონდონის წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, დოქტორმა ვ. რ. ინგმა, თქვა: „მთელი ჩემი სიცოცხლე ვიბრძოდი, რათა მეპოვა სიცოცხლის აზრი. ვცადე, პასუხი გამეცა სამ საკითხზე, რომლებიც ყოველთვის არსებითად მიმაჩნდა: მარადიულობის საკითხი; ადამიანის ინდივიდუალურობის საკითხი; და ბოროტების საკითხი. მე მარცხი განვიცადე. ვერც ერთი მათგანი ვერ გადავწყვიტე“.
შედეგი
14, 15. რა გავლენა მოახდინა მრავალ ადამიანზე საპირისპირო თვალსაზრისებმა?
14 რა არის სწავლულებისა და რელიგიური წინამძღვრების მიერ სიცოცხლის აზრის შესახებ გამოთქმული მრავალი სხვადასხვა თვალსაზრისის შედეგი? უმრავლესობა ისეთივე აზრს გამოთქვამს, როგორც ერთ-ერთმა მოხუცებულმა თქვა: „ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ ვარ აქ. თუ კიდეც არსებობს რაიმე მიზანი, მე ეს მეტად აღარ მაღელვებს“.
15 მსოფლიო რელიგიებში გავრცელებული ასე მრავალი თვალსაზრისის გამო უამრავი ადამიანი ასკვნის, რომ სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვს, რა გწამს. მათ მიაჩნიათ, რომ რელიგია მხოლოდ გონებრივი გართობაა, რასაც მოაქვს განსაზღვრული სულიერი სიმშვიდე და ნუგეშისცემა, რისი მეშვეობითაც პიროვნებას შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრების სიძნელეებს. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ცრუმორწმუნეობა. ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიურმა სპეკულაციამ საუკუნეების მანძილზე ვერც სიცოცხლის აზრის შესახებ საკითხს უპასუხა და ვერც უბრალო ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესა. პირიქით, ისტორიამ ცხადყო, რომ ხშირად მსოფლიო რელიგიები ხელს უშლიდნენ კაცობრიობის განვითარებას და იყვნენ სიძულვილისა და ომების მიზეზი.
16. რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სიცოცხლის აზრის პოვნა?
16 მაგრამ ნუთუ ასე მნიშვნელოვანია, იპოვო ჭეშმარიტება სიცოცხლის აზრის შესახებ? ფსიქიატრი ვიქტორ ფრანკლი პასუხობს: „ცხოვრებაში აზრის პოვნის მცდელობა მთავარი მამოძრავებელი ძალაა ადამიანში. . . მე ვბედავ იმის თქმას, რომ სამყაროში არაფერია, რაც ეფექტურად დაეხმარება ვინმეს, გაუძლოს საშინელ ვითარებასაც კი, გარდა იმ შემეცნებისა, რომ ცხოვრებას აქვს აზრი“.
17. რომელი კითხვების დასმაა ახლა საჭირო?
17 სად შეგვიძლია ვიპოვოთ სიცოცხლის აზრი იმის შემდეგ, რაც ადამიანთა ფილოსოფიებმა და რელიგიებმა დამაკმაყოფილებლად ვერ ახსნეს ეს საკითხი? არსებობს თუ არა ზეადამიანური სიბრძნის წყარო, რომელსაც შეუძლია გვამცნოს ჭეშმარიტება ამ საკითხთან დაკავშირებით?
[სურათი 4 გვერდზე]
„ყოველწლიურად ნადგურდება ტყის ფართობი, რომელიც უდრის [დიდი ბრიტანეთის] ტერიტორიას“.
[სურათი 5 გვერდზე]
„ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვარ აქ“.