14 ᲠᲐᲮᲐᲑᲘ
მან თავის ხალხს იეჰოვა არჩია
ᲘᲔᲠᲘᲮᲝᲜᲨᲘ ცხოვრობდა ერთი მეძავი ქალი, სახელად რახაბი. მისი სახლი გალავანზე იყო, ამიტომ ფანჯრიდან კარგად ხედავდა მზიან მხარეში გაშენებულ ქალაქ იერიხონის მიდამოებს. იერიხონს „პალმების ქალაქსაც“ უწოდებდნენ (კან. 34:3). ამ მზიან ქალაქში ხალხი შიშსა და უიმედობას მოეცვა. რა იყო ამის მიზეზი?
ისრაელები იორდანის გაღმა იყვნენ დაბანაკებული. 40 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისინი ფარაონის ხელიდან იხსნა და მისი ლაშქარი წითელ ზღვაში ჩაყარა. არც ისე დიდი ხნით ადრე უდაბნოში მოხეტიალე ისრაელ ერს იეჰოვამ ძლიერ ამორეველ მეფეებზე – სიხონსა და ოგზე გაამარჯვებინა. იერიხონელებმა იცოდნენ, რომ თავის ხალხს, ისრაელს, იეჰოვა მოუძღოდა და ისინი მათ განადგურებას აპირებდნენ. ახლა ისინი მათ ქალაქს უახლოვდებოდნენ, რომ იეჰოვას მითითებისამებრ დამსახურებული სასჯელი აღესრულებინათ იქ მცხოვრებ ბოროტ ხალხზე.
რახაბმა კარგად იცოდა, როგორ ხალხში უწევდა ცხოვრება. ის მეძავი იყო, თუმცა ალბათ უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა. მას გაგონილი ჰქონდა იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ, რამაც კი არ შეაშინა, არამედ რწმენა და იმედი გაუჩინა. ის მიხვდა, რომ ქანაანელების ცრუ ღმერთებისგან განსხვავებით, იეჰოვა თავის ხალხს იცავდა და მფარველობდა. ის იეჰოვას სამართლიანობამ, სიწმინდემ და მზრუნველობამ მიიზიდა.
ერთ საღამოს რახაბთან ორი უცხო მამაკაცი მიდის. ისინი ღამის გასათევს ეძებენ. რახაბი მაშინვე ხვდება, რომ ისინი ისრაელი მზვერავები არიან. მათი მოსვლის შესახებ იერიხონის მეფეც იგებს. ის რახაბს ხალხს უგზავნის და უბრძანებს, მზვერავები გამოიყვანოს. რახაბი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგება. მისი არჩევანი მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. მან ან თავისი ბოროტი თანამემამულეების მხარე უნდა დაიკავოს, ან იეჰოვასი და მისი ხალხის.
რახაბი გაბედულად იქცევა და მზვერავებს ბანზე მალავს, მეფის გამოგზავნილ კაცებს კი არასწორი მიმართულებით უშვებს. მათი წასვლის შემდეგ ის ბანზე ადის და ისრაელ მზვერავებს უხსნის, რატომ გამოიჩინა მათ მიმართ სიკეთე: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას“. ამ სიტყვებით ის ღვთისადმი რწმენას გამოხატავს, შემდეგ კი ისეთი რამეს ამბობს, რაც, უეჭველია, მზვერავებს მხნეობას მატებს. ის მათ უმხელს, რომ იერიხონში მცხოვრებთ ისრაელების ხსენებაც კი შიშის ზარს სცემთ. ბოლოს სთხოვს, რომ როცა ქალაქს გაანადგურებენ, ის და მისი ოჯახი დაინდონ.
რა დაეხმარა რახაბს, იეჰოვას მხარე დაეკავებინა და უარი ეთქვა უზნეო ცხოვრებაზე?
რახაბმა სიკვდილისგან იხსნა მზვერავები და ისინიც ხედავენ ამ ქალის რწმენას. ამიტომ სიტყვას აძლევენ, რომ მას და მის ოჯახს არაფერს დაუშავებენ, თუ მათ ადგილსამყოფელს არ გაამხელს. შემდეგ ეუბნებიან, რომ სარკმელზე ალისფერი თოკი გამოაბას და ქალაქზე თავდასხმის დროს სახლში ოჯახის წევრებთან ერთად იყოს. ამ შემთხვევაში მათ საფრთხე არ დაემუქრებათ.
რახაბი მზვერავებს სარკმლიდან თოკით უშვებს და ყველაფერს მათი სიტყვისამებრ აკეთებს. სარკმელს ალისფერ თოკს აბამს და მზვერავების ნათქვამს არავის უმხელს. ეს მისი მხრიდან დიდ გაბედულებას მოითხოვს, რადგან თუ თანამემამულეები გაიგებენ, როგორ მოიქცა, სიკვდილი არ ასცდება. გარდა ამისა, როგორც დაუბარეს, ოჯახის წევრებს სახლში კრებს. როცა რახაბი იგებს, რომ იეჰოვამ მდინარე იორდანე სასწაულებრივად გადააკვეთინა ისრაელებს, ალბათ კიდევ უფრო მეტად რწმუნდება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ამის შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები?
ისრაელები ქალაქის გარშემოვლას იწყებენ და ყოველდღე ასე იქცევიან. იერიხონელებს, უეჭველად, სულ უფრო და უფრო მეტად იტანთ შიში. მეშვიდე დღეს საყვირების ხმა ისმის, რასაც ისრაელების საომარი ყიჟინა მოჰყვება. ქალაქის კედლები ინგრევა, მაგრამ გალავნის იმ ნაწილს, სადაც რახაბსა და მის ოჯახს მოუყრიათ თავი, არაფერი ემართება. ბრძოლის შემდეგ მზვერავებს რახაბი და მისი ოჯახი სახლიდან გამოჰყავთ. იესო ნავეს ძე მათ ცოცხლებს ტოვებს. ამის შემდეგ რახაბი ისრაელებს უერთდება, Მოგვიანებით კი ებრაელ მამაკაცს მიჰყვება ცოლად და მისგან შვილებიც უჩნდება. საუკუნეების შემდეგ რახაბის საგვარეულო ხაზში იბადება იესო ქრისტე, ყველაზე გაბედული ადამიანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია (მათ. 1:5, 16). რწმენისა და გაბედულებისთვის რახაბი ღვთისგან მართლაც დიდ კურთხევებს იღებს.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა რახაბის რწმენა და გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) სავარაუდოდ, როგორი ცხოვრება ექნებოდა რახაბს იერიხონში? (w13 11/1 12 ¶4–13 ¶1)
2) რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისრაელი მზვერავები რახაბის სახლში უზნეობის ჩასადენად არ მისულან? (it „მეძავი“ ¶18)
3) რატომ ჰქონდა რახაბს ბანზე სელის კონები და რისთვის იყენებდნენ მათ? (it „სელი“ ¶2–4) სურათი 1
Thanks for your interest in my photos/Moment Open via Getty Images
სურათი 1: სელის მინდორი
4) რატომ არ ჩაეთვალა ცოდვად რახაბს ის, რომ მეფის გაგზავნილი კაცები შეცდომაში შეიყვანა? (w13 11/1 14 ¶5) სურათი 2
სურათი 2
რას სწავლობთ
რატომ დასჭირდებოდა რახაბს გაბედულება, რომ უარი ეთქვა უზნეო ცხოვრებაზე და იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო? რა მხრივ შეუძლიათ ბიბლიის შემსწავლელებს, მიჰბაძონ რახაბს?
მართალია, ბიბლია გმობს ტყუილს, მაგრამ რახაბის მაგალითიდან გამომდინარე როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ღვთის მტრები მისგან და-ძმების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ითხოვენ? (იგავ. 11:13; ეკლ. 3:7; ეფეს. 4:25) სურათი 3
სურათი 3
სურათი 3
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ რახაბს რწმენასა და გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ რახაბს?
გაიგეთ მეტი
რახაბის მსგავსად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავურჩეთ იეჰოვას დღეს?
დასურათებული ბიბლიური ისტორიის საშუალებით დაეხმარეთ ბავშვებს, წარმოიდგინონ ამ თავში აღწერილი მოვლენები.
„რახაბი მზვერავების მითითებისამებრ იქცევა“ (ijwis სტატია 11)