21 ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ
მან გაბედულად გააცხადა იეჰოვას ცნობა
ᲘᲤᲗᲐᲮᲘᲡ ქალიშვილის მსგავსად მანაც ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მიუძღვნა (1 სამ. 2:11). სამსონივით ისიც დაბადებიდან ნაზირი იყო (მსაჯ. 13:7). მის ცხოვრებაზეც დიდი გავლენა მოახდინა მშობლების საქციელმა და მასაც დასჭირდა გაბედულების გამოვლენა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩვენ სამუელზე ვსაუბრობთ.
სანამ სამუელი დაიბადებოდა, დედამისმა იეჰოვას აღუთქვა, რომ ბავშვს მას მიუძღვნიდა, რათა მთელი სიცოცხლე მისთვის ემსახურა. ამიტომ, როცა ხანამ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტა, ის შილოში, ღვთის კარავში, მიიყვანა. მაშინ სამუელი სამი წლისა იქნებოდა. ამის შემდეგ ბიჭი კარავში იზრდებოდა და მასზე მღვდელმთავარი ელი და, სავარაუდოდ, კარავში მომსახურე ქალები ზრუნავდნენ. თუმცა ხანაც ყოველწლიურად ნახულობდა თავის შვილს და მისთვის ახალი ტანსაცმელი მიჰქონდა.
სამწუხაროდ, იმ დროს წმინდა თაყვანისმცემლობა შებღალული იყო. ელის ვაჟებს, ხოფნის და ფინხასს, არაერთ სიბინძურეში ჰქონდათ გასვრილი ხელი. ისინი უზნეობას ჩადიოდნენ კარავში მომსახურე ქალებთან და ხალხის მიერ იეჰოვასთვის მიტანილ მსხვერპლსაც არად აგდებდნენ. ხოფნი და ფინხასი თავიანთ დამხმარეებს ავალებდნენ, რომ შესაწირავის საუკეთესო ნაწილი მათთვის მიეტანათ. ამ ყველაფერში ბრალი ელისაც მიუძღოდა, რადგან კარგად იცოდა, რასაც მისი ვაჟები სჩადიოდნენ და მხოლოდ მსუბუქად საყვედურობდა. თუმცა ისინი არად აგდებდნენ მის ნათქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელ გარემოში იზრდებოდა, სამუელი არ დამსგავსებია მათ. ის ღვთისა და ადამიანების თვალში კარგ სახელს იხვეჭდა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ იეჰოვამ სწორედ პატარა სამუელი აირჩია თავისი სიტყვის გადასაცემად, როდესაც გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა.
ერთხელ ღამით სამუელს ხმა აღვიძებს. მას იეჰოვა ეძახის. სამუელი ფიქრობს, რომ ელი უხმობს, რომელიც მოხუცებულია და ვეღარ ხედავს. ის მასთან მიდის, მაგრამ ელი ეუბნება, რომ მისთვის არ დაუძახია. ეს კიდევ ორჯერ მეორდება და ელიც ხვდება, რაშიცაა საქმე. ის სამუელს არიგებს, რომ თუ ისევ გაიგებს ხმას, ასე უპასუხოს: „იეჰოვა, გისმენს შენი მსახური“.
იეჰოვა სამუელს მეოთხედაც ეძახის. ისიც ზუსტად ისე პასუხობს, როგორც ელიმ დაარიგა. ღმერთი მას უმხელს, რომ შილოში მდგომარეობის გამოსწორებას და ელის დასჯას აპირებს, რადგან სათანადოდ არ კიცხავს შვილებს. მას მხოლოდ ელისთვის კი არა, მთელი მისი სახლეულობისთვის აქვს განაჩენი გამოტანილი. იეჰოვას სიტყვები ელის სამუელმა უნდა გადასცეს.
ამის შემდეგ სამუელი ისევ წვება, თუმცა ბიბლიიდან არ ჩანს, კვლავაც ახერხებს თუ არა დაძინებას. გამთენიისას ის ჩვეულებრივ დგება და კარვის ეზოს შესასვლელ კარს აღებს, მაგრამ ელისთან დასალაპარაკებლად გამბედაობის მოკრება უჭირს. თუმცა ის თავად ეძახის და ეკითხება, რა უთხრა იეჰოვამ. ელი, როგორც ჩანს, ხვდება, რომ სამუელი შეშინებულია, ამიტომაც ეუბნება: „გთხოვ, ნუ დამიმალავ“.
იეჰოვამ პატარა სამუელს დაავალა, რომ მღვდელმთავარი ელისთვის განაჩენი გაეცხადებინა.
სამუელს უჭირს საუბრის დაწყება. ელი ხომ მღვდელმთავარი, ერის სულიერი წინამძღოლია. თანაც ბაბუად ეკუთვნის და ალბათ მის მიმართ დიდი მოწიწებაც აქვს. მიუხედავად ამისა, სამუელი გამბედაობას იკრებს და მას ყველაფერს უყვება. თუმცა არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ელი ამის შემდეგ მაინც ცდილობს თავისი შვილების შეგონებას და მდგომარეობის გამოსწორებას.
სამუელს დაუფასდა გაბედულება. როგორც ვკითხულობთ, „იეჰოვა იყო მასთან“. მეტიც, იქიდან მოყოლებული იეჰოვა მისი მეშვეობით აცხადებდა თავის სიტყვას და, როგორც ვკითხულობთ: „არცერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი“, მათ შორის ელიზე და მის ვაჟებზე წარმოთქმული. ის ხალხისთვის სულიერი მოძღვარიც გახდა. სამუელი ათწლეულების განმავლობაში მსახურობდა იეჰოვას წინასწარმეტყველად და მსაჯულად. მან ჯერ კიდევ პატარაობაში გამოავლინა გაბედულება და ამ თვისებით სიცოცხლის ბოლომდე გამოირჩეოდა.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა სამუელის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) აღწერეთ შილო, ადგილი, სადაც იეჰოვას კარავი იდგა (w92 11/1 8, 9). სურათი 1
Todd Bolen/BiblePlaces.com
სურათი 1: ადგილი, სადაც ძველად შილო მდებარეობდა
2) როგორი იქნებოდა სამუელის ცხოვრება იეჰოვას კარავში? (ia 60–62 ¶9–13) სურათი 2
სურათი 2
3) რა გაგებით არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ „სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას“? (1 სამ. 3:7; w02 12/15 8 ¶5, 6)
4) როგორ შესრულდა ელის სახლეულობაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება? (it „ელი (I)“ №1 ¶4–6)
რას სწავლობთ
როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მიჰბაძონ სამუელს და . . .
იყვნენ მორჩილები? (1 სამ. 3:5)
იყვნენ თავაზიანები და გამოიჩინონ პატივისცემა? (1 სამ. 3:6–10)
იყვნენ სანდონი? (1 სამ. 3:15) სურათი 3
სურათი 3
რა სიტუაციაში შეიძლება გაუჭირდეს ახალგაზრდას, გაბედულად თქვას სათქმელი, და როგორ დაეხმარება მას სამუელის მაგალითი?
კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ სამუელს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ სამუელს?
გაიგეთ მეტი
როდის შეიძლება საჭირო გახდეს, რომ ყველა, დიდი თუ პატარა, გაბედულად დავდგეთ სიმართლის მხარეს?
მიუხედავად იმისა, რომ სამუელის ირგვლივ ბევრი არ ემორჩილებოდა იეჰოვას, მან სწორი არჩევანი გააკეთა.