ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ
თქვენ შეძლებთ გაბედულად იაროთ ღვთის გზით!
1–3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესოს სიტყვებში გაბედულება ჩანდა?
„ᲐᲓᲔᲥᲘᲗ, წავიდეთ!“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვების წარმოთქმას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გაბედულება სჭირდებოდა. რატომ ვამბობთ ამას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ვნახოთ, ვინ და რატომ წარმოთქვა ეს სიტყვები (მათ. 26:46).
„ადექით, წავიდეთ!“ (მათ. 26:46).
2 ეს სიტყვები იესოს ეკუთვნის და მათ თავის ერთგულ მიმდევრებს ეუბნება. მართალია, მსგავსი რამ მათთვის ადრეც აქვს ნათქვამი, მაგრამ ამჯერად სიტუაცია სრულიად განსხვავებულია (იოან. 14:31). შუაღამეა და ისინი იერუსალიმთან ახლოს, გეთსემანეს ბაღში, არიან. იესომ კარგად იცის, რომ მის შესაპყრობად შეიარაღებული ბრბო მოდის. მან ისიც უწყის, რომ შემდეგ ისეთი სასამართლო ელის, როგორიც მანამდე არცერთ ადამიანს არ ჰქონია. მისთვის არც ისაა უცნობი, რომ ამ ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეს.
3 ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, იესო გაქცევას არ ცდილობს. ის არც ანგელოზებს უხმობს, რომ დაიცვან (მათ. 26:53). იესო უბრალოდ ამბობს: „ადექით, წავიდეთ!“. საით აპირებს წასვლას? იქ, სადაც ტანჯვა და სიკვდილი ელის. რატომ მიდის ამაზე საკუთარი ნებით? იმიტომ, რომ უყვარს მამა და თავისი მიმდევრები.
4, 5. რისი თქმა შეიძლება იესოს მიერ გამოვლენილ გაბედულებაზე და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას?
4 ფაქტია, რომ იესოსნაირ გაბედულ ადამიანს არც მანამდე და არც მას შემდეგ არ უცხოვრია. თუ მისი მიმდევარი ხართ, გამოდის, თქვენც გაქვთ ეს თვისება. ამის გარეშე შეუძლებელია, ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ. დღეს ისეთ რთულ და საშიშ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ გაბედულება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.
5 რისი თქმა შეიძლება იესოს მიერ გამოვლენილ გაბედულებაზე და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას? ზოგის აზრით, გაბედულ ადამიანს არაფრის ეშინია, ყველაფერზე წასასვლელად არის მზად, ფიქრობს, რომ ვერაფერს დააკლებენ და ვაჟკაცობას ძალის გამოყენებით ამტკიცებს (ფსალმ. 11:5). სინამდვილეში, იესომ სულ სხვაგვარი გაბედულება გამოავლინა. მისი ეს თვისება იმაში გამოჩნდა, რომ ეყო შინაგანი ძალა, ურთულეს მომენტშიც კი, ღვთის თვალში სწორად მოქცეულიყო და შიშის გამო უკან არ დაეხია. სწორედ ასეთი გაბედულება უნდა გამოვავლინოთ ქრისტიანებმაც.
თქვენ შეძლებთ მიჰბაძოთ იესოს!
6. როგორ გვანუგეშებს იესოს სიტყვები, თუ ვფიქრობთ, რომ არ ვართ საკმარისად გაბედულები?
6 შესაძლოა ფიქრობთ, შეძლებთ თუ არა, განსაცდელების დროს იესოს მიჰბაძოთ და მასავით გაბედული იყოთ. თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ იესო იმაზე მეტს არასდროს მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია. იეჰოვასაც ხომ ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი (ფსალმ. 103:14; იოან. 14:9). ალბათ გახსოვთ, რა უთხრა იესომ გეთსემანეს ბაღში თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს მისი თხოვნის შესრულება და ჩაეძინათ. ის შევიდა მათ მდგომარეობაში და უთხრა: „სული მონდომებულია, ხორცი კი – სუსტი“ (მათ. 26:41). თუ იესოს მათი შესაძლებლობების ზღვარი ესმოდა, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენიც კარგად ესმის.
7, 8. საიდან ჩანს, რომ იესო ენდობოდა თავის მიმდევრებს?
7 იესო დიდ ნდობას უცხადებდა თავის მიმდევრებს. მისი ეს დამოკიდებულება არაერთხელ გამოჩნდა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა იესოს მოწაფეებს მისი შემდეგი სიტყვების მოსმენა: „გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (იოან. 16:33). ამ სიტყვებიდან მისი დიდი ნდობა ჩანს, რომ მოწაფეები შეძლებდნენ, გაბედულები ყოფილიყვნენ და მის ნაკვალევს მიჰყოლოდნენ, და ეს ასეც მოხდა. სხვა დროს ერთ დამბლადაცემულ კაცსაც უთხრა, გამაგრდიო, შემდეგ კი დაარწმუნა, რომ ცოდვები ეპატია (მათ. 9:2). იგივე უთხრა ქალსაც, რომელიც მძიმე სენისგან განკურნა (მათ. 9:22). ქარიშხლით შეშინებული მოწაფეები რომ გაემხნევებინა, მათაც უთხრა, გამაგრდითო (მათ. 14:27). მოგვიანებით კი, უკვე ზეციდან ისევ ამ სიტყვით გაამხნევა განრისხებული მოსამართლეების ხელში ჩავარდნილი მოციქული პავლე, რომელსაც გაგლეჯას უპირებდნენ.
8 შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მამაცი მეფე ჩვენც იმავეს გვეუბნება. მას უნდა, რომ მოვიკრიბოთ გამბედაობა. იესოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამას შევძლებთ, რადგან იეჰოვა ყველანაირად ზრუნავს იმაზე, რომ გაბედულების გამოვლენა შევძლოთ.
როგორ გვეხმარება ბიბლია, გაბედულად ვიაროთ ღვთის გზით?
9. როგორ გვმატებს მხნეობას ღვთის სიტყვა?
9 იეჰოვამ თავის სიტყვაში ბევრი ისეთი ადამიანის ისტორია შემოგვინახა, რომელთა მაგალითზე დაფიქრებაც გვეხმარება, უფრო გაბედულები გავხდეთ. ბიბლიიდან ჩვენ ვეცნობით სხვადასხვა ეპოქაში და გარემოში მცხოვრები ადამიანების, დიდისა თუ პატარის, ქალისა თუ კაცის, ისტორიას. როგორც ელიაზე წერია, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ (იაკ. 5:17). მათაც ჰქონდათ სისუსტეები, უშვებდნენ შეცდომებს და არც მათთვის იყო უცხო შიში. ისინიც ხვდებოდნენ სირთულეებს, სხვადასხვა გამოწვევას და ზოგჯერ საფრთხეშიც იყვნენ. მიუხედავად ამისა, იესოს მსგავსად მათაც შეძლეს გაბედულად და ერთგულად გაევლოთ თავიანთი ცხოვრების გზა. მათი მაგალითები ჩვენც გვმატებს მხნეობას.
10, 11. რაში დაგეხმარებათ ეს წიგნი და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „როგორ გამოვიყენოთ ეს წიგნი პირადი თუ ოჯახური შესწავლის დროს“)
10 ეს წიგნი იმ მიზნით შეიქმნა, რომ უფრო გაბედულები გავხდეთ. ის 54 თავისგან შედგება. თითოეული თავიდან დაინახავთ, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა ჩვენნაირ არასრულყოფილ ადამიანებს, საჭირო გამბედაობა მოეკრიბათ. ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ მეტი ინფორმაცია მიიღეთ ამ ადამიანების შესახებ. თუ ასე მოიქცევით, კარგად შეძლებთ მათ გაცნობას.
11 ვიმედოვნებთ, რომ მათი მაგალითები დაგეხმარებათ, სულ უფრო გაბედულები გახდეთ, რაც ამ მძიმე „ბოლო დღეებს“ აგატანინებთ (2 ტიმ. 3:1). ყოველდღე შეახსენეთ თქვენს თავს, რას დაგპირდათ იეჰოვა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. თუ ასე მოიქცევით, პავლესავით თქვენც გულდაჯერებულნი იტყვით: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრ. 13:5, 6).