ᲐᲛᲤᲘᲞᲝᲚᲘᲡᲘ
[ქალაქის გარშემო]
მაკედონიის ქალაქი, რომელიც ეგეოსის ზღვიდან და ეიონის პორტიდან დაახლოებით 5 კმ-ში მდებარეობდა. მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ ეს ქალაქი, ამფიპოლისი, გაიარა (სქ. 17:1). ქალაქი გორაზე იყო გაშენებული და მას სამი მხრიდან (ჩრდ., დას. და სამხრ.) მდინარე სტრიმონი უვლიდა. უდავოა, თავისი ადგილმდებარეობის გამო დაერქვა ქალაქს ეს სახელი. ამფიპოლისი ფილიპედან დას.-სამხრ.-დას.-ით დაახლ. 50 კმ-ში მდებარეობდა და სტრატეგიული თუ კომერციული თვალსაზრისით მას მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა ეკავა, ვინაიდან იქ გადიოდა ცნობილი რომის გზა – ვია ეგნაცია. ამასთანავე, ქალაქი აკონტროლებდა ხიდს მდინარე სტრიმონზე. თავდაპირველად, ამფიპოლისი ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში დაარსდა როგორც ათენის კოლონია. მოგვიანებით ის მაკედონელთა დაქვემდებარებაში მოექცა. ამის შემდეგ მასზე კონტროლი რომმა მოიპოვა და დამოუკიდებელ ქალაქად და მაკედონიის პირველი ოლქის დედაქალაქად გამოაცხადა. ამ ქალაქის ნანგრევები აღმოჩენილია დღევანდელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც იგივე სახელი, ამფიპოლისი ჰქვია.