ᲘᲡᲐᲙᲘ
[ნიშნავს სიცილს]
აბრაამისა და სარას ერთადერთი ვაჟი; შესაბამისად, ქრისტემდე მიმყვან გენეალოგიურ ხაზში მნიშვნელოვანი რგოლი (1მტ. 1:28, 34; მთ. 1:1, 2; ლკ. 3:34). ისაკი თითქმის 5 წლისა მოსწყვიტეს ძუძუს, დაახლოებით 25 წლისა აბრაამს მსხვერპლად უნდა შეეწირა, 40 წლისა დაქორწინდა, 60 წლის ასაკში ტყუპი ვაჟის მამა გახდა და 180 წლისა გარდაიცვალა (დბ. 21:2—8; 22:2; 25:20, 26; 35:28).
ისაკი მეტად უჩვეულო გარემოებაში დაიბადა. მისი მშობლები ძალიან მოხუცები იყვნენ და დედამისს უკვე დიდი ხნის შეწყვეტილი ჰქონდა მენსტრუაცია (დბ. 18:11). ასე რომ, როცა ღმერთმა აბრაამს უთხრა, სარა ვაჟს გაგიჩენსო, მას გაეცინა და თქვა: „განა ასი წლის კაცს შვილი ეყოლება და სარა, ოთხმოცდაათი წლის ქალი, ბავშვს გააჩენს?!“ (დბ. 17:17). ამ ამბის გაგების შემდეგ სარასაც გაეცინა (იხ. ᲡᲘᲪᲘᲚᲘ). „დანიშნულ დროს“, მომდევნო წელს, ბავშვი დაიბადა, რაც ადასტურებდა, რომ „იეჰოვასთვის შეუძლებელი“ არაფერი იყო (დბ. 18:9—15). სარამ თქვა: „გამაცინა ღმერთმა“. შემდეგ კი დასძინა: „ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“. იეჰოვას სიტყვისამებრ ბავშვს ისაკი დაარქვეს, რაც სიცილს ნიშნავს (დბ. 21:1—7; 17:19).
ვინაიდან აბრაამის სახლეულობაში დაიბადა და დანაპირების მემკვიდრე იყო, ისაკი წესისამებრ მერვე დღეს წინადაცვითეს (დბ. 17:9—14, 19; 21:4; სქ. 7:8; გლ. 4:28).
რამდენი წლისა მოსწყვიტეს ისაკი ძუძუს?
იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შენიშნა სარამ, რომ ისმაელი დასცინოდა თავის უმცროს ნახევარძმას, ისაკს (დბ. 21:8, 9). ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ ისმაელი უბრალოდ ეთამაშებოდა ისაკს ისე, როგორც ბავშვები თამაშობენ ხოლმე (JB, Mo, RS). მაგრამ ებრაული სიტყვა ცახაკ შეურაცხყოფის მნიშვნელობასაც ატარებს. ამგვარად, ეს სიტყვა სხვადასხვა მუხლში (დბ. 19:14; 39:14, 17) „ხუმრობად“, „დაცინვად“ ან „შეურაცხყოფად“ ითარგმნება.
ზოგიერთი თარგუმი, აგრეთვე სირიული ფეშიტა, დაბადების 21:9-ში ისმაელის საქციელს დაცინვას უწოდებს. სიტყვა ცახაკზე ერთ წიგნში ნათქვამია: „შესაძლოა, ამ მუხლში ეს სიტყვა დაცინვას ნიშნავს, როგორც ეს ზოგადად აღიქმება. ისაკთან დაკავშირებით აბრაამს სიხარულის გამო გაეცინა, სარას — უნდობლობის გამო, ისმაელი კი, შესაძლოა, შემაწუხებლად და შეუბრალებლად დასცინოდა ისაკს“ (Cook’s Commentary). ამ საკითხზე მსჯელობისას პავლე მოციქულმა ნათლად აჩვენა, რომ ისმაელი უბრალოდ ბავშვურად კი არ ეთამაშებოდა ისაკს, არამედ ჩაგრავდა და დევნიდა მას (გლ. 4:29). მომდევნო მუხლში სარას დაჟინებული სიტყვებიდან, „გააძევე ეს მხევალი და მისი ვაჟი, ვერ იქნება ის მემკვიდრე ჩემს ვაჟთან, ისაკთან ერთად!“, ზოგი ბიბლეისტი ასკვნის, რომ ისმაელი (ისაკზე 14 წლით უფროსი), შესაძლოა, ისაკს მემკვიდრეობის გამო ეკინკლავებოდა და ამასხარავებდა.
იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა აბრაამისთვის, რომ მისი შთამომავლობა ხიზნად იქნებოდა და 400 წელს დაიჩაგრებოდა. ძვ. წ. 1513 წელს ისრაელი გათავისუფლდა ეგვიპტის მონობიდან და მათი ჩაგვრა დასრულდა (დბ. 15:13; სქ. 7:6). აქედან გამომდინარე, მათი ჩაგვრა დაიწყო 400 წლით ადრე, ძვ. წ. 1913 წელს. შესაბამისად, ამ წელს მოსწყვიტეს ისაკი ძუძუს, ვინაიდან იმ დროს მომხდარი ორი მოვლენა, ისაკის ძუძუს მოწყვეტა და ისმაელის მიერ მისი ჩაგვრის დაწყება, ერთად არის მოხსენიებული. და რადგან ისაკი დაახლოებით ხუთი წლის მოსწყვიტეს ძუძუს, ის ძვ. წ. 1918 წელს უნდა დაბადებულიყო. მისი დაბადებით დაიწყო საქმეების 13:17—20-ში მოხსენიებული 450-წლიანი პერიოდი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1467 წელს დასრულდა, როცა იესო ნავეს ძემ დაიპყრო ქანაანი და ქვეყანა ისრაელის ტომებს შორის განაწილდა.
დღეს დასავლეთში მცხოვრები ბევრი ქალი ან საერთოდ არ აწოვებს ბავშვს ძუძუს, ან მხოლოდ ექვსიდან ცხრა თვემდე აწოვებს, ამიტომ ამის ფონზე ხუთწლიანი პერიოდი შეიძლება წარმოუდგენლად ხანგრძლივი ჩანდეს. მაგრამ დრ. დ. ბ. ჯელიფეს მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დედები შვილებს წლინახევრიდან ორ წლამდე აწოვებენ ძუძუს, არაბეთში კი — ტრადიციისამებრ 13-დან 32 თვემდე. სამედიცინო თვალსაზრისით, ძუძუს წოვება, ანუ ლაქტაცია, შესაძლებელია შემდგომი ორსულობის რამდენიმე თვის განმავლობაშიც (Infant Nutrition in the Subtropics and Tropics, ჟენევა, 1968, გვ. 38).
შუა საუკუნეებში ევროპაში ბავშვებს საშუალოდ ორ წლამდე აწოვებდნენ ძუძუს, მაკაბელების დროს კი (ძვ. წ. II-I სს.) ბიჭებს სამ წლამდე აწოვებდნენ (2 მაკაბელები 7:27). ოთხი ათასი წლის წინათ, როცა ხალხი უშფოთველად ცხოვრობდა და არ განიცდიდა ზეწოლას და იმის საჭიროებას, რომ უამრავი რამ მოესწრო ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, ადვილი გასაგებია, რატომ აწოვებდა ძუძუს სარა ხუთ წელიწადს ისაკს. გარდა ამისა, ის სარას ერთადერთი შვილი იყო, რომელიც დიდი ხნის უშვილობის შემდეგ შეეძინა.
მზად იყო, შეწირულიყო. ძუძუს მოწყვეტის შემდეგ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ისაკის ბავშვობაზე. შემდეგ ის ჩნდება ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც ღმერთი სთხოვს მამამის აბრაამს: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი, წადი მორიას მიწაზე და იქ აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დბ. 22:1, 2). სამდღიანი მგზავრობის შემდეგ ისინი ღვთის დანიშნულ ადგილას მივიდნენ. ისაკს შეშა მიჰქონდა, მამამისს კი — ცეცხლი და დასაკლავი დანა. „ცხვარი სადღაა დასაწვავი შესაწირავისთვის?“ — იკითხა ისაკმა. „ღმერთი თვითონ გამოაჩენს ცხვარს“, — მიუგო აბრაამმა (დბ. 22:3—8, 14).
ადგილზე მისულებმა სამსხვერპლო ააგეს და ზედ შეშა დააწყვეს. შემდეგ აბრაამმა ხელ-ფეხი შეუკრა ისაკს და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა. მან დანა აღმართა, მაგრამ იეჰოვას ანგელოზმა შეაჩერა. აბრაამის რწმენა დაჯილდოვდა; იეჰოვას წყალობით იქვე ვერძი გახლართულიყო რქებით ბუჩქებში, რომელიც აბრაამმა ისაკის ნაცვლად შესწირა დასაწვავ შესაწირავად (დბ. 22:9—14). აბრაამს ესმოდა, რომ „ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი [ისაკი] და დაიბრუნა კიდეც სიკვდილიდან“ „სიმბოლური მნიშვნელობით“ (ებ. 11:17—19).
ამ ბიბლიური ეპიზოდიდან ჩანს, რომ რწმენა და მორჩილება მხოლოდ აბრაამმა კი არა, ისაკმაც გამოავლინა. იუდაური ტრადიციის თანახმად, იმ დროს ისაკი 25 წლისა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ის საკმაოდ მოზრდილი და ძლიერი იყო, რომ საჭირო რაოდენობის შეშა აეტანა მთაზე. ასე რომ, თუ იეჰოვას ბრძანების წინააღმდეგ წასვლას მოინდომებდა, თავისუფლად გაუწევდა წინააღმდეგობას თავის 125 წლის მამას, როცა ის მისთვის ხელ-ფეხის შეკვრას შეეცდებოდა („იუდეველთა სიძველენი“, I, თ. 13, აბზ. 2). ამის საპირისპიროდ, ისაკი დაემორჩილა მამას და უფლება მისცა, ღვთის ნების თანახმად, მსხვერპლად შეეწირა. აბრაამის რწმენის დანახვაზე იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა და განავრცო აბრაამთან დადებული შეთანხმება, რომელიც აბრაამის სიკვდილის შემდეგ მის ვაჟზე, ისაკზე გადავიდოდა (დბ. 22:15—18; 26:1—5; რმ. 9:7; იაკ. 2:21).
რაც მთავარია, ამ ყველაფერს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს შემთხვევა განასახიერებდა იმას, თუ თავის დროზე როგორ გასწირავდა ნებაყოფლობით იესო ქრისტე, ისაკზე უფრო დიდი, საკუთარ სიცოცხლეს, როგორც კაცობრიობის სახსნელად დანიშნული ღვთის კრავი (ინ. 1:29, 36; 3:16).
ქორწინება და ოჯახი. ისაკის დედის სიკვდილის შემდეგ მამამისმა გადაწყვიტა მისი დაოჯახება. მაგრამ აბრაამს არ უნდოდა, რომ ისაკს წარმართი ქანაანელი მოეყვანა ცოლად. ამიტომ პატრიარქალური წესის თანახმად, აბრაამმა სანდო მსახური გაგზავნა თავის ნათესავებთან შუამდინარეთში, რომ ისაკისთვის სემიტური წარმოშობის ქალი წამოეყვანა, რომელიც აგრეთვე აბრაამის ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნებოდა (დბ. 24:1—9).
ეს საქმე წარმატებით დასრულდბოდა, რადგან მათ თავიდანვე იეჰოვას მიანდეს არჩევნის გაკეთება. როგორც აღმოჩნდა, ღმერთმა არჩევანი ისაკის ბიძაშვილის შვილზე, რებეკაზე გააკეთა. რებეკამაც, თავის მხრივ, ნებაყოფლობით დატოვა ოჯახი და ნათესავები და აბრაამის მსახურთან ერთად გაემგზავრა ნეგებში, სადაც ისაკი ცხოვრობდა. ბიბლიაში მოთხრობილია ისაკისა და რებეკას პირველი შეხვედრა და შემდეგ ნათქვამია: „შეიყვანა ისაკმა იგი დედამისის, სარას კარავში და ასე მოიყვანა მან რებეკა ცოლად. შეუყვარდა იგი და ნუგეში პოვა დედის დაკარგვის შემდეგ“ (დბ. 24:10—67). ისაკმა ძვ. წ. 1878 წელს 40 წლისამ მოიყვანა ცოლი (დბ. 25:20).
ისაკის ისტორიიდან ვიგებთ, რომ რებეკას 20 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდა. ისაკს შესაძლებლობა მიეცა, მამამისის მსგავსად დაემტკიცებინა, რომ სწამდა იეჰოვას დაპირების, რომლის თანახმადაც დედამიწის ყველა ოჯახი მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა. ამიტომ ის იეჰოვას გამუდმებით ევედრებოდა ვაჟის დაბადებას (დბ. 25:19—21). მისი შემთხვევიდანაც გამოჩნდა, რომ აღთქმული შთამომავალი მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობის შედეგად კი არ დაიბადებოდა, არამედ იეჰოვას ჩარევით (იეს. 24:3, 4). ბოლოს, ძვ. წ. 1858 წელს, 60 წლის ისაკს შეეძინა ტყუპები — ესავი და იაკობი (დბ. 25:22—26).
შიმშილობის გამო ისაკი ოჯახთან ერთად ფილისტიმელთა მიწაზე, გერარში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ღმერთმა უთხრა, რომ ეგვიპტეში არ წასულიყო. სწორედ ამ დროს დაადასტურა იეჰოვამ თავისი განზრახვა, რომ ისაკის მეშვეობით შეასრულებდა აბრაამისთვის მიცემულ დაპირებას: „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავალს, მას მივცემ მთელ ამ მიწებს და დედამიწის ყველა ერი შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება“ (დბ. 26:1—6; ფს. 105:8, 9).
ფილისტიმელთა არცთუ ისე მეგობრული დამოკიდებულების გამო ისაკმა მამამისის, აბრაამის მსგავსად განაცხადა, რომ მისი ცოლი მისი და იყო. გავიდა ხანი. ფილისტიმელებს შურდათ ისაკის, რადგან იეჰოვამ აკურთხა ის. ისაკი იძულებული გახდა, ჯერ გერარის ხევში დაბანაკებულიყო, შემდეგ კი — ბეერ-შებაში, ნეგების უნაყოფო ტერიტორიის განაპირას. იქ მასთან მივიდნენ ყოფილი ფილისტიმელი მტრები და უთხრეს: „შევფიცოთ ერთმანეთს“; მათ მშვიდობის შეთანხმების დადება უნდოდათ ისაკთან, რადგან მიხვდნენ, რომ იეჰოვასგან იყო კურთხეული. იმ ადგილას ისაკის მსახურებმა ამოთხარეს ჭა, რომელსაც ისაკმა შიბა უწოდა. „ამიტომაც ჰქვია იმ ქალაქს დღემდე ბეერ-შება [ნიშნავს ფიცის ჭას ან შვიდის ჭას]“ (დბ. 26:7—33; იხ. ᲑᲔᲔᲠ-ᲨᲔᲑᲐ).
ისაკს ესავი უყვარდა, რადგან მონადირე იყო და „ნანადირევს არ აკლებდა მას“ (დბ. 25:28). როცა ისაკს თვალთ დააკლდა და ფიქრობდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, გადაწყვიტა ეკურთხებინა ესავი, როგორც პირმშო (დბ. 27:1—4). უცნობია, იცოდა თუ არა ისაკმა, რომ ესავმა თავისი პირმშოობა თავის ძმას, იაკობს მიჰყიდა, ან ახსოვდა თუ არა ტყუპების დაბადებამდე თქმული ღვთის სიტყვები, რომ უფროსი უმცროსს მოემსახურებოდა (დბ. 25:23, 29—34). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც იეჰოვას დავიწყებია და არც რებეკას, რომელმაც სასწრაფოდ იზრუნა, რომ იაკობს მიეღო ეს კურთხევა. როცა ისაკი მიხვდა, რომ მოატყუეს, თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია, რადგან ამ საქმეში აშკარად დაინახა იეჰოვას ხელი. ისაკმა ესავს უწინასწარმეტყველა, რომ ის და მისი შთამომავლობა შორს იქნებოდნენ ნაყოფიერი მიწებისგან, მახვილით იცხოვრებდნენ და საბოლოოდ გადაიგდებდნენ კისრიდან იაკობის უღელს (დბ. 27:5—40; რმ. 9:10—13; იხ. ᲔᲡᲐᲕᲘ).
ამის შემდეგ ისაკმა გაგზავნა იაკობი ფადან-არამში, რათა ქანაანელი ქალი არ მოეყვანა ცოლად თავისი ძმის, ესავის მსგავსად, რომელმაც გული ატკინა მშობლებს. როცა მრავალი წლის შემდეგ იაკობი დაბრუნდა, ისაკი კირიათ-არბაში, იგივე ხებრონში, მთაგორიან ადგილას ცხოვრობდა. სწორედ აქ ძვ. წ. 1738 წელს, ისაკის შვილიშვილის, იოსების ეგვიპტეში მეორე კაცად დანიშვნამდე ერთი წლით ადრე, ისაკი 180 წლის ასაკში „მოხუცი და დღეებით მაძღარი“ მოკვდა. დამარხეს ის მაქფელას გამოქვაბულში, სადაც მისი მშობლები და ცოლი იყვნენ დამარხული და სადაც მოგვიანებით მისი ვაჟი იაკობი დაიმარხა (დბ. 26:34, 35; 27:46; 28:1—5; 35:27—29; 49:29—32).
ისაკის შესახებ სხვა მუხლების მნიშვნელობა. ბიბლიაში არაერთხელ მოიხსენიება ისაკი ცნობილ ფრაზაში „აბრაამი, ისაკი და იაკობი“. ზოგჯერ ყურადღება მახვილდება იეჰოვა ღმერთზე, რომელსაც ეს პატრიარქები სცემდნენ თაყვანს და ემსახურებოდნენ (გმ. 3:6, 16; 4:5; მთ. 22:32; სქ. 3:13). სხვა შემთხვევებში ის იეჰოვას მიერ მათთან დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოიხსენიება (გმ. 2:24; კნ. 29:13; 2მფ. 13:23). იესოც იყენებდა ამ ფრაზას სიმბოლური მნიშვნელობით (მთ. 8:11). ბიბლიის ერთ მონაკვეთში პატრიარქი ისაკი თავისი შთამომავლების, ისრაელი ერის სინონიმად არის გამოყენებული (ამ. 7:9, 16).
ისაკი, როგორც აბრაამის შთამომავალი, განასახიერებდა ქრისტეს, ვისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა მარადიული კურთხევების მიღება. ბიბლიაში ვკითხულობთ: «დაპირებები აბრაამსა და მის შთამომავალს მიეცა. არ თქმულა: „შთამომავლებს“, როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე — „შენს შთამომავალს“, რომელიც არის ქრისტე». ფართო გაგებით, ისაკით წარმოდგენილნი არიან ქრისტესნი, რომლებიც „ნამდვილად აბრაამის შთამომავლები“ და „დანაპირების თანახმად მემკვიდრეები“ არიან (გლ. 3:16, 29). აგრეთვე, ისაკის, ისმაელისა და მათი დედების ისტორიას „სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“. მაშინ როცა ფიზიკური ისრაელი (ისმაელის მსგავსად) „ხორციელად იშვა“, სულიერი ისრაელის წევრები „იმავე დანაპირების შვილები“ არიან, „რომლისაც ისაკი იყო“ (გლ. 4:21—31).
ისაკი აგრეთვე მოხსენიებულია მოწმეთა „დიდ ღრუბელში“, რადგან ისიც ელოდა „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებ. 12:1; 11:9, 10, 13—16, 20).