დაჯილდოვდა „სიცოცხლის გვირგვინით“
იოანე მოციქულს ანგელოზმა უთხრა მიეწერა სმირნას კრების ანგელოზისათვის: „სიკვდილამდე იყავი ერთგული და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:8, 10). ამ მიზეზით მწუხარებისა და ამავე დროს სიხარულის გრძნობას იწვევს აგრეთვე ცნობა იმის შესახებ, რომ 1992 წლის 22 დეკემბერს, დილით თავისი მიწიერი გზა დაასრულა ფრედერიკ უილიამ ფრენცმა — უოტჩ ტაუერ ბაიბლ ენდ ტრექტ სოსაიეტი ოფ პენსილვანიისა და უოტჩ ტაუერ ბაიბლ ენდ ტრექტ სოსაიეტი ოფ ნიუ-იორკის, ინკორპორეიტედის პრეზიდენტმა, რომელიც ასევე სხვა თეოკრატიულ კორპორაციებსაც ხელმძღვანელობდა.
მწუხარების გრძნობა — იმის გამო, რომ მიწიერი სცენიდან წავიდა არაჩვეულებრივი ერთგულებით გამორჩეული და დიდად საყვარელი ადამიანი. ამავე დროს სიხარული — იმიტომ, რომ ახლა ჩვენი ძვირფასი ძმა ფრენცის მიმართ გამოიყენება სიტყვები გამოცხადების მე-14 თავის მე-13 მუხლიდან: „ნეტარ არიან მიცვალებულნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან“. დიახ, ამბობს სული, რათა მოისვენონ თავიანთ შრომათაგან და მათი საქმეები მიჰყვებიან მათ. ძმა ფრენცი იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, გულმოდგინედ მშრომელი და ძლიერ ნაყოფიერი მსახური, რომელსაც იეჰოვა ბევრ რამეში იყენებდა, როგორც „ერთგული და გონიერი მონის“ წევრს, რომელიც „სახლეულსა“ და მათ თანამგზავრებს უნაწილებს სულიერ საკვებს (მათე 24:45–47).
ძმა ფრენცი დაიბადა 1893 წლის 12 სექტემბერს ქალაქ კოვინგტონში (შტატი კენტუკი). მან ჭეშმარიტების შესახებ შეიტყო თავისი უფროსი ძმისაგან. იმ დროს ფრენცი სწავლობდა ქალაქ ცინცინატის უნივერსიტეტში პრესვიტიანული ეკლესიის მღვდლის თანამდებობისათვის. მაგრამ გამოვიდა პრესვიტერიანული ეკლესიიდან და იწყო ურთიერთობა ბიბლიის მკვლევარებთან — მაშინ ასე ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეებს. ძმა ფრენცი მოინათლა 1913 წლის 30 ნოემბერს, ხოლო მომდევნო წელს გამოვიდა უნივერსიტეტიდან და შევიდა ლიტერატურის გამავრცელებელთა (პიონერთა) რიგებში. 1920 წლის 1 ივნისს ძმა ფრენცი ბრუკლინში ბეთელის ოჯახის წევრი გახდა. მალე იგი დაინიშნა ლიტერატურის გავრცელების განყოფილების ზედამხედველად და 1926 წელს გადაიყვანეს სარედაქციო განყოფილებაში, სადაც ის განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა. 1945 წელს ძმა ფრენცი გახდა უოტჩ ტაუერ სოსაიეტისა და მასთან გაერთიანებული სხვა კორპორაციების ვიცე-პრეზიდენტი. 1977 წელს ძმა ნეიტან ხ. ნორის გარდაცვალების შემდეგ ძმა ფრენცი გახდა უოტჩ ტაუერ სოსაიეტის პრეზიდენტი და სიკვდილამდე მსახურობდა ამ თანამდებობაზე. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ძმა ფრენცმა იხილა, თუ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი როგორ გაიზარდა რამოდენიმე ათასი კაციდან თითქმის ოთხნახევარ მილიონზე მეტ მაუწყებლამდის. ის უხვად იყო კურთხეული მსახურებაში: საერთაშორისო კონგრესებზე სიტყვით გამოსვლით, ბეთელის ფილიალებისა და მისიონერთა სახლების მონახულებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძმა ფრენცის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1987 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).
1992 წლის 28 დეკემბერს, ორშაბათ საღამოს, ბრუკლინში ბეთელის სამეფო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ძმა ფრენცის ხსოვნას. ძალიან გულითადი და სულიერად გამამხნევებელი სიტყვით გამოვიდა ხელმძღვანელი კორპორაციის წევრი ალბერტ დ. შრიოდერი. პროგრამა გადაეცემოდა ტელეფონით უოტჩ ტაუერ ფარმსის, პატერსონის, მაუნტენ ფარმის, ქინგდომ ფარმის ასევე კანადის ფილიალში ბეთელის ოჯახს.
დიდ დანაკარგს განიცდიან ყველანი და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობდნენ ძმა ფრენცთან. ის იყო გამგები და ყველასთან მომთმენი, ვისთანაც უწევდა მსახურება ან მოგზაურობა და ამასთან ძმა ფრენცი ყოველთვის გამამხნევებელი იყო მათთვის. თანამორწმუნეები მთელი გულით გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს მის მიმართ ებრაელთა 13:7-ში მოცემული სიტყვების სულში: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, შეხედეთ მათი სიცოცხლის აღსასრულს, მიბაძეთ მათ რწმენას“.
1992 წლის 30 დეკემბერს ძმა ფრენცის შემდეგ საზოგადოების მეხუთე პრეზიდენტად არჩეული იქნა ძმა მილტონ ჯ. ჰენშელი.
[სურათები 31 გვერდზე]
1913 წელი. ფრედერიკ უ. ფრენცი
1920 წელი. საზოგადოების ტიპოგრაფიის მახლობლად ავენიუ მირტლზე.
1953 წელი. იანკის სტადიონზე ნეიტან ხ. ნორთან ერთად.