გაიმარჯვე სატანასა და მის ხრიკებზე
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).
1. როგორ მოქმედებს დღეს ‘ბოროტის ხელი’ კაცობრიობაზე?
იობმა სწორად შენიშნა: „ქვეყანა ბოროტის ხელშია“ (იობი 9:24). და ახლა ჩვენ ვდგავართ მთელი ისტორიის ყველაზე უფრო კრიტიკული დროის წინაშე. რატომ? იმიტომ, რომ ახლა დედამიწაზე სატანის ვერაგული ბატონობის ‘უკანასკნელი დღეებია’. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ სატანის ზეგავლენის ქვეშ ‘ბოროტი ადამიანები და მატყუარები წინ მიიწევენ ბოროტებაში; აცდენენ და ცდებიან’ (2 ტიმოთე 3:1, 13). გარდა ამისა, დევნა, უსამართლობა, სისასტიკე, ბოროტმოქმედება, ეკონომიკური გაჭირვება, ქრონიკული დაავადებები, სიბერით გამოწვეული ტკივილები, ემოციური დეპრესიები — ყოველივე ეს და, ასევე, სხვა პრობლემები მძიმე ტვირთად გვაწევს.
2. როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სატანის იერიშს დღეს?
2 დიდი მტერი, სატანა ეშმაკი, მთელი ძალისხმევით ესხმის თავს კაცობრიობას და განსაკუთრებით ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. მისი მიზანია — ააჯანყოს ღმერთის წინააღმდეგ უმწიკვლოების ყველა პოტენციური დამცველი და მიიყვანოს დაღუპვამდე, საითაც თვითონ და მისი დემონები მიემართებიან. მაგრამ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ დავიცავთ უმწიკვლოებას, ეშმაკი გაიქცევა ჩვენგან. იესოს მსგავსად, სიძნელეების განცდით ჩვენ შეგვიძლია ‘ვისწავლოთ მორჩილება’ ღმერთისადმი და ღმერთის სიკეთის წყალობით, რომელიც არ დაგვიმსახურებია, მივაღწიოთ მარადიულ სიცოცხლეს (ებრაელთა 5:7, 8; იაკობი 4:7; 1 პეტრე 5:8–10).
3, 4. ა) კიდევ რომელ გამოცდებს გაუმკლავდა პავლე? ბ) რაზე ზრუნავდა პავლე, როგორც ქრისტიანი უხუცესი?
3 ასევე მრავალგზის იცდებოდა მოციქული პავლე. როცა ამბობდა თავის უფლებამოსილებაზე, როგორც ქრისტეს მსახურის უფლებამოსილებაზე, ის წერდა: „მე უფრო მეტად. . . შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეებში და მრავალგზის სიკვდილის პირას. ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცი ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ ჯოხებით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დამსხვრევა განვიცადე და ღამე და დღე ზღვის სიღრმეში დავყავი, მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქში, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის, შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხულობაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
4 გარდა სხვათა, დღითი-დღე რომ მიხდება: ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე ცდუნდა და მე არ ავენთე?“ (2 კორინთელთა 11:23–29). ამრიგად, პავლემ შეინარჩუნა უმწიკვლოება, როცა ხვდებოდა დევნასა და გამოცდებს და როგორც ქრისტიანი უხუცესი ყველანაირად ზრუნავდა კრებაში სუსტი ძმებისა და დების გაძლიერებაზე და ეხმარებოდა მათ უმწიკვლოების შენარჩუნებაში. რაოდენ შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანი უხუცესებისთვის!
უმწიკვლოების შენარჩუნება დევნის დროს
5. როგორი გამოსავალი არსებობს სატანისგან გამომდინარე დევნიდან?
5 რომელ მეთოდებს იყენებს სატანა, რომ შელახოს უმწიკვლოება? ზემოხსენებულის თანახმად, სატანისგან გამომდინარე ყველაზე ბოროტი მეთოდებიდან ერთ-ერთი არის დევნა, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ეფესელთა 6:10, 11 გვირჩევს: „გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურვლით, რათა შესძლოთ წინააღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას [ანუ „ცბიერ ხრიკებს“, აქ, სქოლიო]“.
6. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეები ‘ძლევენ ყოველივე ამას’?
6 უკანასკნელი დღეების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ხშირად უწევთ ბრძოლა მრავალი განსაცდელის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ პავლეს სიტყვებს: „ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით“ (რომაელთა 8:37). ამას ამტკიცებენ დოკუმენტური ჩანაწერები იეჰოვას მოწმეების უმწიკვლოების შესახებ, რომელსაც ისინი იცავდნენ 1933–1945 წლებში, ნაცისტური პერიოდის განმავლობაში, გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთისა და იუგოსლავიის საკონცენტრაციო ბანაკებში; აღმოსავლეთ ევროპაში 1945–1989 წლებში არსებული კომუნისტური შევიწროების დროს; და ჩვენს დროში მომხდარი დევნისას, რომელმაც იფეთქა აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ნაწილში.
7. უმწიკვლოების რომელი შესანიშნავი მაგალითების შესახებ იტყობინებიან ეთიოპიიდან?
7 უმწიკვლოების გულში ჩამწვდომი მაგალითი დაგვიტოვეს იეჰოვას მოწმეებმა ეთიოპიაში 1974–1991 წლებში. პოლიტიკურად განწყობილმა მცველმა უთხრა ერთ-ერთ დაპატიმრებულ ძმას: „ლომების ზოოპარკიდან გაშვება თქვენს გათავისუფლებაზე უკეთესია!“ ამ სასტიკმა მდევნელებმა გააწამეს იეჰოვას მსახურები, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გასცა ბრძანება განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. ერთ-ერთი ძმის გვამი სხვების გასაფრთხილებლად საჩვენებლად გამოიტანეს. სხვა ძმები, რომლებმაც გაასაჩივრეს სასიკვდილო განაჩენი, გაათავისუფლა უფრო ლიბერალურმა სასამართლომ და ამ ერთგულ ‘მძლეველთაგან’ ზოგიერთმა მონაწილეობა მიიღო საოლქო კონგრესის პროგრამაში სახელწოდებით „ღვთიური სწავლება“, რომელიც ჩატარდა ადის-აბებაში 1994 წლის დასაწყისში (იოანე 16:33; შეადარე 1 კორინთელთა 4:9).
8. როგორ ცდილობს სატანა „ეთნიკური გაწმენდის“ გამოყენებას?
8 სატანამ ვერ შეარყია ამ ერთგული ძმებისა და დების უმწიკვლოება პირდაპირი თავდასხმით. მაგრამ, სხვა რომელ ცბიერ მეთოდებს იყენებს ის? გამოცხადების 12:12-ში ამ უკანასკნელი დღეების შესახებ ნათქვამია: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო ცოტა აქვს“. რადგან დევნის საშუალებით ვერ მოსპო ღმერთის ერთგული ხალხი, გამძვინვარებული ყველა ხალხის განადგურებას ცდილობს, რადგან იმედოვნებს, რომ მათ შორის იეჰოვას ხალხსაც ამოწყვეტს. ამის გამო, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიებზე ჩატარდა, ეგრეთ წოდებული, ეთნიკური გაწმენდა ასევე, გენოციდის მცდელობები იყო ლიბერიაში, ბურუნდისა და რუანდაში.
9. რატომ ხდება, რომ სატანის ხრიკებს ხშირად უკუქცევითი მოქმედება აქვს? მოიყვანე მაგალითები.
9 მაგრამ, ხშირად სატანის ხრიკებს უკუქცევითი მოქმედება აქვს, რადგან საშინელი უბედურებები ადამიანებში აღვიძებენ იმის გაგებას, რომ იმედის დამყარება შეიძლება მხოლოდ ღმერთის სამეფოზე, რომლის შესახებაც გულმოდგინედ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები (მათე 12:21). მართლაც, დაინტერესებული ადამიანები მიედინებიან სამეფოსკენ! მაგალითად, ომის ქარცეცხლში გახვეულ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც 1994 წლის 26 მარტს ჩატარდა, ესწრებოდა 1 307 ადამიანი, 291 ადამიანით მეტი, ვიდრე წინა წელს. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო რეგისტრირებული სარაევოში (414), ქალაქ ზენიცაში (223), ქალაქ ტუზლაში (339), ქალაქ ბანია-ლუკაში (255) და სხვა ქალაქებში. მეზობელ ხორვატიაში აღინიშნა დამსწრეთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 8 326 ადამიანი. იმ ტერიტორიებზე იეჰოვას მოწმეების გარშემო მიმდინარე ძალადობამ ვერ შეუშალა ხელი, რომ დამორჩილებოდნენ მცნებას: „აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:26).
ომის ქარცეცხლში გახვეული რუანდა
10, 11. ა) რა მოხდა, ეგრეთ წოდებულ, ქრისტიანულ რუანდაში? ბ) რას მოგვითხრობენ საკუთარი თავის შესახებ ერთგული მისიონერები?
10 რუანდაში, სადაც 1993 წელს სამეფოს 2 080 მაუწყებელი იყო, საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „ღვთიური სწავლება“, დაესწრო 4 075 ადამიანი და 230 მოინათლა. ამათგან 142 ადამიანმა მაშინვე დაწერა განცხადება დამხმარე პიონერულ მსახურებაზე. ბიბლიის საშინაო შესწავლების რიცხვმა 1994 წელს მიაღწია 7 655 — ნათელია, რომ ეს ძალიან აღიზიანებს სატანას! მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა თავს ქრისტიანად აცხადებს, ქვეყანა ტომობრივმა ხოცვა-ჟლეტამ შეიპყრო. ამ ფაქტს ადასტურებს ვატიკანის გაზეთი „ოსსერვატორე რომანო“ (L’Osservatore Romano): „ეს ნამდვილად საყოველთაო გენოციდია, რომელზეც, სამწუხაროდ, კათოლიკეებიც არიან პასუხისმგებელნი“. დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიონი მამაკაცი, ქალი და ბავშვი, ხოლო ორ მილიონამდე უსახლკაროდ დარჩა ან იძულებული იყო, გაქცეულიყო. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საფუძველზე იეჰოვას მოწმეები არ ებმეოდნენ ძალადობაში და ცდილობდნენ ერთად ყოფნას. ასობით ჩვენი თანამორწმუნე დაიღუპა. მაგრამ, ერთ-ერთ კრებაში, სადაც სამეფოს 65 მოუწყებლიდან მოკლეს 13 ადამიანი, 1994 წლის აგვისტოში დამსწრეთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. პირველად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებიდან ერთ-ერთი, სხვა ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისგან იყო. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს გადარჩენილებისთვის (რომაელთა 12:12; 2 თესალონიკელთა 3:1, 2; ებრაელთა 10:23–25).
11 იმ საშინელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მისიონერმა შეძლო რუანდიდან გაქცევა. ისინი წერენ: „ჩვენ გვესმის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ჩვენი ძმები ვარდებიან მსგავს ან უფრო უარეს სიტუაციებში და ვიცით, რომ ყოველივე ეს ბოროტი სისტემის უკანასკნელი დღეების ნიშნის ნაწილია. მაგრამ, როცა ასეთი მოვლენები პირადად გეხება, გესმის მათი ნამდვილი მნიშვნელობა და ნამდვილად აფასებ ცხოვრებას. ზოგიერთმა ბიბლიურმა ტექსტმა ჩვენთვის ახალი მნიშვნელობა მიიღო და მოველით იმ დროს, როცა წინანდელი აღარ გაიხსენება. ახლა კი გვსურს, მთლიანად ვიყოთ დაკავებული იეჰოვასადმი მსახურებით“.
უმწიკვლოების ახალგაზრდა დამცველები
12, 13. ა) უმწიკვლოების შენარჩუნების რომელი გზა აირჩია ერთმა ახალგაზრდა გოგონამ? ბ) სად შეუძლიათ გამხნევების პოვნა ჩვენს ახალგაზრდებს დღეს?
12 იესომ აღნიშნა, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების გულისთვის ოჯახის წევრები უარყოფენ, „ასწილად“ დაჯილდოვდებიან (მარკოზი 10:29, 30). ასეთი რამ შეემთხვა ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ათი წლის გოგონას, ენტელიას, რომელმაც შეიყვარა ღმერთის სახელი — იეჰოვა — როგორც კი მოისმინა ის. გოგონა სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან და ფეხით მიდიოდა შეხვედრებზე, რასაც მხოლოდ ერთი მიმართულებით საათ-ნახევარი სჭირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებისას მოწინააღმდეგე ოჯახი ხშირად უკრძალავდა სახლში შესვლას, ის მაინც აგრძელებდა შეხვედრებზე სიარულს. ცამეტი წლის ასაკში მან დაიწყო კარდაკარ ქადაგება, ხოლო ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა გაიზარდა. ერთხელ ნათესავებმა შეუკრეს ხელ-ფეხი, დატოვეს მწოლიარე მცხუნვარე მზეზე შვიდი საათის განმავლობაში და დროდადრო ჭუჭყიან წყალს ასხამდნენ. მათ სასტიკად სცემეს ის, დაუსახიჩრეს ერთი თვალი და ბოლოს სახლიდან გააგდეს. მიუხედავად ამისა, გოგონამ ჰოსპიტალში მონახა სამუშაო და მიიღო ძიძის კვალიფიკაცია. ოცი წლის ასაკში ის მოინათლა და დაუყოვნებლივ ჩაეწერა დამხმარე პიონერად. მისი უმწიკვლოების გამო, ოჯახის გაოცებულმა წევრებმა ისევ მიიღეს ის სახლში და მათგან ცხრა ადამიანი დათანხმდა ბიბლიის საშინაო შესწავლაზე.
13 ენტელიას ძალიან ამხნევებდა სიტყვები 114-ე ფსალმუნიდან, განსაკუთრებით კი 1–4 მუხლები, რომლებსაც ის კვლავ და კვლავ კითხულობს: „მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას. რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი“. იეჰოვა ნამდვილად პასუხობს ასეთ ლოცვებზე!
14. როგორ აჩვენეს პოლონელმა მოწმეებმა უმწიკვლოების შესანიშნავი მაგალითი?
14 ისევე როგორც იესოს დღეებში, სატანა დღესაც ძალიან ხშირად იყენებს რელიგიურ ფანატიზმს, რომ გააღვივოს დევნის ცეცხლი, მაგრამ წარუმატებლად. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ძმები პოლონეთში, რომელთა შესახებ მოგვითხრობს 1994 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“ (ინგლ.). ახალგაზრდებიც კი გამოიცადნენ, როგორც უმწიკვლოების დამცველები. ერთ ასეთ ახალგაზრდას, 15 წლის გოგონას, 1946 წელს უბრძანეს: „კათოლიკური წესით გადაიწერე პირჯვარი. თუ არა, ტყვია გელოდება!“ რადგან უმწიკვლოება დაიცვა, ის შეათრიეს ტყეში, სასტიკად აწამეს და დახვრიტეს (შეადარე მათე 4:9, 10).
სატანის სხვა მზაკვრული მეთოდები
15, 16. ა) რას წარმოადგენს სატანის ბოროტი პოლიტიკის პრინციპი და როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ მას? ბ) რატომ უნდა მოერიდონ სატანიზმის ორმოში ჩავარდნას ჩვენი ახალგაზრდები?
15 სატანის ბოროტი პოლიტიკის პრინციპი ნამდვილად ასეთია: „იბატონე ან გაანადგურე“! თავის არსენალში მას მრავალი საშინელი იარაღი აქვს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მმართველობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამისათვის ხელი მოჰკიდეთ ღმერთის სრულ საჭურველს, რათა შესძლოთ წინააღმდეგობა ბოროტ დღეს, ყველაფერი გადალახოთ და გაუძლოთ“ (ეფესელთა 6:12, 13). ლტოლვა მატერიალური საგნებისადმი, გადაგვარებული გართობა და პროპაგანდა, სატანური მუსიკა, თანატოლების ზეგავლენა სკოლაში, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ლოთობა — ამათგან ნებისმიერს შეუძლია დაღუპოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ, მოციქული პავლე აგრძელებს რჩევას: „და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას“ (ეფესელთა 6:16).
16 დღეს ეს რჩევა განსაკუთრებით აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცნაურ მუსიკას, რომლითაც სატანა ავსებს ქვეყნიერებას. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მუსიკა პირდაპირ უკავშირდება სატანიზმს. სან-დიეგოს (აშშ) ოლქის შერიფის კაბინეტის ცნობა იუწყება: «ჩვენთან ტარდებოდა კონცერტი, სადაც 15 000 მოზარდი მონოტონურად იმეორებდა მუსიკალური ჯგუფის შემდეგ სიტყვას „ანატას“, რომელიც ნიშნავს სიტყვას „სატანა“, წაკითხულს უკუღმა». სატანიზმი აღწერილია, როგორც ორმო, რომელშიც ვარდებიან ახალგაზრდები, „რადგან სასოწარკვეთილები, გაბრაზებულები და მარტოები დაწანწალებენ“. ახალგაზრდებო ქრისტიანულ კრებებში, თქვენ შეგიძლიათ მოერიდოთ ამ ორმოს! იეჰოვა გაძლევთ სულიერ საჭურველს, რომ სატანის ისრებმა არასდროს განგგმიროთ თქვენ (ფსალმუნი 15:8, 9).
17. როგორ შეიძლება ემოციური დეპრესიის დაძლევა?
17 სატანის გავარვარებული ისრები მოხერხებულად მართავენ ჩვენს გრძნობებს. ძნელი ცხოვრებისეული ვითარებების გამო, როგორიცაა ფიზიკური დაავადება ან ღრმა დეპრესიის მდგომარეობა, ჩვენს მტერს შეუძლია განავითაროს ჩვენში უვარგისობის გრძნობა. შესაძლოა ვიღაცა გულდამძიმებული იყოს იმის გამო, რომ არ შეუძლია ღმერთისადმი მსახურებაში ბევრი საათის გატარება ან იმიტომ, რომ გააცდინა კრების რამდენიმე შეხვედრა. უხუცესებისა და გულკეთილი ძმებისა და დების მხრიდან გამოვლენილი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა დაეხმარება მძიმე სულიერი ტრავმების დაძლევას. ყოველთვის გახსოვდეს, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ერთგული მსახურები (1 იოანე 4:16, 19). ფსალმუნის 54:23 აცხადებს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“.
18. რომელ სატანურ ხრიკებთან უწევს ბრძოლა ზოგიერთ ადამიანს?
18 ბოლო დროს სატანის მზაკვრული „ხრიკები“ სხვანაირად ვლინდება. ზოგიერთ ქვეყანაში მრავალ ადამიანს აწუხებს აკვიატებული აზრები, რომლებიც გამოწვეულია იმით, რომ ბავშვობაში ისინი სადისტურად იყვნენ გაუპატიურებული სატანურ სექტებში. საიდან იბადება ასეთი ფიქრები? ფართო გამოკვლევის მიუხედავად, ამქვეყნიური სპეციალისტების თვალსაზრისები უკიდურესად განსხვავდება. ზოგიერთი ასეთ ფიქრებს განიხილავს, როგორც ნამდვილ მოგონებებს, სხვები, როგორც ფანტაზიას, რომელიც, შესაძლოა, საეჭვო თერაპიის შედეგია და სხვები კიდევ, როგორც ჰალუცინაციის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ბავშვობაში გადატანილი ტრავმით არის გამოწვეული.
19. ა) როგორ ფიქრებთან უწევდა ბრძოლა იობს? ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰყვნენ ელიჰუს მაგალითს?
19 აღსანიშნავია, რომ ღმერთის მსახურს, იობს, მოუწია ბრძოლა ‘[მშფოთვარე, აქ] ფიქრებთან’, რომლებსაც ელიფაზისა და ცოფარის მეშვეობით გადასცემდა სატანა (იობი 4:13–18; 20:2, 3). ამრიგად, ‘წუხილის’ შედეგად, იობმა ამოანთხია „სიმწრით. . . სავსე. . . სიტყვები“ ‘საშინელებების’ შესახებ, რომლებიც ანაღვლიანებდნენ მის გონებას (იობი 6:2–4; 30:15, 16). ელიჰუ მშვიდად უსმენდა იობს და გულწრფელად დაეხმარა, რომ იეჰოვას ყოვლადბრძნული თვალსაზრისით განეხილა მდგომარეობა. იგივეა დღესაც, ყურადღებიანი უხუცესები მზრუნველობას ავლენენ იმით, რომ არ უმატებენ ‘სიმძიმეს’ ასეთ ადამიანებს. პირიქით, ელიჰუს მსგავსად, ისინი მოთმინებით უსმენენ მათ და შემდეგ ღმერთის სიტყვის მაამებელ ნელსაცხებელს იყენებენ (იობი 33:1–3, 7; იაკობი 5:13–15). ამრიგად, ყოველ ადამიანს, რომელიც ემოციურად იტანჯება რეალური ან წარმოსახვითი ტრავმების გამო, ან იობის მსგავსად, ‘სიზმრები და მოჩვენებები აშინებს’, შეუძლია ჰპოვოს მანუგეშებელი ბიბლიური დამშვიდება კრებაში (იობი 7:14; იაკობი 4:7).
20. როგორ შეიძლება დავეხმაროთ დამწუხრებულ ქრისტიანებს, შეინარჩუნონ სულიერი წონასწორობა?
20 დღეს ქრისტიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ საშინელი ფიქრების უკან დგას სატანა. თუ ზოგიერთები კრებაში იტანჯებიან ამის გამო, ბრძნული იქნებოდა, შიშის მომგვრელი ასეთი გონებრივი წარმოდგენები განეხილათ, როგორც სატანის უშუალო შეტევა, რითაც ცდილობს მათი სულიერი წონასწორობის შერყევას. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მოთმინებითა და გაგებით შეთავაზებული ბიბლიური მხარდაჭერა. თუ იეჰოვას მიმართავენ ლოცვებით და ისარგებლებენ მწყემსების მიერ მიწოდებული სულიერი დახმარებით, ისინი მიიღებენ აღმატებულ ძალას (ესაია 32:2; 2 კორინთელთა 4:7, 8). ამრიგად, მათ ექნებათ ძალები დარჩნენ ერთგულები და არ დართონ ნება ბოროტ აკვიატებულ ფიქრებს იმოქმედონ კრების მშვიდობაზე (იაკობი 3:17, 18). დიახ, ისინი შეძლებენ შეეწინააღმდეგონ ეშმაკს იმავე სულის გამოვლინებით, რომელიც იესომ გამოავლინა, როცა თქვა: „განვედ, სატანავ“! (მათე 4:10; იაკობი 4:7).
21. როგორ გვაფრთხილებს წმინდა წერილები სატანის ცბიერ ხერხებზე?
21 ჩვენ ვიცით, რომ სატანის მიზანია ნებისმიერი მეთოდით გარყვნას ჩვენი გონება, როგორც ამის შესახებ მოციქული პავლე გვაფრთხილებდა 2 კორინთელთა 11:3-ში: „ვშიშობ, რომ, როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნებაც ქრისტეში გულუბრყვილობით“. ყოველი ხორციელის, ანუ ღმერთისგან გაუცხოებული ადამიანების საზოგადოების გახრწნა გვახსენებს ნოეს დღეებში მცხოვრები გარყვნილი და ბოროტი ჰიბრიდული ‘ბუმბერაზების’ საშინელ საქმეებს (დაბადება 6:4, 12, 13; ლუკა 17:26). ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ სატანა მიმართავს მზაკვრულ ხერხებსა და ცბიერ აზრებს, რომ განსაკუთრებით ღმერთის ხალხზე გადმოანთხიოს თავისი მრისხანება (1 პეტრე 5:8; გამოცხადება 12:17).
22. რომელი კურთხევებია მოსალოდნელი, როცა სატანა ვეღარ მოახდენს ჩვენზე გავლენას?
22 ბიბლიის წიგნის, იობის, ბოლო თავებში სატანა საერთოდ არ მოიხსენიება. მისი ბოროტი გამომწვევი მტკიცება, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთის წინაშე უმწიკვლოების დაცვა, იობის უმწიკვლოებამ გაამტყუნა. ამის მსგავსად, ახლო მომავალში, როცა „უამრავი ხალხი“, რომელიც შეინარჩუნებს უმწიკვლოებას, ‘მოვა დიდი ჭირიდან’, სატანა უფსკრულში იქნება ჩაგდებული. მამაკაცები და ქალები, რომლებიც რწმენას ავლენენ და მათ შორის ერთგული იობი, შეუერთდებიან ‘უამრავ ხალხს’ და გაიხარებენ სამოთხის კურთხევებით, რაც ბევრად აღემატება წარსულში იობის მიერ მიღებულ კურთხევებს! (გამოცხადება 7:9–17; 20:1–3, 11–13; იობი 14:13).
კითხვები გამეორებისთვის
□ უმწიკვლოების რომელი შესანიშნავი მაგალითები დაგვიტოვეს იობმა, იესომ და პავლემ?
□ როგორ ეწინააღმდეგებიან სატანას უმწიკვლოების დამცველები?
□ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს შეეწინააღმდეგონ სატანის ცბიერ მეთოდებს?
□ რისი გაკეთება შეიძლება სატანური ხრიკების გასამკლავებლად?
[სურათი მე-18 გვერდზე]
ახლა ეთიოპიაში მესვატი და იოალანი მიჰყვებიან სიკვდილმისჯილი მამის მაგალითს და სრული დროით ემსახურებიან იეჰოვას.
[სურათი მე-18 გვერდზე]
ენტელია — უმწიკვლოების ახალგაზრდა დამცველი ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში.