რამდენად ძვირფასია შენთვის სიცოცხლე?
საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა მოზარდი ბიჭი. მან წაიკითხა წიგნი, რომელიც თვითმკვლელობის ამ მეთოდს ასეთი სიტყვებით აღწერდა: „ეს უმტკივნეულოა, იოლია ან არ არის საშიში; უფრო მეტიც — სასიამოვნოა“. იაპონიაში გამოცემული ამ წიგნის ავტორმა განაცხადა, რომ სთავაზობდა „თვითმკვლელობას მხოლოდ, როგორც ერთ-ერთ არჩევანს ცხოვრებაში“.
დღეს თვითმკვლელების გარდა სხვა ადამიანებიც ავლენენ უპატივცემლობას სიცოცხლისადმი. სიცოცხლისადმი უპატივცემლობას, ასევე, ავლენენ თავზე ხელაღებული მძღოლები. ზოგიერთი ნასვამ მდგომარეობაში ატარებს მანქანას; მრავალი ადამიანი მიქრის გზაზე თავისი სიკვდილის შესახვედრად.
სხვები სიცოცხლისადმი უპატივცემლობას იმით ავლენენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ სიამოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ მოწევას სიკვდილი მოჰყვება და რომ მას დაყოვნებული მოქმედების თვითმკვლელობა ეწოდება, მწეველები უარყოფენ სიგარეტისგან გათავისუფლებას. სექსზე გადარეულ ქვეყნიერებაში უმწიკვლოების დაცვის ნაცვლად, მრავალი ადამიანი განუწყვეტლივ სჩადის ისეთ უწესო მოქმედებებს, რომლებსაც ხშირად სიკვდილამდე მიჰყავს.
გადამეტებული ჭამით, სმით, ნაკლები მოძრაობითა და სიამოვნებებისკენ ლტოლვით, ზოგიერთი ადამიანი შეუგნებლად ჰპარავს საკუთარ თავს სიცოცხლის წლებს. იაპონელმა მწერალმა, შინია ნიშიმარუმ, გამაფრთხილებლად თქვა: „უზომო ჭამა არღვევს ფიზიოლოგიურ ფუნქციებს და არაფერი მოაქვს სასარგებლო, ხოლო კომფორტი და სიამოვნება თანდათან აჩანაგებს ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობას“. ზოგიერთი იზიარებს ძველ დროში მცხოვრები ისეთი ადამიანების თვალსაზრისს, რომლებიც ამბობდნენ: „ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო“ (ესაია 22:13; 1 კორინთელთა 15:32).
დიახ, დღეს სიცოცხლისადმი უპატივცემლობა ძალიან გავრცელებულია. ამიტომ, კარგი იქნებოდა, დაგვესვა კითხვები: რამდენად ძვირფასია სიცოცხლე შენთვის? ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს სიცოცხლე თუ არა? არსებობს თუ არა რამე, რაც დღევანდელ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია?