დიდად დააფასე ჭეშმარიტი სიცოცხლე
ნუთუ სულ ეს არის ჩვენი სიცოცხლე? როცა ბიბლია გვამხნევებს, რომ ‘მივაღწიოთ [მტკიცედ ჩავეჭიდოთ, აქ] ჭეშმარიტ სიცოცხლეს’, აღნიშნავს, რომ სიცოცხლე უფრო მეტს ნიშნავს (1 ტიმოთე 6:17–19). თუ ჩვენი დღევანდელი სიცოცხლე არ არის ჭეშმარიტი, მაშინ რომელია ჭეშმარიტი?
ზემოხსენებული მუხლის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ეს არის ‘მარადიული სიცოცხლე’, რომელსაც ღმერთის მოშიში ადამიანები მტკიცედ უნდა ეჭიდებოდნენ (1 ტიმოთე 6:12). ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ნიშნავს მარადიულ ცხოვრებას დედამიწაზე. ადამს, პირველ ადამიანს, ჰქონდა პერსპექტივა, მარადიულად ეცხოვრა სამოთხეში დედამიწაზე (დაბადება 1:26, 27). ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდებოდა, თუ შეჭამდა ‘კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან’ (დაბადება 2:17). მაგრამ რადგან ადამმა და მისმა ცოლმა, ევამ, გამოავლინეს დაუმორჩილებლობა და შეჭამეს იმ ხიდან, ღმერთმა გამოაცხადა სასიკვდილო განაჩენი. ‘როგორც კი შეჭამეს’ იმ ხიდან, ღმერთის თვალში ისინი მოკვდნენ და დაიწყო მათი დაცემა, რაც ფიზიკური სიკვდილით დასრულდა. მათ აღარ ჰქონდათ ისეთი ცხოვრება, რომლითაც პირველად ტკბებოდნენ.
გზა ‘ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ’
‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ შესაძლებელი რომ ყოფილიყო, იეჰოვამ მიიღო ზომები კაცობრიობის ხსნისთვის. ამის გაგება რომ გაგვიადვილდეს, მოდი, წარმოვიდგინოთ პატარა ქარხანა. ქარხანაში ყველა ხელსაწყო გაფუჭებულია და ოპერატორებისთვის პრობლემებს იწვევს, რადგან მრავალი წლის წინ, პირველმა მუშამ უგულებელყო ოპერატორის სახელმძღვანელო და ყველა ხელსაწყო გააფუჭა. დღეს ოპერატორებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ იმაზე, რაც აქვთ. ქარხნის პატრონს სურს ხელსაწყოების აღდგენა, რომ დაეხმაროს თავის მუშებს და ამ მიზნისთვის საჭირო სახსრებს გამოყოფს.
პირველმა „ხელსაწყოების ოპერატორმა“, ადამმა, არ დააფასა მისთვის მიცემული სიცოცხლე. ამიტომ, მან თავის შთამომავლობას გადასცა არასრულყოფილი სიცოცხლე, რომელიც მოშლილი ხელსაწყოს მსგავსია (რომაელთა 5:12). იმ ოპერატორების მსგავსად, რომლებმაც ვერ შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება, ადამის შთამომავლობას არ შესწევს ძალა, მიაღწიოს ჭეშმარიტ სიცოცხლეს (ფსალმუნი 48:8). რომ გამოესწორებინა ეს, თითქოს უიმედო მდგომარეობა, იეჰოვამ დედამიწაზე წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე კაცობრიობისთვის მარადიული სიცოცხლის გამოსასყიდად (ლუკა 1:35; 1 პეტრე 1:18, 19). თავისი სიცოცხლის კაცობრიობისთვის შეწირვით, ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, იესო ქრისტემ, უზრუნველყო ბრწყინვალე „სახსრები“ — სიცოცხლე, რომელიც ადამის მიერ დაკარგულს შეესაბამება (მათე 20:28; 1 პეტრე 2:22). დღეს ამ ძვირფასი მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვამ უზრუნველყო ჭეშმარიტი სიცოცხლე.
მორჩილ კაცობრიობას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ექნება მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29). ეს იმედი ექნება ყველას, ვინც გადაიტანს ჰარ-მეგიდონად მოხსენიებულ ‘ომს ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდებულ დღეს’ (გამოცხადება 16:14–16). ეს ომი აღმოფხვრის დედამიწიდან ყველა ბოროტებას (ფსალმუნი 36:9–11). ის ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდამდე მოკვდნენ, მაგრამ ღმერთის მეხსიერებაში არიან, აღდგენილი იქნებიან დედამიწაზე ხელახლა გაშენებულ სამოთხეში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიხარონ ჭეშმარიტი სიცოცხლით, რომელიც ღმერთის ყველა მორჩილ ადამიანს მოელის (იოანე 5:28, 29).
აუცილებელია დიდად დავაფასოთ დღევანდელი სიცოცხლე
ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი სიცოცხლის სიწმიდისადმი უპატივცემლობა უნდა გამოვავლინოთ. დახარჯავდა კი ქარხნის პატრონი დროსა და ფულს უპასუხისმგებლო მუშისთვის ხელსაწყოს შეკეთებაზე? გარდა ამისა, განა სამუშაოს გამანაწილებელი ისეთ პიროვნებას არ მიანდობდა შეკეთებულ ხელსაწყოს, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ძველის მოვლას?
სიცოცხლე არის ძვირფასი ძღვენი იეჰოვასგან. როგორც ამ ძღვენის კეთილმოსურნე წყაროს, მას სურს, რომ ჩვენ დიდად დავაფასოთ ეს ძღვენი (ფსალმუნი 35:10; იაკობი 1:17). ადამიანის მიმართ იეჰოვას მზრუნველობის შესახებ, იესომ თქვა: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“ (ლუკა 12:7). იეჰოვამ უბრძანა ისრაელებს არ მოეკლათ, ხოლო ეს, ცხადია, თვითმკვლელობის აკრძალვასაც შეიცავდა (გამოსვლა 20:13). ეს გვეხმარება, მოვერიდოთ თვალსაზრისს, რომ თვითმკვლელობა გამოსავალია.
დღეს ღმერთის მოშიში ადამიანები ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიურ პრინციპებს, რადგან ესმით, რომ იეჰოვას სურს მათი კეთილდღეობა. მაგალითად, რადგან ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოეთხოვებათ ‘განიწმინდონ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღმერთის მოშიშებით აღასრულონ სიწმიდე’, ისინი ერიდებიან თამბაქოსა და გამაბრუებელ ნარკოტიკულ წამლებს, რომლების გამოყენებაც შეიძლება ჩვევად იქცეს (2 კორინთელთა 7:1).
ადამიანთა სიცოცხლეზე ღმერთის ზრუნვას უფრო მეტად ცხადყოფს რჩევა, რომ შევინარჩუნოთ „მანუგეშებელი [მშვიდი, აქ] გული“ და მოვერიდოთ უზნეო ცხოვრებას (იგავნი 14:30; გალატელთა 5:19–21). რადგან ერთგულად მივყვებით მაღალ ნორმებს, ეს გვიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე გაბრაზებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
აგრეთვე, თავისი ხალხის სიცოცხლეზე ზრუნვას ნათელყოფს იეჰოვას გაფრთხილება გადაჭარბებული ჭამისა და სმისგან თავის შეკავების შესახებ (მეორე რჯული 21:18–21; იგავნი 23:20, 21). ქრისტიანები გაფრთხილებული არიან, რომ გაუმაძღარი ადამიანები და ლოთები ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს, რაც ნიშნავს, რომ მათ არასდროს ექნებათ ჭეშმარიტი სიცოცხლე (1 კორინთელთა 6:9, 10; 1 პეტრე 4:3). იეჰოვა ჩვენს სასარგებლოდ გვმოძღვრავს, როცა მოგვიწოდებს, ვიყოთ თავშეკავებულები (ესაია 48:17).
როცა ერთგულად მივყვებით ღმერთის ნორმებს, ცხადვყოფთ, რომ დიდად ვაფასებთ დღევანდელ სიცოცხლეს. რასაკვირველია, ჭეშმარიტ სიცოცხლეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან ის მარადიულია, ჭეშმარიტი ქრისტიანები მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე დღევანდელ სიცოცხლეს. როცა იესო ქრისტემ შესწირა თავისი სიცოცხლე, ის იეჰოვას ნებას დაემორჩილა. მამისადმი მორჩილება მისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ცხოვრება აქ, დედამიწაზე. ამის შედეგად, იესო აღდგენილი იყო და მიიღო უკვდავი სიცოცხლე ზეცაში (რომაელთა 6:9). აგრეთვე, მისი სიკვდილი ნიშნავს მარადიულ სიცოცხლეს მორჩილი კაცობრიობისთვის, რომელიც ავლენს რწმენას მისი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი (ებრაელთა 5:8, 9; 12:2).
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი სისხლის შესახებ
გასაგებია, რომ იესოს მიმდევრები მის აზროვნებას იზიარებენ. იესოს მსგავსად, ისინი ყველაფერში ცდილობენ, ასიამოვნონ ღმერთს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ისინი უარყოფენ სისხლის გადასხმას, რაც ზოგიერთი ექიმის აზრით სიცოცხლის გადამრჩენია. მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ ავლენს ჭეშმარიტი სიცოცხლისადმი დიდ პატივისცემას პიროვნება, რომელიც სისხლის გადასხმას უარყოფს.
იესო ქრისტეს მსგავსად, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სურთ, იყვნენ ცოცხლები ღმერთის თვალში, ხოლო ეს მისადმი სრულ მორჩილებას მოითხოვს. ღმერთის სიტყვაში ჩაწერილია ბრძანება ქრისტეს მიმდევრებისადმი: „თავი შეიკავეთ კერპთშეწირულებისა და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან“ (საქმე 15:28, 29). რატომ იყო კანონი სისხლის შესახებ ჩართული იმ ბრძანებებს შორის, რომლებიც მოეთხოვებოდა ქრისტიანებს?
ისრაელებისადმი მიცემული კანონი მოითხოვდა თავშეკავებას სისხლისგან (ლევიანნი 17:13, 14). ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს კანონს. მაგრამ მათ ესმით, რომ სისხლის საჭმელად აკრძალვა ამ კანონის მოცემამდეც არსებობდა; წარღვნის შემდეგ ის მიეცა ნოეს (დაბადება 9:3, 4; კოლასელთა 2:13, 14). ეს ბრძანება ეხებოდა ნოეს ყველა შთამომავალს, ვისგანაც წარმოიშვა ყველა ერი დედამიწაზე (დაბადება 10:32). გარდა ამისა, მოსეს კანონი გვეხმარება, დავინახოთ მიზეზი, რომლის გამოც ღმერთი ასე დაჟინებით ლაპარაკობს სისხლის სიწმიდეზე. მას შემდეგ, რაც აუკრძალა ისრაელებს ნებისმიერი სახის სისხლის გამოყენება, ღმერთმა თქვა: „სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს“ (ლევიანნი 17:11). ღმერთის მიერ სისხლი განკუთვნილი იყო სამსხვერპლოზე შესაწირად. მისი კანონი სისხლის სიწმიდის შესახებ გვიჩვენებს, რომ მას ეკუთვნის ყველა სიცოცხლე დედამიწაზე (ეზეკიელი 18:4; გამოცხადება 4:11). როცა ჩვენს სიცოცხლეს იეჰოვას თვალსაზრისით ვუყურებთ, გვესმის, რომ სიცოცხლე არ არის ჩვენი საკუთრება, არამედ ღმერთმა მხოლოდ მოგვანდო ის.
იმის მსგავსად, როგორც ჩვენს ილუსტრაციაში ოპერატორი პასუხისმგებელი იყო ხელსაწყოზე, ასევე ჩვენც ჩაბარებული გვაქვს დღევანდელი სიცოცხლე. რას გააკეთებდი, თუ შენი ხელსაწყო შეკეთებას მოითხოვდა, ხოლო ხელოსანი შემოგთავაზებდა სახელდახელო შეკეთებას ისეთი ნაწილების გამოყენებით, რომლებიც აკრძალულია ოპერატორის სახელმძღვანელოში? განა არ მიმართავდი რჩევისთვის სხვა ხელოსნებს, რომ დაგედგინა, როგორ შეიძლება ხელსაწყოს შეკეთება სახელმძღვანელოს მითითებების თანახმად? ადამიანის სიცოცხლე ხელსაწყოზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და რთულია. თავის ინსპირირებულ სიტყვაში — სახელმძღვანელოში, რომელიც ეხმარება ადამიანებს შეინარჩუნონ სიცოცხლე — ჩვენი შემოქმედი გვიკრძალავს სისხლის გამოყენებას სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით (მეორე რჯული 32:46, 47; ფილიპელთა 2:16). ნუთუ გონივრული არ არის, დავემორჩილოთ ამ სახელმძღვანელოს მოთხოვნებს?
სინამდვილეში, როცა ქრისტიანი პაციენტები სისხლის გარეშე მკურნალობის მეთოდებს ითხოვენ, ისინი არ უარყოფენ სამედიცინო მკურნალობის ყველა მეთოდს. ისინი მხოლოდ ისეთ მკურნალობას ითხოვენ, რომელიც გამოავლენს პატივისცემას თავიანთი სიცოცხლისადმი — დღევანდელი და მომავალი სიცოცხლისადმი. ექიმები, რომელთაც არ ეშინიათ ქრისტიანების პოზიციის გათვალისწინება, აღიარებენ მათ თხოვნასთან შეთანხმებული მკურნალობის სასარგებლო მხარეებს. ერთმა ქირურგმა, რომელიც ადრე ხშირად იყენებდა სისხლის გადასხმას, თქვა: „იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრამ შეცვალა ჩემი თვალსაზრისი სიცოცხლის დაფასების შესახებ“. ახლა ის ცდილობს სისხლის გარეშე მკურნალობის მეთოდების გამოყენებას იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.
ჭეშმარიტი სიცოცხლის დიდად დაფასება
როგორი იყო ახალი თვალსაზრისი სიცოცხლის დაფასების შესახებ, რომელიც შეიძინა ქირურგმა იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის შემდეგ? ახლა მას ესმის, რომ პაციენტის მკურნალობის დროს არა მხოლოდ სხეულის დაავადებულ ნაწილს უნდა მიაქციოს ყურადღება, არამედ საერთოდ პიროვნებას. ნუთუ არ უნდა დართონ ნება პაციენტს, რომ ითხოვოს საუკეთესო მზრუნველობა თავისი ფიზიკური, სულიერი და ემოციური კეთილდღეობისთვის?
სასიკვდილო დაავადებით, სისხლის გათეთრებით დაავადებული 15 წლის გოგონა კუმიკოსთვის სისხლის გადასხმით მკურნალობაზე უარესი არაფერი იყო. ამ მეთოდით სიცოცხლის გახანგრძლივება რამდენიმე კვირით, თვით ან თუნდაც წლით არ ღირდა იმად, რა ფასადაც დაუჯდებოდა. რადგან დღევანდელი სიცოცხლე იეჰოვა ღმერთს მიუძღვნა, როგორც მისი ერთ-ერთი მოწმე, ის აფასებდა სიცოცხლისა და სისხლის სიწმიდეს. თუმცა მამა და სხვა ნათესავები ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ მის პოზიციას, კუმიკო მტკიცედ იდგა. ერთხელ ექიმმა ჰკითხა მას: „თუ შენი ღმერთი პატიობს შეცდომებს, ნუთუ არ გაპატიებდა, რომ დასთანხმებოდი სისხლის გადასხმაზე?“ კუმიკო არ დანებდა და არ უარყო ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა. ‘სიცოცხლის სიტყვის დაცვით’ მან შეინარჩუნა თავისი პოზიცია (ფილიპელთა 2:16). როგორც მისმა ურწმუნო ბებიამ თქვა, „კუმიკო არასდროს მიატოვებდა თავის რწმენას“. მოკლე ხანში, როგორც მისი მამისა და ბებიის, ასევე მკურნალი ექიმების პოზიცია შეიცვალა.
კუმიკოს ძლიერმა რწმენამ იეჰოვა ღმერთისადმი, რომელსაც შეუძლია სიკვდილიდან მისი აღდგენა, მრავალი ადამიანის გული შეძრა. როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ის ევედრებოდა თავის მამას: „რომც მოვკვდე, მე აღდგენილი ვიქნები სამოთხეში. მაგრამ თუ შენ არმაგედონში განადგურდები, მე ვეღარ გნახავ. ამიტომ, ძალიან გთხოვ, შეისწავლე ბიბლია“. მამა მხოლოდ იმეორებდა: „როცა გამოკეთდები, შევისწავლი“. როცა ამ სასტიკი დაავადების შედეგად კუმიკო გარდაიცვალა, მისმა მამამ კუბოში წერილი ჩაუდო, სადაც ეწერა: „მე შეგხვდები სამოთხეში, კუმიკო“. დაკრძალვის მომსახურების შემდეგ მან მიმართა დამსწრეებს და თქვა: „მე შევპირდი კუმიკოს, რომ შევხვდები მას სამოთხეში. თუმცა ჯერ არ მწამს ამისი, რადგან საკმარისად არ მისწავლია ამ საკითხის შესახებ, მე გადავწყვიტე სერიოზულად შევისწავლო ის. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ“. ბიბლიის შესწავლა მისი ოჯახის სხვა წევრებმაც დაიწყეს.
კუმიკომ ნამდვილი პატივისცემა გამოავლინა სიცოცხლისადმი და მას სურდა სიცოცხლე. ის მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რაც ექიმებმა გააკეთეს მისი დღევანდელი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ შემოქმედის სახელმძღვანელოს მითითებების შესრულებით, მან დაამტკიცა, რომ დიდად აფასებდა ჭეშმარიტ სიცოცხლეს. მილიონობით ადამიანისთვის ეს იქნება მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე. იქნები თუ არა მათ შორის შენც?