ღვთის რწმენა საჭიროა ამისთვის სასწაული?
ალბერტი 20 წელს იყო გადაცილებული, როცა ღვთის ძებნა დაიწყო. მან ბევრი რელიგია გამოიკვლია, მაგრამ უკმაყოფილო დარჩა. ბიბლიიდან მონაკვეთების კითხვით მან გაიგო, როგორ დამოკიდებულებაში იყო ღმერთი ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა: ნოე, აბრაამი, სარა და მოსე. ალბერტი მიხვდა, რომ ბიბლიის ღმერთი იზიდავს. მაგრამ შეეძლო მას დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს?
ერთ საღამოს ალბერტი განმარტოვდა და ილოცა: „გთხოვ, ღმერთო, მომეცი ნიშანი — შენი არსებობის დამამტკიცებელი რამ“. ალბერტი ელოდა და ელოდა. ის იხსენებს, რომ, როცა არაფერი მოხდა, მისი მოლოდინი „გულგატეხილობამ, სიცარიელემ, გულისწყრომამ შეცვალა“.
ალბერტის მსგავსად, მრავალს მიაჩნია, რომ ღმერთს ამაოდ ეძებს. მათ, შესაძლებელია, მღვდლების ქადაგება აბნევს ან სატელევიზიო მქადაგებლების ვაჭრობა უკარგავს რწმენას. ზოგმა, მრავალი მეზობლის აშკარა თვალთმაქცობით სახტად დარჩენილმა, არ იცის, რა იწამოს. მაგრამ ძველი ისრაელის მეფე დავითმა თავისი ძე სოლომონი დაარწმუნა: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს], იპოვი კიდეც“ (პირველი ნეშტთა 28:9).
მაშ, როგორ ავლენს ღმერთი საკუთარ თავს? უნდა მოელოდე ნიშანს — რაღაც ზებუნებრივ შემთხვევას, რომელიც ღვთის არსებობას დაგიმტკიცებს? ჟურნალ „ტაიმში“ მოხსენიებული ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ორ მესამედზე მეტს სასწაულების სჯერა. სტატია აგრეთვე შენიშნავდა, რომ «ამერიკაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკლესიები ქარიზმატელთა და ორმოცდაათიანელთა კრებებია, რომელთა თაყვანისმცემლობაც „ნიშნებისა და სასწაულების“ გარშემო ტრიალებს».
ნუთუ ნამდვილად „ნიშნები და სასწაულებია“ აუცილებელი, რომ ღმერთი იწამო? წარსულში ის იყენებდა სასწაულებს. მაგალითად, ტარსუსელ სავლეს, რომელიც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მიმდევრებს დევნიდა, იერუსალიმი—დამასკოს გზაზე უჩვეულო რამ შეემთხვა. აღმდგარ იესოსთან ეს სასწაულებრივი შეხვედრა სავლეს მოქცევით დასრულდა (საქმეები 9:1–22). ამგვარად, ყოფილი მდევნელი გახდა პავლე მოციქული — ქრისტიანობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომხრე!
მაგრამ ყოველთვის ასეთ დადებით გამოხმაურებას იწვევს სასწაულები? დამოკიდებულია ღვთის ნამდვილი რწმენა პიროვნების მიერ რაღაც სასწაულებრივი მოვლენის ნახვაზე?
[სურათი 3 გვერდზე]
ღვთის ძე სასწაულის საშუალებით ელაპარაკა ტარსუსელ სავლეს. უნდა მოელოდე სასწაულს?