მრავალს სწამს
„იესო დიდებულია! ნამდვილად საოცარია!“ — წამოიძახა ბრაზილიელმა მორწმუნემ. ცხადია, იესოს სახელის სიძლიერეს არავინ უარყოფს. საუკუნეების განმავლობაში ხალხი იტანჯებოდა და იღუპებოდა მისთვის.
პეტრე და იოანე მოციქულები იერუსალიმში ‘იესოს სახელით’ ქადაგებდნენ. ამის გამო დააკავეს ისინი და გაროზგეს. მაგრამ შემდეგ მოციქულები „წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქმეები 5:28, 41).
ანტიპაც პირველი საუკუნის ქრისტიანი იყო, რომელიც პატივს სცემდა იესოს სახელს. ბიბლიის უკანასკნელ წიგნში, „გამოცხადებაში“, იესო იხსენიებს მას ‘თავის ერთგულ მოწამედ, რომელიც მოკლეს მათ შორის, სადაც სატანა სახლობს’ (გამოცხადება 2:13). პერგამოს სხვა ქრისტიანებთან ერთად ანტიპამაც არ დათმო ქრისტეს რწმენა. ის მტკიცედ ჩაეჭიდა იესოს სახელს, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ფასად დაუჯდა!
დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, ახ. წ. 155 წელს, ქრისტიანი, სახელად პოლიკარპე, მსგავს განსაცდელში იყო, როდესაც ქრისტეს სახელის ძაგება მოსთხოვეს. მისი პასუხი ასეთი იყო: „ოთხმოცდაექვსი წელი ვემსახურებოდი მას და ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. როგორღა დავგმო ჩემი მხსნელი მეფე?“ ქრისტეს დაგმობის უარყოფის გამო პოლიკარპე ძელზე დაწვეს.
მოციქულები, ანტიპა და კიდევ სხვა მრავალი მზად იყვნენ ქრისტეზე მოწმეობა სიკვდილით დაემტკიცებინათ! რა შეიძლება ითქვას ჩვენს თანამედროვეებზე?
იესოს სახელი დღეს
იესოს სახელი ბევრზე კვლავ ძლიერ მოქმედებს. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ბოლო ათწლეულებში ძალიან მომრავლდა ისეთი ეკლესიები, რომლებიც იესოზე ქადაგებენ. პატარა სოფლებსაც კი აქვთ ორმოცდაათიანელთა ეკლესიები. ამავე დროს, ასეთი ეკლესიების პოლიტიკაზე გავლენა ძლიერდება. მაგალითად, ბრაზილიის ყრილობებსა და სენატის შეხვედრებზე, 31 ადგილი ამ ეკლესიების წევრებს აქვთ დაკავებული.
შეერთებული შტატების ახალი რელიგიური მიმდინარეობაც თავის მოძღვრებას იესოზე აგებს. მისი მიმდევრები თავიანთ თავს აღთქმის დამცველებს უწოდებენ. ჟურნალი „ტაიმი“ 1997 წელს იუწყებოდა, რომ მათ კრებებზე დამსწრეთა რიცხვმა, რომელიც 1991 წელს 4 200-ს შეადგენდა, 1996 წელს 1,1 მილიონს მიაღწია. მათი ერთ-ერთი საგალობლის სიტყვებია: „ო, იესო, ჩემო გამარჯვებულო და მარადიულო მხსნელო“.
მაგრამ რისკენაც იესოს სახელი უბიძგებს, ყოველთვის არ ყოფილა უვნებელი. ხშირად იესოს სახელით ომებს აჩაღებდნენ. იესოს სახელით ამოჟლიტეს მრავალი ებრაელი, გამართეს წარმართების სასაკლაო, აწამეს, დაასახიჩრეს და ძელზე დაწვეს მრავალი სხვა შეხედულების მქონე ადამიანი. ხოლო ბოლო დროს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა სახელი იმით გაითქვეს, რომ მოგებაზე არიან გადასულები. ეს ყოველივე იესოს სახელის უკუღმართად და საზიზღრულად გამოყენებაა და ზემოთ თქმულიც მხოლოდ არასრული სიაა.
აქედან გამომდინარე, წამოიჭრება რამდენიმე დროული კითხვა: რას დებენ ადამიანები იესოს სახელის რწმენაში? რა თვალსაზრისი აქვთ ამ საკითხზე იეჰოვას მოწმეებს? შემდეგი სტატია გაგვცემს ამ კითხვებზე პასუხს.