წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
6—12 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 17, 18
გამოავლინე მადლიერება!
ლუკ. 17:12, 14 — nwtsty დამატებითი მასალა
„ათი კეთროვანი“: ბიბლიურ დროში კეთროვნები ერთად იკრიბებოდნენ ან ერთად ცხოვრობდნენ, რათა ერთმანეთს დახმარებოდნენ (2 მეფ. 7:3—5). ღვთის კანონის თანახმად, კეთროვნებს სხვებისგან განცალკევებით უნდა ეცხოვრათ. კეთროვანს უნდა გაეფრთხილებინა სხვები, არ მიახლოვებოდნენ — მას უნდა ეყვირა: „უწმინდური, უწმინდური!“ (ლევ. 13:45, 46). როგორც კანონი მოითხოვდა, ეს ათი კეთროვანი იესოსგან მოშორებით იდგა.
„მღვდლებს ეჩვენეთ“: განკაცებული იესო ქრისტე, რომელიც ექვემდებარებოდა მოსეს კანონს, აღიარებდა, რომ აარონის საგვარეულო ღვთის ნებით ჯერ კიდევ ასრულებდა მღვდელმსახურებას. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა მათ, ვისაც კეთრისგან კურნავდა, მღვდელთან მისულიყვნენ (მათ. 8:4; მარ. 1:44). მოსეს კანონის თანახმად, მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ კეთროვანი ნამდვილად განიკურნა. ამის შემდეგ კეთრისგან განკურნებული ტაძარში უნდა წასულიყო, მიეყვანა ორი ცოცხალი წმინდა ფრინველი, აგრეთვე მიეტანა კედრის ხის ნაჭერი, ალისფერი ქსოვილი და უსუპი, როგორც შესაწირავი (ლევ. 14:2—32).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 17:10 — nwtsty დამატებითი მასალა
„უსარგებლო“: სიტყვასიტყვით „გამოუსადეგარი; უღირსი“. ამ მაგალითით იესოს იმის თქმა არ უნდოდა, რომ მონებს ანუ მის მოწაფეებს თავი უღირსებად ან უვარგისებად მიეჩნიათ. კონტექსტიდან გამომდინარე, ეს სიტყვა იმაზე მიანიშნებს, რომ მონები მოკრძალებულები უნდა ყოფილიყვნენ და დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონოდათ საკუთარ თავზე, თითქოს განსაკუთრებული პატივის და ქების ღირსნი იყვნენ. ზოგი ბიბლეისტის აზრით, იესომ აქ ჰიპერბოლა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ მოწაფეები უბრალოდ მონები იყვნენ, რომლებიც განსაკუთრებულ მოპყრობას არ იმსახურებდნენ.
ლუკ. 18:8 — nwtsty დამატებითი მასალა
„რწმენა“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ასეთი რწმენა“. ბერძნულ ტექსტში სიტყვა „რწმენას“ წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იესო ზოგადად რწმენაზე არ ლაპარაკობდა. ის გულისხმობდა ისეთ რწმენას, როგორიც მაგალითში მოხსენიებულ ქვრივს ჰქონდა (ლუკ. 18:1—8). ვისაც ასეთი რწმენა აქვს, სჯერა, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს და, რომ იეჰოვა თავის რჩეულთ სამართალს გაუჩენს. კითხვა, რომელიც იესომ რწმენის შესახებ დაუსვა თავის მოწაფეებს, როგორც ჩანს, იმიტომ დატოვა უპასუხოდ, რომ დაეფიქრებინა ისინი, რამდენად ძლიერი რწმენა ჰქონდათ. ეს მაგალითი, რომელიც ხაზს უსვამდა ლოცვისა და რწმენის მნიშვნელობას, მართლაც რომ დროული იყო, რადგან მანამდე იესომ მოწაფეებს უთხრა, რა განსაცდელებს შეხვდებოდნენ (ლუკ. 17:22—37).
13—19 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 19, 20
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 19:43 — nwtsty დამატებითი მასალა
„წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „პალისადს შემოგავლებენ“. ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა ქარაქს მხოლოდ ერთხელ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ის განიმარტება, როგორც „წაწვეტებული სარი ან ბოძი, რომელსაც კონკრეტული ადგილის შემოსაღობად იყენებენ“. მასში აგრეთვე იგულისხმება „პალისადი ანუ ბოძებისგან აგებული თავდაცვითი ან საალყო მესერი“. იესოს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელებმა ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმს საალყო მესერი შემოავლეს. ტიტუსს სამი მიზანი ამოძრავებდა: მას იუდეველებისთვის ხელი უნდა შეეშალა გაქცევაში, ფარ-ხმალი დაეყრევინებინა და შიმშილით დაუძლურებულნი დაემორჩილებინა. საალყო მესერის ასაგებად საჭირო მასალა რომ ჰქონოდათ, რომაელებმა იერუსალიმის გარშემო ხე-ტყე გაჩეხეს.
ლუკ. 20:38 — nwtsty დამატებითი მასალა
„რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „მისი გადასახედიდან ისინი ცოცხლები არიან“. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღვთისგან გაუცხოებული ადამიანი შეიძლება ცოცხალი იყოს, მაგრამ ღვთის თვალში — მკვდარი (ეფეს. 2:1; 1 ტიმ. 5:6). მეორე მხრივ, იეჰოვას ერთგული მსახურები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, მის თვალში ისევ ცოცხლები არიან, რადგან ღმერთს ვერაფერი დაუდგება წინ, რომ მკვდრეთით აღადგინოს ისინი (რომ. 4:16, 17).
20—26 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 21, 22
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 21:33 — nwtsty დამატებითი მასალა
„ცა და დედამიწა განადგურდება“: სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ცა და დედამიწა მარადიულად იარსებებს (დაბ. 9:16; ფსალმ. 104:5; ეკლ. 1:4). შესაძლოა იესომ აქ ჰიპერბოლა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ ყოვლად წარმოუდგენელი რაღაცაც რომ მომხდარიყო, ანუ ცა და დედამიწა განადგურებულიყო, მისი სიტყვები მაინც შესრულდებოდა (შდრ. მათ. 5:18). თუმცა ამ მუხლში „ცა და დედამიწა“ შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდეს და მიუთითებდეს გამოცხადების 21:1-ში მოხსენიებულ „წინანდელ ცასა და წინანდელ დედამიწაზე“.
„ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება“: ბერძნულ ტექსტში ზმნასთან ორმაგი უარყოფაა გამოყენებული იმის ხაზგასასმელად, რომ იესოს სიტყვები უსათუოდ შესრულდება.
27 აგვისტო — 2 სექტემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 23, 24
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 23:31 — nwtsty დამატებითი მასალა
„თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“: როგორც ჩანს, იესო აქ იუდეველ ერს გულისხმობდა. ისინი ჰგავდნენ ხეს, რომელსაც ოდნავი სინედლე ჰქონდა შერჩენილი იმის წყალობით, რომ მათ შორის ჯერ კიდევ იყვნენ იესო და ის იუდეველები, რომელთაც სწამდათ მისი, თუმცა ეს ხე სადაცაა გახმებოდა. მალე იესოს მოკლავდნენ, ერთგული იუდეველები კი წმინდა სულით ცხებულები გახდებოდნენ და სულიერი ისრაელის ნაწილად იქცეოდნენ (რომ. 2:28, 29; გალ. 6:16). იმ დროისთვის ისრაელი ერი სულიერად მკვდარი იქნებოდა და გამხმარ ხეს დაემსგავსებოდა (მათ. 21:43).
nwtsty მედიაფაილი
ქუსლის ძვალში გაყრილი ლურსმანი
ფოტოზე ასახულია ადამიანის ქუსლის ძვალში გაყრილი 11,5 სანტიმეტრი სიგრძის რკინის ლურსმანი. ეს არის ზუსტი ასლი იმ არქეოლოგიური არტეფაქტისა, რომელიც 1968 წელს იერუსალიმის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს და რომელიც რომის იმპერიის მმართველობის ეპოქას მიეკუთვნება. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს, რომ რომაელები, როგორც ჩანს, სიკვდილმისჯილებს ლურსმნებით აჭედებდნენ ხის ძელზე. შესაძლოა სწორედ ასეთი ლურსმნებით მიაჭედეს იესო ქრისტე ძელზე რომაელმა ჯარისკაცებმა. ეს არტეფაქტი აღმოჩენილ იქნა ქვის ყუთში, ეგრეთ წოდებულ ოსუარიუმში, სადაც ინახავდნენ მიცვალებულის ძვლებს სხეულის გახრწნის შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ, ვისაც ძელზე სიკვდილით სჯიდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში სამარხში ასვენებდნენ.