საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w26 იანვარი გვ. 2-7
  • როგორ ვიზრუნოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნილებაზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვიზრუნოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნილებაზე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲤᲘᲜᲘᲙᲘᲔᲚᲘ ᲥᲐᲚᲘᲡᲒᲐᲜ
  • ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲞᲔᲢᲠᲔᲡᲒᲐᲜ
  • ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲞᲐᲕᲚᲔᲡᲒᲐᲜ
  • ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲛᲔᲤᲔ ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡᲒᲐᲜ
  • ᲐᲠ ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲐ
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • დაემსგავსეთ იეჰოვასა და იესოს აზროვნებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • მიიღეთ პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე
    2025-2026 წლის სარაიონო კონგრესის პროგრამა – სარაიონო ზედამხედველთან ერთად
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2026
w26 იანვარი გვ. 2-7

2–8 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2026

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 97 ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს

როგორ ვიზრუნოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნილებაზე

2026 ᲬᲚᲘᲡ ᲛᲣᲮᲚᲘ: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (ᲛᲐᲗ. 5:3).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რით უზრუნველგვყოფს იეჰოვა, რომ დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილება და ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება.

1. რა მოთხოვნილება ჩადო იეჰოვამ ჩვენში? (მათე 5:3).

ᲧᲕᲔᲚᲐ ადამიანს გააჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები. მაგალითად, ყველას გვჭირდება საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი. ცხოვრება ძალიან გაგვირთულდება, მცირე ხნითაც რომ დავრჩეთ რომელიმე მათგანის გარეშე. თუმცა ფიზიკური მოთხოვნილებების გარდა იეჰოვამ ჩვენში სულიერი მოთხოვნილებაც ჩადო (წაიკითხეთ მათეს 5:3). თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბედნიერები ვერ ვიქნებით, თუ არ გავაცნობიერებთ ამ მოთხოვნილების არსებობას და მუდმივად არ ვიზრუნებთ მის დაკმაყოფილებაზე.

2. რას ნიშნავს, ვიყოთ სულიერს მოწყურებულნი? მოიყვანეთ მაგალითი.

2 ფრაზა „სულიერს მოწყურებულნი“ გადმოტანილია ბერძნული გამოთქმიდან, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „სულით ღარიბნი“ ან „სულის მათხოვარნი“. რა წარმოუდგებოდათ თვალწინ სიტყვა „მათხოვრის“ მოსმენაზე იესოს მსმენელებს? ალბათ ძველმანებში გახვეული, შიმშილისგან გაძვალტყავებული ადამიანი, რომელსაც ზაფხულის მწველი მზის თუ ზამთრის სუსხის კვალი ატყვია და ყველა თავს არიდებს. ასეთი ადამიანი კარგად ხვდება, რომ დახმარების გარეშე ვერ გადარჩება და ვერც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. იმავეს თქმა შეიძლება იმ ადამიანზეც, რომელიც აცნობიერებს, რომ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სჭირდება. ის არცერთ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ იეჰოვასგან საჭირო დახმარება და ხელმძღვანელობა მიიღოს.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 თავიდან ვიმსჯელებთ ფინიკიელი ქალის შემთხვევაზე, რომელიც იესოს შეევედრა, დახმარებოდა. მისი მაგალითიდან დავინახავთ, რა სამი თვისება უნდა განივითაროს სულიერს მოწყურებულმა ადამიანმა. შემდეგ კი ვიმსჯელებთ სამი სულიერად მოაზროვნე ღვთის მსახურის, პეტრეს, პავლესა და მეფე დავითის მაგალითებზე.

ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲤᲘᲜᲘᲙᲘᲔᲚᲘ ᲥᲐᲚᲘᲡᲒᲐᲜ

4. რას სთხოვდა ფინიკიელი ქალი იესოს?

4 ერთხელ იესოსთან ფინიკიელი ქალი მივიდა, რომლის ქალიშვილსაც დემონი საშინლად ტანჯავდა. ის მუხლებზე დაემხო და იესოს შეევედრა, დახმარებოდა (მათ. 15:21–28). მოდი გავიგოთ, რა თვისებები გამოავლინა ფინიკიელმა ქალმა ამ სიტუაციაში და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას.

5. რა თვისებების დანახვა შეგვიძლია ფინიკიელ ქალში და რისკენ აღიძრა იესო? (იხილეთ სურათიც).

5 იესომ საუბარში ფინიკიელი ქალი ფინიას შეადარა, შინაურ ცხოველს, რომელიც ბევრ უცხოტომელს ჰყავდა სახლში. რას იგრძნობდით, მსგავსი რამ იესოს თქვენთვის რომ ეთქვა? შეურაცხყოფად ხომ არ მიიღებდით და ხომ არ გადაიფიქრებდით დახმარების თხოვნას? თუმცა ფინიკიელ ქალს არ სწყენია იესოს ნათქვამი, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებდა. მის საქციელში დაჟინებულობაც ჩანდა, რადგან არ შეწყვიტა დახმარების თხოვნა. რატომ არ დანებდა? რა იყო მისი მოტივატორი? ძლიერი რწმენა. მისი რწმენის შემხედვარე იესო აღიძრა, სასწაული მოეხდინა და ამ უცხოტომელი ქალის შვილისგან უწმინდური სული განედევნა. არადა, სულ ცოტა ხნით ადრე იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ „მხოლოდ ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან“ იყო გაგზავნილი.

მუხლებზე დაჩოქილი ფინიკიელი ქალი იესოს დახმარებას სთხოვს. მას სუფრასთან მჯდომი იესო და მისი სამი მოწაფე უსმენენ.

ფინიკიელი ქალის საქციელში თავმდაბლობა, დაჟინებულობა და რწმენა ჩანდა; სწორედ ამიტომ გაითვალისწინა იესომ მისი თხოვნა. (იხილეთ აბზაცი 5)


6. რას ვსწავლობთ ფინიკიელი ქალისგან?

6 თუ გვინდა, რომ სულიერი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ და იეჰოვას უფრო დავუახლოვდეთ, ჩვენც თავმდაბლები უნდა ვიყოთ. თავის მხრივ, თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ დაჟინებით ვთხოვოთ იეჰოვას მხარდაჭერა. გარდა ამისა, უნდა გვწამდეს კრების თავის, იესოსი და ვენდობოდეთ მათ, ვისი მეშვეობითაც ის გვხელმძღვანელობს (მათ. 24:45–47). თუ იეჰოვა და იესო ჩვენში ამ თვისებებს დაინახავენ, სიამოვნებით გაგვიწევენ დახმარებას (შეადარეთ იაკობის 1:5–7). ქვემოთ ვიმსჯელებთ, თუ რა შეიძლება იყოს სულიერი გაგებით საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი და როგორ უზრუნველგვყოფს იეჰოვა ამ ყველაფრით. აგრეთვე პეტრეს, პავლეს და მეფე დავითის მაგალითებზე დავინახავთ, ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება.

ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲞᲔᲢᲠᲔᲡᲒᲐᲜ

7. რა დავალება მიიღო პეტრემ და რა არ უნდა დავიწყებოდა? (ებრაელები 5:14–6:1).

7 დავფიქრდეთ მოციქულ პეტრეს მაგალითზე. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იესო მესიად აღიარა და მიხვდა, რომ სწორედ ის გამოკვებავდა ღვთის ხალხს „მარადიული სიცოცხლის სიტყვებით“ (იოან. 6:66–68). თავის მხრივ, იესომ პეტრეს დაავალა, თავისი მოწაფეების სულიერ კვებაზე ეზრუნა. ზეცად ამაღლებამდე მან მოციქულს ასეთი სიტყვები უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოან. 21:17). პეტრემ პირნათლად შეასრულა ეს დავალება. იეჰოვამ მას ორი წერილიც დააწერინა, რომლებიც ბიბლიის ნაწილი გახდა. თუმცა პეტრეს თავადაც სჭირდებოდა სულიერი საზრდოს მიღება და ამას აკეთებდა კიდეც. მაგალითად, ის იკვლევდა ღვთივშთაგონებით დაწერილ პავლეს წერილებს, რომლებშიც, როგორც თავად თქვა, „ზოგიერთი რამ ძნელად გასაგები“ იყო (2 პეტ. 3:15, 16). ამის მიუხედავად პეტრე არ ნებდებოდა. მას სწამდა, რომ იეჰოვას დახმარებით „მყარ საკვებს“ შეირგებდა, ანუ ჩასწვდებოდა პავლეს ნათქვამს და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებდა (წაიკითხეთ ებრაელების 5:14–6:1).

8. როგორ შეხვდა პეტრე ცვლილებას, რომლის შესახებაც ანგელოზისგან გაიგო?

8 პეტრეს ძლიერი რწმენა ჰქონდა, რაც მაშინაც გამოჩნდა, როცა იეჰოვასგან მიღებულ უჩვეულო მითითებას დაემორჩილა. ის საპორტო ქალაქ იოპეში იმყოფებოდა, როცა ხილვაში ღვთის ანგელოზმა უთხრა, მოსეს კანონით აკრძალული ცხოველების ხორცი ეჭამა. ებრაელისთვის ასეთი რამის გაკეთება ყოვლად მიუღებელი იყო. ამიტომ თავიდან პეტრემ იუარა: „არა, უფალო, არასოდეს მიჭამია ბილწი და უწმინდური“. ამაზე ანგელოზმა უპასუხა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“ (საქ. 10:9–15). პეტრეც ჩასწვდა ამ მითითების არსს და დაემორჩილა. ხილვის ნახვიდან მალევე მასთან უცხოტომელი კორნელიუსის მიერ გაგზავნილი სამი კაცი მივიდა, რომლებმაც თავიანთ ბატონთან გაყოლა სთხოვეს. ჩვეულებრივ, პეტრე უცხოტომელის სახლში არ შევიდოდა, რადგან მისთვის, ისევე როგორც სხვა ებრაელებისთვის, ისინი უწმინდურებად ითვლებოდნენ (საქ. 10:28, 29). მაგრამ ახლა პეტრე დაუყოვნებლივ გაჰყვა მათ, რადგან სურდა, ფეხი აეწყო ცვლილებისთვის (იგავ. 4:18). მან უქადაგა კორნელიუსსა და მის სახლეულობას და საკუთარი თვალით იხილა, როგორ ირწმუნეს სასიხარულო ცნობა, მიიღეს წმინდა სული და მოინათლნენ (საქ. 10:44–48).

9. რა მხრივ წაგვადგება კარგი სულიერი მადა? აღნიშნეთ ორი მხარე.

9 პეტრესი არ იყოს, ჩვენც რეგულარულად უნდა მივიღოთ „რძე“, ანუ სისტემატურად შევიხსენოთ ძირითადი ბიბლიური მოძღვრებები. გარდა ამისა, „მყარი საკვების“ მიღებასაც უნდა მივეჩვიოთ, ანუ ისეთი საკითხები ვიკვლიოთ, რაც შედარებით რთული გასაგებია. ამისთვის კი საჭიროა, დრო გამოვყოთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ. ეს, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო ღირს ამად. პირველი, მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ, რაც მისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გაგვიღრმავებს. და მეორე, კიდევ უფრო გაგვიძლიერდება იმის სურვილი, რომ სხვებს ვესაუბროთ ჩვენს დიდებულ ზეციერი მამაზე (რომ. 11:33; გამოცხ. 4:11). თუმცა პეტრესგან სხვა რამესაც ვსწავლობთ: როგორც კი მეტი ნათელი მოეფინება რომელიმე ბიბლიურ საკითხს, უნდა შევეცადოთ, გავითავისოთ ახლებური ხედვა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სხვაგვარად, სულიერად დანაყრებული ვერ ვიქნებით და იეჰოვასაც ვერ გამოვადგებით.

ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲞᲐᲕᲚᲔᲡᲒᲐᲜ

10. რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ? (კოლოსელები 3:8–10).

10 სულიერ საზრდოსთან ერთად იეჰოვა სულიერ სამოსსაც გვთავაზობს, რომლის გარეშეც შეუძლებელია, მას ვასიამოვნოთ. ამიტომაც გვირჩევს მოციქული პავლე: „მოიშორეთ ძველი პიროვნება . . . და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:8–10). ახალი პიროვნებით შემოსვა შეიძლება არც ისე მარტივი პროცესი იყოს. ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამაზე თავად პავლეს მაგალითიც მოწმობს. ის ახალგაზრდობიდანვე დიდ გულმოდგინებას იჩენდა და ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა (გალ. 1:14; ფილ. 3:4, 5). მაგრამ მას არ ესმოდა, სინამდვილეში, როგორ თაყვანისცემას ითხოვდა ღმერთი. არც ქრისტეს სწავლებებს იცნობდა და არც თავმდაბლობა გააჩნდა. შესაბამისად, ის ვერ ავლენდა ღვთისმოსაწონ თვისებებს და, როგორც თავად თქვა, კადნიერი კაცი იყო (1 ტიმ. 1:13).

11. რა სისუსტეს ებრძოდა პავლე?

11 გაქრისტიანებამდე პავლეს ფიცხი ხასიათი ჰქონდა. წიგნ „საქმეებიდან“ იმასაც ვიგებთ, რომ მოწაფეებზე განრისხებულს „მათი დახოცვის სურვილი არ ასვენებდა“ (საქ. 9:1). მას შემდეგ, რაც ქრისტეს მიმდევარი გახდა, ფიცხი ხასიათის მოსაშორებლად, ალბათ, ბევრი შრომა დასჭირდა (ეფეს. 4:22, 31). მაგალითად, ერთხელ, როცა ის და ბარნაბა რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, „ორივენი გაცეცხლდნენ“ (საქ. 15:37–39). ასეთი ჩავარდნის მიუხედავად პავლე არ დანებდა. ის კვლავ განაგრძობდა თავის ნაკლოვანებებთან ბრძოლას, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება იყო (1 კორ. 9:27).

12. რისი წყალობით მოიშორა პავლემ უარყოფითი თვისებები?

12 პავლემ შეძლო უარყოფითი თვისებების მოშორება და ახალი პიროვნებით შემოსვა, რადგან ამას მხოლოდ საკუთარი ძალით არ ცდილობდა (ფილ. 4:13). პეტრეს მსგავსად ისიც „ღვთის ძალაზე [იყო] დაიმედებული“ (1 პეტ. 4:11). თუმცა ზოგჯერ ჩავარდნების გამო გულგატეხილობა ეუფლებოდა. ასეთ დროს იხსენებდა, რამდენი რამ ჰქონდა იეჰოვას მისთვის გაკეთებული, რაც ბრძოლის გაგრძელების ძალას აძლევდა (რომ. 7:21–25).

13. რას ვსწავლობთ პავლესგან?

13 პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გვქონდეს გატარებული ღვთის მსახურებაში, არ უნდა შევწყვიტოთ უარყოფით თვისებებთან ბრძოლა და ახალი პიროვნებით შემოსვა. თუ ამ პროცესში ჩავარდნები გვექნება, მაგალითად, მდგომარეობიდან გამოვალთ ან ვინმეს უხეშად მივმართავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავმარცხდით. პირიქით, მთელი შემართებით უნდა გავაგრძელოთ საკუთარ თავზე მუშაობა (რომ. 12:1, 2; ეფეს. 4:24). თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს: ჩვეულებრივი ტანსაცმლისგან განსხვავებით, რომელსაც ჩვენს ტანზე ვირგებთ, სულიერ სამოსს ჩვენ უნდა მოვერგოთ. ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს სამოსი იეჰოვას სტანდარტითაა შექმნილი.

ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ ᲛᲔᲤᲔ ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡᲒᲐᲜ

14, 15. როგორ მფარველობს იეჰოვა თავის ხალხს? (ფსალმუნი 27:5; იხილეთ სურათიც).

14 დღეს ბედნიერები რომ ვიყოთ, სულიერი საზრდოსა და სამოსის გარდა სულიერი თავშესაფარიც გვჭირდება. რა არის ეს თავშესაფარი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავრჩეთ მასში?

15 ფსალმუნის 27:5-ში (წაიკითხეთ) მეფე დავითი საუბრობს სულიერ თავშესაფარზე, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა იცავდა მას. იეჰოვა დღესაც გვიცავს ნებისმიერი რამისგან, რამაც შეიძლება ჩვენს სულიერობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მაგალითად, ის გვპირდება, რომ ჩვენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული (ფსალმ. 34:7; ეს. 54:17). მართალია, ძლიერი მტრები გვყავს, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს ვერ მოგვაყენებენ. სიცოცხლესაც რომ გამოგვასალმონ, იეჰოვა დაგვიბრუნებს (1 კორ. 15:55–57; გამოცხ. 21:3, 4). ის უარყოფით განცდებთან გამკლავებაშიც გვეხმარება, რადგან ესმის, რომ ამასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ჩვენს სულიერობას (იგავ. 12:25; მათ. 6:27–29). მან თავის დიდ სულიერ ოჯახშიც გაგვაერთიანა, სადაც და-ძმებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. დაგვიყენა მწყემსები, რომლებიც გვეხმარებიან, შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა (ეს. 32:1, 2). გარდა ამისა, კრებაზე ხშირად ვისმენთ რჩევებს, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დავრჩეთ იეჰოვას თავშესაფარში (ებრ. 10:24, 25).

დას „საგუშაგო კოშკის“ განხილვისას ხელი აქვს აწეული. ხელს სხვა და-ძმებიც იწევენ.

და სულიერ თავშესაფარს აფარებს თავს – ის თანაქრისტიანებთან ერთად კრებას ესწრება (იხილეთ აბზაცები 14, 15).


16. როგორ იცავდა იეჰოვა დავითს?

16 როცა დავითი ემორჩილებოდა იეჰოვას, დაცული იყო იმ შედეგებისგან, რომლებიც ცოდვის ჩადენას ახლავს თან (შეადარეთ იგავების 5:1, 2). თუმცა, როცა უგულებელყო ღვთის კანონები, ის მოიმკა, რაც დათესა (2 სამ. 12:9, 10). ზოგჯერ დავითი სხვების მიზეზითაც ხვდებოდა სირთულეებს. ამ დროს ის იეჰოვას უზიარებდა სატკივარს, იეჰოვა კი მას თავის სიყვარულში და მზრუნველობაში არწმუნებდა. ამის წყალობით დავითი თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდა (ფსალმ. 23:1–6).

17. რას ვსწავლობთ დავითისგან?

17 დავითის მსგავსად ჩვენც იეჰოვას უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თუ არასწორ ნაბიჯს გადავდგამთ, იეჰოვა შედეგებისგან არ დაგვიცავს (გალ. 6:7, 8). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით აღმოვჩნდეთ განსაცდელში. ასეთ დროს იეჰოვა დაიცავს ჩვენს გულსა და გონებას, თუ მას ლოცვაში გავუზიარებთ საწუხარს (ფილ. 4:6, 7).

ᲐᲠ ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲐ

18. რა საშიშროების წინაშე ვდგავართ და რისი გაკეთება არ უნდა შევწყვიტოთ? (იხილეთ სურათებიც).

18 2026 წლის მუხლში ნათქვამია: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“. ამის გააზრება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიზეზი ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა ან არ აღიარებს, რომ სულიერი მოთხოვნილება აქვს, ან ცდილობს, სხვა გზებით დაიკმაყოფილოს. ეს გზა შეიძლება ცრუ რელიგია ან საკუთარი იდეოლოგიით ცხოვრება იყოს. თუმცა ამას ნამდვილი ბედნიერება არ მოაქვს. და მაინც, არსებობს იმის საშიშროება, რომ ასეთი ადამიანების გავლენაში ჩვენც მოვექცეთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასე არ მოხდეს? არ უნდა შევწყვიტოთ სულიერი კვება და ახალი პიროვნებით შემოსვა. გარდა ამისა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დავრჩეთ იეჰოვას თავშესაფარში.

ფოტოკოლაჟი: წინა სურათზე ნაჩვენები და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს: 1) ის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის განხილვისთვის ემზადება; 2) ზრუნავს თანაქრისტიანებზე. ერთ ცოლ-ქმართან საჭმელი მიაქვს. ქმარი სავარძელში ზის. თავი სახვევებით აქვს შეხვეული და წვეთოვანი უდგას; 3) და სიამოვნებით უსმენს უხუცესებს, რომლებიც ინახულებენ.

არ უნდა შევწყვიტოთ სულიერი კვება და ახალი პიროვნებით შემოსვა. გარდა ამისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავრჩეთ სულიერ თავშესაფარში. (იხილეთ აბზაცი 18)a

ᲠᲐᲡ ᲕᲡᲬᲐᲕᲚᲝᲑᲗ . . .

  • პეტრესგან?

  • პავლესგან?

  • მეფე დავითისგან?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 162 ვივლი ჩემი ღვთის გზით

a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: წინა სურათზე ნაჩვენები და სულიერ საზრდოს იღებს – „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის განხილვისთვის ემზადება; ცდილობს, ღვთისმოსაწონი თვისებები განივითაროს – სხვების მიმართ სიკეთეს ავლენს; უხუცესებისგან დახმარებას იღებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება