გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის წინსვლას ვერაფერი უშლის ხელს. წაიკითხეთ იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისი ადგილს იცვლის
2009 წლის ივლისში იეჰოვას მოწმეებმა ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სათაო ოფისის გადატანის მიზნით მიწის ნაკვეთი შეიძინეს. 102 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია 80 კილომეტრით არის დაშორებული სათაო ოფისის ახლანდელი შენობებიდან, რომლებიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობს და 1909 წლიდან ფუნქციონირებს.
ამ ახალ შენობებში დაახლოებით 800 ბეთელელი იცხოვრებს და იმუშავებს. აშენდება ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობები და ოთხი საცხოვრებელი კორპუსი. გარდა ამისა, დაგეგმილია მცირე ზომის მუზეუმის აშენებაც, რომელიც დამთვალიერებლებს გააცნობს იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიას.
ამ მიწის ნაკვეთის 18 ჰექტარზე შენობები განთავსდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია, ტყე და ჭანჭრობები, ხელშეუხებელი დარჩება. ტერიტორიის დიდ ნაწილს არ დაიკავებს გაზონები. ნაცვლად ამისა, შენობები ჰარმონიულად შეერწყმება ტყის მასივს. ეს შენობები ისეა დაპროექტებული, რომ ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე დაიზოგოს სახსრები, რის შედეგადაც არ დაბინძურდება გარემო და საექსპლუატაციო ხარჯებიც შემცირდება. მაგალითად, შენობების სახურავები დაიფარება გამძლე და ადვილად მოსავლელი მცენარეებით, რათა წვიმის წყალმა არ გაჟონოს და, ამავე დროს, ხელი შეუწყოს შენობებში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას. ოფისები ისეა დაპროექტებული, რომ მათ გასანათებლად დღის სინათლეც საკმარისი იქნება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა წყლის დაზოგვასაც.
რამ განაპირობა ეს ცვლილება? ადრე მხოლოდ ბრუკლინში იბეჭდებოდა ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა, ახლა კი ეს ლიტერატურა იეჰოვას მოწმეების სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებშიც იბეჭდება. 2004 წელს ტიპოგრაფია და გზავნილთა განყოფილება ბრუკლინიდან ჩრდილო-დასავლეთით 145 კილომეტრით დაშორებულ უოლკილში (ნიუ-იორკი) გადავიდა. სათაო ოფისის ახალ ტერიტორიაზე გადასვლა მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ხარჯებს. ბრუკლინში შენობების მოვლა ძალიან ძვირი ჯდება, რადგან ისინი საკმაოდ ძველია და დიდ ტერიტორიაზეა გაფანტული. ამ კომპაქტურად განლაგებულ შენობებში იეჰოვას მოწმეები უფრო მიზანმიმართულად გამოიყენებენ თანხებს, რომელსაც შესაწირავების სახით იღებენ.
იეჰოვას მოწმეთა ფილიალები ერთიანდება
2012 წლის სექტემბრისთვის იეჰოვას მოწმეთა 20-ზე მეტი ფილიალი უფრო დიდი ფილიალების დაქვემდებარებაში გადავიდა. ცვლილებები ქვემოთ მოყვანილმა ორმა მთავარმა მიზეზმა განაპირობა.
1) ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა სამუშაო. ბოლო წლებში გაადვილდა კომუნიკაცია და საბეჭდი ტექნოლოგიებიც დაიხვეწა; შესაბამისად, ამან შეამცირა მუშახელის საჭიროება. ზოგ ფილიალში, სადაც გაცილებით ცოტა მოხალისე მსახურობდა და ფართი მეტი იყო, გადაიყვანეს და-ძმები, რომლებიც შედარებით პატარა ფილიალებში მსახურობდნენ.
ამჟამად ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობას გაცილებით მეტი გამოცდილი იეჰოვას მოწმე უწევს ორგანიზებას იმ ფილიალებიდან, რომლებმაც სხვა ფილიალები შეიერთეს. მაგალითად, სამქადაგებლო საქმიანობას კოსტა-რიკაში, სალვადორში, გვატემალაში, ჰონდურასში, ნიკარაგუასა და პანამაში მექსიკის ფილიალი უწევს ზედამხედველობას. სწორედ ამ მიზეზით ზემოთ მოყვანილ ექვსივე ქვეყანაში ფილიალები დაიხურა. ამ ექვსი ფილიალიდან ორმოცი და-ძმა გადანიშნეს მექსიკის ფილიალში, დაახლოებით 95 და-ძმა კი დარჩა თავის ქვეყანაში და სრული დროით ქადაგებას შეუდგა.
ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნებში დარჩა მთარგმნელობითი ოფისები, რომელთაც ზედამხედველობას უწევს მექსიკის ფილიალი. მაგალითად, პანამაში დაახლოებით 20 მთარგმნელი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს ადგილობრივ ენებზე თარგმნის. გვატემალაში ფილიალის ნაცვლად ფუნქციონირებს მთარგმნელობითი ოფისი, სადაც 16 იეჰოვას მოწმე თარგმნის პუბლიკაციებს ოთხ ადგილობრივ ენაზე. ცენტრალურ ამერიკაში რეორგანიზების შედეგად ფილიალში მომსახურეთა რაოდენობა 300-დან 75-მდე შემცირდა.
2) ველზე მეტი მსახური იშრომებს. ფილიალების გაერთიანების გამო ბევრ გამოცდილ მსახურს, რომლებიც შედარებით პატარა ფილიალებში მსახურობდნენ, შეუძლიათ დროის უმეტესი ნაწილი სამქადაგებლო საქმიანობას დაუთმონ. ერთმა ყოფილმა ბეთელელმა აფრიკიდან, რომელიც სამქადაგებლო მსახურებაზე გადაერთო, თქვა: „პირველი რამდენიმე თვის მანძილზე გამიჭირდა ახალ მდგომარეობასთან შეგუება. მაგრამ ყოველდღე ვმსახურობდი, რამაც სიხარული დამიბრუნა და იეჰოვასგანაც აურაცხელი კურთხევა მივიღე. დღესდღეობით 20 ადამიანს ვასწავლი ბიბლიას და ზოგი მათგანი უკვე კრების შეხვედრებს ესწრება“.
ბრუკლინის სავიზიტო ბარათი
ქალაქ ნიუ-იორკის მცხოვრებნი 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე დღითა თუ ღამით ხედავენ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს სახურავზე დამაგრებულ 4,6 მეტრი სიმაღლის წითლად განათებულ ასოებს. ამ წარწერის თავზე განთავსებულია ტაბლო, რომელზეც მოცემულია დროისა და ტემპერატურის მაჩვენებლები. ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობა საკმაოდ მოსახერხებელია ბრუკლინელთათვის.
ეს ტაბლო 70 წლის წინ შენობის წინა მფლობელმა დაამონტაჟა. იეჰოვას მოწმეებმა ტაბლოს დღევანდელი იერსახე 1969 წელს მისცეს მას შემდეგ, რაც ეს შენობა შეისყიდეს.
ძმები ნეონის წარწერას, „საგუშაგო კოშკი“, ამონტაჟებენ, 1970 წელი
იმისათვის, რომ ეს მაჩვენებლები უფრო ადვილად დასანახი და ზუსტი ყოფილიყო, იეჰოვას მოწმეებმა ტაბლო არაერთხელ შეცვალეს. თუ ადრე ის მხოლოდ საათს აჩვენებდა და ტემპერატურა მხოლოდ ფარენჰაიტით იზომებოდა, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანიდან მას ტემპერატურის კიდევ ერთი საზომი ერთეული, ცელსიუსიც, დაემატა.
ებონი, რომელიც თავისი ბინის ფანჯრებიდან ხედავს ამ ტაბლოს, ამბობს: „ჩემთვის მოსახერხებელია, როცა სამსახურში წასვლამდე ფანჯრიდან ვხედავ დროისა და ტემპერატურის მაჩვენებელს. ეს მეხმარება, არ დავაგვიანო სამსახურში და ტანსაცმელიც ამინდის შესაბამისად ჩავიცვა“.
დარჩება ეს ტაბლო ამ ადგილზე შემდეგი მომდევნო ორმოცი წლის მანძილზეც? ვინაიდან იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო ადგილმდებარეობას იცვლის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ შენობის ახალ მფლობელებს შეუძლიათ.
ღვთის სიტყვის ქადაგება
სიახლე მანჰეტენზე
2011 წლის ნოემბერში მანჰეტენზე იეჰოვას მოწმეებმა წამოიწყეს კამპანია, რომლის მიზანიც ხალხისთვის ბიბლიური ცნობის ქადაგებაა. მათ მოაწყვეს სპეციალური მაგიდები და სტენდები. ეს კამპანია ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს და გადატვირთულ უბანში, მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში, მიმდინარეობს. ტერიტორია ოთხ ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილში, რამდენიმე ადგილას, პიონერები ბიბლიური ლიტერატურით სავსე მაგიდებთან ან სტენდებთან დგანან ისე, რომ გამვლელებისთვის მოსახერხებელი იყოს მათთან გაჩერება. ყველაზე მეტი გამოხმაურება გაჩერებებსა და სადგურებზეა, სადაც ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი გადაადგილდება.
პიონერი ცოლ-ქმარი გამვლელებს ლიტერატურას სთავაზობს ქალაქ ნიუ-იორკის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში
ამ კამპანიის წყალობით ადამიანები უამრავ კითხვაზე ბიბლიიდან იღებენ პასუხს. მათ, ვინც ჩქარობს, შეუძლიათ აიღონ პუბლიკაციები და მოგვიანებით წაიკითხონ. ლიტერატურა რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ ვინმე სხვა ენაზე მოითხოვს პუბლიკაციას, შეუძლიათ მისი შეკვეთა და რამდენიმე დღეში მიღება.
კამპანიას დადებითად ეხმაურებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მთავრობის წარმომადგენლები. ერთმა პოლიციელმა თქვა: „აქამდე სად იყავით? თქვენი ლიტერატურა მართლაც სჭირდება ხალხს“. ერთი კაცი წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დანახვაზე გაჩერდა და თქვა, რომ მეტროში ყოველთვის ხედავდა ხალხს, რომლებიც ამ წიგნს კითხულობდნენ და აინტერესებდა, სად შეიძლებოდა ამ წიგნის პოვნა. მან დღეს უკვე იცის, სად შეიძლება ამ წიგნის შოვნა.
ერთი ახალგაზრდა კაცი ექვსი კვირის განმავლობაში ისე ჩაუვლიდა ხოლმე ლიტერატურით სავსე მაგიდას, რომ ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელაც შეჩერდა მაგიდასთან და თქვა: „შეგიძლიათ, დამეხმაროთ?“. სრული დროით მსახურებმა სიხარულით მისცეს ამ კაცს ბიბლია და აჩვენეს, როგორ გამოეყენებინა. ზოგიერთი გამვლელი ძალიან დააინტერესა სულიერმა საკითხებმა. ამ კამპანიის შედეგად 8 თვეში 1 748 ადამიანმა გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი. 2012 წლის ივნისისთვის ამ კამპანიის წყალობით 27 934 ჟურნალი და 61 019 წიგნი გავრცელდა.
ნაკლები მოცულობით, მაგრამ მეტ ენაზე
2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ისა და „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემები 32 გვერდის ნაცვლად 16-გვერდიანი იქნება. ვინაიდან ჟურნალები მოცულობით შემცირდება, მათი გადათარგმნა მეტ ენაზე გახდება შესაძლებელი. დღესდღეობით ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ითარგმნება 98 ენაზე, ხოლო „საგუშაგო კოშკი“ — 204 ენაზე. რაც შეეხება „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემას, ის კვლავ 32-გვერდიანი იქნება.
მასალის გარკვეული ნაწილი, რომელიც ადრე იბეჭდებოდა ქაღალდზე, ახლა მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე www.pr418.com. მაგალითად, რუბრიკები „ახალგაზრდებისთვის“, „ბიბლიური გაკვეთილები“ და ინფორმაცია სკოლა „გალაადის“ მორიგი კლასის გამოშვების თაობაზე, რაც, როგორც წესი, „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ გამოცემაში იბეჭდებოდა, ამავე დროს, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკები „ოჯახური განხილვისთვის“ და „ახალგაზრდების შეკითხვები“, ვებ-გვერდზე განთავსდება.
გარდა ამისა, სტატიები, რომლებიც მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსდება, ნათელ და ზუსტ პასუხებს გასცემს ბიბლიურ თუ იეჰოვას მოწმეების საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამავე დროს, შესაძლებელი იქნება დაბეჭდილი მასალის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთვა, რაც მნიშვნელოვანწილად გააადვილებს ტექსტის წაკითხვას კომპიუტერისა თუ მობილური მოწყობილობების მეშვეობით 440-ზე მეტ ენაზე!
ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი განახლდა!
ნიუ-იორკში, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე იეჰოვას მოწმეების დიდი ჯგუფი მუშაობდა ვებ-გვერდის www.pr418.com განახლებაზე. ამის წყალობით შეიქმნა უფრო მიმზიდველი ვებ-გვერდი. მისი გამოყენება ადვილია როგორც კომპიუტერის, ისე მობილური მოწყობილობების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის განახლება ორ მიზანს ემსახურება:
1) ვებ-გვერდების გაერთიანება. იეჰოვას მოწმეების სამი ვებ-გვერდი გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ოფიციალური ვებ-გვერდი www.pr418.com. დანარჩენი ორი ვებ-გვერდი www.watchtower.org და www.jw-media.org გაუქმდა. ვებ-გვერდების გაერთიანების შედეგად დაინტერესებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, სამის ნაცვლად ერთი ვებ-გვერდიდან მიიღონ ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ. მაგალითად, მსურველებს შეუძლიათ, მრავალ ენაზე წაიკითხონ, მოისმინონ ან ამობეჭდონ სასურველი გვერდები ბიბლიიდან და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან.
2012 წლის 28 აგვისტოს განახლდა ვებ-გვერდი www.pr418.com
2) ინფორმაციის დამატება. განახლებულ ვებ-გვერდზე იხილავთ ბიბლიურ კითხვებზე გაცემულ პასუხებს. გარდა ამისა, მიიღებთ ინფორმაციას სამქადაგებლო საქმიანობის, ფილიალების, სამეფო დარბაზებისა და იეჰოვას მოწმეების კონგრესების შესახებ. ვებ-გვერდის განყოფილებიდან „ახალი ამბები“ გაიგებთ უახლეს ცნობებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქვე ნახავთ ინტერაქტიულ გვერდებს ოჯახებისთვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
ჩვეულებრივ, დღეში ასობით ათასი ადამიანი კითხულობს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ-პუბლიკაციებს. ვებ-გვერდიდან ხდება ნახევარ მილიონამდე აუდიო, EPUB, PDF ფორმატებისა და ჟესტების ენაზე არსებული ვიდეოფაილების ჩამოტვირთვა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი ავსებს ელექტრონულ ანკეტას ვებ-გვერდზე და გამოთქვამს ბიბლიის შესწავლის სურვილს.
ყველანაირი ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა
დიდი ბიბლია
ინგლისური, ესპანური და იტალიური ბრაილის შრიფტით გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოციდან ოცდარვა ტომამდეა და მინიმუმ ორი მეტრი სიგრძის თარო სჭირდება. ბრაილის სხვა ფორმატით გამოცემული ბიბლიებისგან განსხვავებით, რელიეფურ ფურცელზე ბრაილის შრიფტით შესრულებულ ბიბლიას გაცილებით მეტი ადგილი სჭირდება. მაგალითად, სპეციალური პორტატიული მოწყობილობის საშუალებით უსინათლოს შეუძლია გააკეთოს ჩანაწერები და ელექტრონულ ინფორმაციასაც გაეცნოს. ამ მოწყობილობის პანელზე განთავსებულია ბრტყელთავიანი ნემსები, რომელიც პანელზე მოძრაობს და შესაბამის სიმბოლოებს ბეჭდავს. აგრეთვე, უსინათლოები „ეკრანის წამკითხველი“ პროგრამის მეშვეობით პოულობენ და უსმენენ პუბლიკაციებს, რომელიც დაწერილ ტექსტს ახმოვანებს.
100 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები უსინათლოებისთვისაც გამოსცემენ ბიბლიურ პუბლიკაციებს. ეს პუბლიკაციები ახლა 19 ენაზეა ხელმისაწვდომი. ნებისმიერ უსინათლოს შეუძლია, უფასოდ მიიღოს ეს პუბლიკაციები, რომელთა გამოცემისთვის საჭირო ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება.
ძმა ენტონი ბერნარდი ოჯახური თაყვანისცემის დროს ინგლისური ბრაილის შრიფტით გამოცემულ ბიბლიას იყენებს, შრი-ლანკა
იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია ტექსტის გადაყვანა სხვადასხვა ენის ბრაილის შრიფტზე. როცა პორტატიული მოწყობილობის ეკრანზე მოცემულია ტექსტი რომელიმე ენაზე და ბრაილის სიმბოლოებიც მზადაა, პროგრამას ტექსტი ბრაილის შრიფტზე, ისეთ ფორმატში გადაჰყავს, რომ უსინათლოებს მისი წაკითხვა გაუადვილდეთ. ამ ავტომატური პროცესის მეშვეობით შესაძლებელია ბრაილის შრიფტით პუბლიკაციების, მათ შორის ბიბლიის, გამოცემა ბევრ ენაზე — იმ ენებზეც კი, რომლებიც არ იყენებენ ლათინურ დამწერლობას.
ადრე, როდესაც იეჰოვას მოწმეების კონგრესზე ცხადდებოდა, რომ გამოიცა ახალი პუბლიკაცია, ძმა დასძენდა, რომ ბრაილის შრიფტზე ამ პუბლიკაციის შეკვეთა მოგვიანებით იქნებოდა შესაძლებელი. გასულ წელს ფილიალმა შეერთებულ შტატებში ჩაატარა გამოკითხვა კრებებში, რომ გაეგო, რომელ კონგრესზე აპირებდნენ უსინათლოები დასწრებას და როგორი ფორმატით სურდათ პუბლიკაციების მიღება (რელიეფურ ფურცელზე თუ ელექტრონული სახით).
რელიეფურ ფურცელზე დაბეჭდილი პუბლიკაციები გაიგზავნა იმ საოლქო კონგრესებზე, სადაც უსინათლოებიც ესწრებოდნენ, რათა სხვებთან ერთად მათაც მიეღოთ ახალგამოცემული პუბლიკაციები. კონგრესიდან ერთი კვირის შემდეგ ეს პუბლიკაციები ელექტრონული სახით თითოეულ უსინათლოს გადაეგზავნა ელექტრონული ფოსტით.
ერთი უსინათლო და ამბობს: «ძალიან გამიხარდა, როცა ახალი პუბლიკაციები სხვებთან ერთად მეც მივიღე. ფსალმუნების 37:4-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა „შეგისრულებს გულის წადილს“. მან გულის წადილი ამ შაბათ-კვირას მეც შემისრულა». სხვა უსინათლომ ცრემლმორეულმა თქვა: „ჩემზეც იფიქრეს. მადლობა იეჰოვას, სიყვარულით რომ ზრუნავს ჩვენზე“.
ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა
2011 წელს იეჰოვას მოწმეები 5 700-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ წერა-კითხვის სწავლაში. აი, ზოგიერთი ქვეყნის მონაცემები:
განა: ბოლო 25 წლის მანძილზე 9 000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ წერა-კითხვის სწავლაში.
იეჰოვას მოწმეები წერა-კითხვას ასწავლიან, ზამბია
მოზამბიკი: ბოლო 15 წლის მანძილზე 19 000-ზე მეტმა ადამიანმა ისწავლა კითხვა. ერთ-ერთი მათგანი, ფელიზარდა, ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ უკვე შემიძლია სხვებს ბიბლია წავუკითხო. ეს ძალიან მიჭირდა ადრე“.
სოლომონის კუნძულები: ფილიალი გვატყობინებს: „ადრე პერიფერიებში მცხოვრებთ სკოლაში სიარული არ შეეძლოთ. გარდა ამისა, გოგონებიდან ცოტა თუ იღებდა განათლებას. ამიტომ, წერა-კითხვის შესასწავლი კურსები განსაკუთრებით ქალებს დაეხმარა. ამ კურსებმა ბევრს თავდაჯერებულობა შემატა“.
ზამბია: 2002 წლიდან მოყოლებული თითქმის 12 000-მა ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა. 82 წლის აგნესი ამბობს: „როცა კრების შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ წერა-კითხვის შესასწავლი კურსები ჩატარდებოდა, სიხარულით შევავსე განცხადება. პირველ გაკვეთილზე ვისწავლე, როგორ იწერებოდა ჩემი სახელი“.
იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები მრავალ ენაზე
იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას დაახლოებით 600 ენაზე თარგმნიან. საკმაოდ რთულია სიმღერების წიგნის თარგმნა, რომელიც 135 სიმღერას აერთიანებს. იეჰოვას მოწმეებმა სამ წელიწადში 116 ენაზე თარგმნეს ახალი სიმღერების წიგნი, სახელწოდებით „უმღერეთ იეჰოვას“. ამასთანავე, 55 ენაზე ხელმისაწვდომია სიმღერების კრებულის ნაწილი, რომელშიც 55 სიმღერაა შესული. ამასთანავე, ამ კრებულის თარგმნა ბევრ ენაზე მიმდინარეობს.
სოლომონის კუნძულები: კრების შეხვედრაზე მღერიან ინგლისურ პიჯინზე
მთარგმნელების მიზანია, სიმღერის ტექსტი ისე გადმოიტანონ საკუთარ ენაზე, რომ აზრიანი, ლამაზი და ადვილად დასამახსოვრებელი იყოს. გარდა ამისა, იეჰოვას განსადიდებელი სიმღერის სიტყვები უნდა იყოს მარტივი, რათა შემსრულებელს არც ერთი ფრაზის მნიშვნელობის გაგება არ გაუჭირდეს. თითოეულ ენაში სიტყვები და მელოდია ჰარმონიულად და ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, თითქოსდა სიტყვები შემსრულებელს ეკუთვნის.
როგორ აღწევენ მთარგმნელები ამ მიზანს? ნაცვლად იმისა, რომ ორიგინალიდან ტექსტი სიტყვასიტყვით თარგმნონ, მთარგმნელობითი ჯგუფები სპეციალურ ინსტრუქციებს მისდევენ იმისათვის, რომ თავიანთ ენაზე შექმნან ლექსი, რომელიც, რაც შეიძლება, ზუსტად გამოხატავს ორიგინალში მოცემულ აზრს. ისინი ცდილობენ, ყურადღების მიღმა არ დარჩეთ ის ბიბლიური ციტატები, რომელიც საფუძვლად უდევს ტექსტს, და, ამავე დროს, თავიანთ ენაზე ბუნებრივი ფრაზებით გამოხატონ სათქმელი ისე, რომ ლექსი ადვილი გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს.
საწყის ეტაპზე მთარგმნელს ინგლისურიდან სიტყვასიტყვით გადმოაქვს ტექსტი თავის ენაზე. შემდეგ იმ მოწმეს, რომელსაც აქვს ლექსის წერის ნიჭი, აძლევენ სიტყვასიტყვით თარგმანს და სთხოვენ, რომ ტექსტი ლექსად გარითმოს და თანაც ისე, რომ არ დაირღვეს აზრობრივი თანმიმდევრობა. მთარგმნელები ყოველთვის ცდილობენ, ნათარგმნი ტექსტი ზუსტად შეესაბამებოდეს ბიბლიურ მუხლებს. ბოლოს მთარგმნელები და კორექტორები გარითმულ ლექსს ამოწმებენ, რამდენად ზედმიწევნით მისდევს ბიბლიურ სწავლებას. მართალია, საკმაოდ შრომატევადია სიმღერების წიგნის თარგმნა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ძლიერ ხარობენ, როცა საკუთარ ენაზე მღერიან სამეფოს სიმღერებს.
მთარგმნელობითი ოფისები
წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ცხებული ქრისტიანები ჩვენს დღეებში ხალხს მოუწოდებდნენ, „უსასყიდლოდ აეღოთ სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22:17). ისინი მოიწვევდნენ ადამიანებს „ყველა . . . ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). ამ ბოლო დრომდე მთარგმნელების უმეტესობა მსახურობდა იმ ფილიალებში, სადაც მათ ენაზე არ ლაპარაკობდნენ. მთარგმნელებს არ ჰქონდათ მშობლიურ ენასთან შეხება, რაც სირთულეებს უქმნიდათ — მათ ვერ მიჰქონდათ მკითხველამდე სათქმელი ისე, რომ გულში ჩამწვდომი ყოფილიყო. დღეისათვის ბევრი მთარგმნელობითი ჯგუფი იმ ტერიტორიებზე არსებულ ოფისებში გადაიყვანეს, სადაც მათ ენაზე ლაპარაკობენ. ქვემოთ მოყვანილი მთარგმნელების კომენტარებიდან დავინახავთ, რომ ეს მათ ბევრ რამეში წაადგათ.
მექსიკაში მაია ჯგუფის ერთი მთარგმნელი ამბობს: „თავს პაწაწინა მცენარესავით ვგრძნობდი, რომელიც მისთვის ბუნებრივ გარემოში გადარგეს“. ერთმა მთარგმნელმა კი, რომელიც რუსეთის სამხრეთ ნაწილში არსებულ ოფისში მსახურობს, თქვა: „იქ მუშაობა, სადაც ხალხი ჩვენს ენაზე ლაპარაკობს, მთარგმნელებისთვის სამოთხეა. ენა, რომელიც სატელევიზიო პროგრამებში, წიგნებსა და ინტერნეტში გამოიყენება, სრულიად განსხვავდება იმ ენისგან, რომელსაც ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ჩვენი ნათარგმნი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბუნებრივი, თუ ხალხის ყოველდღიურ საუბრებს მოვუსმენთ“.
„თავს პაწაწინა მცენარესავით ვგრძნობდი, რომელიც მისთვის ბუნებრივ გარემოში გადარგეს“
კონგოში მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც ცილუბა ენაზე თარგმნის, ამბობს: „ჩვენ ყოველდღე ვლაპარაკობთ მშობლიურ ენაზე. მაგალითად, ვესაუბრებით მეზობლებს, ვქადაგებთ; ვსაუბრობთ საყიდლებზე სიარულისას და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრებისას. ჩვენ ვსწავლობთ იმას, რასაც ცილუბა ენაზე ვთარგმნით და შემდეგ ჩვენსავე ნათარგმნ პუბლიკაციებს მსახურებაში ვიყენებთ. ამიტომ, საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იგებს ხალხი ჩვენ მიერ ნათარგმნ ტექსტებს საკუთარ ენაზე“.
უგანდაში მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც ლუკონზო ენაზე თარგმნის, გვიზიარებს: „ენით აუწერელ სიხარულს განვიცდით, როცა იმ ენაზე ვესწრებით კრების შეხვედრებს, რომელზეც ვლაპარაკობთ და ვთარგმნით. ჩვენ მეტ სიხარულს ვგრძნობთ მსახურებაშიც, რადგან ახლა შეგვიძლია ხალხს მშობლიურ ენაზე დაველაპარაკოთ“.
გარდა ამისა, მთარგმნელები იმ კრებებსაც ეხმარებიან, სადაც დანიშნულები არიან. ერთი და მაია ჯგუფის მთარგმნელებზე ამბობს: „მთარგმნელები თავიანთი სიტყვითა თუ საქმით გვამხნევებენ. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ თითქოს ჩვენც ბეთელის ოჯახის წევრები ვართ. ეს საოცარი გრძნობაა!“.
მთარგმნელობითი ჯგუფი, რომელიც ლუო ენაზე თარგმნის, კისუმუ, კენია
თავის მხრივ, მთარგმნელებიც მხნევდებიან. კენიაში ერთი მთარგმნელი ამბობს: „ვინაიდან ლუო ენაზე ძალიან ცოტა რამ გამოიცემა, ხალხი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთ ხარისხიან პუბლიკაციებს თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღებდნენ. ამიტომ, ბევრი დიდი სიხარულით იღებს ამ პუბლიკაციებს. როცა მათ რეაქციას ვხედავ, ძალიან ვმხნევდები და კიდევ უფრო მეტი სტიმული მეძლევა, გავაგრძელო მსახურება და მაქსიმალურად დავიხარჯო ამ საქმეში“.
ბევრი მთარგმნელი ათწლეულებია, რაც მთარგმნელობით განყოფილებებში მსახურობს. ძალიან ვაფასებთ, რომ მათ ასეთი მზადყოფნის სული აქვთ და იეჰოვას ხალხის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ. სამხრეთ აფრიკაში მთარგმნელობითი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც კოსა ენაზე თარგმნის, გვიზიარებს: „ხელმძღვანელმა საბჭომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთარგმნელები მთარგმნელობით ოფისებში გადაიყვანა. მართალია, ფილიალში მსახურება მომწონდა, მაგრამ მთარგმნელობით ოფისში მსახურება უფრო მომწონს“.
ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან
„ძმებმა დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს“
2012 წლის 3 ივნისს ნიგერიაში ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 153 მგზავრი იმყოფებოდა, ნიგერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, ლოგოსის, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. მგზავრებიდან ყველა დაიღუპა. მსხვერპლი ქალაქშიც იყო, თუმცა დაღუპულთა რიცხვი უცნობია.
ავიაკატასტროფის შემდეგ, ლაგოსი, ნიგერია
კოლინზ ივაი და მისი ოჯახის წევრები სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობდნენ. თვითმფრინავი ამ სახლსაც შეეჯახა. ამ დროს ისინი სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას ესწრებოდნენ.
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს, დაახლოებით 3 საათსა და 35 წუთზე, კოლინზისა და მისი მეუღლის, ჩინიერეს, მობილურ ტელეფონებზე ზარები შევიდა, მაგრამ მათ ამ ზარებს არ უპასუხეს. დამთავრდა თუ არა კრება, ჩინიერემ შემოსულ ზარს უპასუხა. მეზობლებმა მას შეატყობინეს, რომ მათი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. უკან დაბრუნებულებს საშინელი სურათი დახვდათ — თვითმფრინავი მათ სახლს დასჯახებოდა, მეზობელ შენობამდეც მიეღწია და იქ აფეთქებულიყო.
„სახლში რომ ვყოფილიყავით, უეჭველად დავიხოცებოდით, — ამბობს ჩინიერე. — მართალია, მხოლოდ ისღა დაგვრჩა, რაც კრების შეხვედრაზე გვეცვა, მაგრამ სამაგიეროდ გადავრჩით. სარაიონო ზედამხედველმა დახმარების კომიტეტი შექმნა. ძმებმა დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამისთვის“.
კოლინზი ამბობს: «ჩემმა ნათესავებმა, რომლებიც რწმენის გამო მეწინააღმდეგებოდნენ, თვალსაზრისი შეიცვალეს. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: „შენი იეჰოვა ლოცვებს პასუხობს. ჩასჭიდე შენს ღმერთს ხელი, რადგან ის გეხმარება“. სხვა ახლობელმა კი მითხრა: „რასაც არ უნდა აკეთებდე ღვთისთვის, მთელი გულით აკეთე“. ცხადად დავინახეთ, როგორ დაგვიცვა იეჰოვამ თავისი ძლიერი მკლავით და ეს ძალიან მახარებს».
პარლამენტი მხარს უჭერს ეკლესიის რეგისტრაციაში გატარებას
ძმები ყველა ხელსაყრელ შემთხვევას იყენებენ, რომ ტურისტებს უქადაგონ, ბუდაპეშტი, უნგრეთი
2012 წლის 27 თებერვალს უნგრეთის მთავრობამ დაადგინა, რომ საეკლესიო უფლება რეგისტრაციაში გატარების თაობაზე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაზეც გავრცელდებოდა. ეს სტატუსი ხელს შეუწყობს უნგრეთში სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. ეს იეჰოვას მოწმეებს გადასახადებისგანაც გაათავისუფლებს. ამასთანავე, შესაძლებელი გახდება, მიიღონ შესაწირავები და მოინახულონ ციხეებში პატიმრები და საავადმყოფოებში — ავადმყოფები.
უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა ლამაზ ადგილას
ერთმა სპეციალურმა პიონერმა, რომელიც რუნდუში (ნამიბია) მსახურობს, გახსენების საღამოს შესახებ მოგვწერა. ის ამ საღამოს ახლომდებარე სოფელში დაესწრო. სოფელში ძალიან ბევრი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. ამიტომ, ძმებმა გადაწყვიტეს, იქ პირველად ჩაეტარებინათ გახსენების საღამო ადგილობრივ რუმანიო ენაზე. სპეციალური პიონერი გვწერს: „მშვენიერი გარემო იყო, ეზოში ვისხედით და მთვარე დაგვნათოდა; ანთებული გვქონდა ნავთის ლამპები და ორი ფანარი“. ამ გარემოში დამსწრეები იეჰოვასთან თავს უფრო ახლოს გრძნობდნენ. ეს სპეციალური პიონერი ერთადერთი მაუწყებელი იყო, რომელმაც მარტის თვეში დაიწყო ქადაგება ამ სოფელში, მაგრამ გახსენების საღამოს 275 ადამიანი დაესწრო.
ფილიალების მიძღვნა იეჰოვას განადიდებს
2011 წლის 19 ნოემბერი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და ჩადის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი იყო. ამ დღეს ფილიალის შენობების წინ 269 და-ძმა შეიკრიბა. სასიამოვნო იყო, რომ ახალი ფილიალის მიძღვნის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩავიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი სამუელ ჰერდი. ეს ახალი ფილიალიც იეჰოვას საქმის წინსვლას შეუწყობს ხელს. პროგრამის მსვლელობის დროს გაიხსენეს, როგორ ჩაეყარა საფუძველი სამქადაგებლო საქმიანობას ამ ორ ქვეყანაში. ეს საქმიანობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1947 წელს დაიწყო, ჩადში კი — 1959 წელს. პროგრამის შემდეგ ნაწილში საუბარი იყო მშენებლობასთან დაკავშირებულ დეტალებსა თუ ბევრ სხვა საკითხზე. რამდენიმე ქვეყნიდან მიღებული მოკითხვების შემდეგ აუდიტორიამ სიხარულით მოისმინა მიძღვნის მოხსენება, რომელიც ძმა სამუელ ჰერდმა წარმოთქვა. ბეთელის ოჯახის 42 წევრს ძალიან უხარია, რომ მათ ფილიალში რვა ოფისია გამოყოფილი მთარგმნელებისთვის; აგრეთვე მათ აქვთ სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, 22 საცხოვრებელი ოთახი, მისაღები, ადმინისტრაციული ოფისები თუ გზავნილთა განყოფილებისთვის გამოყოფილი ადგილი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ბეთელის ოჯახის საუკეთესოდ ფუნქციონირებას.
კონგოში პირველად ჩატარდა ფილიალის მიძღვნის პროგრამა
ძმა ჯექსონი წარმოთქვამს ფილიალის მიძღვნის მოხსენებას, კინშასა, კონგო
2012 წლის 26 მაისს, შაბათ დღეს, იეჰოვას მოწმეები ღირსშესანიშნავი მოვლენის მოწმენი გახდნენ კონგოში (კინშასა). რვაწლიანი მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ფილიალის შენობების მიძღვნა მოხდა. ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო, რადგან ფილიალი კონგოში თითქმის 50 წელია არსებობს, მაგრამ მიძღვნის პროგრამა ქვეყანაში პირველად ჩატარდა. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, მიძღვნის მოხსენება 2 422 დამსწრის წინაშე წარმოთქვა, რომელთა უმრავლესობა 40 წელზე მეტი ხნის მონათლული იყო. პროგრამას ესწრებოდა 23 ქვეყნიდან ჩასული 117 სტუმარი. ზოგმა მისიონერმა, რომელიც კონგოში არაერთი წელი მსახურობდა, აუდიტორიას გამამხნევებელი შემთხვევები გაუზიარა. ყველა გახარებული იყო, რომ ეს ახალი შენობები მხოლოდ და მხოლოდ ერთ აღმატებულ მიზანს, იეჰოვას განდიდებას მოემსახურებოდა.
იურიდიული ანგარიში
2011 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ საფრანგეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეთა უფლებები, როდესაც დაუწესა 60%-იანი ბეგარა ყველა იმ რელიგიურ შესაწირავზე, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა 1993—1996 წლებში მიიღეს. მართალია, სასამართლომ მოუწოდა მხარეებს, ეს საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოეგვარებინათ, მაგრამ მთავრობამ დაიჟინა, რომ დაწესებული გადასახადი კანონთან არ მოდიოდა წინააღმდეგობაში და ამის გამო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა. ამიტომ, 2012 წლის 5 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა, იეჰოვას მოწმეებისთვის დაკისრებული ბეგარა სრულად მოეხსნა. მათ უნდა დაებრუნებინათ 4 590 295 ევრო (5 749 440 აშშ დოლარი), რომლის ჩამორთმევა ბეგარის დაწესების დროს მოხდა (ამაში შედიოდა ის პროცენტიც, რომელიც ამ თანხას იმ დროიდან მოყოლებული ემატებოდა, რაც მისი ჩამორთმევა მოხდა). გარდა ამისა, მათ უნდა დაეფარათ ის სასამართლო ხარჯები, რომლის გაღებაც იეჰოვას მოწმეებს მოუწიათ. ეს თანხა შეადგენდა 55 000 ევროს (68 890 აშშ დოლარი).
იეჰოვას ერთგულ მსახურებს ერიტრეაში ნეიტრალური პოზიციის მტკიცედ დაცვის გამო მოქალაქეობა ჩამოართვეს (ეს. 2:4). ბოლო 17 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბევრი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. დღესდღეობით დაახლოებით 50 და-ძმა, მათ შორის მოხუცი დები და ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე პატარა 2 წლისაა, ციხეშია. ძმა მისგენე გებრეტინსაე პირველი მოწმე იყო, რომელიც 2011 წლის ივლისში ერიტრეის ციხეში მოკვდა. სიკვდილამდე ის ერთი კვირა რკინის კასრში ჰყავდათ ჩასმული. ძმა მისგენეს სიკვდილის მიზეზი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. ჩვენი ძმები ყველანაირად ცდილობენ, როგორმე შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს და დაარწმუნონ ისინი, რომ მშვიდობისმოყვარეები არიან და მათი ნეიტრალური პოზიცია არანაირ საფრთხეს არ უქმნის ერიტრეის მთავრობას.
ჩვენი ძმა, ციხეში გადაყვანამდე, სასამართლოს შენობის წინ, ინდოეთი
ინდოეთში იეჰოვას მოწმეებს მსახურების დროს გამუდმებით ესხმის თავს გახელებული ბრბო. კაცები, ქალები, ბავშვები, მათ შორის 60 წლის ბებია და წლინახევრის ბავშვიც კი, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან. ზოგისთვის ტანსაცმელიც კი შემოუხევიათ და მოკვლითაც დამუქრებიან. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს პოლიციის სრული უმოქმედობა და იეჰოვას მოწმეებზე წინასწარშექმნილი მცდარი აზრი. იმის ნაცვლად, რომ დასაჯონ დამნაშავეები, პოლიცია მოწმეებს ცრუ ბრალდებით აპატიმრებს და ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებს. დაპატიმრებულებს, სასამართლო პროცესამდე თავდებით რომ გამოუშვან, ხშირად დიდი თანხის გადახდას აკისრებენ. პოლიცია მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებს. აგრეთვე, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მედიკამენტები, საჭმელი და სასმელი წყალი ჰქონდეთ. ამიტომ მათ, როგორც ბოროტმოქმედებს, წლებია არაერთ სასამართლო პროცესზე ასამართლებენ მანამ, სანამ ბრალდებას მოუხსნიან. ჩვენმა ძმებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ადამიანთა უფლებების ეროვნულ კომიტეტს იმ იმედით, რომ ისინი დაპატიმრებულებს დახმარებას აღმოუჩენდნენ.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ძმა ფეტი დემირტა შემართებით განაგრძობს ქადაგებას, თურქეთი
2011 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ თურქეთმა შელახა ერთი იეჰოვას მოწმის, იუნუს ერჩეპის, უფლება, მრწამსის გამო უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე. 1998 წლის მარტიდან მოყოლებული ძმა ერჩეპს 39-ჯერ მიუვიდა უწყება სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე და 30-ზე მეტჯერ გაასამართლეს. ძმა ერჩეპს დააკისრეს ჯარიმა, დააპატიმრეს და ბოლოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა მისი „რელიგიური პარანოიისთვის“ ემკურნალათ.
2004 წლის ოქტომბრისთვის ძმა ერჩეპმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ნათქვამი იყო: „განმცხადებელი, როგორც იეჰოვას მოწმე, ითხოვს, რომ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლონ არა პირადი მოსაზრების ან გამორჩენის, არამედ თავისი მტკიცე რელიგიური ფასეულობების გამო“.
ფეტი დემირტაში კიდევ ერთი იეჰოვას მოწმეა თურქეთში, რომელმაც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, როცა 2005 წელს გამოიძახეს. იგი დააპატიმრეს, ცემეს, გაასამართლეს და 554 დღით ციხეში ჩასვეს, სადაც 2007 წლის ივლისამდე იჯდა. რადგანაც ძმა დემირტაში დათმობაზე არ წავიდა და კვლავ მტკიცედ იცავდა ბიბლიურ მრწამსს, მომზადდა სპეციალური ანგარიში, რომელშიც იგი სულით ავადმყოფად შერაცხეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენში ნათქვამი იყო, რომ ძმა დემირტაშს თურქეთის ხელისუფლება არაადამიანურად მოექცა და შელახა მისი უფლება, მრწამსის გამო უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო 2011 წლის ივლისში, რომელიც ეხებოდა საქმეს „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპის კონვენცია იცავს ადამიანის უფლებას, რწმენის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. მსგავსი გადაწყვეტილებები ავალდებულებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, რომ არ შელახოს ადამიანის ეს უფლება.
2012 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი დადგენილება გამოსცა, რომელიც კვლავ სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ ორ საქმეს ეხებოდა: „ბუხარატიანი სომხეთის წინააღმდეგ“ და „წატურიანი სომხეთის წინააღმდეგ“. ამ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთმა ხელყო ამ ორი მოწმის რელიგიური თავისუფლება, რომელთაც რწმენის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე. თავის დადგენილებაში სასამართლო ეფუძნებოდა მის მიერვე მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა საქმეს „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“.
სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ამ ისტორიული მნიშვნელობის დადგენილებების მიუხედავად, სომხეთის მთავრობა კვლავ ასამართლებს, ბრალს სდებს და აპატიმრებს მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2012 წლის მარტში სომხეთის მთავრობამ მოიწონა ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს კანონში ალტერნატიული სამსახურის თაობაზე, მაგრამ ეს ცვლილებები პარლამენტს ჯერ არ განუხილავს. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის მთავრობა მხედველობაში მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებებს და გაათავისუფლებს ძმებს, რომლებმაც მრწამსის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე და პატიმრობაში იმყოფებიან.
იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში კვლავ ზეწოლას განიცდიან მთავრობის მხრიდან: იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ შეხვედრებს არბევენ და დამსწრეებს აპატიმრებენ; რელიგიური ლიტერატურა მკაცრ ცენზურას გადის; ქვეყნიდან დეპორტს უკეთებენ უცხოელ მსახურებს; პოლიცია სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფს იეჰოვას მოწმეებს; მთავრობა რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება მოწმეებს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების საქმეს განიხილავს, არ მიიღო იეჰოვას მოწმეების განცხადება რეგისტრაციაში ხელახლა გატარების თაობაზე, გახშირდა პოლიციის მიერ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრების დარბევა; ისინი აგრეთვე ცდილობენ, იეჰოვას მოწმეებს ხელი შეუშალონ სამქადაგებლო საქმიანობაში, შეზღუდონ ბიბლიური ლიტერატურის ქვეყანაში შეტანა და შეაფერხონ მათი გავრცელება. სასამართლოს არაერთხელ დაუკისრებია დიდი გადასახადი იეჰოვას მოწმეებისთვის ლიტერატურის გავრცელებისა თუ კრების შეხვედრებზე დასწრების გამო. მაგალითად, ქალაქ განჯაში ერთი და კრების შეხვედრაზე დასწრების გამო დააჯარიმეს თანხით, რომელიც 1 909 აშშ დოლარის ეკვივალენტია. ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს კანონს რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომლის სადარაჯოზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დგას, ევროპულმა სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმ იმედით, რომ აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეების დევნა და შეურაცხყოფა შეწყდება.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამართალდამცავი ორგანოები კვლავ განაგრძობენ იეჰოვას მოწმეების შევიწროებასა და დევნას. ამასთანავე, ისინი ახდენენ მოსამართლეებზე ზეწოლას, რომ მსჯავრი დასდონ მოწმეებს მხოლოდ იმის გამო, რომ თავისუფლად სცემენ ღმერთს თაყვანს. ექსტრემიზმთან დაკავშირებული კანონის საფუძველზე, რომელიც ფართო განხილვის საგანია, რუსეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 64 პუბლიკაცია ექსტრემისტულად შერაცხეს. ახლახან ერთმა პროკურორმა მოითხოვა, რომ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომლითაც ბავშვები იესოს ცხოვრებას ეცნობიან, ექსტრემისტულად გამოცხადდეს. რუსეთის ბევრ ნაწილში სასამართლოების გადაწყვეტილებით დაიბლოკა იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი. მათ აგრეთვე ნება დართეს სამართალდამცავ ორგანოებს, უთვალთვალონ იეჰოვას მოწმეთა კრების წევრებს, აწარმოონ ფარული ვიდეოგადაღება და აკონტროლონ მათი ფოსტა. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია, რომ პოლიცია გამუდმებით აწარმოებს იეჰოვას მოწმეთა მიმართ მტრულად განწყობილი მეზობლების დაკითხვას, ჩხრეკს მოწმეთა სახლებს და რელიგიური ლიტერატურისა თუ სხვა პირადი ნივთების კონფისკაციას ახდენს. ხშირად მოწმეებს მაშინაც აპატიმრებენ, როცა ისინი ქუჩაში ფეხით დადიან, ავტომობილით მოძრაობენ ან მატარებლიდან ჩამოდიან. პოლიცია ხშირად არბევს ქრისტიანულ შეხვედრებს, აპატიმრებს უხუცესებს, რადგან ისინი მწყემსავენ და სულიერად მოძღვრავენ ქრისტიანულ კრებას. ზოგიერთ მხარეში პროკურორები სასამართლოში ითხოვენ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციას.
2012 წლის მაისში ქალაქ ტაგანროგში 17 იეჰოვას მოწმეს ბრალად წაუყენეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი რწმენის შესახებ ქადაგებდნენ. სწორედ ამ მხარეში, 2009 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა. აქაურ მოწმეებს ექსტრემიზმში დასდეს ბრალი და სამეფო დარბაზი ჩამოართვეს. ამიტომ, მოწმეები ერთმანეთის სახლებში ან დაქირავებულ დარბაზებში იკრიბებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მოწმეებს ერთად შეკრების უფლებაც ჩამოერთვათ. 2012 წლის ივლისში ქალაქ ჩიტაში (ციმბირი) პიონერი ცოლ-ქმარი დააკავეს და ბრალად წაუყენეს ხალხში შუღლის გაღვივება, რადგან მსახურების დროს ექსტრემისტულად შერაცხულ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ავრცელებდნენ. ორივეს მიუსაჯეს 200 საათიანი იძულებითი შრომა, მაგრამ ცოლ-ქმარმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
მიუხედავად ორი მნიშვნელოვანი გამარჯვებისა, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიპოვეს — „კუზნეცოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (2007 წელი) და „მოსკოველი იეჰოვას მოწმეები რუსეთის წინააღმდეგ“ (2010 წელი) — რუსეთის მთავრობა არაფრად აგდებს ასეთი ავტორიტეტული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღეისათვის იეჰოვას მოწმეებს კიდევ 19 საქმე აქვთ შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ იმედით, რომ ახალი გადაწყვეტილებები მაინც აღძრავს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეთა დევნა და უფლება მისცეს მათ, „წყნარად და მშვიდად იცხოვრონ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმ. 2:2).
სამხრეთ კორეაში ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ძმებს კვლავ აპატიმრებენ და ციხეში სვამენ. ყოველთვე დაახლოებით 45 ახალგაზრდა ძმას ასამართლებენ და წელიწად-ნახევრით სვამენ ციხეში. დღეისათვის კორეის ციხეებში 750-მდე ძმა იხდის სასჯელს. რწმენის გამო ამდენი იეჰოვას მოწმე არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის დაპატიმრებული. 1950 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 17 000-მა იეჰოვას მოწმემ მოიხადა სასჯელი. მათ, საერთო ჯამში, ციხეში 32 000 წელზე მეტი გაატარეს.
2012 წელს ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა მოწმეებზე ზეწოლა იმით, რომ იმ მოწმეებსაც წაუყენა ბრალი, რომლებმაც მრწამსის გამო სარეზერვო ჯარში მსახურებაზე უარი განაცხადეს. 2012 წლამდე ასეთ პირებს მხოლოდ ფულად ჯარიმას აკისრებდნენ. რადგან რეზერვისტთა გაწვევა მხოლოდ ერთხელ არ ხდება, არსებობს საფრთხე, რომ ისინი, რომლებიც უარს იტყვიან რეზერვში მსახურებაზე, არაერთხელ გაასამართლონ. მაგალითად, 2011 წლის ნოემბერში სენ ჰო-ჯუნგს რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2012 წლის ივნისში ის კვლავ გაასამართლეს და ამჯერად 6 თვე მიუსაჯეს. სასამართლოს შემდეგ დაუყოვნებლივ დააკავეს და 29 დღის მერე თავდებით გამოუშვეს, რადგან მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუ სასამართლო მის სასარგებლოდ არ გამოიტანს განაჩენს, მას 14 თვით მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.
სამხრეთ კორეაში ყოველთვე დაახლოებით 45 ძმას აპატიმრებენ და წელიწად-ნახევრით სვამენ ციხეში
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა სამხრეთი კორეა ადამიანის სინდისის თავისუფლების ხელყოფაში. ზემოაღნიშნულ კომიტეტში და სამხრეთი კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ რამდენიმე საქმეა შეტანილი, რათა ეს პრობლემა რამენაირად მოგვარდეს.