გერმანია: სტენდით ქადაგება ლტოლვილთა ბანაკთან
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან
ემიგრანტებთან და ლტოლვილებთან ქადაგება
გერმანიაში უცხოენოვანი მოსახლეობის რიცხვი იზრდება, რადგან ბოლო დროს ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ლტოლვილი და ემიგრანტი დასახლდა. ბოლო ცხრა თვის მანძილზე 229 უცხოენოვანი ჯგუფი და წინარე ჯგუფი ჩამოყალიბდა. დღესდღეობით დაახლოებით 800 მაუწყებელი გადის 30 ენის შემსწავლელ სპეციალურ კურსებს, რომლებიც 13 ენაზე ტარდება.
და-ძმები ხშირად ქადაგებენ ლტოლვილთა ბანაკებთან ახლოს. ერთხელ 200-ზე მეტ ადგილას სტენდებით მსახურების დროს მათ დაახლოებით 640 000 პუბლიკაცია გაავრცელეს.
ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით სპეციალური კამპანია მოეწყო. შვიდი ქვეყნიდან დაახლოებით 700 არაბულ ენაზე მოლაპარაკე და-ძმა ჩავიდა ავსტრიისა და გერმანიის ათ ქალაქში, რათა იქ არაბულად მოლაპარაკე ხალხისთვის ექადაგათ.
გზაზე დაცვენილი ხურდები
ბელიზში კრეოლენოვანი კრების 50 მაუწყებელი თავის ტერიტორიაზე საქადაგებლად ფეხით დადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი და-ძმა ძალიან გაჭირვებულია, ისინი ყოველთვის ავლენენ გულუხვობას. რამდენიმე წლის წინ ძმებმა გადაწყვიტეს, შეეგროვებინათ მტვრიან გზებზე დაცვენილი ხურდები, რომლებსაც მსახურების დროს პოულობდნენ. ყოველი წლის ბოლოს ისინი ხურდებს თავს უყრიდნენ, რეცხავდნენ, ახარისხებდნენ და ითვლიდნენ.
მართალია, ხურდების უმეტესობა მცირე ღირებულების იყო და ზოგი ნახევარ ცენტსაც კი არ უდრიდა, მაგრამ ყოველ წელს ჯამში დაახლოებით 225 აშშ დოლარი გამოდიოდა. ძმები შეგროვილი ფულის ნახევარს სამეფო დარბაზის ხარჯების დასაფარავად იყენებდნენ, ნახევარს კი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სწირავდნენ.
ოთხმილიონიანი აუდიტორია
ბურუნდიში იეჰოვას მოწმეების ისტორიაში 2016 წლის 5 მარტი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყო. ამ პერიოდში მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ენტონი გრიფინმა მოინახულა ადგილობრივი ფილიალი. სპეციალური პროგრამა კრებებს რომ მოესმინათ, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული რადიოს მეშვეობით გადაიცემოდა. სავარაუდოდ, ეს პროგრამა ოთხმა მილიონმა ადამიანმა მოისმინა!
ეს მართლაც შესანიშნავი დამოწმება იყო, რასაც ბევრის მხრიდან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რადიოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც პროგრამის ტრანსლაციას უზრუნველყოფდა, ასეთი სიტყვები თქვა: „კარგი იქნება, თუ ხშირად გექნებათ ასეთი პროგრამები!“. რადიოს ხელმძღვანელმა კი აღნიშნა: „მოგიწოდებთ, განაგრძოთ [მსგავსი პროგრამების მომზადება], რაც, დარწმუნებული ვარ, მრავალი ადამიანის გადარჩენას მოემსახურება“. პროგრამის მსვლელობის დროს ავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებს სწორედ ეს რადიოარხი ჰქონდათ ჩართული.
მუსიკის ხმა შეწყდა
2016 წელს ნეპალში დაშორებულ ტერიტორიაზე არსებულ ჯგუფში მომსახურე ძმებმა გახსენების საღამოს აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე გაიგეს, რომ ნაქირავებ დარბაზთან ახლოს, სადაც ამ საღამოს ჩატარებას აპირებდნენ, დიდი კონცერტი უნდა გამართულიყო.
როგორც წესი, ასეთი კონცერტები ძალიან ხმაურიანია. როცა დილით ძმები დარბაზს ალაგებდნენ, კონცერტის ორგანიზატორმა უთხრა: „ჩვენი მუსიკის გარდა ვერაფერს გაიგებთ!“.
კონცერტი შუადღისით დაიწყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ხმამაღლა მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა უფრო ძლიერი ხმის გამაძლიერებელი აპარატურა იქირავეს, მიკროფონების შემოწმების დროს არაფერი ისმოდა. ძმებმა არ იცოდნენ, რა ექნათ, ამიტომ დახმარებისთვის ლოცვით იეჰოვას მიმართეს. გახსენების საღამოს აღნიშვნის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, როცა დარბაზში და-ძმებმა დაიწყეს მისვლა, მოულოდნელად მუსიკის ხმა შეწყდა. თურმე კონცერტზე მთვრალ ხალხს ერთმანეთთან ჩხუბი მოსვლია, რის გამოც პოლიციამ კონცერტი ჩაშალა. ასე რომ, მოწმეებმა საკმაოდ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში აღნიშნეს გახსენების საღამო.
ჩვენი ვებ-გვერდით აღფრთოვანებულნი
იტალიაში მცხოვრები ჯუზეპე პიონერად მსახურობს. იგი მუშაობს კომპანიაში, რომელიც კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომელთაც ვებ-გვერდების შექმნა ან დახვეწა სურთ. ჯუზეპე ხშირად სახლიდან მუშაობს. გასული წლის მაისში ის დაესწრო თავისი კომპანიის მიერ გამართულ სპეციალურ შეხვედრას, რომელსაც დაახლოებით 70 თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრის დროს უნდა განეხილათ ახალი იდეები, რომელთა დანერგვასაც მისი კომპანია აპირებდა. მთავარმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ ზოგი ვებ-გვერდი ნამდვილად სანიმუშო იყო მათთვის. შემდეგ მონიტორზე აჩვენა ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი. ჯუზეპე თვალებს არ უჯერებდა, როცა jw.org-ის საწყისი გვერდი დაინახა. მენეჯერმა დასძინა: „ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვებ-გვერდი!“. შემდეგ კი ისაუბრა jw.org-ის როგორც ტექნიკურ მხარეებზე, ისე მის ლამაზ დიზაინზე. მან ისიც აღნიშნა, რომ მისით სარგებლობა ძალიან ადვილია.
«ჩემი თანამშრომლები გაკვირვებული დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ ჩვენი ვებ-გვერდი ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. შეხვედრის ბოლოს უფროსმა მთავარ მენეჯერსა და დამსწრეებს უთხრა, რომ მეც იეჰოვას მოწმე ვიყავი, რაზეც მენეჯერმა ასეთი სიტყვები მითხრა: „თქვენი ორგანიზაცია ქებას იმსახურებს! ნებისმიერ კომპანიას თუ ორგანიზაციას შეშურდებოდა თქვენი ვებ-გვერდის. წარმომიდგენია, რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული, რომ ის მუდამ განახლებული და მარტივი გამოსაყენებელი იყოს. როგორც ჩანს, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენი ვებ-გვერდის შინაარსს და, ამავდროულად, არც დეტალები გრჩებათ მხედველობიდან“. ამის მოსმენაზე, ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან თავად მე ამაში არანაირი წვლილი არ მიმიძღოდა. მაგრამ ეს კარგი დამოწმება იყო მათთვის, ვისაც არაფერი სმენოდა მოწმეების შესახებ. დღეს ხშირად ვქადაგებ ზოგიერთ თანამშრომელთან და სამ მათგანთან ბიბლიის შესწავლაც კი დავიწყე». ასე რომ, ჯუზეპეს თანამშრომლები ბიბლიას შეისწავლიან, მისი კომპანია კი — ჩვენს ვებ-გვერდს.
მან უარი თქვა ფეხბურთელის კარიერაზე
არგენტინა: ხორხე ძმებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს
ერთმა ახალგაზრდამ, ხორხემ, რომელიც არგენტინაში ცხოვრობს, 2010 წელს ჭეშმარიტება თანაკლასელისგან გაიგო და ბიბლიის შესწავლა დაიწყო წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ამ პერიოდში ის ფეხბურთს თამაშობდა. იგი საკმაოდ ნიჭიერი გამოდგა, ამიტომ უფრო მაღალი დონის კლუბში შესთავაზეს თამაში. 2014 წლის აპრილში ის გერმანიის გუნდში მიიწვიეს, რაც საკმაოდ მაცდუნებელი წინადადება იყო. ხორხე დასთანხმდა, რადგან ეს კარგი შანსი იყო, პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო. ევროპაში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მწვრთნელმა ხორხეს უთხრა: „შენ იეჰოვას მოწმე ხარ, არა? ნუ დაინგრევ ცხოვრებას! ახალგაზრდობაში მეც იეჰოვას მოწმე ვიყავი. მაშინ აზიის ერთ-ერთი ქვეყნის გუნდში მიმიწვიეს სათამაშოდ. იმდენ რამეს დამპირდნენ, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და დავთანხმდი. იქ ოჯახთან ერთად გავემგზავრე, მაგრამ უკან იმედგაცრუებულნი დავბრუნდით“. ხორხე ამბობს: „მისმა სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი ევროპაში. 2015 წელს მაუწყებელი გავხდი და მალევე მოვინათლე“.
უძვირფასესი საჩუქარი
უგანდის დედაქალაქ კამპალაში 2015 წლის სექტემბერში გამართულ რეგიონულ კონგრესზე, „მიჰბაძეთ იესოს!“, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა მარკ სანდერსონმა გამოაცხადა, რომ ლუგანდა ენაზე გამოიცა „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.
ერთმა დაინტერესებულმა ასეთი რამ თქვა: «ძალიან გამახარა ამ უძვირფასესი საჩუქრის მიღებამ. იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში რომის პაპს ელოდნენ. ამ ღონისძიებისთვის საჭირო თანხები რომ მოეგროვებინათ, „ნაკურთხ“ კრიალოსნებს ყიდდნენ, რომელიც 30 აშშ დოლარი ღირდა. ბევრს უნდოდა „კურთხევის“ მიღება, მაგრამ უფულობის გამო ვერ ყიდულობდა კრიალოსანს. მე კი იეჰოვამ სრულიად უსასყიდლოდ მაკურთხა. ჩემ მსგავსად კონგრესის ყველა დელეგატმა მიიღო ეს უძვირფასესი საჩუქარი და ამისთვის ფული არ გადაგვიხდია; ყველას ნებაყოფლობით შეგვეძლო, გაგვეღო შესაწირავი. ყოველდღიურად ღვთის სიტყვის მშობლიურ ენაზე კითხვა და იეჰოვასთან დაახლოება ჩემთვის უდიდესი კურთხევაა. მადლობა იეჰოვას, რომ ბიბლიით დამასაჩუქრა!».
მათი ეჭვები გაქარწყლდა
კონგოს დედაქალაქ კინშასაში ზოგი ეკლესიის წინამძღოლი ჩვენი ვებ-გვერდის www.pr418.com დისკრედიტაციის მიზნით მრევლს არწმუნებდა, რომ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა დემონური იყო. თავიანთი ბრალდების განსამტკიცებლად მათ მრევლს უჩვენებს ჩვენი ვებ-გვერდის მისამართის პირველი სამი ასო „www“ და უთხრეს, რომ ის წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ „666“-ს უკავშირდებოდა (გამოცხ. 13:18). ამის გამო ბიბლიის ზოგმა შემსწავლელმა შეწყვიტა შესწავლა.
ერთმა პიონერმა წყვილმა ამ საკითხზე ილოცა და თავიანთი ბიბლიის შემსწავლელები მეუღლეებთან ერთად სახლში დაპატიჟა, რაზეც სამი წყვილი დასთანხმდა; სადილის შემდეგ მოწმეებმა მათ უჩვენეს ფილმი „იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“. სტუმრებს ნანახმა ყოველგვარი ეჭვი გაუქარწყლა — ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენს ლიტერატურას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დემონიზმთან. მომდევნო კვირას, როცა ეს წყვილი ერთ-ერთ დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლას ატარებდა, მისმა მეუღლემ 100 აშშ დოლარი შესთავაზა და დაჟინებით სთხოვა, გამოერთმიათ. მართალია, თავად ჯერ არ სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ სურდა, რომ ეს თანხა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად გამოეყენებინათ.
ახალი სიმღერების სწავლა
პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთ დაშორებულ ტერიტორიაზე და-ძმებს ძალიან უნდათ სამეფოს ახალი სიმღერების სწავლა, მაგრამ ინტერნეტზე წვდომა არა აქვთ. ამიტომ მუნდიპის კრებიდან ერთ ძმას გზავნიან ხოლმე უახლოეს ქალაქში, სადამდე მისასვლელადაც ორი საათი ჯერ ფეხით უნდა იაროს, შემდეგ კი ამდენივე დრო — ავტობუსით. იქ ის ვებ-გვერდიდან იწერს ახალი სიმღერების ტექსტებს. უკან რომ ბრუნდება, სამეფო დარბაზში დაფაზე წერს, რათა ყველამ შეძლოს მათი წაკითხვა. შემდეგ დაფიდან კრების წევრები თავიანთ რვეულებში იწერენ სიმღერებს. მათ ძალიან უხარიათ, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმების მსგავსად მათაც აქვთ შესაძლებლობა, იმღერონ ახალი სიმღერები და ამგვარად განადიდონ იეჰოვა.