თავი 2
საუკუნო სიცოცხლის მტერი
1. როგორი კითხვები წამოიჭრება იმის გამო, რომ მშვიდობა და ბედნიერება ასე იშვიათია?
ბედნიერება დედამიწაზე — თითქმის ყველას სურს იგი. მაგრამ რატომ არსებობს ამდენი უბედური ადამიანი? რაშია საქმე? რამდენადაც თითქმის ყველას სურს მშვიდობა, რატომღა ომობენ ერები და რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? ხომ არ არსებობს უხილავი, მმართველი, ძლევამოსილი პიროვნება, რომელიც აღძრავს მათ, ჩაიდინონ ბოროტება? ხომ შეიძლება ერთი და იგივე უხილავი, ძლევამოსილი პიროვნება მართავდეს ერებს?
2. რომელი ისტორიული დანაშაულობები აღძრავს მრავალ პიროვნებას, იფიქროს, ხელმძღვანელობს თუ არა ადამიანებს უხილავი, ბოროტი, ძლევამოსილი პიროვნება?
2 მრავალი დაინტერესებულა ამით, როდესაც დაფიქრებულა კაცობრიობის მიერ ჩადენილ სისასტიკეთა შესახებ: საშინელი აირები, რომლებიც გამოიყენებოდა ომებში ადამიანების გასაგუდად და დასაწვავად, ატომური და ნაპალმის ბომბები. აგრეთვე დაფიქრდი ტყვიამფრქვევებზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და უმწეო ადამიანების მასობრივ მკვლელობაზე, რაც რამდენიმე წლის წინათ კამბოჯაში მოხდა. ნუთუ ყველა ეს ბოროტება შემთხვევითია? მართალია, ადამიანებს შესწევთ ძალა, სასტიკად იმოქმედონ, მაგრამ როცა გააანალიზებ, თუ რამდენად შემაძრწუნებელია ისინი, ნუთუ არ ფიქრობ, რომ ყოველივე ეს უხილავი, ბოროტი, ძლევამოსილი პიროვნების ზეგავლენით ხდება?
3. რას ლაპარაკობს ბიბლია ქვეყნიერების მართვის შესახებ?
3 ჩვენ არ უნდა დავიბნეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, რომ, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ერებს მართავს უხილავი, ინტელიგენტური პიროვნება. ბიბლიაში, ამ ძლიერ არსებას იესო ქრისტე ‘წუთისოფლის მთავარს’ უწოდებს (იოანე 12:31; 14:30; 16:11). ვინ არის ის?
4. რა უჩვენა და რა შესთავაზა ეშმაკმა იესოს?
4 რომ გავიგოთ, ვინ არის ის, დაფიქრდი იმის შესახებ, რაც მოხდა დედამიწაზე იესოს მსახურების დაწყებისას. ბიბლია გვატყობინებს, რომ მონათვლის შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, სადაც გამოიცადა სატანა ეშმაკად წოდებული უხილავი ქმნილების მიერ. ერთ-ერთი ცდუნება აღწერილია შემდეგი სიტყვებით: «ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“» (მათე 4:8, 9).
5. ა) რა ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო მიეკუთვნება ეშმაკს? ბ) ბიბლიის თანახმად, ვინ არის ‘წუთისოფლის ღმერთი’?
5 ყურადღება გაამახვილე, რომ ეშმაკმა იესოს შესთავაზა ‘წუთისოფლის ყველა სამეფო’. ნამდვილად მიეკუთვნებოდა კი მსოფლიოს ყველა მთავრობა ეშმაკს? — დიახ, ვინაიდან სხვაგვარად როგორ შესთავაზებდა მათ იესოს? იესოს არ უარუყვია, რომ ქვეყნიერების სამეფოები მიეკუთვნებოდა სატანას. ის აუცილებლად უარყოფდა ამას, სატანა რომ არ ყოფილიყო მათი მფლობელი. ჭეშმარიტად, სატანა წარმოადგენს მსოფლიოს ყველა ერის უხილავ მმართველს! ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“ (1 იოანე 5:19). ღმერთის სიტყვა სატანას აშკარად უწოდებს ‘წუთისოფლის ღმერთს’ (2 კორინთელთა 4:4).
6. ა) რის გაგებაში გვეხმარება ცოდნა სატანის მმართველობის შესახებ? ბ) რისი გაკეთების სურვილი აქვს სატანას ჩვენს მიმართ და როგორ უნდა მოვიქცეთ?
6 ეს ცნობა გვეხმარება, გავიგოთ, რატომ თქვა იესომ: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“ (იოანე 18:36). ეს აგრეთვე გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არსებობს ერებს შორის სიძულვილი და რატომ ცდილობენ ერთმანეთის განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნორმალურ ადამიანს სურს მშვიდობიანი ცხოვრება. დიახ, სატანა არის „წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9). მისი სურვილია, ჩვენც გვაცდუნოს. მას არ უნდა, რომ ღმერთისგან მივიღოთ ძღვენი — საუკუნო სიცოცხლე. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეშმაკმა ზეგავლენა არ მოახდინოს ჩვენზე და ცოდვა არ ჩაგვადენინოს (ეფესელთა 6:12). შეცდომაში რომ არ შეგვიყვანოს, ჩვენ ვსაჭიროებთ ცოდნას სატანისა და მისი მოქმედებების შესახებ.
ვინ არის ეშმაკი
7. რატომ არ შეგვიძლია ეშმაკის დანახვა?
7 სატანა ეშმაკი რეალური პიროვნებაა. ის არ არის მხოლოდ ბოროტება ადამიანებში, როგორც ზოგიერთებს სწამთ. რა თქმა უნდა, ადამიანებს არ შეუძლიათ ეშმაკის დანახვა, სახელდობრ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვერ ხედავენ ღმერთს. ღმერთი და ეშმაკი სულიერი პიროვნებები არიან; მათი სიცოცხლის ფორმა აღემატება ადამიანისას და უხილავია ჩვენი თვალებისთვის (იოანე 4:24).
8. რატომ სწამს მრავალ ადამიანს, რომ ღმერთმა შექმნა ეშმაკი?
8 „მაგრამ, თუ ღმერთი სიყვარულია, რატომ შექმნა ეშმაკი?“ — შეიძლება იკითხოს ვინმემ (1 იოანე 4:8). ფაქტია, რომ ღმერთს არ შეუქმნია ეშმაკი. „თუ ღმერთია ყოველივეს შემოქმედი, — შესაძლოა, თქვას ვინმემ, — მაშინ, ეშმაკიც მას უნდა შეექმნა. სხვას ვის შეეძლო მისი შექმნა? საიდან წარმოიშვა ეშმაკი?“
9. ა) როგორი პიროვნებები არიან ანგელოზები? ბ) რას ნიშნავს სიტყვები „ეშმაკი“ და „სატანა“?
9 ბიბლია განმარტავს, რომ ღმერთმა შექმნა თავისი მსგავსი უამრავი სულიერი პიროვნება. ბიბლიაში ამ სულებს ანგელოზები ეწოდებათ. მათ, ასევე, „ღვთისშვილები“ ეწოდებათ (იობი 38:7; ფსალმუნი 103:4; ებრაელთა 1:7, 13, 14). ღმერთმა ისინი სრულყოფილები შექმნა. არც ერთი მათგანი არ იყო ეშმაკი ან სატანა. სიტყვა „ეშმაკი“ ნიშნავს ცილისმწამებელს, ხოლო სიტყვა „სატანა“ — მოწინააღმდეგეს.
10. ა) ვინ შექმნა სატანა ეშმაკი? ბ) როგორ შეიძლება პატიოსანმა პიროვნებამ თავი გადაიქციოს დამნაშავედ?
10 მაგრამ დადგა დრო, როცა ღმერთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ თვითონვე აქცია საკუთარი თავი ეშმაკად, დიახ, სიძულვილით აღსავსე მატყუარად, რომელიც სისაძაგლეს ლაპარაკობს სხვების შესახებ. მან საკუთარი თავი, აგრეთვე სატანად, ესე იგი ღმერთის მოწინააღმდეგედ აქცია. ის არ ყოფილა ასეთ პიროვნებად შექმნილი, მაგრამ მოგვიანებით გახდა ასეთი. ილუსტრაციისთვის: ქურდი არ იბადება ქურდად. ის შეიძლება კარგი ოჯახიდან იყოს, ჰყავდეს პატიოსანი მშობლები და კანონის დამცველი და-ძმები. მაგრამ უსაზღვრო სურვილმა, რომ ჰქონდეს ის, რაც ფულით შეიძლება იყიდო, შესაძლოა აღძრა, ქურდი გამხდარიყო. ღმერთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ როგორღა გადაიქცია თავი სატანა ეშმაკად?
11. ა) ღმერთის რომელი განზრახვის შესახებ იცოდა მეამბოხე ანგელოზმა? ბ) რა სურდა ამ ანგელოზს და რისკენ აღძრა ამ სურვილმა?
11 ანგელოზი, რომელიც სატანა გახდა, ესწრებოდა, როდესაც ღმერთი ქმნიდა დედამიწას და მოგვიანებით, ადამიანთა პირველ წყვილს, ადამსა და ევას (იობი 38:4, 7). ამიტომ ის მოისმენდა, როცა ღმერთმა უთხრა ადამიანებს, ჰყოლოდათ შვილები (დაბადება 1:27, 28). მან იცოდა, რომ დროთა განმავლობაში მთელი დედამიწა აივსებოდა ღმერთის თაყვანისმცემელი, სამართლიანი ადამიანებით. ეს იყო ღმერთის განზრახვა. ეს ანგელოზი ფიქრობდა, რომ იყო ძალიან ლამაზი, გონიერი და ჰქონდა ძლიერი სურვილი, ღმერთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი, როგორც ღმერთისთვის (ეზეკიელი 28:13–15; მათე 4:10). იმის ნაცვლად, რომ გონებიდან მოეშორებინა ეს არასწორი სურვილი, ის აგრძელებდა ამაზე ფიქრს. ამან მიიყვანა იმ მოქმედებამდე, რომლითაც უნდოდა მიეღწია პატივისა და გავლენისთვის, რაც ძალზე სწყუროდა. რა გააკეთა მან? (იაკობი 1:14, 15).
12. ა) როგორ დაელაპარაკა ეს ანგელოზი ევას და რა უთხრა? ბ) როგორ გახდა ეს ანგელოზი ეშმაკი და სატანა? გ) როგორი წარმოდგენაა არასწორი ეშმაკის გარეგნობაზე?
12 ამ მეამბოხე ანგელოზმა პირველ ქალთან, ევასთან, სასაუბროდ გამოიყენა გველი. მან ეს გააკეთა დახელოვნებული პიროვნების მსგავსად, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ახლო მდგომი ცხოველი ან თოჯინა ლაპარაკობს. სინამდვილეში კი ევას ესაუბრებოდა მეამბოხე ანგელოზი, რომელიც ბიბლიაში ‘ძველ გველად’ არის წოდებული (გამოცხადება 12:9). მან თქვა, რომ ღმერთი არ ეუბნებოდა ევას სიმართლეს, არამედ უმალავდა იმ შემეცნებას, რომელიც უნდა ჰქონოდა (დაბადება 3:1–5). ეს იყო სიძულვილით აღსავსე სიცრუე, რამაც ის ეშმაკი გახადა. ასეთი მოქმედებით ის აგრეთვე გახდა ღმერთის მოწინააღმდეგე, ანუ სატანა. მაშასადამე, მცდარია ვიფიქროთ, რომ ეშმაკი არის რქიანი ქმნილება, რომელიც ორკაპით ხელში ქვესკნელში საწამებელ ადგილზეა გაბატონებული. სინამდვილეში, ის არის ერთობ ძლევამოსილი, მაგრამ ბოროტი ანგელოზი.
მსოფლიო პრობლემების წყარო
13. ა) როგორ რეაგირებდა ევა ეშმაკის ტყუილზე? ბ) რას ირწმუნებოდა ეშმაკი?
13 ეშმაკმა თავისი ტყუილით ზუსტად იმას მიაღწია ევასთან, რაც განიზრახა. ევამ დაუჯერა ეშმაკს და ამიტომ გახდა ღმერთის ურჩი. შემდეგ მან დაიყოლია ადამი, რომ მასაც დაერღვია ღმერთის კანონი (დაბადება 3:6). ეშმაკი ირწმუნებოდა, რომ ადამიანები ღმერთის გარეშეც შეძლებდნენ ცხოვრებას. ის კამათობდა, რომ ადამიანებს ღმერთის დახმარების გარეშე შეუძლიათ საკუთარი თავის წარმატებით მართვა. ის, ასევე ირწმუნებოდა, რომ ღმერთს ჩამოაშორებდა ადამისა და ევას ყველა შთამომავალს.
14. რატომ არ გაანადგურა დაუყოვნებლად ღმერთმა სატანა?
14 რასაკვირველია, ღმერთს შეეძლო დაუყოვნებლივ გაენადგურებინა სატანა. მაგრამ ეს არ იქნებოდა პასუხი სატანის მიერ წამოჭრილ კითხვებზე, რომლებიც დაამახსოვრდებოდათ ყოველივე ამის შემყურე ანგელოზებს. ამიტომ, ღმერთმა გამოყო დრო, რომ სატანას დაესაბუთებინა თავისი მტკიცებები. რა მოჰყვა ამას შედეგად?
15, 16. ა) რა გვიჩვენა დრომ ეშმაკის მტკიცებების შესახებ? ბ) რომელი მოვლენაა ძალიან ახლოს?
15 დრომ ცხადყო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთის დახმარების გარეშე საკუთარი თავის წარმატებით მართვა. მათმა მცდელობებმა სრული მარცხი განიცადა. ხალხი საშინლად იტანჯებოდა ადამიანთა მთავრობების ქვეშევრდომობით, რომლებსაც, როგორც საღვთო წერილი ამბობს, კულისებიდან ეშმაკი ხელმძღვანელობდა. ღმერთის მიერ გამოყოფილმა დრომ ასევე ნათელყო, რომ სატანამ ვერ შეძლო ყველა ადამიანის ჩამოშორება ღმერთის თაყვანისმცემლობისგან. ყოველთვის არსებობდნენ ღმერთის მმართველობისადმი ერთგული ადამიანები. მაგალითად, შენ შეგიძლია ბიბლიაში წაიკითხო, თუ რამდენად წარუმატებელი იყო სატანის მცდელობა, აეძულებინა იობი, ჩამოშორებოდა ღმერთის მსახურებას (იობი 1:6–12).
16 მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ეშმაკის მტკიცებები სიცრუე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ღმერთის წინააღმდეგ ბოროტი ამბოხება წამოიწყო, რასაკვირველია, ის იმსახურებს განადგურებას. საბედნიეროდ, ჩვენ ვდგავართ იმ დროის ზღურბლზე, როდესაც ღმერთი ბოლოს მოუღებს სატანის მმართველობას. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის აღწერისას ბიბლია გვიამბობს ზეცაში მომხდარი მნიშვნელოვანი ბრძოლის შესახებ, რომელიც, ბუნებრივია, დედამიწაზე მცხოვრებთათვის უხილავი და მათი სმენისთვის მიუწვდომელი იყო. ყურადღებით წაიკითხე შემდეგი ცნობა ბიბლიიდან:
17. ა) როგორ აღწერს ბიბლია ზეცაში მომხდარ ომს? ბ) როგორი შედეგები მოჰყვა ომს მათთვის, ვინც ზეცაშია, და მათთვის, ვინც დედამიწაზეა?
17 „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი [აღდგენილი იესო ქრისტე], და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7–9, 12).
18. ა) როდის მოხდა ეს ომი ზეცაში? ბ) სატანის ‘გადმოგდების’ შემდეგ, რა მოხდა დედამიწაზე?
18 როდის მოხდა ეს ომი ზეცაში? ფაქტების თანახმად, ეს მოხდა დაახლოებით პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც 1914 წელს დაიწყო. როგორც „გამოცხადება“ მიუთითებს, იმ დროს სატანა გადმოგდებულ იქნა ციდან, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ მას შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ სატანისთვის დარჩენილ ‘მცირე დროში’. ამრიგად, ეს არის სატანის ქვეყნიერების ‘უკანასკნელი დღეები’. უკანონობისა და სიძულვილის ზრდა, შიში, ომები, სურსათის უკმარისობა, ავადმყოფობა და სხვა უბედურებები, რასაც ჩვენ განვიცდით, ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად ასეა (მათე 24:3–12; 2 ტიმოთე 3:1–5).
19. ა) რას ცდილობს ახლა სატანა? ბ) ამიტომ როგორი მოქმედებაა ბრძნული?
19 რამდენადაც სატანამ იცის, რომ მისთვის დარჩენილი მცირე დრო თითქმის ამოიწურა, ახლა უფრო მეტად ცდილობს, ადამიანების შეკავებას ღმერთისადმი მსახურებისგან, ვიდრე ოდესმე. მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიოს, რათა ისინიც განადგურდნენ მასთან ერთად. ბიბლია მას საფუძვლიანად უწოდებს მბრდღვინავ ლომს, რომელიც ეძებს, ვინ ჩაყლაპოს (1 პეტრე 5:8, 9). თუ არ გვსურს მის ტყვეობაში მოხვედრა, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ესხმის თავს ადამიანებს და როგორ შეჰყავს ისინი დაბნეულობაში (2 კორინთელთა 2:11).
როგორ უბნევს სატანა ადამიანებს თავგზას
20. ა) რამდენად წარმატებულია სატანის თავდასხმა? ბ) რატომ უნდა მოველოდეთ, რომ მისი ხრიკები ხშირად უწყინარად და სასარგებლოდაც კი შეიძლება გამოიყურებოდეს?
20 ნუ იფიქრებ, რომ ყოველთვის ადვილია სატანის ხრიკების ამოცნობა, რომლითაც ცდილობს აიძულოს ადამიანები, მიჰყვნენ მას. სატანა ხალხთა ცდუნების დიდოსტატია. ათასწლეულების მანძილზე მის მიერ გამოყენებული მეთოდები იმდენად მოხერხებული იყო, რომ დღეს მრავალ ადამიანს არც კი სწამს მისი არსებობა. მათთვის ბოროტება და დანაშაული ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს და მათი აზრით მარადიულად იარსებებს. სატანა შენიღბულად მოქმედებს, თანამედროვე კრიმინალური სამყაროს ლიდერების მსგავსად, რომლებიც გარეგნულად პატიოსნები ჩანან, კულისებში კი უკიდურესად ბოროტ საქმეებს სჩადიან. ბიბლია აცხადებს: „სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს ღებულობს“ (2 კორინთელთა 11:14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამიტომ, უნდა მოველოდეთ, რომ ადამიანთა საცდუნებლად გამოყენებული მისი ხრიკები, ხშირად, უწყინარად და სასარგებლოდაც კი შეიძლება გამოიყურებოდეს.
21. რომელია ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც სატანა იყენებს?
21 გაიხსენე, რომ სატანა ევას მეგობრულად მიუდგა. შემდეგ ცბიერულად აიძულა გაეკეთებინა ის, რაზეც ევა ფიქრობდა, რომ თავისთვის სასარგებლო იქნებოდა (დაბადება 3:4–6). ეს დღესაც ასეა. მაგალითად, თავისი მიწიერი წარმომადგენლების მეშვეობით სატანა მოხერხებულად აქეზებს ხალხს, რომ ადამიანთა მთავრობების ინტერესები ღმერთის ინტერესებზე მაღლა დააყენონ. ამან გამოიწვია ნაციონალიზმის გაღვივება, რამაც კაცობრიობა საშინელ ომებამდე მიიყვანა. ჩვენს დროში სატანამ აღძრა ადამიანები, შეემუშავებინათ სხვადასხვა გეგმები, რომ საკუთარი ძალებით მიეღწიათ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამ მიზნისთვის მათ დააფუძნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მაგრამ დაამყარა კი მან მშვიდობა მსოფლიოში? სრულიადაც არა! პირიქით, მან ადამიანთა ყურადღება გადაიტანა ღმერთის ღონისძიებიდან, რაც ითვალისწინებს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას მისი მომავალი სამეფოს მეშვეობით, რომლის ხელისუფალია იესო ქრისტე, „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:5; მათე 6:9, 10).
22. როგორი შემეცნების მიღებაში გვეწინააღმდეგება სატანა?
22 თუ გვსურს საუკუნო სიცოცხლე, უნდა გვქონდეს ზუსტი შემეცნება ღმერთის, მისი მეფე-ძისა და სამეფოს შესახებ (იოანე 17:3). შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ სატანას არ სურს, შეიძინო ეს შემეცნება და მთელი ძალით შეეცდება შეგაკავოს ამისგან. როგორ? მაგალითად, მას შეუძლია იზრუნოს, რომ სხვებმა წინააღმდეგობა გაგიწიონ, შესაძლოა, დაცინვით. ბიბლია გვეუბნება: „და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12).
23. ა) როგორ შეუძლია სატანას გამოიყენოს თვით მეგობრები და ნათესავებიც კი, რომ თავგზა აგვიბნიოს? ბ) რატომ არ უნდა დანებდე?
23 სავსებით შესაძლებელია, თვით ახლო მეგობრებმა და ნათესავებმაც კი არ მოგიწონონ, რომ ბიბლიას სწავლობ. თვით იესო ქრისტეც გვაფრთხილებდა: „კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:36, 37). შესაძლოა, ნათესავები შეეცადონ, ხელი შეგიშალონ, და ყოველივე ეს შეიძლება, გააკეთონ მთელი გულწრფელობით, რადგან არ იციან ის სასწაულებრივი ჭეშმარიტება, რომელიც ბიბლიაშია მოცემული. მაგრამ თუ წინააღმდეგობის შემთხვევაში თავს დაანებებ ღმერთის სიტყვის შესწავლას, რას იფიქრებს შენზე ღმერთი? და თუ შენ დანებდები, როგორღა დაეხმარები მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს გაიგონ, რომ ბიბლიის ზუსტი შემეცნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? ხოლო თუ დარჩები იმ თვალსაზრისზე, რასაც სწავლობ ღმერთის სიტყვიდან, ამან დროთა განმავლობაში შეიძლება იმდენად იმოქმედოს შენს ახლობლებზე, რომ ისინიც გაეცნონ ჭეშმარიტებას.
24. ა) კიდევ რა მეთოდებს იყენებს ეშმაკი, რომ ხელი შეუშალოს ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემეცნების მიღებაში? ბ) შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთის სიტყვის შესწავლა?
24 სხვა მხრივ, სატანა შეეცდება მონაწილეობა მიგაღებინოს რაიმე უზნეობაში, რაც არ მოსწონს ღმერთს (1 კორინთელთა 6:9–11). ან შეიძლება გაფიქრებინოს, რომ ძალზე დაკავებული ხარ და არ გაქვს დრო ბიბლიის შესასწავლად. მაგრამ როდესაც ფიქრობ ამის შესახებ, თუ შეგიძლია წარმოიდგინო რამე, ამ შემეცნებაზე უფრო მნიშვნელოვანი? არავის და არაფერს დართო ნება, ხელი შეგიშალოს შემეცნების შეძენაში, რომელსაც შეუძლია მიგიყვანოს მარადიულ სიცოცხლემდე დედამიწაზე სამოთხეში!
25. რის გაკეთებას ვერ შეძლებს ეშმაკი, თუ გავაგრძელებთ წინააღმდეგობის გაწევას?
25 ბიბლია ყველას მოუწოდებს: „წინაღუდექით ეშმაკს“. თუ ასე მოქმედებ, ის ‘გაიქცევა შენგან’ (იაკობი 4:7). ნიშნავს თუ არა ეს, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევ სატანის თავდასხმებს, თავს დაგანებებს და მეტად აღარ შეგაწუხებს? არა, სატანა კვლავაც შეეცდება გაგაკეთებინოს ის, რაც მას სურს. მაგრამ თუ გააგრძელებ წინააღმდეგობის გაწევას, ის ვეღარასოდეს გაიძულებს გააკეთო ღმერთის საწინააღმდეგო საქმეები. ამიტომ, გულმოდგინედ დაეუფლე უაღრესად მნიშვნელოვან, ბიბლიურ შემეცნებას და შესწავლილი ცხოვრებაში გამოიყენე. ეს აუცილებელია, რომ დაცული იყო სატანის მიერ საცდუნებლად გამოყენებული კიდევ ერთი საშუალებისგან — ცრუ რელიგიისგან.
[სურათი 17, 18 გვერდებზე]
შეეძლო თუ არა სატანას შეეთავაზებინა ქრისტესთვის მსოფლიოს ყველა მთავრობა, თუ არ იყო მათი მფლობელი?
[სურათი 19 გვერდზე]
როგორც ეს ქურდი არ დაბადებულა ქურდად, ასევე ეშმაკი არ ყოფილა შექმნილი „ეშმაკად“.
[სურათი 20, 21 გვერდებზე]
ზეცაში მომხდარი ომი დამთავრდა იმით, რომ სატანა და დემონები გადმოყრილ იქნენ დედამიწაზე. ახლა შენ გრძნობ ამის შედეგებს.
[სურათი 24-ე გვერდზე]
შესაძლოა, ზოგიერთი წინააღმდეგია, რომ შენ განაგრძო ბიბლიის შესწავლა.