თავი მეოთხე
ვინ არის ეშმაკი?
როგორ გაჩნდა სატანა ეშმაკი (1, 2)
როგორ აცდუნებს სატანა ხალხს? (3—7)
რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს? (7)
1. სიტყვა ეშმაკი ნიშნავს ცილისმწამებელს, სატანა კი — მტერს ან მოწინააღმდეგეს. ეშმაკი და სატანა ღვთის მთავარ მტერს ჰქვია. თავდაპირველად ის ღმერთთან იყო ზეცაში როგორც სრულყოფილი ანგელოზი, მაგრამ მოგვიანებით გაკადნიერდა და მოისურვა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი, რაც კანონიერად ღმერთს ეკუთვნოდა (მათე 4:8—10).
2. ეს ანგელოზი, სატანა, გველის მეშვეობით დაელაპარაკა ევას; ღვთის შესახებ სიცრუე უთხრა და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა. ამგვარად სატანამ ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრა. სატანა ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ იყო ღირსეული მმართველი და არ ზრუნავდა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე. სატანამ ღვთისადმი ადამიანების ერთგულებაც დააყენა ეჭვქვეშ; ამგვარად მან ღვთის მტრად იქცია თავი. სწორედ ამიტომ ეწოდა მას სატანა ეშმაკი (დაბადება 3:1—5; იობი 1:8—11; გამოცხადება 12:9).
3. სატანა ცდილობს, აცდუნოს ხალხი და თავის თაყვანისმცემლებად აქციოს (2 კორინთელები 11:3, 14). ადამიანების ცდუნების ერთ-ერთ საშუალებად ეშმაკი ცრუ რელიგიას იყენებს. რელიგია, რომელიც ღმერთზე სიცრუეს ასწავლის, სატანის მიზანს ემსახურება (იოანე 8:44). ცრუ რელიგიის მიმდევარს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ ჭეშმარიტ ღმერთს სცემს თაყვანს, მაგრამ სინამდვილეში სატანას ემსახურება. ბიბლიის თანახმად სატანა ამ ქვეყნიერების ღმერთია (2 კორინთელები 4:4).
4. მეორე საშუალება, რითაც სატანა ხალხს იმონებს, სპირიტიზმია. ხალხი სულებს იმ მიზნით იძახებს, რომ მათი მფარველობა ჰქონდეთ, სხვებს ავნონ, მომავალი იწინასწარმეტყველონ და სასწაულები მოახდინონ. ეს ყველაფერი ბოროტი ძალის, სატანის ხელით ხდება. თუ გვინდა, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, სპირიტიზმთან არავითარი საერთო არ უნდა გვქონდეს (მეორე კანონი 18:10—12; საქმეები 19:18, 19).
5. მესამე საშუალება, რითაც სატანა ხალხს აცდუნებს, უკიდურესი რასობრივი სიამაყე და პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი ბრმა ნდობაა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეროვნებისა თუ რასის გამო სხვაზე უკეთესია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება (საქმეები 10:34, 35). ზოგი კი თვლის, რომ პრობლემებს პოლიტიკური ორგანიზაციები გადაჭრიან. ამგვარად, ისინი უარყოფენ ღვთის სამეფოს მმართველობას — პრობლემების მოგვარების ერთადერთ საშუალებას (დანიელი 2:44).
6. მეოთხე საშუალება, რითაც სატანა ხალხს აცდუნებს, ხორციელი გულისთქმაა. იეჰოვა გვეუბნება, მოვერიდოთ ხორციელ გულისთქმას, რადგან ზიანს მოგვაყენებს (გალატელები 6:7, 8). ზოგი შეიძლება შეეცადოს, აგიყოლიოთ და ბოროტება ჩაგადენინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს სინამდვილეში სატანას უნდა (1 კორინთელები 6:9, 10; 15:33).
7. იეჰოვა რომ მიგატოვებინოთ, სატანამ შეიძლება დევნას ან წინააღმდეგობას მიმართოს. ვისაც უყვარხართ, ის შეიძლება გაბრაზდეს, რადგან ბიბლიას სწავლობთ. ზოგმა შეიძლება დაგცინოთ კიდეც. მაგრამ ვის უნდა უმადლოდეთ სიცოცხლეს? ეშმაკი თქვენს დაშინებას შეეცდება, ხელი რომ შეგიშალოთ იეჰოვას გაცნობაში. ნუ გაამარჯვებინებთ სატანას! (მათე 10:34—39; 1 პეტრე 5:8, 9) თუ შეეწინააღმდეგებით ეშმაკს, იეჰოვას გაახარებთ და მის უზენაესობას დაუჭერთ მხარს (იგავები 27:11).
[სურათები 9 გვერდზე]
ცრუ რელიგიას, სპირიტიზმსა და ნაციონალიზმს ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
[სურათი 9 გვერდზე]
შეეწინააღმდეგეთ სატანას და განაგრძეთ იეჰოვას გაცნობა.