ბიბლიის წიგნი 37 — ანგია
დამწერი: ანგია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 520
მოიცავს პერიოდს: 112 დღე (ძვ. წ. 520)
1, 2. რა ვიცით წინასწარმეტყველ ანგიას შესახებ და რაზე ამახვილებდა ის ყურადღებას?
ანგია წინასწარმეტყველი და „იეჰოვას მაცნე“ იყო (ანგ. 1:13). რა ვიცით მის შესახებ? ანგია რიგით მეათეა ეგრეთ წოდებულ „მცირე წინასწარმეტყველებში“. ის პირველი იყო იმ სამი წინასწარმეტყველიდან, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდნენ. დანარჩენი ორი ზაქარია და მალაქია იყვნენ. სახელი ანგია (ებრაულად „ხაგგაი“) „დღესასწაულზე [დაბადებულს]“ ნიშნავს. შესაძლოა, ის დღესასწაულის დღეს დაიბადა.
2 იუდეველთა გადმოცემის თანახმად, ანგია, როგორც ჩანს, ბაბილონში დაიბადა, იერუსალიმში კი ზერუბაბელთან და მღვდელმთავარ იეჰოშუასთან ერთად დაბრუნდა. ანგია წინასწარმეტყველ ზაქარიასთან ერთად მსახურობდა და, როგორც ეზრას 5:1-დან და 6:14-დან ჩანს, ისინი მოუწოდებდნენ გადასახლებიდან დაბრუნებულებს, განეახლებინათ ტაძრის მშენებლობა. ის ძირითადად ორ რამეზე ამახვილებდა ყურადღებას. პირველი, იუდეველებს მოუწოდებდა, შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა ღვთის წინაშე და მეორე, ყველა ხალხის შეძვრას წინასწარმეტყველებდა (ანგ. 2:6, 7).
3. რა დაავიწყდათ სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს?
3 რატომ დანიშნა იეჰოვამ ანგია წინასწარმეტყველად? ძვ. წ. 537 წელს კიროსმა გამოსცა ბრძანება, რომელიც იუდეველებს სამშობლოში დაბრუნებისა და იეჰოვას სახლის აშენების ნებას რთავდა. უკვე ძვ. წ. 520 წელი იდგა, მაგრამ ტაძრის მშენებლობის დამთავრებას ჯერაც არ უჩანდა ბოლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნების მთავარი მიზნის განხორციელებაში იუდეველებს მტრის წინააღმდეგობის გარდა მათივე გულგრილობა და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა უშლიდა ხელს (ეზრ. 1:1—4; 3:10—13; 4:1—24; ანგ. 1:4).
4. რამ შეუშალა ხელი ტაძრის მშენებლობას და რა მოხდა, როცა ანგიამ წინასწარმეტყველება დაიწყო?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ტაძრის საფუძვლის ჩაყრისთანავე (ძვ. წ. 536) „იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი გამუდმებით ხელიდან ძალას აცლიდა იუდას ხალხს და გულს უტეხდა მათ, რომ არ ეშენებინათ; ქირაობდნენ მრჩევლებს მათ წინააღმდეგ მათი ჩანაფიქრის ჩასაფუშავად“ (ეზრ. 4:4, 5). საბოლოოდ, ძვ. წ. 522 წელს მოწინააღმდეგეებმა იმდენს მიაღწიეს, რომ მშენებლობა ოფიციალურად აიკრძალა. სპარსეთის მეფის დარიოს დიდის მეფობის მეორე ანუ ძვ. წ. 520 წელს ანგიამ წინასწარმეტყველება დაიწყო და გაამხნევა იუდეველები, რომ ტაძრის მშენებლობა განეახლებინათ. ამ დროს დარიოსმა წერილი მიიღო მდინარისგაღმელი გამგებლებისგან, რომლებიც სიტუაციის მოგვარებას სთხოვდნენ. დარიოსმა კვლავაც ძალაში შეიყვანა კიროსის ბრძანება და მხარი დაუჭირა მტრებისგან შევიწროებულ იუდეველებს.
5. რა ადასტურებს, რომ ანგიას წიგნი ბიბლიის კანონს მიეკუთვნება?
5 იუდეველები არასდროს დაეჭვებულან, რომ ანგიას წინასწარმეტყველება ებრაულ კანონს მიეკუთვნებოდა. ამას ადასტურებს ეზრას 5:1, სადაც ნათქვამია, რომ ანგია „ისრაელის ღვთის სახელით“ წინასწარმეტყველებდა, და 6:14, სადაც მას წინასწარმეტყველი ეწოდება. ანგიას წინასწარმეტყველება რომ ღვთისგან შთაგონებული მთელი წმინდა წერილის ნაწილია, ჩანს ებრაელების 12:26-დან, სადაც პავლე ანგიას სიტყვებს ციტირებს: «ახლა კი გვპირდება: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“» (ანგ. 2:6).
6. რისგან შედგება ანგიას წინასწარმეტყველება და როგორ უსვამდა ის ხაზს იეჰოვას სახელს?
6 ანგიას წინასწარმეტყველება ოთხი ცნობისგან შედგება, რომელთაც 112 დღის მანძილზე იღებდა იეჰოვასგან. ანგია უბრალო ენით და პირდაპირ ლაპარაკობდა და განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ღვთის სახელს. 38 მუხლში მან 35-ჯერ მოიხსენია სახელი იეჰოვა, აქედან 14-ჯერ გამონათქვამში „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“. ის აცხადებდა, რომ იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა: «იეჰოვას მაცნე ანგიამ უთხრა ხალხს ის, რაც იეჰოვასგან ჰქონდა დავალებული, როგორც მაცნეს: „თქვენთანა ვარ! — ამბობს იეჰოვა“» (1:13).
7. რისკენ მოუწოდებდა ანგია იუდეველებს და რა არის მისი წინასწარმეტყველების არსი?
7 ღვთის ხალხის ისტორიაში ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და ანგიას მსახურება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის. მას არ დაუყოვნებია დავალების შესრულება და არ შეურბილებია სათქმელი. ის პირდაპირ ეუბნებოდა იუდეველებს, რომ დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ საქმეს. იეჰოვას რომ ეკურთხებინა, მათ უნდა აეშენებინათ იეჰოვას სახლი და აღედგინათ წმინდა თაყვანისმცემლობა. ანგიას წინასწარმეტყველების არსი ის არის, რომ კურთხევების მისაღებად ადამიანი უნდა ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს და შეასრულოს მისგან მიღებული დავალება.
შინაარსი
8. რატომ არ აკურთხებდა იეჰოვა იუდეველებს?
8 პირველი ცნობა (1:1—15). ანგიამ სიტყვით მიმართა გამგებელ ზერუბაბელსა და მღვდელმთავარ იეჰოშუას ხალხის გასაგონად. ხალხი ამბობდა: „ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას სახლის შენების დრო“. იეჰოვამ ანგიას პირით დააფიქრა ისინი: „განა იმის დროა, რომ მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული გქონდეთ?!“ (1:2, 4). იუდეველები პირადი კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ არც საჭმელ-სასმელი ჰქონდათ საკმარისი და არც ტანსაცმელი. ამიტომ იეჰოვამ უთხრა მათ: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს“ (1:7). მათ უნდა ჩამოეტანათ ხე-ტყე და აეშენებინათ იეჰოვას სახლი მის განსადიდებლად. მაგრამ იუდეველები საკუთარ სახლებზე ზრუნავდნენ, იეჰოვას სახლი კი მიგდებული ჰქონდათ. ამიტომ იეჰოვამ დაუკავა მათ ნამი და მოსავალი. მათი შრომა კურთხეული არ იყო.
9. როგორ აღძრა იეჰოვამ იუდეველები საქმის საკეთებლად?
9 ანგიას სიტყვებს სათანადო გამოხმაურება მოჰყვა. ხალხმა და მთავრებმა „მოუსმინეს თავიანთი ღვთის, იეჰოვას ხმას“. იეჰოვას შიშმა ადამიანთა შიშს სძლია. „თქვენთანა ვარ!“ — გაამხნევა ისინი იეჰოვამ ანგიას პირით (1:12, 13). იეჰოვამ აღუძრა სული გამგებელ ზერუბაბელს, მღვდელმთავარ იეჰოშუას და მთელ დარჩენილ ხალხს. ანგიას წინასწარმეტყველებიდან 23 დღის შემდეგ ისინი შეუდგნენ მშენებლობას მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთი ამას კრძალავდა.
10. რას ფიქრობდა ზოგიერთი იუდეველი მშენებარე ტაძარზე, მაგრამ რას დაჰპირდა იეჰოვა მათ?
10 მეორე ცნობა (2:1—9). მშენებლობის დაწყებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ანგიამ ხალხს იეჰოვასგან მიღებული მეორე ცნობა განუცხადა. მან მიმართა ზერუბაბელს, იეჰოშუას და მთელ დარჩენილ ხალხს. ტყვეობიდან დაბრუნებულ ზოგიერთ იუდეველს, რომლებსაც ნანახი ჰქონდათ სოლომონის ტაძარი, ძველ ტაძართან შედარებით მშენებარე ტაძარი, როგორც ჩანს, არარაობად ეჩვენებოდათ. ‘გამაგრდით და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ’, — უთხრა მათ ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ (2:4). იეჰოვამ შეახსენა მათ დადებული შეთანხმება და უთხრა, რომ არ შეშინებოდათ. მან გაამხნევა ისინი, რომ შეძრავდა ყველა ხალხს, მათ საუნჯეს შეიტანდა თავის სახლში და დიდებით აავსებდა მას. პირველ სახლზე დიდი იქნებოდა ამ სახლის დიდება და ღვთის მშვიდობა მოეფინებოდა იმ ადგილს.
11. ა) რა თვალსაჩინო მაგალითი მოუყვანა ანგიამ მღვდლებს შეცდომის დასანახვებლად? ბ) რა მოჰყვა მღვდლების საქციელს?
11 მესამე ცნობა (2:10—19). ორი თვისა და სამი დღის შემდეგ ანგიამ მიმართა მღვდლებს. მისი სიტყვების არსს რომ ჩასწვდომოდნენ, მან თვალსაჩინო მაგალითი მოუყვანა მათ. შეძლებდა მღვდელი, რომელსაც წმინდა ხორცი მიჰქონდა, შეხებით განეწმინდა სხვა საჭმელი? ვერ შეძლებდა. გააუწმინდურებდა ადამიანს უწმინდურთან, მაგალითად მიცვალებულთან შეხება? დიახ. შემდეგ ანგიამ ახსნა ამ მაგალითის მნიშვნელობა. ხალხი გაუწმინდურებული იყო, რადგან მიატოვეს წმინდა თაყვანისმცემლობა. ყველაფერი, რასაც სწირავდნენ, ღვთის თვალში უწმინდური იყო. ამიტომ მათი შრომა არ იყო კურთხეული იეჰოვასგან, რომელიც ხორშაკს, ჭრაქსა და სეტყვას უგზავნიდა მათ. თუ ისინი გამოსწორდებოდნენ, იეჰოვა აკურთხებდა მათ.
12. რა ცნობა გადასცა ანგიამ ზერუბაბელს?
12 მეოთხე ცნობა (2:20—23). ანგიამ იმავე დღეს გააცხადა მეოთხე ცნობა, რომელიც ზერუბაბელისთვის იყო. იეჰოვა ისევ ‘ცისა და დედამიწის შეძვრაზე’ ლაპარაკობდა, მაგრამ ამჯერად ეს ხალხთა სამეფოების მოსპობას უკავშირდებოდა. ‘ყველა თავისი ძმის მახვილით დაეცემოდა’ (2:21, 22). წინასწარმეტყველების ბოლოს ანგიამ დაარწმუნა ზერუბაბელი, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერდა.
რატომ არის სასარგებლო
13. რა დადებითი შედეგები მოჰყვა ანგიას წინასწარმეტყველებას?
13 ანგიას მიერ წარმოთქმული იეჰოვას ოთხი ცნობა სასარგებლო აღმოჩნდა იმ დროს მცხოვრები იუდეველებისთვის. ისინი გამხნევებულნი შეუდგნენ სამუშაოს და ოთხწელიწად-ნახევარში დაასრულეს ტაძრის მშენებლობა, რამაც ისრაელში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინებას შეუწყო ხელი (ეზრ. 6:14, 15). იეჰოვამ აკურთხა მათი გულმოდგინება. ტაძრის მშენებლობის დროს სპარსეთის მეფე დარიოსმა სახელმწიფო საბუთები გადაამოწმა და ისევ ძალაში შეიყვანა კიროსის ბრძანება. ამგვარად, ტაძრის მშენებლობა მეფის მხარდაჭერით დასრულდა (ეზრ. 6:1—13).
14. რა ბრძნულ რჩევებს გვაძლევს ანგიას წინასწარმეტყველება?
14 წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები დღესაც პრაქტიკულია. მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ადამიანმა ღვთის თაყვანისმცემლობა პირად ინტერესებზე წინ უნდა დააყენოს (ანგ. 1:2—8; მათ. 6:33). წიგნიდან იმასაც ვხედავთ, რომ ეგოიზმი დამღუპველია, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა კი — უსარგებლო. სინამდვილეში ადამიანს იეჰოვასგან ბოძებული მშვიდობა და კურთხევა ამდიდრებს (ანგ. 1:9—11; 2:9; იგავ. 10:22). თუ ადამიანი ღმერთს სიწმინდითა და მთელი გულით არ სცემს თაყვანს, მხოლოდ მსახურება ვერ განწმენდს მას. მან უწმინდური საქციელით არ უნდა გააუწმინდუროს თავისი მსახურება (ანგ. 2:10—14; კოლ. 3:23; რომ. 6:19). ღვთის თაყვანისმცემლები არ უნდა იყვნენ პესიმისტები და წარსულს არ უნდა მისტიროდნენ. ისინი მომავალს იმედის თვალით უნდა უყურებდნენ, ‘გულით უნდა დაუკვირდნენ თავიანთ გზებს’ და იეჰოვას განდიდებას ცდილობდნენ. ამ შემთხვევაში იეჰოვა მათთან იქნება (ანგ. 2:3, 4; 1:7, 8, 13; ფილ. 3:13, 14; რომ. 8:31).
15. ანგიას წიგნის თანახმად, რა შედეგი მოაქვს გულმოდგინებასა და მორჩილებას?
15 იუდეველები შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას. იეჰოვამაც არ დააყოვნა და აკურთხა ისინი. წინააღმდეგობა შეწყდა და სამუშაო დროულად დამთავრდა. იეჰოვას საქმეში შეუპოვრობა და გულმოდგინება ყოველთვის ჯილდოვდება. რწმენა და გაბედულება ნამდვილ ან მოჩვენებით სირთულეებს დაგვაძლევინებს. „იეჰოვას სიტყვის“ მორჩილება უშედეგოდ არ ჩაივლის (ანგ. 1:1).
16. როგორ უკავშირდება ანგიას წინასწარმეტყველება ღვთის სამეფოს და რისკენ აღგვძრავს?
16 რას ნიშნავდა წინასწარმეტყველება, რომ იეჰოვა ‘შეძრავდა ცასა და დედამიწას’? მოციქულმა პავლემ განმარტა ანგიას 2:6-ში ჩაწერილი სიტყვები: «ახლა კი [ღმერთი] გვპირდება: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“. სიტყვები „კიდევ ერთხელ“ მიანიშნებს შერყეულის, როგორც შექმნილის მოშორებაზე, რათა დარჩეს ის, რაც შეურყეველია. მაშ, რადგან ვხედავთ, რომ მივიღებთ სამეფოს, რომელიც არ შეირყევა, კვლავაც ვიქონიოთ წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით, ვინაიდან ჩვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია» (ებრ. 12:26—29). ერების შეძვრის მიზეზს იეჰოვა ანგიას პირით ხსნის: „დავამხობ სამეფო ტახტებს და მოვსპობ ხალხთა სამეფოების ძლიერებას“ (ანგ. 2:21, 22). ამ წინასწარმეტყველების ციტირებისას პავლე მოიხსენიებს „ღვთის სამეფოს“, „რომელიც არ შეირყევა“. მოდი ამ სამეფოს მოლოდინში ‘გავმაგრდეთ და ვიშრომოთ’, რომ ღმერთს წმინდა მსახურება შევუსრულოთ. გვახსოვდეს, რომ სანამ იეჰოვა დაამხობს ერებს, მათ რაღაც ძვირფასი უნდა გამოეყოს გადასარჩენად: „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (2:4, 7).