ბიბლიის წიგნი 63 — 2 იოანე
დამწერი: მოციქული იოანე
დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 98
1. სავარაუდოდ, ვის მისწერა ეს წერილი იოანემ?
იოანეს მეორე წერილი მცირე მოცულობისაა; ის შეიძლება მხოლოდ პაპირუსის ერთ ფურცელზე იყო დაწერილი, მაგრამ მასში მოცემული ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია. წერილის ადრესატები „რჩეული ქალბატონი და მისი შვილები“ არიან. ბერძნული სიტყვა „კირია“ (ნიშნავს „ქალბატონს“) ქალის სახელიც იყო, ამიტომ ზოგი ბიბლეისტი თვლის, რომ ეს წერილი იოანემ ამ სახელით ცნობილ ერთ ქალბატონს მისწერა. სხვები კი ფიქრობენ, რომ იოანემ წერილი ქრისტიანულ კრებას მისწერა და მას „რჩეული ქალბატონი“ უწოდა. შესაძლოა მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავგზა აებნია ქრისტიანების მდევნელებისთვის. თუ ეს ასეა, ბოლო მუხლში მოხსენიებულ სიტყვებში — „მოკითხვას გითვლიან შენი რჩეული დის შვილები“ — შეიძლება სხვა კრების წევრები იგულისხმება. ასე რომ, პირველი წერილისგან განსხვავებით მეორე წერილი, როგორც ჩანს, ერთი ადამიანისადმი ან ერთი კრებისადმი იყო მიწერილი (მუხლ. 1).
2. ა) რა ამტკიცებს იმას, რომ „მეორე იოანე“ მოციქულმა იოანემ დაწერა? ბ) რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წერილი კანონიკურია და ეფესოში ან მის მახლობლად დაიწერა დაახლოებით ახ. წ. 98 წელს?
2 არ არსებობს არგუმენტები იმის საწინააღმდეგოდ, რომ ეს წერილი იოანემ დაწერა. დამწერი თავს „უხუცესს“ უწოდებს. იოანეს თავისუფლად შეეძლო საკუთარ თავზე ამის თქმა, როგორც ერთი მხრივ ასაკოვანს, მეორე მხრივ კი — კრების „ბურჯს“ და ცოცხლად დარჩენილ უკანასკნელ მოციქულს (გალ. 2:9). მას კარგად იცნობდნენ, ამიტომ მკითხველებს აღარ სჭირდებოდათ მისი ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. სტილით ეს წერილი ძალიან ჰგავს პირველ წერილს და იოანეს სახარებას. პირველი წერილის მსგავსად, როგორც ჩანს, მეორე წერილიც ეფესოში ან მის მახლობლად დაიწერა დაახლოებით ახ. წ. 98 წელს. იოანეს მეორე და მესამე წერილებთან დაკავშირებით მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „მათი მსგავსების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ეპისტოლე დაიწერა ეფესოში პირველი ეპისტოლეს დაწერიდან მალევე. ორივე წერილში კონკრეტულად არის ნათქვამი, თუ როგორ შეიძლება იმ პრინციპების გამოყენება, რომლებზედაც პირველ ეპისტოლეში ვრცლად არის საუბარი“a. „მეორე იოანეს“ კანონიკურობას ადასტურებენ მეორე საუკუნეში მოღვაწე ირინეოსი, რომელიც ციტირებს ამ წერილიდან, და კლემენტ ალექსანდრიელიb. იოანეს წერილები მოხსენიებულია მურატორის ფრაგმენტშიც.
3. რატომ დაიწერა ეს წერილი?
3 პირველი წერილის მსგავსად, მეორე წერილიც იმიტომ დაიწერა, რომ ქრისტიანულ რწმენას ცრუმასწავლებლები უპირისპირდებოდნენ. იოანე მკითხველებს რჩევებს აძლევს იმ მიზნით, რომ შორს დაიჭირონ თავი მათგან და ურთიერთსიყვარულით განაგრძონ ჭეშმარიტებაში სიარული.
შინაარსი
4. რატომ ამახვილებს იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას სიყვარულზე და როგორ უნდა მოეპყრონ მათ, ვინც ქრისტეს სწავლების წინ იჭრება?
4 ერთმანეთის სიყვარული; განდგომილება (მუხლ. 1—13). იოანე გულწრფელ სიყვარულს გამოხატავს „რჩეული ქალბატონისა და მისი შვილების“ მიმართ. მას ძალიან უხარია, რომ ზოგი მათგანი მამის მცნებისამებრ ჭეშმარიტებაში დადის. იოანე მათ მოუწოდებს ერთმანეთის სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ. ქვეყანაზე მატყუარები და ანტიქრისტეები გაჩნდნენ, რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა. მას, ვინც ცდილობს, ქრისტეს სწავლების წინ გაიჭრას, არ ჰყავს ღმერთი. „მას კი, ვინც ამ სწავლებაში რჩება, მამაც ჰყავს და ძეც“. ვისაც ეს სწავლება არ მოაქვს, არც სახლში უნდა მიიღონ და არც მიესალმონ. იოანეს ბევრი რამ აქვს მისაწერი, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე ნახავს მათ და პირისპირ დაელაპარაკება, რათა „სრული იყოს“ მათი სიხარული (მუხლ. 9, 12).
რატომ არის სასარგებლო
5. ა) რა მდგომარეობა იყო იოანეს დროს, რაც არც დღევანდელობისთვის არის უცხო? ბ) რით უნდა ვაჩვენოთ, რომ იოანეს მსგავსად ჩვენც ვაფასებთ კრების ერთიანობას?
5 როგორ ჩანს, იოანეს დროს, ისევე როგორც დღეს, იყვნენ ისეთები, რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ ადვილად გასაგები ქრისტეს მოძღვრება. მათ რაღაც უფრო მეტი უნდოდათ — ის, რაც მათ წარმოაჩენდა, განადიდებდა და ფილოსოფოსების გვერდით დააყენებდა. თავიანთი ეგოისტური მიზნების მისაღწევად ისინი მზად იყვნენ, შეებღალათ და დაექუცმაცებინათ ქრისტიანული კრება. იოანე აფასებდა კრების ერთიანობას, რისთვისაც აუცილებელი იყო სიყვარული და სწორი სწავლება. დღეს ჩვენთვისაც ასევე ძვირფასი უნდა იყოს ერთიანობა. ჩვენ არ ვმეგობრობთ და არც ვესალმებით მათ, ვინც განუდგა ბიბლიურ სწავლებას. თუ ვიცავთ ღვთის მცნებებს და ვხარობთ ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ურთიერთობით, „წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა გვექნება ღვთისგან, მამისგან, და იესო ქრისტესგან, მამის ძისგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან ერთად“ (მუხლ. 3). იოანეს მეორე წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ქრისტიანულ ერთობას კურთხევები მოაქვს.
[სქოლიოები]
a 1981, ტ. IV, გვ. 955.
b New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, 1986, რედაქტორი ჯ. დაგლასი, გვ. 605.