სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება
სკოლაში თითოეული დავალება წინსვლის შესაძლებლობას გაძლევს. თუ კეთილსინდისიერად მოემზადები, შენს წარმატებას თანდათანობით თავადაც დაინახავ და სხვებიც შენიშნავენ (1 ტიმ. 4:15). სკოლის დახმარებით მრავალმხრივ გაუმჯობესდები.
ნერვიულობ სცენაზე გამოსვლამდე? აღელვება სრულიად ბუნებრივია, თუნდაც სკოლაში დიდი ხნის ჩაწერილი იყო. მაგრამ ნაკლებად აღელდები, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებ. ხშირად იკითხე სახლში ხმამაღლა. კრების შეხვედრებზე ხშირად მიიღე მონაწილეობა კომენტარებში და, თუ მაუწყებელი ხარ, რეგულარულად იქადაგე. ამით მსმენელის წინაშე ლაპარაკის გამოცდილებას შეიძენ. გარდა ამისა, რაც შეიძლება ადრე მოამზადე დავალება და რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორე. აგრეთვე გახსოვდეს, რომ კეთილგანწყობილი მსმენელი გეყოლება. ყოველ გამოსვლამდე იეჰოვას მიმართე ლოცვით. იეჰოვა სიხარულით აძლევს წმინდა სულს თავის მსახურებს, როდესაც სთხოვენ (ლუკ. 11:13; ფილ. 4:6, 7).
იყავი მოკრძალებული და საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მომთხოვნი ნუ იქნები. დრო არის საჭირო იმისათვის, რომ გამოცდილი მომხსენებელი და კარგი მასწავლებელი გახდე (მიქ. 6:8). თუ სკოლაში ახლახან ჩაეწერე, ნუ იფიქრებ, რომ მალევე შეძლებ ბრწყინვალედ გამოსვლას. უმჯობესია, თითოეულ გაკვეთილზე ცალ-ცალკე იმუშაო. შეისწავლე შესაბამისი თავი ამ სახელმძღვანელოში. კარგი იქნება, მოცემული სავარჯიშოც გააკეთო. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, კრებაში გამოსვლამდე უკვე კარგად დამუშავებული გექნება ეს გაკვეთილი. თანდათანობით კი სულ უფრო მეტს შეძლებ.
მომზადება წაკითხვისთვის
ხმამაღლა კითხვისთვის მომზადებაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ სიტყვების სწორად წარმოთქმაში ივარჯიშო. ეცადე, ჩასწვდე მასალის არსს. დავალების მიღებისთანავე ამ მიზნით წაიკითხე ტექსტი. დაუკვირდი, რა არის ნათქვამი თითოეულ წინადადებასა და აბზაცში, რომ შეძლო აზრების ზუსტად გადმოცემა და გრძნობების სათანადოდ გამოხატვა. თუ შესაძლებლობა გაქვს, ლექსიკონში შეამოწმე უცნობი სიტყვების მნიშვნელობა. კარგად გაეცანი მასალას. ბავშვებს დავალების მომზადებისას მშობლების დახმარება დასჭირდებათ.
ბიბლიის მონაკვეთი უნდა წაიკითხო თუ აბზაცები „საგუშაგო კოშკის“ რომელიმე სტატიიდან? თუ შენს ენაზე ამ მასალის აუდიოკასეტები არსებობს, კარგი იქნებოდა, მოგესმინა და დაკვირვებოდი გამოთქმებს, პაუზებს, აზრობრივ მახვილებსა და ინტონაციას. ამის შემდეგ, შეგეძლო თავადაც გეცადა მსგავსად წაკითხვა.
დავალების მომზადებამდე ყურადღებით წაიკითხე შენთვის მოცემული გაკვეთილი. კარგი იქნება მისი გამეორება მას შემდეგ, რაც მასალას რამდენჯერმე ხმამაღლა წაიკითხავ. ეცადე, მაქსიმალურად გამოიყენო გაკვეთილში მოცემული რჩევები.
ასეთი მომზადება სამქადაგებლო მსახურებაშიც დაგეხმარება. ქადაგებისას ხშირად საჭიროა ხმამაღლა წაკითხვა. ღვთის სიტყვას შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ის კარგად წაიკითხო (ებრ. 4:12). არ იფიქრო, რომ ერთი-ორი დავალების მომზადებით შეძლებ კარგი კითხვისთვის საჭირო ყველა რჩევის გათვალისწინებას. გამოცდილ ქრისტიან უხუცესს პავლე მოციქულმა მისწერა: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“ (1 ტიმ. 4:13).
განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია
როგორ უნდა მოამზადო დავალება, რომელსაც პირობითი სიტუაციის შერჩევა სჭირდება?
ძირითადად, სამი რამ უნდა გაითვალისწინო: 1) განსახილველი საკითხი; 2) პირობითი სიტუაცია და მსმენელი; 3) გაკვეთილი, რომელზეც მუშაობ.
საჭიროა, მოცემულ საკითხზე მასალა მოძებნო, მაგრამ მანამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდე პირობით სიტუაციასა და მსმენელზე, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული მასალის შინაარსი და ის, თუ როგორ გადმოსცემ ამ მასალას. რა პირობით სიტუაციას შეარჩევ? ნაცნობთან სასიხარულო ცნობის ქადაგებას თუ პირველი შეხვედრისას უცნობთან საუბარს? შენზე უფროსთან ისაუბრებ თუ შენზე უმცროსთან? რას შეიძლება ფიქრობდეს შენი მსმენელი იმ საკითხზე, რომლის განხილვასაც აპირებ? რა შეიძლება იყოს მისთვის უკვე ნაცნობი? რა მიზნის მიღწევას იმედოვნებ საუბრით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორ მიმართულებას მოგცემს დავალების მომზადებისას.
სად იპოვი მასალას შენ მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით? ამ წიგნის 33—38-ე გვერდებზე მოცემულია გაკვეთილი „როგორ უნდა გამოიკვლიო“. წაიკითხე ის და გამოიყენე შენთვის ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებები. ხშირად იმაზე მეტი მასალა მოგიგროვდება, ვიდრე გამოიყენებ. წაიკითხე საკმარისი ინფორმაცია, რათა დაინახო, რის შესაძლებლობას გაძლევს მასალა. ამავე დროს, მხედველობაში მიიღე პირობითი სიტუაცია და მოსაუბრე. აზრები ამის მიხედვით შეარჩიე.
ვიდრე აზრებს განალაგებ და დავალებას საბოლოო სახეს მისცემ, იმისთვისაც გამოყავი დრო, რომ წაიკითხო გაკვეთილი, რომელზეც მუშაობ. გაკვეთილში მოცემული რჩევების გამოყენება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც დავალება გაქვს მოცემული.
სცენაზე გამოსვლისას თუ შენთვის განკუთვნილ დროში ჩაეტევი და მანამდე დაამთავრებ, ვიდრე განიშნებენ, კმაყოფილების გრძნობა დაგრჩება, რომ დასკვნა აუჩქარებლად გააკეთე. სამქადაგებლო მსახურებისას კი ყოველთვის არ ვართ დროში შეზღუდული. ამიტომაც, გამოსვლისთვის მომზადებისას ყურადღება ძირითადად ეფექტურ სწავლებაზე გაამახვილე, მაგრამ შენთვის მოცემული დროც მიიღე მხედველობაში.
ორიოდე სიტყვა პირობით სიტუაციაზე. გადახედე 82-ე გვერდზე შემოთავაზებულ პირობით სიტუაციებს და შეარჩიე ერთ-ერთი, რომელიც ნამდვილად შეიძლება შეგექმნას ქადაგების დროს და მასალის რეალურ სიტუაციაში გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხანია, რაც სკოლაში ხარ ჩაწერილი, თითოეულ დავალებას მიუდექი, როგორც რაღაც ახლის სწავლისა და ქადაგებისთვის საჭირო უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობას.
უკან ნუ დაიხევ, თუ თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველი თვითონვე შემოგთავაზებს პირობით სიტუაციას. პირობითი სიტუაციების უმრავლესობა ქადაგებასთან არის დაკავშირებული. თუკი არასდროს გიქადაგია მოცემულ სიტუაციაში, გამოცდილ მაუწყებლებს სთხოვე დახმარება. თუ შესაძლებელია, ეცადე, ცხოვრებაში ისეთივე სიტუაციაში გამოიყენო მოცემული მასალა, როგორშიც სცენაზე გამოიყენებ. ასეთი ვარჯიში იმ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება, რა მიზნითაც სკოლაში ჩაეწერე.
მოხსენების მომზადება
ძმებს თეოკრატიული მსახურების სკოლაში პატარა მოხსენებები ეძლევათ. ამ მოხსენებების მოსამზადებლად, ძირითადად, იგივე პრინციპები გამოიყენება, რომლებიც ინსცენირებების მომზადებასთან დაკავშირებით იყო განხილული. ძირითადი განსხვავება მსმენელი და მასალის გადმოცემის სტილია.
სასურველია მასალა ისე მომზადდეს, რომ თითოეული მსმენელისთვის პრაქტიკული იყოს. მათი უმრავლესობისთვის უკვე ცნობილია ბიბლიური ჭეშმარიტება და ძირითადი სწავლებები. მათ შეიძლება შესანიშნავად იცოდნენ საკითხი, რომელიც განსახილველად გაქვს მოცემული. მხედველობაში მიიღე ეს. ეცადე, მათთვის, რომელიმე კუთხით მაინც, პრაქტიკული გახადო შენი მოხსენება. ჰკითხე საკუთარ თავს: «როგორ გამოვიყენო მასალა ისე, რომ მეც და ჩემმა მსმენელმაც უკეთ დავინახოთ და დავაფასოთ იეჰოვას თვისებები? არის თუ არა მასალაში ისეთი რამ, რაც ღვთის ნებას უკეთესად დაგვანახვებდა? როგორ დაგვეხმარება ეს მასალა, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ქვეყნიერებაში, სადაც „ხორცის სურვილები“ დომინირებს?» (ეფეს. 2:3). ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად საჭიროა გამოკვლევა. როდესაც ბიბლიური მუხლები მოგყავს, უბრალოდ კი ნუ წაიკითხავ, არამედ იმსჯელე მათ გარშემო და დაანახვე მსმენელს, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამის საფუძველზე (საქ. 17:2, 3). ნუ ეცდები რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადაცემას. ეცადე, ადვილად დასამახსოვრებელი გახადო შენი მოხსენება.
მომზადებისას ყურადღება იმასაც უნდა მიაქციო, თუ როგორ გადმოსცემ მასალას. გადმოცემის უნარის გაუმჯობესება უმნიშვნელო არ არის. რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორე მოხსენება. სხვადასხვა გაკვეთილის შესწავლა და მოცემული მითითებების გამოყენება ნამდვილად დაგეხმარება გაუმჯობესებაში. იმისდა მიუხედავად, გამოცდილი მომხსენებელი ხარ თუ გამოუცდელი, კარგად მოემზადე. ეს შესაძლებლობას მოგცემს, დამაჯერებლად ილაპარაკო და მასალის გადმოცემისას სათანადო გრძნობები გამოხატო. სკოლაში თითოეული დავალების მომზადებისას გახსოვდეს, რომ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი იეჰოვას განსადიდებლად უნდა გამოვიყენოთ (ფსალმ. 150:6).