7 ᲘᲐᲙᲝᲑᲘ
ის საფრთხეს არ შეუშინდა
ᲮᲐᲜᲓᲐᲖᲛᲣᲚᲛᲐ იაკობმა თავისი ცხოვრება ასე შეაფასა: „ხანმოკლე“ და „მწუხარებით სავსე“ (დაბ. 47:9). მას დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შორეულ ხარანში მოუწია გაქცევა თავისი ტყუპისცალი ძმისგან, ესავისგან, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა. ხარანში ჩასულ იაკობს ლაბანის ქალიშვილი, რახელი, შეუყვარდა, მაგრამ მამამისმა მოტყუებით მას მისი უფროსი და შერთო. მართალია, მოგვიანებით რახელიც შეირთო ცოლად, მაგრამ მის ცოლებს მუდმივად მეტოქეობა ჰქონდათ ერთმანეთში. იაკობი ათწლეულები ემსახურებოდა ლაბანს, რომელმაც არაერთხელ მოატყუა და შეუცვალა გასამრჯელო. თუმცა ამ ყველაფერს მან რწმენითა და მოთმინებით გაუძლო და გაბედულება არ დაკარგა.
ერთხელ იეჰოვა იაკობს ეუბნება, რომ დროა, ხარანი დატოვოს და ქანაანში დაბრუნდეს. მაგრამ იაკობმა იცის, რომ ლაბანი ხარბი კაცია და სიხარულით არ შეხვდება მის გადაწყვეტილებას. მეტიც, შეიძლება საფრთხეც შეუქმნას. ამიტომ იაკობი ცოლ-შვილთან ერთად უჩუმრად ტოვებს იქაურობას. როცა ლაბანი ამ ამბავს იგებს, თავის ხალხთან ერთად იაკობის კვალს ადგება. ბოლოს წამოეწევა, მკაცრად საყვედურობს და ემუქრება, რომ ამას არ შეარჩენს. იაკობი გაბედულად იცავს თავს და ლაბანს ეუბნება, რომ მრავალი წლის განმავლობაში მისგან ბევრი უსამართლობის ატანა მოუწია. ამავე დროს იმასაც ცდილობს, რომ სიტუაცია არ გაამწვავოს და, საბოლოოდ, ისინი მშვიდობიანად შორდებიან ერთმანეთს.
რა დაეხმარა იაკობს, მშვიდობა შეენარჩუნებინა მტრულად გაწყობილ ოჯახის წევრებთან? საიდან ჰქონდა მას გაბედულება, რომ ანგელოზს დასჭიდებოდა?
იაკობს წინ კიდევ ერთი განსაცდელი ელის. ის თავის ძმას უნდა შეხვდეს, რომელიც ფიქრობდა, რომ იაკობმა დაუმსახურებლად წაართვა მამის კურთხევა და ამის გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერა. ახლა მას ძალიან სურს მშვიდობის აღდგენა. მაგრამ იგებს, რომ ესავი 400 კაცთან ერთად მოდის მის შესახვედრად, და შიში იპყრობს. ის წინ უშვებს მსახურებს და ესავთან საჩუქრებს ატანს. დააცხრობს ამით ძმის რისხვას? ვიდრე ძმები ერთმანეთს შეხვდებიან, სრულიად მოულოდნელი რამ ხდება.
ღამით იაკობი ვიღაც უცხო კაცს ხედავს. ეს იეჰოვას ანგელოზია. იაკობს ის დილამდე ეჭიდავება. Მართალია, იაკობი 97 წლისაა და ანგელოზიც მასზე ბევრად ძლიერია, მაგრამ ის მაინც მთელი ღამე ერკინება და ტირილით წყალობას შესთხოვს (ოს. 12:4). განთიადისას ანგელოზი იაკობს თეძოს სახსარზე ეხება და აკოჭლებს, მაგრამ ის მაინც არ ეშვება, სანამ მისგან კურთხევას არ მიიღებს. იაკობს იეჰოვას კურთხევა ნებისმიერ ძალისხმევად უღირს. ანგელოზი მას ახალ სახელს, „ისრაელს“, არქმევს, რაც ღმერთთან შეჭიდების მნიშვნელობას ატარებს. იაკობი ნამდვილად ამართლებს ამ სახელს, რადგან თავდაუზოგავად იბრძვის კურთხევის მისაღებად. ამის შემდეგ ის კოჭლობით უბრუნდება თავის ოჯახს.
Მოგვიანებით იაკობი ხედავს, რომ ესავი 400 კაცთან ერთად უახლოვდება. ის ოჯახს უკან ტოვებს, წინ მიდის და ძმის წინაშე შვიდჯერ ემხობა. ამის დანახვაზე ესავი მისკენ გარბის, ეხვევა, კოცნის და ბოლოს ორივენი ერთად ტირიან. იაკობის გულუხვობა და თავმდაბლობა ესავს გულს ულბობს. მასზე ალბათ ძმის გამბედაობაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. აშკარაა, იაკობს ძალისხმევა დაუფასდა.
ანგელოზთან შერკინების შემდეგ იაკობი მთელი ცხოვრება კოჭლობდა. ამ თუ სხვა განსაცდელების მიუხედავად, მას არც ის უნანია, რომ ყოველთვის ემორჩილებოდა იეჰოვას და არც ის, რომ ანგელოზს შეეჭიდა. იეჰოვამ შეუსრულა მას დანაპირები და მისი შთამომავლები მრავალრიცხოვან ერად აქცია (დაბ. 28:14). იეჰოვას ბიბლიაში არაერთხელ ეწოდება „იაკობის ღმერთი“ (გამ. 3:6). ასე იეჰოვა იესომაც მოიხსენია და ისიც თქვა, რომ „ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია“ (ლუკ. 20:37, 38). ასე რომ, იაკობი ღვთის თვალში ცოცხალია და მას მკვდრეთით აღადგენს. ის ახალ ქვეყნიერებაში ბედნიერი და უსასრულო ცხოვრებით გაიხარებს.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იაკობის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ აკურთხა იეჰოვამ იაკობი ესავის ნაცვლად? (w03 10/15 29 ¶2)
2) რა ანახა იეჰოვამ იაკობს სიზმარში და რაში დაარწმუნა ამით? (w03 10/15 28 ¶3–29 ¶1) სურათი 1
სურათი 1
3) რატომ იყო იაკობი დარწმუნებული, რომ ანგელოზისგან მიიღებდა კურთხევას? (w03 10/15 31 ¶1) სურათი 2
სურათი 2
4) რა გააკეთა იაკობმა ქანაანელების ზეგავლენისგან თავისი ოჯახის დასაცავად? (w95 9/15 21 ¶4, სქ.)
რას სწავლობთ
იაკობი სათუთად ზრუნავდა თითოეულ ჩაბარებულ ცხვარზე (დაბ. 31:38–40). როგორ უნდა მიჰბაძონ ღვთის მიერ დანიშნულმა მწყემსებმა იაკობს და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და-ძმების მიმართ? სურათი 3
სურათი 3
როცა იაკობს შეეშინდა, იეჰოვას მიმართა ლოცვით (დაბ. 32:6–12). ჩვენ რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იაკობს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იაკობს?
გაიგეთ მეტი
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იაკობს, თუ თანაქრისტიანს ვაწყენინებთ?
გამოიყენეთ დასურათებული ბიბლიური ისტორია და იაკობის შესახებ ასწავლეთ შვილებს.